მუსიკა | ცა

ფიქრები „წერილის“ ახალ ელექტრონულ ვერსიაზე

Tsa.Music

ოქტომბერი 27, 2021

განახლებული „წერილი“ მოულოდნელობა არ ყოფილა, ბენდის წევრებს კაიხნის წინ გაუჩნდათ საუნდის განახლების მოთხოვნილება. კონკრეტული კონტურები კი გამოიკვეთა მაშინ, როდესაც გამოცდილმა მუსიკოსმა და პროდუსერმა, ლევან ჯავახიშვილმა (Mother of Monday, Funikular) გააკეთა მიქსინგი ბენდის საუნდტრეკისთვის (სერიალისთვის „თესეა“). 

კოლაბორაცია შედგა, ინტრიგა დაიბადა, დაიგეგმა ახალი ალბომის პროექტი, რომელშიც ლევანი უკვე „წერილის“ სრულფასოვან  წევრად მოგვევლინა და სწორედ  მან  იკისრა „წერილის“ საუნდ ელექტრიფიკაცია.

აი, სწორედ ასეთი მეცადინეობის შედეგია  მათი ახლახან გამოსული ალბომი სახელად  „მტვრიან მიწაზე“

სახეზეა ახლებურად დაფორმატებული „წერილი“ („ამორალი“), ხაზგასმულად დაპროგრამირებული რითმული პატერნებით და ბევრი ელექტრონიკით.

ასეთ მუსიკაზე  შეგიძლია იცეკვო, გაერთო კიდეც, აშკარად გაძლიერდა მუსკის ჰედონისტური ხასიათიც,  მაგრამ მეორეს  მხრივ, კლასიკური „წერილის“ მელანქოლია, სევდა და  დრამატიზმიც არსად  გაუჩინარებულა,  ამ მხრივ,  ბენდის ლიდერი და პრინციპული სონგრაითერი  გია თოიძე კვლავ უკომპრომისოა, მისი მსოფლშეგრძნება, პოზიცია და ესთეტიური კრედო  არ იცვლება, ამის მოტივაცია მას  არა აქვს, ის ჯერ ვერ გრძნობს „ჰეფი ენდის“  მოახლოებას.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად მოუხდა „წერილის“  სულისკვეთებას სინთეტიური ტრანსფრმაცია?

ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება არასწორია. ჯერ ერთი, ყველაფერი მსმენელის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული, მეორეც, ეს ალბომი  რეალურად ბენდის  მცდელობაა,  გასცდეს იმ პარადიგმას, იმ სტანდარტს, რასაც ამკვიდრებდა აგერ თითქმის უკვე 25 წლის მანძილზე,  ეს კი ყოველთვის შემოქმედებით რისკებთანაა დაკავშირებული, ყველაფერი ისე იდეალურად ვერ გამოდის, როგორც მოსალოდნელია, მაგრამ ასეთი რისკების გარეშე არ ხდება წინსვლა, არ ჩნდება ახალი არხები  ახალი იდეებისთვის. 

აი, ამ თვალსაზრისით, „მტვრიან მიწაზე“  ბენდისთვის  გარღვევაა, ლამის ახალი აკუსტიკური ინკარნაციაც კი, ამიტომ ცალსახა დამოკიდებულებას ვერ დაემორჩილება. 

ფოტო: მარი ყალაბეგაშვილი

ეს ბენდი, ზოგადად  უნიკალურია ახალი ქართული მუსიკის ისტორიაში,  ჯერ ერთი სხვა არც მახსენდება,  ვინც ამდენი ხანი ასე სტაბილურად მუშაობს და ქმნის პროდუქტს, და თან  სერიოზული სოციალური,  ფსიქოლოგიური, პერსონალურ-ყოფითი რყევების  ფონზე.

ის, თუ როგორ ჟღერდა ეს ბენდი ინკარნაციის სხვადასხვა ეტაპზე, პირდაპირ უკავშირდებოდა მათი წევრების არა მარტო მუსიკალურ პრიორიტეტებს, არამედ მათ შინაგან მდგომარეობას, ეს ეხება როგორც ბენდ ლიდერ - გია თოიძეს, ასევე, მის მუდმივ თანამებრძოლს - ლევან სვანიძეს(რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო როკ ბასისტია ქართული მუსიკის ისტორიაში), ბოლო პერიოდის „წერილის“  ლიდერ გიტარისტ ფარჩილასაც (არჩილ ქელბაქიანი, ex. Kung Fu Junkie).  „ამორალი“ - „წერილი“ -სთვის დეპრესიული, აპატიური და ელეგიური  ხასიათის პოსტ პანკი გახდა ის ტერიტორია, რომელიც იდეალურად გამოხატავდა მათ შინაგან სულისკვეთებას, სწორედ ეს გახდა მათდამი დამოკდებულების მთავარი განმსაზღვრელი, სწორედ ასე მოიპოვეს მათ სხვადასხვა თაობის ერთგული თაყვანისმცემლების ჯგუფები და აი, ახლა,  როცა ამ ალბომით  თითქოს გადაუხვიეს დიდიხნის წინ არჩეულ მტკიცე გეზს, ხომ არ შეაგდეს სასწორზე ფანების კეთილგანწყობა?

აი, სწორედ ასეთი აზრები მომაწვა ალბომის პირველივე ტრეკის „ბნელ ქუჩებში“- მოსმენისას. სადაც მკაფიოდაა გაცხადებული, თუ რა რეალობასთან გვექნება საქმე ალბომში, შინაარსობრივად თუ მუსიკალურად. ელექტრო დისკო ბითი დალუპულ ფრაზასთან ერთად ქმნის ნერვულ რიტმულ სტრუქტურას, გიტარა ფრაგმენტულად აქტიურობს, სახეზეა მცდელობა, ადრეულ „ამორალს“ და უახლეს „წერილს“ შორის გაიდოს ხიდი, ტექსტიც ამაზე აპელირებს,  აპელირება დროზე, პოსტ სამოქალაქო ომის ურბანულ ჯურღმულებზე, სადაც „მხოლოდ მუსიკა თუ ანათებდა გზას“(„წერილის“ ადრეული სიმღერის პერიფრაზი).

მომდევნო „მას ელი“-  განსხვავებულია, რითმი  უფრო სვინგაობს, გიტარაც უფრო აქტიურია, ბას გრუვიც, ენერგია-დაძაბულობაც უფრო მეტია. უკვე აშკარად იკვეთება ალბომის ტექსტუალური ფორმა - შინაარსი, ავტორი მიმართავს მასავით მარტოსულ ვიზავის, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობა აკავშირებს

„დილით არსად წახვიდე“- ალბომის, ალბათ, საუკეთესო ტრეკია, მელოდიურადცა და ჰარმონიულადაც. მისამღერმა უფრო გაშალა ტრეკი, უფრო ემოციური ხდება, უფრო ლამაზად ნაღვლიანიც, მაგრამ არა ბოლომდე უიმედო. იკვეთება პირადი, ინტიმური რეალური მოტივები. გიტარა ძლიერია, დომინანტური, თუმცა ყურებში რომ არ გეჩრება, ისეთი. ყველაფერი ზუსტია, ბალანსი, ფონი. ტრეკი უფრო როკ ენ როლია, ვიდრე ელექტრონული.

პირველად აქ შევამჩნიე ის, რომ დრამინგის ბგერითი გამა მწირია, არ მოაქვს ის ხასიათი, რომელიც ასე მოუხდებოდა ტრეკის დრამატურგიას, ეს პრობლემა, პერიოდულად გასდევს მთელ ალბომს,  გასდევს შემდეგ ბალადურ ტრეკსაც, სახელად „შორს“- დრამ საუნდის ფაქტურა (და არა ფიგურა) თითქოს შეზღუდულია. ვფიქრობ, მეტი გაქანება იყო საჭირო. მნიშვნელოვანია ტექსტუალური შინაარსი, ქალაქის ფონზე გათამაშებული ორი პერსონის ურთიერთობა , იმ ქალაქის, რომელსაც არაფერი ეშველა ამდენი წლის განმავლობაში და რომელიც არანაკლები მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ვიდრე მთხრობელი, ანადაც მისი პარტნიორი. ძალიან სევდიანი მოსასმენია ეს ყველაფერი, სინთეზატორული ლანდშაფტი უფრო აძლიერებს ამ სევდას. გიტარა კი უცნაურად ჟღერს, თან თითქოს ჩრდილშია, მაგრამ ისეთს უკრავს, რომ ინტრიგას აძლევს ფაქტურას. ტრეკი გრძელია და მსვლელობისას თითქოს ითხოვს ახალ მუსიკალურ ხაზებს, მით უმეტეს დიდი დოზით ჩართული ელექტრონიკა იძლევა ამის რესურსს. მეორეს მხრივ, შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში მსმენელი აცდეს მთავარ სასიმღერო ნარატივს და ტრეკის ხერხემალიც ჩამოიშალოს, თუმცა, ამაზე ცოტა ქვევით ვისაუბრებ.

„შენთან“ - აქ მკაფიოდ ჩანს გია თოიძის ფრაზირების უნარები, როცა მელოდიური მახვილები რითმასთან კომბინაციაში ისეა დალაგებული, რომ ქართული ენის წახნაგოვნება იკარგება და სასიმღეროდ მოქნილი ხდება. ეს ბარიერი სულ იყო ქართულ როკ მუსიკაში და, გარკვეულწილად, დღესაც არის. „წერილ“-„ამორალის“ ფრონტმენი კი ამ ბარიერის გადალახვას ყოველთვის წარმატებით ახერხებდა, ამ ბალადურ ტრეკშიც ასეა.ბას ბითებით დამძიმებული რიტმული მონახაზი, ეფექტურად მუშაობს, პლუს ფრაგმენტულად  დადებული შესანიშნავი, ლამის ჯაზური ბას გიტარა, პლუს ეფემერული სოლო გიტარა, მოკლედ ტრეკის შემადგენელი ინსტრუმენტალი ძალიან ძლიერია,  ფინალისკენ  მინიმალისტური პიანო  ინექციაც იდეალური, მაგრამ აქაც კი პერიოდულად იკვეთება საუნდის ფაქტურით გარკვეული დაუკმაყოფილებლობა, თითქოს  ელექტრონულ ბგერას განზომილება აკლია.

„მტვრიან მიწაზე“ -ლირიული გადახვევის შემდეგ შემოდის მძლავრი საგიტარო ტრეკი, თავდაპირველად  დრამინგი თითქოს  ნაკლებ  ინტენსიურად და  ცოტა სტერილურ პროგრამულად ისმის,  მაგრამ ყველაფერი იცვლება ტრეკის უვოკალო სეგმენტში,  რიტმი ახტუნავდა, ინსტრუმენტალიც გაეფექტურდა,  დრაივის გრადუსიც იმატებს,  ასეთი ცვლილება ქმნის კონტრასტს მონოტონურ ვოკალთან (კვლავ უიმედობაა, სიცივე, გაუცხოება), რაც ცუდად ნამდვილად  არ გამოვიდა. 

„კართან“- ვფიქრობ, ელექტრონული სინთეტიური საუნდის ინტენსივობა, აქტიურობა და მოუსვენრობა, აქ არ უხდება სასიმღერო შემადგენელს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ესთეტიურადაც შეუსაბამოა, ბგერის სიხშირის სიმაღლე კი ცოტა გამაღიზიანებელიც. ის აზრიც კი მომივიდა თავში, რომ ამ ტრეკში საერთოდ ხომ არ უნდა მოხსნილიყო  დრამინგი, ანდაც ნიველირებული ყოფილიყო მაქსიმალურად? გასაგებია, რომ შეიძლება ამით ტრეკის ლაკონურად შეკვრას  შეშლოდა ხელი, მაგრამ ღირდა აქ ცდად, სხვა მხრივ ტრეკს პრობლემა არ აქვს.

„მზე ჭრის“- ტიპიური „წერილი“,  ძველი „ამორალიც“ კი  იკვეთება თავისი საბრძლო მდგომარეობით გარემოებების წინააღმდეგ, იმ  გარემოებების, ადამიანებს რომ უშლის ხელს ბედენიერი არსებობისთვის. აქ ყველა თავის სტიქიაშია, ბასი თითქოს  გუდავს საუნდს და კლაუსტრიფობიულს ხდის ტრეკს.  ჟანრულადაც  დაწმენდილია, ეს არის ის მომენტია, როცა მუსიკოსები აკეთებენ იმას,  რაც ძალიან კარგად იციან,  ალბათ, ყველაზე უკეთაც კი ქართულ რეალობაში.    

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შენიშვნები შეგნებულად სუბიექტურია და ვერანაირად გამოდგება უნივერსალურ ორიენტირად, უფრო მეტიც, ალბომის ყოველი შემდეგი მოსმენისას, აი, ამ ჩემმა შენიშვნებმა და პრეტენზიებმა თანდათან დაიკლო და ლამის სულ გაქრა. რადგანაც უფრო დაიწმინდა თემატურ-აკუსტიკური მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ტექსტი, სიუჟეტი, სასიმღერო პოეზია, გათამაშებული დრამატურგია, ერთიანია, მონოლითური, ლოგიკურიც  და სწორედ ამ ლოგიკასაა დამორჩილებული მუსიკალურ აკუსტიკური ფაქტურა და შინაარსი. ანუ ზედემეტი ინტერპრეტაცია - არანჟირება, თითქოს დააზიანებდა იმ მთავარ მესიჯს, რასაც  გეგმაზომიერად ანვითარებს ალბომის ნარატივი და აი, ამ კონტექსტით უმნიშვნელვანესია ფრონტმენ გია თოიძის ფაქტორი. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ალბომს და ვეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ. 

„წერილი“, ისევე როგორც ადრე „ამორალი“, გია თოიძის გარშემო აწყობილი შემოქმედებითი სტრუქტურაა, უფრო მეტიც,  „წერილი“(„ამორალი“),  სწორედ მისი საიდენტიფიკაციო კოდია და ეს ყველას გაცნობიერებული აქვს, როგორც ბენდის მუსიკოსებს, ასევევ მსმენელებსაც. მისი ხმა, მისი ბარიტონი კი სწორედ ამ იდენტობის ხორცშესხმაა და  სპეციფიკა. ეს ხმა ყოველთვის მონოტონურია, რუტინულიც კი, მასში არ არის აღმასვლა-დაღმასვლა, მასში არ არის თეატრალურობა, დემონსტრაციული ვნებები, ისტერიკა და თვითგვემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იგრძნობა დრამა და ემოცია, პირიქით.

სწორედ ეს ინდეფერენტულობა უფრო ამძაფრებს და აშიშვლებს იმ ტკივილებს, რომლებიც დაუნდობელი რეალობისგან მიყენებული ნაიარევებიდან გამოსჭვივის. ეს ისეთი მომენტია, როცა სოციალური ინტიმურთან იკვეთება და როცა პათეტიკურობაუხერხულიც კია.

ეს გია თოიძის მეთოდია, მისი პრეროგატივა, სწორედ ასე აღწევს ის განცდების სიღრმეს, რაც გადამდებია მსმენელისთვისაც, გადამდები და მომნუსხველიც კი. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე გასაგებია, თუ რატომ იყო ხანგძლივი ისტორიის მანძილზე ამ ბენდის მუსიკალური შეფუთვა ისეთი კონკრეტული, როგორიც იყო-მთავარია არ დაზიანებულიყო „წერილის“(„ამორალის“) შინაგანი სულისკვეთება.

ფოტო: მარი ყალაბეგაშვილი

მიუხედავად ამ ყველაფრის გაცნობიერებისა, ჩემში მაინც იყო დაუკმაყოფილებლობის განცდა, რადგანაც სულ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ ვოკალ-აკომპანიმენტის ასეთი ბმა დაირღვეოდა, თუნდაც ექპერიმენტის ხარჯზე და ეს შანსი მეტი იყო „წერილის“ ამ ალბომში, როცა ბენდმა განსხვავებული საუნდ-გეზი აირჩია. მაგრამ იყო თუ არა შესაძლებელი მოულოდნელი სვლები არანჟირება-ჟღერადობაში?  შევიდოდა  თუ არა ჩიხში ასეთ შემთხვევაში ესა თუ  ის ტრეკი? ანდაც, როგორ მოიქცეოდა მუსიკა,  ელექტრონულ სუროგატული დამატებითი ინსტრუმენტების ინექციების შედეგად? და დააზარალებდა თუ არა ასეთი მცდელობები ალბომის იდეა-კონცეფციას?

მე ამაზე პასუხი არ მაქვს, შემიძლია, მხოლოდ ვიმარჩიელო, უბრალოდ ჩემს ყურს ზედმეტად იტაცებს ისეთი მუსიკალურ-აკუსტიკური ნაკადი, რომელიც მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო არაპროგნოზირებადია და მრავალ განზომილებიანი, მაგრამ ეს უკვე ჩემი პირადი კაპრიზებია. ვინ იცის, საბოლოო ერთიანი ალბომი-პროდუქტი შეიძლება გაფუჭებულიყო კიდეც, ასე რომ ექნათ მუსიკოსებს. 

ბოლოს ის მინდა დავამატო, რომ ასეთი მოსაზრებები,ა ლბათ, სულ სხვა ალბომის გამოწვევაა, რომელსაც განსხვავებული განწყობა, განსხვავებული კონცეფცია ექნება, შესაბამისად, მუსიკალური ხორცშესხმაც განსხვავებული, ანუ „წერილის“ ჯერ არ არსებული ალბომი, ისეთი, რომელსაც  ბენდი მომავალში, ალბათ, აუცილებლად ჩაწერს,  ჩემი გულის, ყურის  და ეგოს გასახარად. ამისთვის კი საჭიროა, მომავალი   „წერილი“  უფრო ინტრიგანული იყოს, მეტი არაფერი..

ავტორი: გია ხადური