დეკემბერი 16, 2021
ელოშა
გინახავთ ადამიანი, რომელიც კუდებიდან თოვლის საწმენდი ნიჩბით ჩამოსრიალებულა და თან თხილამურიანი ხალხისთვის ჩამოუსწრია?
ან ისეთ ადამიანს თუ შეხვედრიხართ (ჯაბა სხვედიანის გარდა), რომელიც დაუნჰილშიც ჩემპიონია, როლიკების პარკის დისციპლინაშიც, ბიემექსშიც და თავისუფალ დროს რატრაკით ბარიერების გაკეთებით ერთობა? და ისეთი ადამიანი თუ გინახავთ, რატრაკით გართობის მერე სვარკაზე რომ ინაცვლებს და ფესტივალის დეკორაციას რომ ქმნის? შანსი არაა, არ გეყოლებათ მსგავსი არავინ გარშემო, რადგან ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია ქვეყანაზე და მას ჰქვია ელოშა (ლუკა ელოშვილია, მაგრამ როგორც წესი, მხოლოდ იუსტიციის სახლში იხსენიებენ ასე)!
სამწუხაროა, რომ ლუკას ტრავმებმა საშუალება არ მისცა დიდი შედეგები რომ დაედო, თუმცა მან მოასწრო და ლეგენდა გახდა, თან დღემდე უამრავი ახალგაზრდა რაიდერის მისაბაძი ობიექტია. აქტიური სპორტიდან წამოსვლის შემდეგ, ელოშა მრავალი ექსტრემალური ამბის ორგანიზატორად მოგვევლინა.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი
დღეს მინდა, რომ ლუკას, გიუშას და მეტრიქსას პირმშო, „ვაით რებითი” და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვეიქ პარკი გაგაცნოთ.
White Rabbit
ლუკა: ვაით რებითი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს ზამთრის სპორტების განვითარებაზე. გუდაურში გვაქვს სნოუპარკი, სადაც არის სპეციალური ტრამპლინები, რეილები, ბოქსები და წინაღობები. აქ ვარჯიშობენ მოთხილამურეები და ბორდერები. ასევე, ვატარებთ შეჯიბრებს თხილამურების და სნოუბორდის ექსტრემალურ დისციპლინებში, ვეხმარებით ფედერაციას ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაში. ვაით რებითის ბიჭები იყვნენ ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპზე ის ხალხი, რომლებიც ტრამპლინებს და ტრასებს აკეთებდნენ შეჯიბრებისთვის.
2021-ში გაჩნდა იდეა, რომ მოვიცვათ ზაფხულის სპორტებიც და დავიწყეთ ვეიქ პარკით, რომელიც მოეწყო გუდაურში, ხელოვნურ ტბაზე, რომლის წყალსაც გათოვლიანების აპარატებისთვის იყენებენ და მთელი ზაფხულის პერიოდში უფუნქციოდ იყო.
რა არის ვეიქბორდი და ვეიქ პარკი?
ვეიქბორდინგი არის სპორტი, სადაც რაიდერი დგას დაფაზე, რომელიც ჰგავს მოკლე სნოუბორდს და დასრიალებს წყლის ზედაპირზე. ვინაიდან წყლის ზედაპირი მთისგან განსხვავებით დაქანებული არაა, ვეიქბორდინგს სჭირდება გამწევი ძალა. ვეიქბორდერი ხელით ეკიდება ბაგირს, რომელსაც ითრევს ან კატერი, ან კაიტი (პარაპლანისებრი მოწყობილობა, რომელიც ქარის ძალით იბერება), ან კიდევ საბაგიროსებრი მექანიზმი, რომელიც რაიდერს საკმარის აჩქარებას აძლევს იმისთვის, რომ წყალში არ ჩაიძიროს და ტრამპლინებზე გადახტომა შეძლოს.
ვეიქპარკი იგივეა, რაც სნოუპარკი, ოღონდ ზაფხულის ვარიანტი. შესაბამისად, იქ თუ თოვლზე სრიალებენ, აქ წყლის ზედაპირზე აკეთებენ იმავეს, ტრამპლინები და ქიქერებიც იმავე იდეისა და ფორმისაა, რაც თოვლის პარკში.
ლუკა: ყველაფერი დაიწყო სურვილით, რომ ზაფხულის გუდაურისთვის დაგვემატებინა სპორტული აქტივობა. ასე მოვიფიქრეთ კაიტ პარკი ტბაზე, რომელიც ზამთარში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას კვებავს. ჩამოვიტანეთ მექანიზმი, დავამონტაჟეთ, გავაკეთეთ ბარიერები და გავტესტეთ. ბევრმა სპორტსმენმა გაიგო, სცადა და მოეწონა, ახლა ველოდებით გაზაფხულს, რომ ავამუშავოთ.
ზაფხულში არცერთ მთის კურორტზე არ ხდება არაფერი. გუდაურიც, მესტიაც და ბაკურიანიც დგანან და ელოდებიან როდის მოვა თოვლი. ახლა, როცა ვეიქ პარკი გაჩნდა, გუდაურს ეძლევა შანსი, რომ ზაფხულშიც დაიტვირთოს.
ვეიქ პარკი იდეალური სავარჯიშო ადგილია სნოუბორდერებისთვისაც, მათ შეეძლებათ ზაფხულში ვეიქით ისრიალონ და ზამთარს ფორმაში შეხვდნენ. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ავსტრიის მყინვარებზე და სამხრეთ ნახევარსფეროს კურორტებზე იაროს ზაფხულობით. ჩვენს კაიტ პარკზე გაიგეს მეზობელ ქვეყნებშიც და როგორც ვთქვი, მოუთმენლად ველოდებით ზაფხულს, რომ სრული დატვირთვით ავმუშავდეთ, შეჯიბრებსაც გავაკეთებთ.
გარდა ვეიქ პარკისა, გუდაურში დავამატებთ ველობილიკებს, რაც სპორტულ აქტივობებს კიდევ უფრო გაზრდის.
ვეიქბორდინგის საწყისები გუდაურში
ლუკა: სეზონი გვექნება იქამდე, სანამ ტბა არ გაიყინება, როცა გაიყინება მერე თოვლიც მოვა და სნოუპარკზე გადავერთობით. Ჩვენთან შესაძლებელია ყველაფრის ქირაობა, რაც ადამიანს ამ სპორტისთვის სჭირდება: ჩაფხუტი, ბორდი, ჰიდროკოსტუმი, მაშველი ჟილეტი. Შეუძლია თავისითაც მოვიდეს, თუ აქვს. Ჰიდროკოსტუმი აუცილებელია იმიტომ, რომ წყალი ძალიან ცივია, ჩვენი ვეიქპარკი ხომ ყველაზე მაღალი პარკია მთელს მსოფლიოში - 2700 მეტრზე ზღვის დონიდან.
თუ არასოდეს მდგარხართ ასეთ დაფაზე, ნუ შეგეშინდებათ. Მეც არ ვიყავი დამდგარი, თუმცა სნოუბორდის პრაქტიკა დამეხმარა და ჩვეულებრივად ავითვისე. არც თქვენ გაგიჭირდებათ.
ვაით რებითი და ბავშვები
ლუკა: ზაფხულის სპორტის დამატებით, ვაით რებითის საგანმანათლებლო ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება. Ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ ბავშვებში სპორტი პოპულარული გავხადოთ. ადგილობრივი პატარა მოთხილამურეები სნოუპარკში ხშირად მოდიან, გვაკვირდებიან, სწავლობენ ილეთების კეთებას, ჩვენც გამორჩეულად ნიჭიერებს თხილამურებს ვჩუქნით, ან ეკიპირებას. ასეთი პატარ-პატარა წახალისებებით მგონია, რომ ბევრი ბავშვი ჩაერთვება სპორტში. თუ გაიგებთ, რომ სადმე მთაში მცხოვრებ ბავშვს სურვილი აქვს, რომ გაიცნოს ზამთრის ექსტრემალური სპორტი, რამენაირად მოიყვანეთ „ვაით რებითამდე”, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პატარა ადამიანი კიდევ უფრო დავაინტერესოთ.
2021-2022 წლების სეზონი
ლუკა: ვაით რებითი სეზონს პარკის გახსნით დაიწყებს. Შემდეგ ჩვენი თანამშრომლების გადამზადება გვექნება, ისინი თებერვალში ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპზე იმუშავებენ შეიპერებად და საჭიროა მათი სერტიფიცირება. მსოფლიო თასის შემდეგ ვაით რებითი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება და გუდაურში ჩამოსულ მოთხილამურეებს და ბორდერებს ათასგვარ ტურნირს და უბრალოდ ბედნიერ დღეებს შესთავაზებს. მერე, როგორც გითხარით, ზაფხულიც მოვა და ყველა ერთად ტბაზე გადავალთ.
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი