თებერვალი 11, 2026
11 თებერვალს მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღე აღინიშნება — დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელს დააწესა, რათა გამოკვეთოს ქალების მნიშვნელოვანი როლი და წვლილი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) განვითარებაში.
2026 წლის მთავარი მოწოდებაა:"პროგრესი ყველასთვის!". ეს გზავნილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური განვითარება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს ეფუძნებოდეს.
თიბისიში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით დასაქმებულთა 38% ქალია.
ჩვენი კოლეგა ქალი ინჟინრები, დეველოპერები, ანალიტიკოსები, მონაცემთა მეცნიერები და სხვა სპეციალისტები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პროფესიონალიზმს სქესი არ განსაზღვრავს. პროგრესი იქ იწყება, სადაც იდეებს, შრომასა და შესაძლებლობებს თანაბრად აფასებენ. მრავალფეროვანი გუნდები მეტ ინოვაციას, სწრაფ განვითარებასა და უკეთეს შედეგებს ქმნიან.
ბლოგში სამ თიბისელ ქალს - ლელა ბიბილაშვილს, სოფიო რუხაძესა და ელენე კვარაცხელიას გაგაცნობთ, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მათ განვლილ გზას, გამოცდილებებსა და რჩევებს გვიზიარებენ.
ლელა ბიბილაშვილი უკვე ხუთი წელია რისკების ლიგის ლიდერია. მისი სამუშაო სივრცე იქ იწყება, სადაც პროცესები რთულდება და იქ მთავრდება, სადაც ტექნოლოგიები ამ სირთულეებს ამარტივებს. გუნდთან ერთად ის მუშაობს ათეულობით პროექტზე, ქმნის ახალ სისტემებს და ყოველდღიურ რუტინას ავტომატიზებულ პროცესებად გარდაქმნის, რათა კოლეგებისა და მომხმარებლების ყოველდღიურობა გაამარტივოს.
ლელას გზა ტექნოლოგიებში უნივერსიტეტიდან დაიწყო, ეს სფერო „ახალი ხილი“ იყო, განსაკუთრებით საქართველოში. მისთვის ტექნოლოგიების მთავარი ხიბლი მუდმივ მოძრაობაშია:
„ეს სფერო ყოველდღიურად კი არა, საათობრივად ვითარდება და წინ მიდის. როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, ყოველთვის იქნება რაღაც, რასაც აღმოაჩენ, ისწავლი და ყოველ დღე შეგიძლია გახდე უკეთესი, ვიდრე იყავი. უსასრულოდ განვითარების შესაძლებლობა არის ის, რაც ამ სფეროში ყველაზე მეტად მიყვარს.“
ცნობისმოყვარეობა და მოუსვენრობა ლელას პროფესიული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. კითხვები: „კიდევ რა შემიძლია? სად გადის შესაძლებლობების ზღვარი?“— მისთვის არა დაბრკოლება, არამედ თავგადასავლის დასაწყისია. პროცესზე ორიენტირებული აზროვნება და მუდმივი ძიება მას საშუალებას აძლევს, განვითარება არა მიზნად, არამედ გზად აღიქვას.
ქალებსა და გოგოებს, რომლებიც ახლა იწყებენ გზას ტექნოლოგიებში, ლელა ერთ მთავარ რჩევას აძლევს: გაბედონ პირველი ნაბიჯების გადადგმა და დაივიწყონ კითხვა „შევძლებ თუ არა? პასუხია - კი“ მისი თქმით, ტექნოლოგიები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში, სრულიად ახალი მიმართულებაც.
სოფიო რუხაძე Self-Service ანალიზის გუნდის ლიდერია. მისი ყოველდღიური საქმიანობა მონაცემებსა და მათ ანალიზს უკავშირდება. მთავარი მიზანი კი თანამშრომლებისთვის საჭირო მონაცემებზე მარტივი და სწრაფი წვდომის უზრუნველყოფაა. სხვადასხვა ტექნოლოგიასთან ერთად, აქტიურად ავითარებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მონაცემებს სასარგებლო ინფორმაციად გარდაქმნის და ეხმარება ორგანიზაციას მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, გაზარდოს ოპერაციული ეფექტიანობა და უკეთ დაგეგმოს მომავალი.
ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი იმ მომენტიდან დაიწყო, როცა პირველად დაინახა, როგორ შეიძლებოდა დიდი მონაცემების მარტივად დამუშავება Microsoft Excel-ში და სხვა ხელსაწყოებში. „სწორ ინსტრუმენტებთან ერთად მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას, ჰიპოთეზები ბევრად უფრო დამაჯერებლად, ფაქტებზე დაფუძნებით შევამოწმოთ,“ - აღნიშნავს სოფიო. ამ ინტერესმა ნელ-ნელა ანალიტიკისკენ წაიყვანა, ისწავლა R, SQL, Qlik და Power BI და აღმოაჩინა, რომ მონაცემები რეალური ბიზნეს პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტია.
სოფიოს პროფესიულ გზაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა ცნობისმოყვარეობა და სიახლეებისადმი უწყვეტი ინტერესი. ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებში პირველ ნაბიჯებს დგამენ, სოფიოს რჩევა ასეთია:
„ეს სფერო იმდენად საინტერესო და სიახლეებით სავსეა, ნამდვილად ღირს ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და თავი დავიმკვიდროთ“.
ელენე კვარაცხელია Front-end დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორია ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში. მისი პროფესიული საქმიანობა თანამედროვე ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნას უკავშირდება.
„ტექნოლოგიებთან პირველი შეხება მე-9 კლასში მქონდა. მაშინ პირველად გავიგე ამ სფეროს შესახებ და გამიჩნდა სურვილი, გამომეცადა რამდენად მომეწონებოდა და გამომივიდოდა.“
ინტერესის გამო, შაბათობით უნივერსიტეტში ალგორითმების ლექციებზე დასწრება დაიწყო, სადაც პირველკურსელებთან ერთად სწავლობდა C++-სა და ალგორითმებს. ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ეს იყო სფერო, რომელშიც საკუთარ მომავალს ხედავდა.
18 წლიდან უკვე პროფესიულად იყო ჩართული ტექნოლოგიებში: Python-ით დაიწყო, შემდეგ Front-end Haxe-ზე გადაერთო. თიბისის IT აკადემიის დასრულების შემდეგ კი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ელენესთვის ამ სფეროში წარმატების მთავარი საფუძველი დისციპლინა და კონსისტენტურობაა.
„არის დღეები, როცა თითქოს არაფერი გამოდის და დანებებაც კი გინდა,“ - გულწრფელად აღნიშნავს ის, თუმცა სწორედ ამ დროსაა მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელება.
„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არის სფერო, რომელიც უბრალოდ არ მბეზრდება. პირიქით, ჩემი პროფესიის მეშვეობით საკუთარი თავი ვიპოვე, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.“
ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულები არიან, ელენეს გზავნილი ასეთია:
„ტექნოლოგიების სფერო ღიაა ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ასაკსა და სქესს. მთავარი არის მონდომება, დისციპლინა და სირთულეების წინაშე არდანებება. დაინახეთ საკუთარი შესაძლებლობები და დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. შესაძლოა გზა თავიდან ძალიან გრძლად და რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თანმიმდევრული შრომა, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა საბოლოოდ აუცილებლად მიგიყვანთ შედეგამდე“
გაზიარებული ისტორიები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ წარმატება ცნობისმოყვარეობით, შრომითა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენით იქმნება.
გილოცავთ 11 თებერვალს და გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ ქალს ტექნოლოგიებში!
მთვარია გჯეროდეს