ლიტერატურა

ვირჯინია ვულფი

„საბა“

იანვარი 25, 2021

მსოფლიო ლიტერატურის საგანძური მრავალ გენიალურ ტექსტს ინახავს. კარგი წიგნები ბევრია, გენიოსი ავტორებიც - ასევე. მაგრამ არის დაუვიწყარი ამბები, რომელთა ხსენებისას თითქმის ყველა მკითხველისთვის, რომლებიც თითქოს რაღაც გრანდიოზული შეთქმულების მონაწილეები არიან, იღება ლიტერატურის კარი. ამბები, რომლებიც ყველას აერთიანებს, ამბები, რომლებიც ისევე იქცნენ ლიტერატურის სიმბოლოდ, როგორც მონა ლიზას ღიმილი - მხატვრობის მაგიის. ახსენებ თუ არა მისის დელოუეის, რომელმაც გადაწყვიტა თავად ეყიდა ყვავილები, უკვე ყველამ იცის, რომ ეს ვირჯინია ვულფია, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა.

„შეგიძლიათ, საიმედოდ გამოკეტოთ თქვენი ბიბლიოთეკები; მაგრამ არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ.“

- წერდა ის.

როდესაც ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვიხსენებთ კლარისა დელოუეის, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ქალ პერსონაჟს.

„ზამბახებში, ვარდებსა და იასამნებში ჩაფლული კლარისა თავს აქეთ-იქით აქნევდა. თვალები მიელულა და საამო სურნელს, საოცარ სიგრილეს ისუნთქავდა. ქუჩის ხმაურის შემდეგ ეს ძალიან ამშვიდებდა. თვალები ისევ გაახილა. ვარდები ისეთი ნაზი და ახალი იყო, როგორც სამრეცხაოდან მოტანილი, კალათაში ჩაწყობილი ქათქათა, მაქმანებიანი თეთრეული. რა მკაცრი იერი ჰქონდათ მუქ მიხაკებს, რომლებსაც თავი ამაყად აეწიათ. კლარისა იასამნისფერ, თოვლივით თეთრ თუ ფერმკრთალ არჯაკელებს უცქერდა და ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ზაფხულის მშვენიერი საღამო დამდგარიყო და მუსლინის კაბებში გამოწყობილი ქალიშვილები ზაფხულის დიდებული დღის შემდეგ არჯაკელებისა და ვარდების დასაკრეფად მინდორში გამოსულიყვნენ.“

სწორედ კლარისასა და ათასი სხვა კლარისას მსგავსი ქალის გამო იტყვის ვირჯინია ვულფი ვულფი 1929 წელს გამოცემულ ესეში „საკუთარი ოთახი“.


„ასიოდე წლის შემდეგ – ვფიქრობდი მე, როდესაც ჩემი კიბის საფეხურებს მივადექი, – ქალები თავს დააღწევენ მეორე სქესის ბატონობას. ძალას სცდიან ყველაფერში, რასაც ადრე ახლოს ვერ გაეკარებოდნენ და გაქრება წარმოდგენა, რაც ემყარება აზრს, რომ ქალს მფარველობს მამაკაცი“ .

შექსპირის ფიქციურ დაზე წერისას ვირჯინია ვულფი გულისხმობს ყველა ქალს, რომელმაც საკუთარი ოთახის, დროისა და შესაძლებლობის არქონის გამო, საკუთარ თავში შემოქმედი დაკარგა.


„მე მჯერა, რომ ეს პოეტი, ვისაც ერთი სიტყვაც კი არ დაუწერია და ვინც გზაჯვარედინზე ასაფლავია, – დღესაც ცოცხლობს. ის ცოცხლობს თქვენში და ჩემში და ბევრ სხვა ქალში, ვინც ამ საღამოს აქ არაა, რადგან ისინი თეფშებს რეცხავენ და ბავშვებს აძინებენ“

მოგვიანებით, კიდევ ერთ რომანში „ორლანდო“ სქესის სრულიად ახლებური წაკითხვა სცადა, სადაც პერსონაჟი მამაკაციდან ქალად გარდაისახება, ეს არის საოცარი ფანტასმაგორია,ზღაპრული მოგზაურობა დროსა და სივრცეში, „ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარული წერილი“ ლიტერატურაში, სადაც ვირჯინიამ საყვარელი ქალი,  ვიტა სეკუილვესტო ასახა.

“დამარცხდები თუ ზედმეტი მწუხარება გამოხატე, თუ ნაწარმოებში შეგნებულად გამოსჭვივის ქალი, მამაკაცური და ქალური საწყისი ერთმანეთს უნდა შეერწყას, რომ შემოქმედებითი პროცესი განხორციელდეს.”

- წერდა ის.

ადამიანები და მათი ურთიერთობები მთავარია ვირჯინია ვულფისთვის, მრავალი მიმართულებით რევოლუციონერი და ექსპერიმენტატორი მწერალი თავის რომანში „გზა შუქურისკენ“ ცნობიერების ნაკადის მეთოდს მიმართავს და ადამიანთა სულებში გვახედებს.


რომანები,ესეები, მემუარები, ექსპერიმენტები,დღიურები, პოლემიკა - ეს უკვე დიდი ლიტერატურაა, დიდი ინგლისელი მწერლის, ვირჯინია ვულფის შემოქმედება. მაგრამ არანაკლებ საინტერესო და მრავალმხრივი მისი ბიოგრაფია იყო, კითხვეის ნიშნებითა და გამოცანებით სავსე, არანაკლებ დიდი რომანი, ვიდრე თუნდაც „ორლანდოა“.

ასეა თუ ისე, ვირჯინია ვულფის დღეს მრავალი კუთხით ეშინიათ, თუმცა ალბათ ყველკაზე საშიში და გაუგებარი მსოფლიო ლიტერატურა იქნება დიდი მწერლის, ვირჯინია ვულფის გარეშე.



ავტორი: „საბა"