სიახლეები

ვაზისუბნის მამულის წვეულებაზე

ვაზისუბნის მამული - სულხან ჭავჭავაძის განახლებული სასახლე ისევ მზადაა სტუმრების მისაღებად

დეკემბერი 10, 2019

ასე იტყოდა სულხან ბატონი... ასე იტყოდნენ თავადნი, აზნაურნი, გინდ სტუმარ-მასპინძელნი, გინდ მნე-მოახლენი, მკვიდრი ...


ვაზისუბნის მამული - სულხან ჭავჭავაძის განახლებული სასახლე ისევ მზადაა სტუმრების მისაღებად!


გამოსცდები გომბორს და უკვე ყველა პირობა გექმნება, რომ დაიკარგო დროში, მიჰყვე საკუთარ ინსტინქტებს და გრძნობებს, შეისისხლხორცო წელიწადის ნებისმიერი სეზონის საუკეთესო განსხეულება და მერე მთლიანად მიენდო საუკუნეების მანძილზე შექმნილ, ოჰ-რამდენ-გამოცდა-გამოვლილ და გადარჩენილ ადგილობრივ მუხტს, ხშირად კახურ სტუმართმასპინძლობას რომ ვეძახით. ორი სიტყვით რომ ვთქვა, აქაურობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ყველა კომპონენტის ჯამი!


ფოტოზე (ქვემოდან მეორე) ვაზისუბნის მამულის მთავარი მეღვინე, ფრანგი სპეციალისტი ანტუან მასონო, 1896 წელი.

გაცოცხლებული ისტორია


„ვაზისუბნის მამული“ - მე-19 საუკუნის აღდგენილი სასახლე, მარანი, კახეთის საუკეთესო მიკროზონებში გაშენებული ვენახები და უნიკალური ენდემური ჯიშებიდან მიღებული საუკეთესო ხარისხის ღვინო. ამ ადგილის ისტორია 1869 წელს, თავადი სულხან ჭავჭავაძის დაბადებით იწყება. სულხან ჭავჭავაძე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თავადი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო, რომელმაც თავისი საქმიანობით თვალსაჩინო კულტურული მემკვიდრეობა დატოვა. სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ იმ დროის გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ვანო სარაჯიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, თამარ ჭავჭავაძე, ელენე თარხნიშვილი... თითქმის 140 წლის შემდეგ, ჭავჭავაძის აღდგენილი მამული დღეს, ქართული ღვინის გენეტიკური მეხსიერების ამბავსა და სტუმართმასპინძლობის ტრადიციას აგრძელებს.


სასახლე


სასახლის კედლებში ყოველთვის ჩქეფდა სიცოცხლე, თანმდევ ბედნიერ, თუ ტრაგიკულ დღეებთან ერთად, ისტორიის მსვლელობა როგორც განსაზღვრავდა. ეპოქებთან ერთად, იცვლებოდნენ სასახლის მასპინძელბიც - ჭავჭავაძეები, რომანოვები, ბოლშევიკები... საბჭოთა პერიოდში, საცდელ სამეურნეო ლოკაციად იქცა. მაშინდელმა ხელმძღვანელებმა სასახლეს პირველსახე შეცვალეს უსახური კიბით და შიდა ტიხრებით. შენობის ქვედა ნაწილს კი საწყობად იყენებდნენ. 90-იანებში, სასახლე საერთოდ უპატრონოდ დარჩა და გაიძარცვა.


აღდგენითი სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, ისტორიკოსების დახმარებით სათანადო მასალები ეროვნულ არქივში და ადგილობრივ მუზეუმში იქნა მოძიებული. სწორედ ამ ისტორიული ცნობებისა და გამოსახულებების საფუძველზე შეკეთდა და გამაგრდა საყრდენი კედლები, მოპირკეთდა ფასადი და შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

სასტუმრო


ამჯერად, როგორც ბუტიკ სასტუმრო, ,,ვაზისუბნის მამული“ „მეორე სახლის“ კონცეფციას ატარებს. აქ დაგხვდებათ 19 ნომერი სხვადასხვა კატეგორიის ოთახებით, მათ შორის - „სულხანის და ნინოს ოთახი“, „ვანო სარაჯიშვილის ოთახი“, “დიმიტრის ბიბლიოთეკა”... მოწყობილია დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, ტერასა სახელწოდებით „გულბაათის სანადიმო“ და აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით.

ფოტოზე ვაზისუბნელები წურავენ ღვინოს, 1903 წელი.

ბაღი


სასახლეს გარს აკრავს სულხან ჭავჭავაძის მებაღეების მიერ გაშენებული, ულამაზესი ინგლისური ბაღი, რომელიც სრულად იქნა შენარჩუნებული და აღდგენილი. აქ გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, უნიკალური ჯიშებით (ენდემური და არაენდემური): ცაცხვი, კედარი, ქართული მუხა, კოპიტი, ვერხვი, ბიოტა, ქაღალდის ხე, კრიპტომერია, კოლხური ბზა, კიპარისი... მათი წლოვანება 90-100 წელს მაინც აღემატება. ამ მცენარეებით შექმნილი უნიკალური ოაზისი, სეზონურად იცვლის იერს და ფერს, ამ ბაღში შეიგრძნობთ წელიწადის ყველა დროს. აქვეა, საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ურთხელიც, რომლის გარშემოწერილობა 1 მეტრზე მეტია. ბაღის ჩრდილოეთ ნაწილში, გიგანტური ჰიმალაის კედარი დაგხვდებათ, რომლის ტოტების ვარჯის დაფარვის არეალი 300 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ბზის ხეივნის ფორმირებული მწკრივი უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის...


2019 წელს, ახალი კონცეფციის დასრულებასთან ერთად, ლანდშაფტს დაემატა ახალი სახეობები: სოჭი, ტუია სმარაგდი, როზმარინი, ლავანდა, კოწახური, ლეილანდის ხამეოციპარისი, ვარდი, ფოტინია, ძახველი, ჟასმინი, ტეკომა... ახალი ბაღის პარტერულმა ფორმამ ახალი ფერები დაამკვიდრა და თანდათან, ის აქაურობის განუყოფელი ნაწილი გახდება, სეზონური ფერების ცვალებადობით და კენკროვანი სანაყოფე ბუჩქებით, რაც ზამთრის პერიოდში, ველურ ფრინველებს მოიზიდავს, რითიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის ისტორიულ მამულს.

მამულის გემო


სულხან ჭავჭავაძის სახელს აქაური ღვინის კულტურის განვითარებაც უკავშირდება. იგი იყო ერთ-ერთი პირველი მემამულე, რომელმაც აღადგინა ენდემური ჯიშები, სცადა ევროპულის - პინო, რესლინგი, სოვინიონი - გაშენება და სრულიად ახალი ჯიშების გამოყვანა. მისი გაშენებული ვენახების ნაწილი დღემდე შემონახულია. დღეს, კი მუკუზანისა და ვაზისუბნის ვენახებში მოწეული რჩეული მოსავლით უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ღვინოები იქმნება.

ისე არ წახვიდეთ, რომ საოცრად შთამბეჭდავი მარანი არ მოინახულოთ!

გულბაათის სანადიმო


გულბაათ ჭავჭავაძის სახელით რომ მოინათლა სასახლის სანადიმო, გასაკვირი არაა - საერო მოღვაწეობასთან ერთად, გულბაათ ბატონს თამადობითაც ჰქონდა სახელი განთქმული და იმდენად, რომ იმ დროის ყველაზე მნნიშვნელოვან ნადიმებზე ეპატიჟებოდნენ სუფრის გასაძღოლად. მისი ოჯახის სტუმრები იყვნენე საქართველოში ჩამოსული სახელმწიფო, თუ საზოგადო მოღვაწეები. პირადად იცნობდა მიხელ ლერმონტოვი, რომელიც თავის მეგობარს, რავენსკის წერდა: „მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს“. მოგონება შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამაც, თავის ცნობილ წიგნში „კავკასია“. იმპერატორის წარმომადგენელმა კორნელი ბოროზდინმა კი ვრცელი სტატია მიუძღვნა მის პიროვნებას - “ცხოვრება შრომასა და გარჯაში გაატარა, ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანასა და ხალხს. ყოველივე ამით ჩამოყალიბდა ძლიერი, დამოუკიდებელი, პრინციპული, იუმორით აღსავსე პიროვნება. მაგრამ დროს თავისი მოჰქონდა, ახალგაზრდული ენერგია უკან რჩებოდა. ახლა იგი სიმშვიდეს და კმაყოფილებას უკვე ქეიფში ეძებდა. ეს არ იყო სმა და ლოთობა, ეს იგივე ბრძოლა იყო..”


ამჯერად, გულბაათის სანადიმოში, ტრადიციული, თუ ევროპულ კერძები შეგიძლიათ მიირთვათ. მენიუ, რომელიც სეზონურად შეიცვლება, ბრენდშეფ ქეთი ბაქრაძის საავტორო გადაწყვეტით, ახალ გემოებს აღმოგაჩენინებთ.

აუცილებლად სანახავი


თუ დრო მოგცემთ საშუალებას მამულის გარშემო სოფლებიც დაათვალიეროთ, არ ინანებთ. სოფელის საინტერესო წარსულს აქ არსებული ათობით ისტორიული ძეგლი ადასტურებს. ყველაზე ძველია VI საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების და სამკარიანის წმინდა გიორგის ეკლესიები. წარმოიდგინეთ თავი კავკასიონის მთების აფითეატრის შუაგულში, სადღაც დროების გადაკვეთაზე, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, თუ სულაც - მხოლოდ საკუთარ თავთან... თვალებს დახუჭავ, შეისუნთქავ ამ ჰაერს ბოლომდე, დააგემოვნებ იქვე მოწყვეტილს, დააჭაშნიკებ იქვე დაწურულს, მიხვდები, რომ შენც მასპინძელი ხარ - შენი ახალი გრძნობების, ახალი მოგონებების მასპინძელი...

კოორდინატები


სოფელი ვაზისუბანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 14 კმ-ით. “ვაზისუბნის მამული” კი სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს (GPS კოორდინატები: N -41.81244; E – 45.70004).


Winter Getaway


21 დეკემბერს, ვაზისუბნის მამული, ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის, წინასაახალწლო მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ვაზისუბნის მამულის წარმოებული საუკეთესო ღვინოები. სპეციალურად ამ დღისთვის, მამულის შეფმა ვაკო ვაშაკაშვილმა, ბრენდ შეფ ქეთი ბაქრაძესთან ერთად სადღესასწული ვახშამზეც იზრუნეს.


*თიბისი სტატუსის შეთავაზება: http://bit.ly/VazisubaniEstate



ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტო-მასალა: “ვაზისუბნის მამულის” არქივებიდან