თიბისელები

ვაქცინაციის ისტორია და აცრით დამარცხებული ეპიდემიები

სექტემბერი 22, 2021

ვაქცინით დამარცხებული ეპიდემიები - VII საუკუნეში დაწყებული ისტორია

 

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. კორონავირუსი არ არის პირველი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო პანდემია გამოიწვია და არც იმ პანდემიებს შორისაა პირველი, რომელიც ვაქცინაციის წყალობით დასრულდა.

 

ვაქცინის ისტორიის საწყისი უკავშირდება კაცობრიობის ცხოვრებაში ყველაზე გრძელვადიან და ძლიერ ვირუსს - ყვავილს, რომლის წარმომავლობა უცნობია, თუმცა ჩანაწერები მისი მსგავსი დაავადების შესახებ ფიქსირდება მე-4 საუკუნეში ჩინეთში, მე-7 საუკუნეში ინდოეთში, მე-10 საუკუნეში კი მცირე აზიაში.

კოლონიალიზმის განვითარებასთან ერთად ყვავილი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მეთვრამეტე საუკუნისთვის უკვე მთელს ევროპას მოედო და მასშტაბურად გამოიწვია ფატალური შედეგები.

ყვავილი

 

ყვავილთან გამკლავების მცდელობები ასწლეულების წინ აღმოსავლეთში დაიწყო მანამ, სანამ ევროპაში იპოვიდნენ გამოსავალს. მეთოდი, რომელსაც შუა საუკუნეებში ჩინეთსა და ინდოეთში იყენებდნენ, თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ვაქცინაციის წინამორბედად, რომლიდანაც ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი ვაქცინის შექმნამდე.

 

პროცესი მარტივი იყო: იმ დაავადებული ადამიანის კანისგან, რომელიც ყვავილს გადაურჩა, იღებდნენ ყვავილის ანაფხეკს, აშრობდნენ, პუდრად გადააქცევდნენ, ბაბმუკის მილში ათავსებდნენ და მილში ჩაბერვით ახვედრებდნენ ადამიანის სასუნთქ გზებში.

 

იქედან გამომდინარე, რომ ანაფხეკი ყვავილისგან გადარჩენილი ადამიანის კანისგან კეთდებოდა, სასუნთქ გზებში დასუსტებული ვირუსული უჯრედები ხვდებოდა, რაც თავის მხრივ ამცირებდა მძიმე ინფიცირების რისკებს. ეს მეთოდი არის ყვავილის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავების პირველი დოკუმენტირებული მცდელობა, რასაც სამეცნიერო ენაზე „ინოკულაცია“ ჰქვია.


„ინოკულაცია“ - მიზანმიმართული დაინფიცირება იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით.

 

ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლის ამ ტექნიკამ მეთვრამეტე საუკუნეში ევროპაშიც შეაღწია და მას ვარიოლაცია დაერქვა (რადგან ყვავილს სამეცნიერო ენაზე ვარიოლა ჰქვია). ვარიოლაციის წყალობით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-დან 2%-მდე შემცირდა.

 

მეთოდი ნაცნობი იყო ამავე საუკუნის ინგლისელი ფიზიკოსი ედვარდ ჯენერისთვის, რომელმაც თავისი დაკვირვებით ვირუსის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღო - მან შეამჩნია რომ ყვავილით არ ავადდებოდნენ ძროხების მწველავი ფერმერი ქალები, რომლებსაც ძირითადად შინაური ცხოველებისგან სხვა, ბევრად უფრო მსუბუქი დაავადება (cawpox) ჰქონდათ გადადებული. ვირუსი გამოიხატებოდა მცირე გამონაყარით ხელებზე. ფიზიკოსმა ივარაუდა, რომ ეს დაავადება ყვავილის მიმართ იმუნურობას იწვევდა და ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც მსოფლიოში პირველი ვაქცინაციის პრეცენდენტი იყო.

 

სიტყვა „ვაქცინა“ ძროხის ლათინური შესატყვისისგან „vacca” მომდინარეობს.

 

1796 წელს ჯენერმა ახალგაზრდა სარა ნელმესისგან cawpox-ის ინოკულაცია გაუკეთა თავისი მებაღის 8 წლის შვილს, ჯეიმს ფიპსს, რომელიც მალე გამოჯანმრთელდა დაავადებისგან. 


2 თვის შემდეგ მან ჯეიმსის ორგანიზმში ყვავილის ვირუსი შეიყვანა. ბიჭი იმუნური აღმოჩნდა ყვავილის მიმართ და გადაურჩა ბევრად მძიმე, მომაკვდინებელ დაავადებას მსუბუქი ვირუსის გადატანის ხარჯზე.


ვარიოლაციისგან განსხვავებით ვაქცინაცია არა იმავე მძიმე დაავადების (რომელიც, თავის მხრივ, ბევრად უფრო სარისკო იყო), არამედ მსგავსი, იგივე ოჯახის, თუმცა ბევრად მარტივი ვირუსის ორგანიზმში შეყვანას გულისხმობდა. ჯენერის მიგნებას ბევრი პესიმისტი მოწინააღმდეგე ჰყავდა წლების განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ 1840 წელს ინგლისში აიკრძალა ვარიოლაცია და ჩანაცვლდა ვაქცინაციით, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. XIX-XX საუკუეებში ვაქცინაციის აქტიური კამპანიების წყალობით, სულ რაღაც 4 ათწლეულის წინ 1980 წელს ყვავილი დამარცხებულად გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

ესპანური გრიპი

 

მართალია ყვავილი პირველი და ყველაზე გავრცელებული ვირუსი იყო რომელიც ვაქცინამ დაამარცხა, მაგრამ 1918 წელს მოსახლეობაზე არანაკლებ იმოქმედა ესპანურმა გრიპმა, რომელსაც დავიწყებული პანდემიის სახელით იხსენებენ. 

დღეს ვაქციანაციის და მკურნალობის მეთოდების დახვეწის წყალობით, გრიპი შედარებით მსუბუქ ვირუსად გვეჩვენება, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში გრიპის შედეგებმა ბევრად გადააჭარბა პირველი მსოფლიო ომის შედეგებს. თუ სტანდარტულად გრიპის ვირუსი მცირეწლოვნებსა და მოხუცებზე ზემოქმედებდა, 1918 წელს გავრცელებული ვირუსი უკვე ახალგაზრდებისა და საშუალო ასაკის ხალხისთვისაც მომაკვდინებელი აღმოჩდა.


ეპიდემიოლოგია, როგორც მეცნიერება სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.

 

პოლიომელიტი

 

1950-იან წლებში კიდევ ერთი ეპიდემია, რომელიც ბავშვებში გავრცელდა პოლიომელიტი იყო. ვირუსი, რომელმაც განსაკუთრებით იმოქმედა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იწვევდა ხერხემლისა და ტვინის დაზიანებას. ეპიდემიის გაძლიერებასთან ერთად დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა - ექიმმა ჯონას სალკმა შეიმუშავა ფორმულა, რომლითაც 2 მილიონზე მეტმა მოხალისე მშობელმა აცრა საკუთარი შვილი. 1958 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ვაქცინის ეფექტურობა. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, პოლიოვაქცინაციასაც მოყვა პროვაქს კამპანია, რომელშიც ელვის პრესლიც ჩაერთო. გავრცელებულია ფოტო, რომელიც ამერიკელი პოპსტარის აცრის პროცესს ასახავს.

წითელა

 

წითელა ვირუსით გამოწვეული ჰაერით და უშუალო კონტაქტით საკმაოდ სწრაფად გადამდები დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებს ბავშვებზე. პარამიქსოვიროსების ოჯახის ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს და შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე. მანამ სანამ 1963 წელს ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, წითელას ეპიდემიური ტალღები 2-3 წელიწადში ერთხელ ვრცელდებოდა და მძიმე შედეგებს იწვევდა.

წითელას ვაქცინაზე მუშაობის შედეგად უკვე 1968 წელს შეიქმნა MMR ვაქცინა, რომელიც წითელას, ყბაყურას და წითურას მიმართ იმუნურობას ამუშავებს. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოს მასშტაბით.

 

სია კიდევ გრძელდება და საკმაოდ გრძელია. ჩვენი დღევანდელი მოცემულობაც სწორედ ამ სიის გაგრძელება და პანდემიის დასრულების საფუძველია. წლებმა დაადასტურა, რომ ვაქცინაცია ეფექტური აღმოჩნდა დიდი ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს. დღევანდელი, ერთი შეხედვით უჩვეულო მდგომარეობა ისტორიისთვის არც ისე უცხოა და გუშინდელივით ნაცნობია. საბედნიეროდ ჩვენ 21-ე საუკუნის ადამიანებს ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ჯანსაღ, თავისუფალ ცხოვრებას, ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და გარშემო მყოფებზე.

ავტორი: ქეთი რაზმაძე