ლიტერატურა

ცნობილი ლექსების უცნობი ავტორები

„საბა"

მაისი 21, 2021

ლექსებს უცნაური ბედისწერა აქვთ. ზოგი ავტორი ერთი ლექსით რჩება ლიტერატურაში, ზოგი ათასითაც ვერ რჩება, ზოგი მხოლოდ ერთ ლექსთან ასოცირდება, ზოგჯერ კი ლექსი გვახსოვს, ავტორი კი გვავიწყდება.

1.  ცნობილი სიმღერის ტექსტი

„სამიათას წელზედ მეტი“ ქართული მრავალხმიანი სიმღერაა, რომელიც ქართული ემიგრაციის ერთგვარ ჰიმნად იქცა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ სიმღერის ტექსტი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული გრამატიკის მამას, აკაკი შანიძეს ეკუთვნის, რომელიც ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა და იბეჭდებოდა კიდეც. ლექსი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდშია გამოქვეყნებული ლიტერატურულ პერიოდიკაში.

"სამიათას წელზედ მეტი

სამიათას წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა,

ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა

გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.

ქართველთ სისხლით შეღებილი დღესაც მტკვარი არის მღვრიე,

ქართველ დედის დაზრდილ შვილებს მტრების სისხლი დაუღვრიათ.“

2. შენ ჩემო დიდო იმედი

შენ, ჩემო დიდო იმედო

შენ, ჩემო დიდო იმედო

შენ, ჩემო დიდო იმედო,

კოშკო ნაგებო კირითა,

კახეთს მოჭრილო ისარო,

ქალაქს ნაღებო ინითა!

წითელო მოვის პერანგო,

შვიდგან შეკრულო ღილითა,

ცავ წმინდავ, ვარსკვლავიანო,

მზევ, დაფენილო დილითა,

უკვდავებისა წყაროო,

ნადენო ოქროს მილითა,

შენთანამც ყოფნით გამაძღო,

შენთანამც წოლა-ძილითა.

ეს გენიალური ლექსი ხალხური პოეზიის მრავალ ანთოლოგიაში შეგხვდებათ, ზოგი ვერსიით, მისი ავტორი უცნობია, შეხვდებით ვერსიას, რომელიც ცნობილ მელექსე ქალს, ხვარამზეს აკუთვნეს ამ ლექსს. ლექსის ერთ-ერთ ვერსიას ქართული პოეზიის ყველაზე მისტიკურ და ნაღვლიან ადგილას, ვანის ქვაბების წარწერებში ვხვდებით. ვანის ქვაბების კედლებზე მრავალი საინტერესო წარწერაა, რომელიც დედათა მონასტერში მცხოვრებ ქალებს წაუწერიათ. აქ არის „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე ძველი წარწერა, ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, აქ არის ქალების გულმხურვალე წარწერები, სიყვარულის, უბედობის, ტკივილის შემცველი აღსარებები. მაგალითად, გულქან შალიკაშვილის ასეთი წარწერა:

„ ქ.ღმერთო და ყუალა წმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო და რანიც წმინდანი მთავარანგელოზნი სუანებიხართ! თქუენს ძალასა და მოწყალებას, უშველეთ და ულხინეთ მოსამსახურეს, მიწასა თქუენს, თუალპატიოსანს, უებროს გულქანს. ვიყავდევნილი, რომ მომიყვანა მანუჩარ ქალად და გასათხოვრად. ქმარი ჯერ არ მედგა. ღვთის მადლმა და ამა წმინდათა მადლმა, ჩემსა ულამაზესი სულიერის დედასმიწაზედ არა იარებოდა და არც სხუა გამოსულა,არც თუალად, არც ტანად, არც ზნით, არც გონებით; თუარემ ჩემი მნახავნი არ გამამტყუვნებენ. ესე ხაზანნი არიან ამის მოწამენი და ეს ლომი“,

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე



სწორედ აქ ვხვდებით ვინმე თუმიან გობეჯიშვილის გვარით აღნიშნულ ვერსიას ჩვენთვის საინტერესო ლექსისა.


“წვრილად ნახვეწო ისარო

ქალაქს ნაღებო ინითა,

ყირმიზი რკალის პერანგი

 გაცვია ოქრო ღილითა;

ნეტავი შენთან მამყოფა,

შენთან გამაძღო ძილითა,

მაგ შევარდენსა თვალ-წარბსა

მაკოცნა ბაგეკბილითა”.

3.  მიხა ხელაშვილის ბედი და უბედობა

ქაქუცა ჩოლიყაშვილის თანამებრძოლი, სახალხო პოეტი და პატრიოტი ვაჟკაცი, მიხა ხელაშვილი სულ რაღაც 25 წლისა მოკლეს. მხოლოდ სიკვდილით არ დაკმაყოფილდნენ და მისი სახელიც ამოძირკვეს პოეზიის ისტორიიდან, მისი ლექსები უავტოროდ იბეჭდებოდა, როგორც ხალხური პოეზიის ნიმუშები.


ერთ-ერთი ასეთი ლექსია ცნობილი „ლექსო, ამოგთქომ“, რომელიც შესანიშნავი სიმღერის წყალობით ყველამ იცის და ყველას უყვარს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ ლექსის ავტორი სწორედ მიხა ხელაშვილია.


ლექსო, ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემად სახსოვრად

სააქაოსა რჩებოდე,

გიმღერდენ ჩემებრ სწორები

ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,

ქვეყანა მხიარულობდეს,

და მე საფლავში ვლპებოდე.

ნეტავი, ჩემო სახელო,

დიდხანამც იხსენებოდე,

ჩემო ნათქვამო სიტყვაო,

შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.

შენ, ჩემო საფლავის კარო,

შენამც კი აჰყვავდებოდე,

სახლო, არ დაიშლებოდე,

ცოლო, არ გათხოვდებოდე…


ავტორი: „საბა"