მარტი 03, 2020
უტა ბერიას სადებიუტო ფილმი „უარყოფითი რიცხვები“ რეალური ისტორიებითაა აგებული და საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა რაგბის თამაშმა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ცხოვრება. ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსოფლიო რეჟიმებს კრიმინალურ მენტალიტეტთან და სამყაროსთან ურთიერთობის სხვადასხვა გამოცდილება აქვთ. როგორ ფიქრობ საიდან იწყება პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?
ქურდული მენტალიტეტი და ეს სისტემა საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა გულაგების და ციხეების სამართავად. მილიონობით პატიმრის მეთვალყურეობას ადმინისტრაცია ვერ აუდიოდა, ამიტომ შექმნეს და შეიქმნა ავტორიტეტები, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შიგნიდან აკონტროლებდნენ პატიმრებს. ჩამოყალიბდა წესები, რომლითაც ავტორიტეტს ირჩევდნენ, შეიქმნა ეკონომიკური მოდელი „ობშიაკი“. აიგო ძალადობაზე დაფუძნებული იერარქია. მთლიანად საბჭოთა კავშირიც ხომ ასეთი სისტემა იყო. მართვის ეს მექანიზმი დროთა განმავლობაში მენტალობაში გაჯდა, ამას ხელს უწყობდა რწმენასთან მათი კავშირის პროპაგანდა და სამართლიანობის მოსასხამი, რომელიც მათ მოირგეს. ეს სისტემა ნელ-ნელა ციხეებიდან გარეთ გამოვიდა და მოზარდებმა დაიწყეს უფროსების მიბაძვა, დღემდე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის უმეტესობა ამ მენტალიტეტის მიბაძვით არის განპირობებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ძარცვა, ყაჩაღობა და ქურდობა ბევრისთვის შემოსავლის წყარო გახდა, ნებით თუ უნებლიედ, ისინი ამ მენტალიტეტის გაფართოებას უწყობდნენ ხელს. მერე დაიწყო მათი დევნა და დაპატიმრება, მენტალიტეტის ნიღაბი ნამდვილ სახედ გადაიქცა და კონფლიქტი პოლიციასთან ამ ადამიანების ცხოვრების წესად იქცა, სუბკულტურად ჩამოყალიბდა. მათი ციხეში გამოკეტვით ვერაფერი შეიცვალა, რადგან ეს მენტალიტეტი ციხეში შეიქმნა და ამიტომ ამ გზით მას ვერ მოერევი, შემდეგ ისევ შერბილდა დამოკიდებულება, ბევრი პატიმარი გათავისუფლდა და „ქურდულმა“ ისევ გარეთ დაიწყო გამოსვლა, ისევ ბაძავენ ახალგაზრდები უფროსებს.
ამ მენტალიტეტს დრო მოერევა, რადგან ახლა ევროპა უფრო ახლოს არის და ბევრი მოსწავლე და სტუდენტი იქ იღებს განათლებას და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია რომ უფროსებმა, ბაბუებმა, მამებმა, დიდმა ძმებმა, უნდა აღიარონ ახალ თაობებთან თავიანთი დანაშაული.
როგორ მიხვედი ამ თემამდე და რით იყო ეს საკითხი შენთვის ახლობელი? ბავშვობის პერიოდში შენ ან შენს მეგობარს თუ გქონიათ შეხება იმასთან, რაც ფილმშია ასახული?
თავიდან მე, როგორც სცენარისტი, ისე ჩავერთე ამ პროექტში, ლექსო გუგავა და ნონო ანდღულაძე 2010-2012 წლებში ავჭალის კოლონიაში მსჯავრდებულებს ავარჯიშებდნენ, მათ მეგობარს გიორგი დუჩიძეს გაუჩნდა იდეა, რომ იმ ისტორიებზე და შთაბეჭდილებებზე, რასაც ლექსო და ნონო ჰყვებოდნენ, ფილმი გაკეთებულიყო, რომ სხვებსაც სცოდნოდათ რა ხდება შიგნით და ათასობით დამნაშავე მოზარდი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება საზოგადოების გულგრილობის, სისტემის და მენტალიტეტის მსხვერპლები არიან.
რათქმაუნდა, ჩემი ბავშვობაც სავსეა ისტორიებით, რომელიც უკავშირდება ციხეს, კოლონიას, ქურდულ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს. თუ რამე ცუდი მახსოვს ბავშვობიდან, მახსოვს ამ თემებთან კავშირში. სცენარზე მუშაობის დროს მოვახერხეთ ავჭალის კოლონიაში მორაგბეებთან ერთად შევსულიყავით და მსჯავრდებულებს ფილმი ვაჩვენეთ, ამ დროს ვაკვირდებოდი იქაურობას, რამდენიმე საათი მქონდა იმისთვის, რომ ყველაფერი შიგნიდან მენახა, არც ფოტოს გადაღება შემეძლო და არც ჩანაწერის გაკეთება, მხოლოდ თუ დავიმახსოვრებდი რამეს, ეს იყო გამოცდასავით, ოღონდ გამოცდა იმაში არა რა გახსოვს, არამდ იმაში - რას დაიმახსოვრებ.
ფილმის გმირებზე რომ მოგვიყვე: მათ რეალური პროტიტიპები ჰყავთ?
სცენარზე მუშაობის დროს, გავეცანი მსჯავრდებულების ისტორიებს იქ მომუშავე ფსიქოლოგების ჩანაწერებიდან, ასევე ლექსო და ნონო მიზიარებდნენ ამბებს, რომელსაც პატიმრები მათ უყვებოდნენ და ვაწარმოებდი პირად კვლევას, ვეძებდი ნამდვილ გმირებს და ისტორიებს, ვცდილობდი ეს ამბები ერთ ფილმად მექცია. ყველა პერსონაჟს, რომელიც ფილმშია ჰყავს რეალური პროტოტიპი. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გიორგიმ გათავისუფლების შემდეგ რაგბის ვარჯიშები გააგრძელა, ის მთავარი გმირის პროტოტიპია. გიორგი მეხმარებოდა სცენარის წერის დროს, ვეკითხებოდი და მასთან ვაზუსტებდი დეტალებს. მან ოთხი წელი მოიხადა, თოთხმეტი წლის იყო, რომ დაიჭირეს და თინეიჯერობა კოლონიაში გაატარა, იქ გაიზარდა, იქ ჩამოყალიბდა. ისეთი დანაშაულის გამო იხდიდა ამ სასჯელს, რომლის გამოც, არამგონია, მოზარდის პატიმრობა საჭირო ყოფილიყო.
რამდენ ხანს მუშაობდი ფილმზე? რა პრესიტორია გაიარა მან, ვიდრე მაყურებლამდე მოვიდოდა?
პროექტზე მუშაობა თითქმის ხუთ წელს გაგრძელდა, ეს იყო სცენარის წერის და დაფინანსების მოძიების პერიოდი, შემდეგ კიდევ ერთი წელი გადაღებისთვის მზადება, კასტინგი და ლოკაციის მომზადება.
ფილმის წარმოების სირთულეები მთლიანად ქართველი პროდუსერების მხრებზე იდგა. კოტე თაყაიშვილმა, როგორც პროდიუსერმა ხელი რომ მოჰკიდა პროექტს, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, მაშინ დაიქოქა პროცესი და მერე დავით ისაკაძემ მოახერხა ყველაფერი, რაც საჭირო იყო რომ ფილმი შემდგარიყო.
ფილმი გამოირჩევა დამაჯერებელი სამსახიობო ოსტატობით, შეიძლება ითქვას ფილმში სუსტი სცენა არ არსებობს, ამავდროულად მასში 30-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობს. არ გაგიჭირდა ამდენ გამოუცდელ ადამიანთან მუშაობა?
სამი კასტინგის რეჟისორი მყავდა და მათი დახმარებით მოხერხდა ის,რომ მსახიობები ტიპაჟურად სწორად არიან შერჩეულები, ამას გარდა, ისინი ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან და თუ სიყალბის განცდა არსად რჩება, ეს მათი ნიჭიერების დამსახურებაა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კოსტიუმები, როგორც გამოიყურები, განწყობაც შესაბამისი გაქვს და პირიქით. კოსტიუმების მხატვარმა თიკო კვინიკაძემ ამ გარემოსთვის დამახასიათებელი რეალური კოსტუმები შექმნა. ეს სპორტულები, „ნასკები“ და „ჩუსტები“, რომელიც პატიმრების რეალური ჩაცმულობაა, მსახიობებს სწორ განწყობას უქმნიდა.
ზოგადად, პატიმრები ჩაცმას დიდ ყურადღებას აქცევენ, ეს ერთ-ერთი თავშესაქცევია ციხეში, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, როცა „ადიდასები“ და „ნაიკები“ მაგრა ევასებათ.
მოზარდებთან მუშაობისთვის წინასწარ ვემზადებოდი, მარტო მუშაობისთვის არა, უფრო ურთიერთობისთვის. იმ პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი კინოცენტრის პროექტში „კინო სკოლაში“, დავდიოდი სკოლებში რუსთავში და ბედიანში და ბავშვებს ფილმებს ვაჩვენებდი. ვაკვირდებოდი მათ და ვეძებდი მათთან კომუნიკაციის სწორ გზას. აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან თანატოლობით ურთიერთობა საინტერესოა, მათ არ ეშლებათ უფროს-უმცროსი, როცა გრძნობენ რომ გულწრფელად ემეგობრები.
ყველაზე მეტად ფილმის რომელი ეპიზოდის გადაღება გაგიჭირდა?
მგონი ფინალის, რადგან ძალიან ციოდა, ნოემბრის ბოლო იყო. ჩემი სურვილი იყო ფინალური სცენები ბოლოსკენ გადაგვეღო და შეძლებისდაგვარად მივყოლოდით ფილმის ქრონოლოგიას, გმირების მდგომარეობის ცვალებადობა ბუნებრივი რომ ყოფილიყო და თან მინდოდა ფინალში ცივი ბუნება და გარემო მეჩვენებინა, სითბო მხოლოდ გმირებს ჰქონოდათ. საბოლოო ჯამში ასეც გამოვიდა, მაგრამ რთული იყო ბიჭებისთვის სიცივეში თამაში და მეც ვიტანჯებოდი, რომ ისინი იტანჯებოდნენ. მახსოვს აქეთ მამხნევებდნენ, არაუშავს, დავაი, კიდე ერთი დუბლი გადავიღოთო და ამ დროს სიცივისგან სულ გალურჯებულები იყვნენ.
ძალიან საინტერესოა ფილმში ის ეპიზოდი სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი „ალუდა ქეთელაურს“ჰყვება
მაგისტრატურაზე სწავლის დროს გვქონდა ხოლმე ასეთი დავალებები, უნდა გვეთქვა არსებული ნაწარმოებები ერთ წინადადებაში და დაგვეწყო წინადადება ასე: რა მოხდება თუ... ამ ფორმას ხშირად მიმართავენ სცენარისტები. წერისას მივხვდი, რომ ეს ამბავი შეიძლება ასე ითქვას: რა მოხდება თუ თემიდან მოკვეთილი ალუდა ქეთელაური ვერსად მიდის და ისევ იქ რჩება, სადაც მისი ადგილი აღარ არის.
როგორი იყო ფილმის გადასაღები მოედანი?
ფილმი ავჭალის ყოფილ მეათე საპყრობილეში გადავიღეთ, რომელიც უფუნქციო და ჩამოშლილი იყო, თითქმის ყველაფერი განვაახლეთ. ფილმის დამდგმელი მხატვარი არის იკა ავალიანი, რომელიც წარმატებული სცენოგრაფია. იკას ამოცანა იყო ლოკაცია მოემზადებინა როგორც მთლიანი სივრცე - ჩვენ არ ვაწყობდით მხოლოდ კადრის მხატვრობას, სივრცე თავისთავად გავაცოცხლეთ, რაც მსახიობებს, ოპერატორს და მეც გვაძლევდა თავისუფლებას და რეალისტური სიტუაციების შექმნაში გვიწყობდა ხელს.
ძალადობაზე დაფუძნებულ მენტალიტეტს ანაცვლებს ძალისმიერი სპორტის სახეობა რაგბი..
ფიზიკაში არსებობს ასეთი კანონი, რომელსაც ბუნების უნივერსალური კანონი ჰქვია, უნივერსალური იმიტომ რომ ის სამართლიანია სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენისათვის. ჩაკეტილი სისტემის სრული ენერგია მუდმივია, ის არ ქრება და არც რამისგან წარმოიქმნება,ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს. მთავარი გმირის ენერგია, რომელიც მიმართულია იმისკენ რომ ბუნტი მოაწყოს და დაანგრიოს ციხე, გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც ბიჭებს გააერთიანებს. „რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, რაგბი ცხოვრების წესია.“ მას აქვს შინაარსი, ღირებულებები, რომელიც კონფლიქტში მოდის ციხის იერარქიულ სისტემასთან. „მოედანზე ყველა თანასწორია“ რაგბის ეს კოდექსი ღიად ეწინააღმდეგაბა ბიჭებში არსებულ მენტალიტეტს და ამასთან შეჯახებისას ისინი იწყებენ ფიქრს.
ფილმში „მალალეტკების მაყურებელში“ ხდება შინაგანი ცვლილება თუმცა მას მარგინალური ადამიანებიც ეხმარებიან. საიდან ჩნდება პირველი მუხტი შიგნიდან თუ სისტემის გარედან?
სცენარზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა როცა ვესტუმრე ვატა როდონაიას, ჩვენი ლიტერატურის ლექტორს, რომელიც საოცარ ლექციებს გვიკითხავდა, მან მითხრა: ხო გახსოვს, ციხე შიგნიდან უნდა გატყდესო. ვატა მალე გარდაიცვალა, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა და მისი ბოლო რჩევა.
რობერ ბრესონი ამბობდა: „გამოავლინე ის, რასაც უშენოდ ალბათ ვერასდროს ნახავდნენ.“ შენთვის რა არის კინო - დაინახო მოვლენა იმ კუთხიდან, საიდანაც არავის დაუნახავს, თუ კიდევ სხვა რამ?
„უარყოფითი რიცხვები’’ ალბათ ეხმიანება ბრესონის ამ ფრაზას, რადგან ჩაკეტილ სივრცეზე მოგვითხრობს, რომელიც შიგნიდან ბევრს არ უნახავს, მაგრამ მე არ მქონია ამბიცია დამენახა მოვლენა ისე, როგორც ის არავის დაუნახავს, ამ ფილმზე მუშაობის დროს ჩემი მთავარი მოტივაცია იყო გულწრფელად და თანაგრძნობით მომეყოლა ამბავი. ვეცადე, რომ მე, როგორც ავტორი, ნაკლებად გავჩხეროდი მაყურებელს თვალში. მე და ფილმის ოპერატორს, ტატო კოტეტიშვილს გვქონდა სურვილი, გადაგვეღო ისე, როგორც სცენა გვკარნახობდა, იმ რიტმით და განწყობით, რა შინაარსიც ჰქონდა სცენას, არ ვყოფილიყავით მხოლოდ დამკვირვებლები და მიგვეღწია იმისთვის, რომ მაყურებელს ფილმი განეცადა, როგორც თანამონაწილეს.მგონია, რომ ტატოს ნამუშევარი ძალიან გულწრფელია, არცერთი გადაპრანჭული კადრი არ არის, არცერთი სცენა, რომელიც ავტორების მარიონეტებად აქცევს გმირებს.
ხშირად რეჟისორის შემოქმედებაში პირველი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, ერთგვარი მანიფესტია, რომელშიც ავტორისთვის საინტერესო თემები, ხელწერა, სტილი და ახალი შემოქმედებთი ძიებები იკვეთება, აპირებ ამ თემის გაგრძელებას? შენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი.
დღეს კინო ძალიან პოლარიზებულია, როგორც ამას პოლიტიკაზე ამბობენ ხოლმე, კინოს ორი პოლუსი აქვს, საფესტივალო და კომერციული. ვინაიდან ჩვენთან შიდა ბაზარი ძალიან პატარაა და შესაბამისად, ქართული კომერციული კინო თითქმის არ არსებობს, ავტორები ცდილობენ საფესტივალო ფილმები აკეთონ, თავიდანვე მიდის ფიქრი და გათვლა იმაზე, რა მოეწონება ფესტივალს. სეგმენტი და ადრესატი გახდა უცხოელი მაყურებელი, მაყურებელიც არა, კიდევ უფრო ვიწროდ - ფესტივალის პროგრამერები. ისიც იშვიათია რომ საერთაშორისო გაქირავებაში მოხვდეს ჩვენი ფილმი, ამიტომ გამოდის ხშირ შემთხვევაში ფილმები მაყურებლისთვის უინტერესო და ყალბი. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ზოგადად საავტორო კინოს დღეს არ ჰყავს სწორი ადრესატი. თემებს და პოზიციებს ავტორებს ფესტივალები კარნახობენ, ამ დროს პირიქით უნდა იყოს.
მე მიყვარს ფილმები რომელთა ავტორებიც ფილმის მსვლელობის დროს არ ჩანან და მხოლოდ ფილმის დასრულების შემდეგ ან ფინალის დროს მახსენდებიან და როცა ვგრძნობ - ავტორმა ეს ფილმი ჩემთვის გადაიღო. მინდა მეც ასეთი ავტორი ვიყო. მომავალი გეგმები არის ახალი ფილმი, ეს იქნება სიყვარულის ისტორია ბევრი პოლიტიკით.
ავტორი: ლევან გელაშვილი
ფოტო: ნატა სოფრომაძე, სანდრო თაყაიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი