ტექნოლოგია ბიზნესი

Elven Techonologies აშშ-ის საელჩოს კონკურსის გამარჯვებულია

მარტი 30, 2023

ტექნოლოგიური ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. ასობით მიმართულება, რომელსაც ის მოიცავს, ყოველდღიურად ვითარდება და ამ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანაში ჯანსაღი სტარტაპ-ეკოსისტემის გარეშე ვერ მოხდება, მის შექმნას კი არაერთი სტარტაპ აქსელერატორისა და სხვა ხელშემწყობი პროექტის არსებობა სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა საინვესტიციო სამიტი SelectUSA-ია, რომელზეც წელს წარმომადგენელი საქართველოსაც ეყოლება.

აშშ-ის საელჩოსთიბისისMarketer.ge-ის, Startup Connect-ის, AmCham-ისა და Silk Hospitality-ის თანამშრომლობით ჩატარებული სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Elven Technologies გახდა, რაც ნიშნავს, რომ სტარტაპი 1-4 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატში, საქართველოს წარადგენს.

რა არის SelectUSA?


SelectUSA გლობალური საინვესტიციო სამიტია, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს წარმოადგენს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსი საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, რომ ინოვაციური იდეები ქართველი და ამერიკელი ინვესტორების წინაშე წარედგინათ, გამარჯვებულს კი აქვს უნიკალური შანსი, იგივე საერთაშორისო სამიტზეც გააკეთოს, რომელსაც 70-ზე მეტი უცხოური ბაზრის 1200-მდე ბიზნეს ინვესტორი დაესწრება.


სამიტის მიზანი სწორედ ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების ექსპერტების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

"საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ამაყია, რომ ამ ღონისძიების პარტნიორი იყო და მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა წევრმა, თიბისი ბანკმა გამარჯვებული სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის აშშ-ში გამგზავრების ხარჯი საკუთარ თავზე აიღო. ინოვატორებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს აშშ-ში არსებული რესურსები ძალიან დაეხმარება." — განაცხადა საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის ინოვაციების კომიტეტის თავმჯდომარემ, კოლინ დონოჰიუმ.

რა არის Elven Technologies?


Elven Technologies ქართული სტარტაპია, რომელიც პოპულარული მეხანძრეთა ინოვაციური უნიფორმის შექმნით გახდა. მასალა, რომელსაც ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გაძლება შეუძლია, მეხანძრეთა საქმიანობის დიაპაზონს საგრძნობლად აფართოებს. 2021 წელს კომპანიამ გატესტა რამდენიმე პროტოტიპი. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა, რომ ახალმა უნიფორმამ, არსებულ უნიფორმებთან შედარებით, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.


Elven Technologies-ის კოსტიუმი ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვას (8 წამი vs 40 წამი) უზრუნველყოფს და წინამორბედებთან შედარებით, ორჯერ ნაკლები წონისაა (8კგ vs 16კგ). კომპანია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რაც უნიფორმის ცალკეული დეტალების გაუმჯობესებისათვის ძალიან ხელსაყრელი გამოცდილებაა.

მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიის პერსპექტივა მეხანძრეთა უნიფორმაზე ბევრად შორს მიდის. როცა ამის ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსი იქნება, კომპანიას სკაფანდრის შექმნა სურს, რომლითაც ასტრონავტები ღია კოსმოსში გავლენ. ამჟამად Elven Technologies თავის დამკვიდრებას ლითიუმ-იონური ბატარეების ინდუსტრიაშიც ცდილობს. კერძოდ, შექმნა ელექტრომობილების ბატარეების შესაფუთი ქსოვილი, რომელიც მას აალებისგან დაიცავს.


ამჟამად კომპანია ტექნოლოგიის ლაბორატორიულ გამოცდებს ატარებს. რაც შეეხება ფინანსებს, კერძო ინვესტიციებს მიღმა, სტარტაპს მიღებული აქვს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 და 350 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30000 ევროს ოდენობის გრანტი. SelectUSA სამიტში მონაწილეობა კი, რასაკვირველია, დამატებითი ფინანსების მოძიების კარგი შესაძლებლობაა.

მოლოდინების გასარკვევად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ვამეხ ხერხეულიძეს გავესაუბრეთ.


"ჩემი მიდგომა არის ის, რომ მაქსიმალურად ვემზადები ისე, როგორც საჭიროდ ვთვლი, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, ვარ ბოლომდე კონცენტრირებული. მივდივარ, ვაკეთებ საქმეს მაქსიმალურად კარგად და, დაე, მოიგოს იმან, ვინც მართლა იმსახურებს" განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ.

კომპანია აშშ-ში მოგზაურობას სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენებს. კერძოდ, რამდენიმე ახალ ტექნოლოგიას ამერიკულ სატესტო ლაბორატორიებში თავად აღმასრულებელი დირექტორი მიიტანს.

"ეს მოგზაურობა არ იქნება მხოლოდ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. გამგზავრების დრო ემთხვევა პერიოდს, როცა რამდენიმე ახალი ნიმუში ლაბორატორიებში უნდა გაგვეგზავნა. ეს პრობლემური პროცესია ხოლმე, როცა დისტანციურად ვაგზავნით, თუმცა ამჯერად მე თავად ჩავიტან და კიდევ ერთ ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ."


რაც შეეხება უშუალოდ სამიტს, ვამეხ ხერხეულიძის თქმით, ეს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ეძლევათ სცენა, ტექნოლოგიები სფეროს წამყვანი კომპანიებისა და ექსპერტების წინაშე წარადგინონ.

"ახლა ისეთ სტადიაზე ვართ, რომ ბაზარზე არსებულ რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა. მათ შორის, როგორც პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, ასევე პოტენციურ კლიენტ კომპანიებს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ და ეს სამიტი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან მასშტაბით ძალიან დიდია და ბევრი ასეთი ადამიანი და კომპანია იღებს მონაწილეობას."

SelectUSA 1-4 მაისს გაიმართება და გამარჯვებულების გლობალურ სამიტზე გამგზავრებას თიბისი უზრუნველყოფს.