ლიტერატურა სიახლეები

წერე ქართულად - ბეჭდე ქართულად

სექტემბერი 14, 2021

მიუნხენის აეროპორტში მახსოვს კაფე, რომლის კედელზეც ბევრ ენაზე ეწერა სიტყვა „პური“. მაშინვე თვალში მომხვდა, რომ დავინახე. მშიოდა, მაგრამ ის კი არ გამიხარდა, რომ პური ჰქონდათ, არამედ ის, რომ წარწერებიდან ერთ-ერთი ქართული იყო. ასეთ დროს სულ ცნობილი სცენა მახსენდება „ჯარისკაცის მამიდან“ და ჩემშიც თითქოს სერგო ზაქარიაძის პერსონაჟი იღვიძებს.


უცხოეთში როცა ხარ, მაშინ გინდება ჰგავდე შენი ქვეყნის წარმომადგენელს. აბა საფრანგეთში ფრანგობა რა საინტერესოა. აი, როდესაც სადმე ევროპაში ქართველი ხარ, მათთვის თითქოს უცხო, ეს საინტერესოა.

დარა 1981

დიდი ხნის წინ, ბუდაპეშტში ასეთ სცენას შევესწარი - დგას მაღალი, ქერა, მზისუკარება ორი ბიჭი ძვირფასი ფოტოაპარატებით (მაშინ სმარტფონები არ იყო და ხალხს ინსტაგრამისთვის განკუთვნილი ფოტოებისთვისაც კისერზე დაკიდებული მოწყობილობები დაჰქონდა, თუმცა არც ინსტაგრამი იყო ჯერ.), წინ ადგილობრივი, ბევრი ისტორიული უსიამოვნების მნახველი კაცი უზით, ქუჩაც რომ იცის და შანდორ პეტეფის ლექსებიც, ეგეთი. ამ ორს ფულზე რაღაცას ეთამაშება და აშკარად ატყუებს. ვეუბნები ერთ-ერთს: HOMO FABER, სხვა სივრცეში ხარ, მალე უფულოდ დარჩები და წადი არ გირჩევნია, ფოტოები გადაიღე. მისი პასუხი არ გამიგია, რადგან ამ დროს შანდორ პეტეფის ლექსების მოყვარული ტრიალდება და რუსულად მიწყებს ლაპარაკს. ვინტერესდები საიდან მიხვდა, რომ რუსული ვიცი. ყნოსვით მივხვდიო, თან თითები მიაქვს ცხვირთან. სადღაც სოც.ბლოკიდან რომ ვიყავი „იყნოსა“. არ მინდა ვიყო სოც.ბლოკიდან, ისიც მაღიზიანებს საქართველოს რომ მოიხსენიებენ როგორც former soviet republic-ს (ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას), ჩვენ ხომ არ ვეძახით ბრიტანეთს former province of roman empire (რომაული იმპერიის ყოფილპროვინციას). მინდა კონკრეტულად, ქართველად მიცნობდნენ.


აქედან მალევე მოსაწყენ ლექციაზე ვზივარ და ჩემს რუმინელ მეგობარს თანაკურსელების სახელებს ვუწერ ქართული ასოებით. Oh No?! - მეუბნება. ზოგადად მდიდარი ლექსიკონი აქვს, მაგრამ უნდობლობას როცა აღტაცება ერევა ხოლმე, სულ ამ გამოთქმას იყენებს.


ეს სცენა ხშირად მახსენდება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველოში დავბრუნდი. ბოლოს კი მაშინ დამიდგა თვალწინ, როცა ამ ტექსტის წერა დავიწყე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი - რაც დრო გადის, კალმით წერა სულ უფრო იშვიათად მიწევს. ალბათ, თქვენც. ამ დროს კი ზუსტად ვიცი, ილია ჭავჭავაძეს ახლა რომ ეცხოვრა, არც ის დაწერდა „ჩემო კალამოს“ კალმით, თუმცა რომელი ელექტრონული მოწყობილობაც არ უნდა გამოეყენებინა, აუცილებლად ქართული ანბანით დაწერდა.

როდესაც ციფრულ სივრცეში ქართულად ვურთიერთობთ, ქართული ანბანის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენი დამწერლობა დროთა განმავლობაში იმ დამწერლობათა რიცხვს შეუერთდება, რომელთაც საპატიო ადგილი უჭირავთ ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერიერზე და ექსტერიერზე, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში და ენათმეცნიერების ნაშრომებში. თუ დღეს ციფრულ სამყაროში არ არსებობ, არ არსებობ საერთოდ. ამიტომ, შეიქმნა პროექტი #წერექართულად.

2015 წელს თიბისის მარკეტინგის გუნდმა სოციალურ მედიაში, თიბისის კლიენტების მიერ მოწერილი შეტყობინებების, წერილების ტექსტური კორპუსი გავაანალიზეთ და დავინახეთ, რომ ადამიანების უმეტესობა ქართულად ურთიერთობისას ლათინურ ანბანს ან კირილიცას იყენებდა. აქედან გაჩნდა ციფრულ სირვცეში ქართული ანბანის პოპულარიზაციისთვის გამიზნული პროექტი #წერექართულად, რომელიც რამოდენიმე ინიციატივას მოიცავს და დღესაც გრძელდება. მისი პირველი ეტაპი, საზოგადოებისთვის ქართული ანბანის ისტორიის თანამედროვე ფორმებით მოყოლას მოიცავდა. თუმცა მხოლოდ საინტერესო თხრობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი.

ამიტომ 2017 წელს, თიბისიმ, პროექტის ფარგლებში, შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ დაიწყო.

თიბისის არქივი, 2019 წელი

„ქართული ა“-ს მიზანი, ონლაინ სივრცეში გამოსაყენებლად, ქართული შრიფტების შექმნა იყო. პროექტის დაგეგმვისას, თიბისის გუნდმა დაინახა, რომ საქართველოს სჭირდებოდა მეტი შრიფტების ინჟინერი - ადამიანი, ვისაც არა მხოლოდ ლამაზი შრიფტის დახატვა, არამედ მისი ციფრული ვერსიის შექმნაც შეუძლია.

სწორედ ამიტომ ცნობილ ქართველ დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან და კომპანიებთან - ლივინგსტონი და ჯეოლაბი - ერთად, თიბისიმ შექმნა ქართული შრიფტების კონკურსი, რომელშიც ყოველწლიურად ვლინდებიან გამარჯვებული დიზაინერები და მათ უსასყიდლოდ უტარდებათ შრიფტის ინჟინერიის კურსები, გაციფრულებული შრიფტები კი თავსდება ვებგვერდზე typegeorgian.ge, საიდანაც ნებისმიერ მსურველ შეუძლია მათი ჩამოტვირთვა და გამოყენება.

ამ მომენტისთვის, „ქართული ა“-ში 350-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კონკურსის  ფარგლებში, შრიფტების ინჟინერიის კურსები 19-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა, შეიქმნა 30 ახალი ქართული შრიფტი. 2021 წლის ბოლომდე კიდევ 11 ადამიანი გაივლის შრიფტების ინჟინერიის კურსს, რის შედეგადაც 9 ახალი შრიფტი გაციფრულდება. ეს „ქართული ა“-ს არსებობის ორი კონკურსის მონაგარია. პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი დროებით შეჩერდა, თუმცა 2022 წლიდან თიბისი თავის პარტნიორებთან ერთად კვლავ განაახლებს მას და რიგით მესამედ გამოაცხადებს ახალი ქართული შრიფტების მიღებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა ეწვიოთ ვებგვერდს georgiana.ge, რომელზეც მალე დაიდება ინფორმაცია ახალი კონკურსის შესახებ. მანამდე კი, თუ ჯერ არ ჩამოგიტვირთავთ ახალი ქართული შრიფტები, ეწვიეთ ვებგვერდს typegeorgian.ge, ჩამოტვირთეთ თქვენთვის სასურველი შრიფტი და წერეთ და ბეჭდეთ ქართულად!


ავტორი: საშა მაყაშვილი