სიახლეები თიბისელები

ქალი Shell-იდან

აგვისტო 22, 2019

ინტერვიუ ცირა კემულარიასთან

“ლამფის შუქზე ისწავლა, აეროპორტის გზაზე “ბეტეერით” გააცილეს, ასაფრენი ბილიკი მშობლებმა მანქანის ფარებით გაუნათეს და აფრინდა… და რა აფრინდა“, – ასე დაწერა მაყურებელმა „ფორბსის“ კვირაში რეპორტაჟის გასვლის შემდეგ. ასე მოკლედ სათქმელს ვერ იტყოდა, მე კი იმდენი მაქვს მოსაყოლი.


პირველი შეხვედრის შემდეგ სახლში იმდენი ვილაპარაკე, ჩემმა 12 წლის შვილმა მთხოვა, გამაცანიო. გავაცანი. მასზე უკეთეს მაგალითს, თუ როგორი მიზნები უნდა გქონდეს, როგორ უნდა იარო, ისწავლო, განვითარდე, და შენით შექმნა შენი თავი და აიხდინო ოცნება, მე ვერ ვაჩვენებდი. ჩვენნაირ უმოტივაციო ქვეყანაში ეს ყველაზე დიდი სტიმული იქნებოდა. მწერდნენ კიდეც, ცირა კემულარიას თავგადასავალმა მოტივაცია მომცაო. „ფორბსის“ კვირაში რუბრიკა „საქმიანების“ მთავარი მიზანიც ეს არის. აჩვენო, როგორ შეიძლება არაფრისგან ყველაფერი შექმნა, არ გყავდეს გავლენიანი მამა ან მეზობელი, არ გქონდეს არანაირი კაპიტალი და შენი შრომით შეიქმნა კარიერა, და შექმნა შენი თავი…


ჰო-და, უფრო ახლოს გავიცნოთ ქალბატონი, ერთი პატარა ქვეყნის კიდევ უფრო პატარა ქალაქიდან – ამერიკული ოცნებითა და ევროპული ცხოვრებით.


დასაწყისისთვის კი მშრალი და ოფიციალური ინფორმაცია მის შესახებ:


ცირა კემულარია – დაამთავრა ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალობით. 1999 -2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე: საბაზრო რისკების მართვის მიმართულებით- შპს დაინეჯი (Dynegy Inc) და შპს შელის საერთაშორისო ვაჭრობის და ტრანსპორტის კომპანიაში (Shell International Trading and Shipping Ltd), აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. 2005- 2008 წლებში მენეჯერის თანამდებობაზე შელ ინთერნეშენელში (Shell International Inc), კორპორატიულ ფინანსებში შერწყმისა და შესყიდვების სამსახურში, დიდ ბრიტანეთში. 2008-2011 წლებში იყო კომერციული ფინანსური მენეჯერი, შელ ექსფლორეიშენისა და ფროდაქშენ სერვისების (Shell Exploration and Production B.V) შერწყმისა და შესყიდვების, ხაზინისა და კორპორატიული ფინანსების სამსახურებში, მოსკოვში. 2011-2016 წლებში შელის ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების სავაჭრო კომპანიის, შელ ვესტერნ საფლაის და თრეიდინგის (Shell Western Supply and Trading Ltd) ფინანსურ მენეჯერად კარიბის კუნძულ ბარბადოსში, სადაც 2011 წელს შეუერთდა შელ ვესტერნ საფლაისა და თრეიდინგის აღმასრულებელ საბჭოს. 2016 წელს, ცირა ლონდონს დაუბრუნდა, სადაც დაინიშნა შელის საპენსიო ფონდების სტრატეგიისა და სტანდარტების განყოფილების უფროსად, შპს “შელ ინთერნეშენელში”. ის ასევე არის შპს “ბრიტანული გაზის” გენერალური პარტნიორისა და შპს “ბრიტანული გაზის ტრასთიი სოლუშენის” და შპს “ბრიტანული გაზის” საპენსიო ფონდების ერთ-ერთი დირექტორი. 2019 წლის თებერვლიდან დაინიშნა “შელის” გლობალური სავაჭრო კომპანიების მთავარ შიდა აუდიტორად. სწავლობს ლონდონში, დირექტორთა ინსტიტუტში (Institute of Directors). 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. – ეს ცირა კემულარიას კარიერული ბიოგრაფიაა.

თავგადასავალი კი კიდევ უფრო საინტერესო.


მის დაბადებამდე ოჯახმა სამი წლის ქალიშვილი დაკარგა. ბავშვის გაჩენას ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ აღარ აპირებდნენ, ის კი ასე დაუგეგმავად, მოლოდინის გარეშე მოვიდა და სახლში ყველაფერი შეცვალა. განსაკუთრებულად ცელქი, მოძრავი და ინტერესიანი. რადგან დედა და მამა მუშაობდნენ, მისი გაზრდა და აღზრდა ხუთი წლით უფროსმა დამ – ლელამ ითავა; ცირა დღემდე იხსენებს, ლელას სამხედრო დისციპლინა ჰქონდა, მკაცრი იყოო. როცა მეზობლის ბავშვები პირველ კლასში წასასვლელად ემზადებოდნენ, 4 წლის ცირამაც გადაწყვიტა სკოლაში წასასვლელად მომზადებულიყო, წერა-კითხვა ისწავლა ქართულად და რუსულად. სკოლაში თავის დროზე წავიდა, თავდაპირველად, რუსულ სკოლაში. როცა ქართულ სკოლაში გადავიდა, ის ზაფხული ბებიასთან ერთად მეცადინეობაში გაატარა, ვინმეს რომ არ ეთქვა, ქართული კარგად არ იცისო.


ახლა, როცა უკან იხედება, სულ უკვირს, იმ არეულ პერიოდში სულ როგორ ოცნებობდა თვითმფრინავებზე, უცხო და დიდ ქალაქებზე, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, მაშინ როცა ფოთში ისროდნენ, საპორტო ქალაქი მხედრიონსა და გვარდიას ხელიდან ხელში გადადიოდა; როცა უმუშვერობის, უშუქობის, უხელფასობის, უპერსპექტივობის წლები იდგა, სწორედ მაშინ გაჩნდა იმედი. იმ დროს, როცა განათლებაზე ფიქრი წარმოუდგენლი იყო, ადამიანები გადარჩენაზე ფიქრობდნენ, სამმა მეგობარმა: ფოთის მაშინდელმა გამგებელმა, რომალ მელიამ, პორტის ხელმძღვანელმა ვალერი გეგიძემ და, როგორც ახლა იტყვიან, “პროექტის ინიციატორმა“, ირაკლი ბოკუჩავამ გადაწყვიტეს ფოთელი ბავშვები ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გაეშვათ. ამ ბავშვებს შეუქმნეს პირობები: გაუხსნეს ინგლისურის დამატებითი კლასები, მოამზადეს, დაატრენინგეს და დააფინანსეს ბავშვები 10 თვით ამერიკის სკოლებში სასწავლებლად. ამერიკელებთან ერთად ტესტები მოამზადეს და გამოცდებიც მათ ჩაატარებინეს. სამი წლის განმავლობაში 170-ზე მეტი ბავშვი გაუშვეს სასწავლებლად ოკეანის გაღმა. ცირა, პირველივე დღიდან, ჩაება ოცნების ასასრულებლად, მაგრამ 1993 წელს ვერ გავიდა, დაბალი შედეგი მიიღო და პირველი მარცხიც იგემა. იმ ზაფხულს, მაინც მოახერხა და ლონდონში ორი თვით ენის შესასწავლ პროგრამაში მიიღო მონაწილოება, რომ 1994 წლის ამერიკაში გასამგზავრებელი გამოცდებისთვის მომზადებულიყო.


საბჭოთა ბავშვობაგამოვლილებს ყველას გვახსოვს მიულერის სქელი ლექსიკონი, როგორც ცირა ამბობს, ამ წიგნთან ერთად იძინებდა; ინგლისურის მასწავლებელთან, ეთერი ბასილაშვილთან, ერთად მარტო გაკვეთილებზე კი არ დადიოდა, დაჰყვებოდა ყველგან მაღაზიაში, მასთან ერთად იდგა რიგში ..და ლაპარაკობდა ინგლისურად, ლაპარაკობდა სულ …


დედა დღესაც იხსენებს, როგორ იჯდა ცირა ორი ლამფით განათებულ ცივ ოთახში გვიანობამდე და მეცადინეობდა, აქეთ-იქით კი დედა და მამა ისხდნენ მაგიდასთან გამოღვიძებულები და ეკითხებოდნენ: „კიდევ ბევრი დაგრჩა?! მორჩი? არ დაიძინებ?“


მარცხის მერე ისევ გაიმარჯვა, რადგან საუკეთესო იყო. წასვლის დროც დადგა.


ვალად აღებული თუ სახლიდან გაყიდული ნივთებიდან მოგროვილი ფული, რომ არ წაერთმიათ, ამერიკაში მიმავალ ბავშვებს ფოთიდან თბილისის აეროპორტამდე ავტობუსს „ბეტეერი“ მიაცილებდა. ყაჩაღობა ჩვეულებრივი რამ იყო მაშინ… საღამოს კი თვითმფრინავის ჩაბნელებული ასაფრენი ბილიკი მშობლებმა მანქანის ფარებით გაანათეს და ისინიც აფრინდნენ…


ასე აღმოჩდნენ ბავშვები კინოებში ნანახ ამერიკაში.


აქედან უკვე სხვა თავგადასავალი იწყება. ცხოვრებამ მას უკვე მისცა შანსი და ის უნდა გამოეყენებინა. მით უმეტეს, ის ყველაზე დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში აღმოჩნდა.


თავიდან გაუჭირდა. უცნაურ ოჯახში მოხვდა, შემდეგ საცხოვრებლად გაცვლითი პროგრამის ამერიკელ კოორდინატორთან გადავიდა. ერთხელაც მისით ერთი ოჯახი დაინტერესდა. მოიკითხეს და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტეს. ექვსშვილიან ოჯახს, სადაც სხვადასხვა ქორწინებიდან მოყოლილი და საერთო შვილები იზრდებოდნენ, ის ღირებულებები ჰქონდათ, რაც ცირასთან ყველაზე ახლოს იყო, მათთვის განათლება იყო უმთავრესი, მიუხედავად იმისა, რომ ცირაზე გაცილებით უფრო უმცროსი შვილები ჰყავდათ. მალე „ამერიკელმა მშობლებმა“ საჯარო სკოლიდან იმ კერძო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც „და-ძმები“ სწავლობდნენ.


ერთი წლის შემდეგ, როდესაც უმეტესი მისი ფოთელი მეგობრები საქართველოში დაბრუნდნენ, ის საქართველოს ნაცვლად, ისევ ამერიკაში იყო.


აქ ყველაზე მეტად თავის ამერიკელ „დედ-მამას“ ემადლიერება. როცა შეამჩნიეს, რომ სწავლა უნდოდა, მათ შეუძლებელი შეძლეს – დატოვეს. მამობილი მას ამეცადინებდა TOEFL-ის ტესტებს. ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის თანხაც გადაუხადეს და მანქანაც უქირავეს, სახლიდან უნივერსიტეტამდე რომ ეტარებინათ.


სირთულეები მეორე სემესტრიდან დაიწყო – გადასახადი. ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და ცირა არც ეუბნებოდა მათ, რომ არ ენერვიულათ. სამაგიეროდ წერილების წერაში გაიწაფა..


ყველა დიდ ნავსადგურსა და საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას მისწერა. პასუხი ერთი იყო – ასეთი ხარჯი არ გვაქვს გათვალისწინებულიო.


ერთხელაც, სამსახურში მისულს ჰკითხეს: „ცირა, ხომ არაფერი დააშავე? გაეროდან დაგირეკესო“. გაეროს ქართული წარმომადგენლობიდან ურეკავდნენ. ელჩს ესაუბრა. პეტრე ჩხეიძემ დახმარების დიდი სურვილი გამოთქვა. ვერაფერს დაჰპირდა, მაგრამ პირველი კურსის ბოლო გადასახადის ქვითარი სთხოვა გაეგზავნა ფაქსით… ორი დღის შემდეგ, ფედერალური ექსპრეს ფოსტით, დარჩენილი 650 დოლარი მოუვიდა გაეროდან.


ამიტომაც ამბობს: წარმატებას მარტო ერთი ადამიანი ვერ აღწევსო, და მისი ცხოვრება ამის ზუსტი მაგალითია. ამერიკამ ამის გაკვეთილები მისცა, ეს მისი ცხოვრების მთავარი გაკვეთილები აღმოჩნდა. სრულიად უცხო ადამიანებისგან მიიღო დახმარება, დაფინანსება. წლიური 12 ათასი დოლარი სამმა ფილანტროპმა ოჯახმა, ჯორჯიის შტატ ატლანტაში მაცხოვრებელმა ოჯახებმა გაიყო. ის კი სწავლობდა და მუშაობდა… სხვა არაფერი არ არსებობდა მის ცხოვრებაში.


დღეს სიცილით იხსენებს, რომ მოსაწყენი სტუდენტობა ჰქონდა. სწავლის დროს არ ყოფილა არც დისკოთეკაზე, არც კლუბში…გართობა იყო, ზოგჯერ, მის პატარა სტუდენტურ ბინაში რამდენიმე ქართველ და სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად ქართული სიმღერებით ნოსტალგიის დაკმაყოფილება. უბრალოდ არ ეცალა, სწავლობდა ან მუშაობდა. მუშაობდა 2 დოლარად, 5-ად, 10 დოლარად. 15 დოლარი საათში ყველაზე მაღალი ანაზღაურება იყო მისთვის. მუშაობდა მომვლელად, ძიძად, ასწავლიდა რუსულს, თარგმნიდა სტუდენტებისთვის, თარჯიმანი იყო სასამართლოში და საემიგრაციო სამსახურებშიც.


ბოლო კურსზე 1999 წელს, უნივერსიტეტში კომპანიები გამოჩნდნენ სტაჟიორების ასაყვანად. ცირამ პირველი გასაუბრება გაირა, მერე კი CV-ის კითხვარში, სხვა ყველაფერთან ერთად, ენების ჩამონათვალში ჩაწერა: ინგლისური, რუსული, ქართული და მეგრული. ეღიმება, მეგრული რომ ჩაწერა. რამდენიმე დღეში უკვე ერთსართულიანი ლუიზიანადან ცათამჯენებიან ჰიუსტონში აღმოჩნდა, სამსახურითა და სტაბილური 36 ათას დოლარიანი ხელფასით. უკვე მყარად დადგა ფეხზე. შეეძლო დახმარებოდა ოჯახს.


ენერგეტიკულ კომპანიაში რამდენიმე წელი დარჩა. 2001 წელს ლონდონშიც გადმოვიდა, ასე უფრო ახლოს იყო სახლთან. მერე კი აღმოჩნდა, რომ დიდი კონკურენტის ენრონის (Enron) გაკოტრების გამო, შეიძლებოდა სამსახური დაეკარგა და დაიწყო ძიება. გასაუბრებაზე Shell-ში აღმოჩნდა, მაშინ ბრიტანულ-ჰოლანდიურ კომპანიებში, ამერიკულისგან განსხვავებით, რისკების მართვის სამსახური არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული; ცირა საჭირო კადრი აღმოჩნდა. ასე მოხდა მთავარი შეხვედრა და 17- წლიანი თანამშრომლობა Shell-თან.


თავდაპირველად, რისკების სამსახურში სამნი აიყვანეს, სამი წლის შემდეგ კი უკვე ხელმძღვანელი იყო და 60 კაცს მართავდა.კომპანია, სტრატეგიიდან გამომდინარე, მუდმივად ახდენს საჭირო კადრების როტაციას და ცირამაც დაიწყო „სულ ზევით, ზევით, ის დღეს უკვე Shell -ის 83 ათასიან თანამშომელთა საუკეთესო ათ პროცენტშია, და დღეს, მსოფლიოში მესამე სიდიდის, იმპერიასავით აწყობილი კომპანიის ნავთობის, ნავთობ პროდუქტების, ბუნებრივი და თხევადი გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა ენერგო მატარებელი ინსტრუმენტების სავაჭრო ბიზნესის მთავარი შიდა აუდიტია.

და მაინც, მუდმივად გრძნობს კონკურენციას. საკუთარ თავს მუდმივად ახალ ამოცანებს უსახავს. განვითარება – ეს ცხოვრების კიდევ ერთი წესია. დღეს ის ლონდონის დირექტორთა ინსტიტუტში სწავლობს. აქ მოსახვედრად სამწლიანი დირექტორობის სტაჟია საჭირო. აქედან სერტიფიცირებული დირექტორი გამოდიხარ. რისთვის?! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იცის, უნდა იცოდეს ისიც, რაც არ იცის. სხვა სფეროს, სხვა სეგმენტის, სხვა ბიზნესის მართვის წესები.


ერთადერთი, რაც სულ აწუხებს, ეს მონატრებაა სახლის, ქვეყნის. ახლაც თბილისში ბანკის შეხვედრებზე ჩამოვიდა, ის უკვე “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ეს ოცნებაც აისრულა, ქართულ საქმეში ჩაერთო, თუმცა ამას ეწირება მისი თავისუფალი დრო, საათები. Shell-ს და ოჯახსაც მან არაფერი არ უნდა მოაკლოს. ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ ფოთში ვერა…დედა და და აქ ჩამოიყვანა, სამწუხაროდ, მამა ცირას ბოლო 9 წლის წარმატებებს ვერ მოესწრო. ასე ინაზღაურებს იმ დღეებს და წლებს. ახლა დედას ლონდონში შვილებთან წაიყვანს. ისე მოხდა, რომ ლონდონი მისი მთავარი შეხვედრების ქალაქია. ჯერ იყო ქართული ჟურნალ „თანამემამულეს“ სარედაქციო გუნდი, სათვისტომოს ხელმძღვანელობა, შემდეგ ბრიტანულ-ქართული საზოგადოება, ქართული სკოლა… სადაც მის მეუღლეს, რამაზ კარტოზიასაც შეხვდა. უკვე 11 წელია ერთად არიან, თან ყველგან, და ქართულ საქმეშიც... ამჯერად უკვე მთელი ოჯახით… ბავშვები ქართულ სკოლაში, ქართულ გუნდში, ქართულ ცეკვაზე, მეუღლე მოხალისე მასწავლებელი ქართულ სკოლაში, ხოლო ცირა, ამჯერად, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის ბრიტანელებისთვის გასაცნობი პროექტებით არის დაკავებული… უორდროპები, ქართული ანბანი და კიდევ ბევრი ქართული პროექტი არის მიზნად დასახული.


ამერიკამ კიდევ ერთი რამ ასწავლა, სხვისი დახმარება. იმ გზის გავლის შემდეგ, რაც მან გაირა, კარგად იცოდა, რას ნიშნავს მოხვდე უცხო ქვეყანაში, გარემოში. ამიტომ პირველი იყო, ვინც ჩამოსულ სტუდენტებს ხვდებოდა და ყველაფერს ასწავლიდა, ბინა როგორ ექირავებინათ, ანგარიში როგორ გაეხსნათ, ველოსიპედი როგორ ეყიდათ…


მისი თავგადასავალი ახლაც გრძელდება…


„არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი და Shell-ის ურთიერთობა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნაწილი ვარ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო“, – ამბობს. ყველა გამოწვევისთვის ემზადება, მერე რა, რომ დღეს წარმატებულია.


საქართველოდან წამოსვლის დღიდან კი საკუთარ თავს რამდენიმე კრიტერიუმს მუდმივად უყენებს: არ დაემსგავსოს მათ, ვინც მიდის და ივიწყებს ენას, არ დაემსგავსოს მათ, ვინც ივიწყებს საიდან არის, არ დაემსგავსოს მათ, ვინც წარმატებას იგემებს და ზემოდან იყურება, არ ივიწყებს იმათ, ვინც დაეხმარა ცხოვრების გზაზე, არ არის მხოლოდ მიღწეულით კმაყოფილი და არ წყვეტს განვითარებას.


წლები გადის და ის ყველა კრიტერიუმს ძველებურად უშეცდომოდ პასუხობს.

ავტორი: მანანა მანჯგალაძე

ფოტოები: ანა ბოკო