კულტურა სიახლეები ტექნოლოგია

კლასიკური მუსიკის ზღაპრული დღეები წინანდლის მამულში

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

აგვისტო 26, 2022

2-11 სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე სეზონი, 10 დღიანი მუსიკალური პროგრამით და 19 დაუვიწყარი კონცერტით ბრუნდება.

10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს.


“წლების განმავლობაში წინანდლის მამულში გამართულმა კლასიკური მუსიკის კონცერტებმა ერთგვარი უნიკალური არქივი შექმნა.


დაგროვდა გამოცდილება წამყვანი ვარსკვლავების ჩამოყვანისა და მათი მასპინძლობისა. ასე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა. " - დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

2019 წელს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა და პირველივე დღიდან დაამტკიცა, რომ საქართველო ევროპული კულტურული ღირებულებებისა და ტრადიციების შერწყმით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.


წინანდლის ფესტივალმა სახელოვნებო სამყაროში მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილით დაიმკვიდრა თავი. ფესტივალის თანმდევი კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა პან-კავკასიური ორკესტრის დაფუძნება იყო – ეს არის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელმაც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გააერთიანა.

პან-კავკასიური ორკესტრი

ორკესტრის შექმნის იდეა ახალგაზრდა თაობის ერთიანობაა, რაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

2022 წელს დიდი ძალისხმევის შედეგად, პან-კავკასიური ორკესტრი კვლავ დაბრუნდა ფესტივალის პროგრამაში.

წინანდლის ფესტივალის უდიდესი ნაწილი საგანმანათლებლო პროცესია. ყოველწლიურად მას მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები უერთდებიან. მუსიკოსებთან ერთად ჩამოდიან ცნობილი კონცერტმაისტერები ისეთი სახელოვნებო სივრცეებიდან, როგორებიც არის: მეტროპოლიტენის ოპერა, ინგლისის სამეფო ოპერა, ამსტერდამის Concertgebouw და ასე შემდეგ.


სიმბოლური და ორმაგად აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მოწვეულია წარმოშობით უკრაინელი დირიჟორი ოკსანა ლინივი. ის პირველ დღეს პან-კავკასიურ ორკესტრს უდირიჟორებს, რომელიც თანამედროვე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავს – პიანისტ მაო ფუჯიტას გაუწევს აკომპანირებას.


ოკსანა ლინივის პერსონა კლასიკური მუსიკის სამყაროში საკმაოდ გამოკვეთილია – ის ამჟამად ბოლონიის ოპერის ხელმძღვანელია. ოკსანა ასევე პირველი ქალია, რომელმაც ვაგნერის სახელგანთქმულ ფესტივალზე იდირიჟორა.

მაო ფუჯიტა

წელს ფესტივალზე მოწვეულია სახელგანთქმული შვეიცარიელი დირიჟორი – შარლ დუტუა. მას მევიოლინე რენო კაპუსონთან ერთად 5 სექტემბერს ვიხილავთ სცენაზე.

წინანდლის ფესტივალის მოწვეულ დირიჟორებს შორისაა მსოფლიოში ცნობილი ახალი თაობის დირიჟორი ვასილი პეტრენკო. ვასილი პეტრენკო, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელია, რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

ვასილი პეტრენკო

წარმოშობით რუსმა პეტრენკომ ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა თავის ქვეყანაში მოღვაწეობა. მან რუსეთის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრი ღია და ძლიერი პოზიციით დატოვა.


პეტრენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში “ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მორალური მარცხი იყო”. 

ასევე, წელს, წინანდლის ფესტივალზე იხილავთ :

დირიჟორების ვარსკვლავურ შემადგენლობას - ოქსანა ლინივი, ჩარლზ დუტუა, პაბლო ჰერას-კასადო;


 ვირტუოზ სოლისტებს - ქრისტოფ ბარათი, რენო კაპუსონი, დავიდ აარონ კარპენტერი, სეონგ-ჯინ ჩო, ალექსანდრა კონუნოვა, ლუკას დებარგი, გილ დორო, ვილდე ფრანგი, მაო ფუჯიტა, გიორგი გიგაშვილი, დენის კოჟუხინი, ლი ლა, სანდრო ნებიერიძე, ნოა (აჩინოამ ნინი), ჯულიენ კვენტინი, კიან სოლტანი;

სრული პროგრამა და ბილეთები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ავტორი: ნინო იმერლიშვილი/AT.ge