წიგნიერი 2020

"საბა"

მაისი 19, 2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი" კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო წელს განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ონლაინრეჟიმში გაიმართა.


კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლია IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს. აქამდე კონკურსის გეოგრაფია შემოსაზღვრული იყო და მასში მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა წელს, განსხვავებული ფორმატიდან გამომდინარე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებსაც მიეცათ საშუალება, რომ გამხდარიყვნენ ამ ლიტერატურული კონკურსის მონაწილეები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "წიგნიერი" წელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თიბისის მხარდაჭერით გაიმართა.


მონაწილეებს სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალათ. წელს საკონკურსო წიგნების სია ასე გამოიყურებოდა:

ედუარდ ჰეილის "უსამშობლო კაცი" , მალალა იუსაფზაის "მე ვარ მალალა", ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური".


კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წაიკითხეს და დაწერეს თემები სათაურით „ადამიანთა მიწა“.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული.



ჩემთვის, პროექტ "წიგნიერში" გამარჯვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მომეცა საშუალება გამომემზეურებინა ჩემი ფიქრები. მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის წევრებს, რადგან შეძლეს ჩემი განცდებისა და ემოციების ამოცნობა და მიღება. მინდა აღვნიშნო ისიც, თუ როგორი დიდი შესაძლებლობა იყო ჩემთვის პროექტი, როგორც სიახლეების ძიებისა და საინტერესო აღმოჩენების ურთულესი გზა, რომელიც მარადიულ თემებზე მაფიქრებს." - ამბობს გამარჯვებული



„მე ადამიანი ვარ, რომელიც საზოგადოებაში ყოველთვის ზედმეტად გრძნობდა თავს. თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ერთ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. დღეს კი აქ ვარ, ძალიან შორს ჩემი მიწისგან, უცხო მხარეში, ვაკუუმში, „უჰაერო“ სივრცეში, სადაც სული მეხუთება, როგორც პატიმარს დილეგში. სანამ ამ საპყრობილეზე მოგიყვებით, მინდა ჩემს სამშობლოში გამოგზაუროთ.

  

ჩემი სამშობლო (რა ურცხვად და თავისუფლად ვუწოდებ სამშობლოს „ჩემსას“) ერთი პატარა ქვეყანაა დიდ სამყაროში, პატარა მიწა, სადაც უცნაურად ვცხოვრობდით. სხვები ხშირად „უმართავებს“, „ბნელებსა“ და „ჩამორჩენილებს“ გვიწოდებენ ერთი უცნაურობის გამო.


ჩვენს სოფელში იკრძალებოდა პოეზია, დაშვებული იყო მხოლოდ მხატვრული პროზა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პირობაა არა?! თითქოს, არავის უნდა ჰქონდეს, ამ წესის დაცვის პრობლემა - „იკითხე პროზა, ნუ მიეკარები პოეზიას“ - მეუბნებოდა ჩემი დიდი ბაბუა. მას შემდეგ, რაც 12 წელი შეუსრულდებოდა ყველა მოზარდს, „ინათლებოდა“, დებდა ფიცს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, არც ერთ რიტმულად დაწერილ სიტყვას, არც ერთ სტროფს არ წაიკითხავდა! სიგიჟეა! მე სულ რამდენიმე წლის წინ „მოვინათლე“, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როგორც იქნა სოფლის სრულფასოვანი მოქალაქე გავხდი. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენთან წიგნები საერთოდ არ არსებობდა, იყო ერთადერთი ბიბლიოთეკა სამიოდე წიგნით, სამივე აქაური მწერლის დაწერილი. ეს ფუჭი წიგნები კი გამორიცხავდნენ ძიებებს, გულით, პოეზიით ცხოვრებას, საკუთარი თავის შეცნობას, და ამიტომაც ჩემი თანასოფლელები ცხოვრობდნენ ისე, თითქოს თავიანთი მიწა-წყლის იქით არაფერი იყო იდეალური და მთავარი საზრისი, რომ წარმავალია ყველაფერი ,,მიწა ხარ და მიწად იქცევი’’, უნდა გამოიძიო, დასვა კითხვები, მიიღო პასუხები, რომ ნაადრევად, ფუჭად არ შეუერთდე ,,უენო და გაუმაძღარ მიწას.’’ 



ამონარიდი გამარჯვებულის ესედან




„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი იმიტომ, რომ ეს ერთგვარი კავშირია ჩემს სამშობლოსთან , იმედი მაქვს კიდევ იქნება მსგავსი პროექტები. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. ასეთი პროექტები გაძლევს შანსს დააფიქსიროს საკუთარი აზრი, აღმოაჩინო შესაძლებლობები , უფრო და უფრო გააღრმავო შენი ცოდნა."


- ამბობს მონაწილე



2020 წლის კონკურსი საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა. "წიგნიერი" ტრადიციულად მომავალ წელსაც ჩატარდება განსხვავებული წიგნებითა და თემით.


ავტორი: ნატა ჟვანია