თაობა სიახლეები

ფეხბურთის სიყვარულით ახმაურებული ქალაქის ამბავი

ოქტომბერი 28, 2024


"გამარჯვების გზებზე ვდგებით, თორი"


© გიორგი ნაკაშიძე

ბორჯომი, თურმე, საფეხბურთო ქალაქი ყოფილა...

აი, მაგალითად, თუ კარგად დააკვირდებით, გამვლელ-გამომვლელთა შორის, უსათოუდ შეამჩნევთ, თორის სავარჯიშო მაისურებში გამოწყობილ ახალგაზრდებს და მეტიც, ყურს თუ დაუგდებთ, შეიძლება, შორიდან წამოსული სასტვენის ხმაც კი გაიგონოთ.

ქალაქის ცენტრში, სანამ სილამაზის ხიდს გაცდებით, გზაზე პატარა სტადიონი შეგხვდებათ, მოპირდაპირე მხარეს კი,  N3 საჯარო სკოლის გვერდით, დიდ სტადიონსაც შეამჩნევთ. სწორედ აქ შეხვდებით ბორჯომის 14 წლამდელთა საფეხბურთო გუნდს სახელად - "თორი"

© გიორგი ნაკაშიძე

თორის, ჩვენთან ერთად, მთელი ქალაქი გულშემატკივრობს. აქ ყველას სჯერა, რომ გუნდის თითოეულ წევრს წინ დიდი მომავალი და საფეხბურთო კარიერა ელოდება.

© გიორგი ნაკაშიძე

ბავშვები თითქმის მთელ დღეებს ვარჯიშში ატარებენ. გუნდის წევრებიც ერთმანეთისთვის ერთი დიდი ოჯახივით არიან. 

ესეც საბა და გიორგი კაპანაძეები, თანაგუნდელებთან და უახლოვეს მეგობრებთან ერთად.

© გიორგი ნაკაშიძე

გაგიკვირდებათ და, თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ. ხან კალათბურთს თამაშობენ, ოღონდ ფეხით, ხანაც ვიდეო თამაშებს და ზოგჯერ ერთად რესტორანში საქეიფოდაც იკრიბებიან ხოლმე…

მათთვის მთავარი გართობა მაინც საყვარელ მწვრთნელთან, სერგისთან ერთად ვარჯიშია, ამიტომაც გული სულ მინდვრისკენ მიუწევთ.

გუნდში გამარჯვების დიდი ჟინი და შემართება ტრიალებს. თორის საფეხბურთო ჰიმნიც სწორედ ამ ამბავს გვიყვება.

" ჰა, ბურთი! ჰა, მოედანი თორი,

არვინ იყოს ჩვენი თანასწორი

გამარჯვების გზებზე ვდგებით თორი

დამანახე კიდევ ერთი გოლი"

© გიორგი ნაკაშიძე

ჩვენც გულით გვჯერა და ვგულშემატკივრობთ. ერთი სიტყვით, ჩვენც თორისკენ ვართ.

© გიორგი ნაკაშიძე


-თოორი! თოორიიი! თოოორიი!



თიბისი ახალი თაობისკენ!!


ავტორი: ხატია კოპლატაძე

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე