ცისფერი მთები

ტობას და ონიორეს ჩანჩქერები

ცისფერი მთები - სამეგრელოს ქრონიკები

ნოემბერი 24, 2020

ზაზა გაგუას რამდენიმე წელია ვიცნობ, სულ ვაწყობთ გეგმებს, თუ რას მოვიმოქმედებთ ერთად, რა ადგილებს მოვინახულებთ, მაგრამ როგორც წესი გეგმები გეგმებად რჩება ხოლმე. წელს კი მოვახერხეთ და ერთად გავისეირნეთ მარტვილის რაიონში ტობას და ონიორეს ჩანჩქერებისკენ, რომლებიც იმავე ზაზას დიდი ძალისხმევის შედეგად უკვე დაცულ ტერიტორიებად არის გამოცხადებული.


ბუნებაზე შეყვარებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია. ზაზა ასეთია - მშობლიური კუთხის და მთელი საქართველოს ბუნების მოყვარული და ქომაგი, ნატურალისტი, მეღვინე და უბრალოდ კარგი და გონებაგახსნილი ადამიანი, საკუთარი ხედვებით, შეფასებებით. რეგიონებში ასეთი ადამიანების არსებობა და მოღვაწეობა პირადად ჩემთვის იმის იმედისმომცემია, რომ არც ისე უსაშველოდაა ჩვენი საქმე. 

წინა დღით გოჭკადირის (გაჭედილის) კანიონი მოვინახულე, ვინ იცის უკვე - მერამდენედ. ამ კანიონში იმაზე დიდი ხნით ადრე დავდიოდი, ვიდრე იქაურობას დაცულ სტატუსს მიანიჭებდნენ. მომსწრე ვარ იმ დროისა, როდესაც კანიონში ვცურავდით და ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია.


ერთხელ ბასკმა მეგობარმა მითხრა: მოვა დრო და აქ ვეღარ იბანავებო. აქაურობას ნაკრძალად გამოაცხადებენო. მაშინ მისი წინასწარმეტყველებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ჩემი მეგობრის სიტყვები იმაზე ადრე ახდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, მის გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა, გაკეთდა ბილიკები და რა თქმა უნდა, ცურვაც აიკრძალა, მაგრამ ამაზე გული არ დამწყვეტია, რადგან ყოველ ზაფხულს ვხედავდი, რომ კანიონის მნახველები საკმაოდ უდიერად ექცეოდნენ იქაურობას. ტოვებდნენ აურება ნაგავს და გოჭკადირს სასწრაფოდ სჭირდებოდა დაცვა და შველა. მასობრივი ტურიზმი კიდევ ცალკე ამბავია, თავის ხშირად არცთუ სასიამოვნო შედეგებით. მარტვილის კანიონი დაცულ, მაგრამ მეტისმეტად პოპულარულ ადგილად იქცა. მნახველთა რიცხვი წლიდან წლამდე გაიზარდა, ნავებით გასეირნების მსურველებს რიგში უწევდათ დგომა. ზაზამ მითხრა, რომ შარშან გოჭკადირის მნახველთა რაოდენობამ სამას ორმოცდაათი ათასს გადააჭარბა. მე თავად სულ ახლახანს მომიწია ფოტოკონკურსს „ქოლგას“ ჟიურის წევრობა და ბუნების ფოტოების ნომინაციაში, გერგეტის სამების და მყინვარწვერის კლასიკური ხედის შემდეგ, ყველაზე მეტი გოჭკადირში გადაღებული სურათი ვნახე და ყველა მათგანი ლამაზი იყო, რადგან ბუნების ეს ძეგლი მართლა საოცარია წელიწადის ნებისმიერ დროს და მისთვის ცუდი ფოტოს გადაღება უბრალოდ შეუძლებელა. ეგ არის, რომ აურაცხელმა მნახველმა იქაურობას სიმყუდროვე დაუკარგა და ჩემთვის ნაკლებად მომხიბვლელი გახადა. 

ოღონდ კოვიდის პანდემიით დაღდასმულ 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველაფერი სხვანაირი იყო. სიჩუმე და სიმშვიდე, ნავი აკვანივით ირწეოდა წყალზე, მხოლოდ ნიჩბების მოსმის ხმა ისმოდა და არც მენავეს ეჩქარებოდა სადმე. ზაზამ საკუთარი ოცნება გამიმხილა _ რა იქნება, რომ გოჭკადირის მენავეები სევდიან მეგრულ სიმღერებს მღეროდნენ, როგორც გონდოლიერები ვენეციაში...


ჯადოსნური საღამო იყო _ თბილი და მშვიდი. კირქვის მაღალი კედლებს შორის მოქცეული კამკამა წყალში უამრავი თევზი ირეოდა. ესეც სიახლეა. ჯერ კიდევ შარშან თვალშისაცემი იყო, რამდენად მოიმატა მდინარეში თევზმა. ზაზამ შარშანვე მითხრა, რომ მიუხედავად ხალხის გაუთავებელი ნაკადისა, კანიონის ქვედა ნაწილში წავების ოჯახმაც დაიდო ბინა.


თურმე, რა ცოტა უნდა ეკოსისტემის აღდგენას. წარმოიდგინეთ, მდინარის კარგად დაცული ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელშიც ყველაფერი ხარობს და მრავალდება და გარშემო კი კვლავაც განუკითხავობა სუფევს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ საკუთარ ბუნებას ყოვლად ბარბაროსულად ვექცევით და ჯერ-ჯერობით ბრაკონიერობა საქართველოში მაინცდამაინც არც საზოგადოების გაკიცხვის საგანი გამხდარა და ამ ფონზე მარტვილის კანიონში ზაზა გაგუას და მისი თანამშრომლების ძალისხმევით გადარჩენილი ხელთუქმნელი ბუნების ორი კილომეტრი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ბუნების კვებითი ჯაჭვი მუშაობს, მტაცებელი და მსხვერპლი გვერდი გვერდ არსებობენ. 

კანიონის ქვედა იარუსზე რომ ჩავედი, იქ სადაც ტურისტული ბილიკი მთავრდება, მორიგე რეინჯერს წავის ამბავი ვკითხე, თუ გინახავს მეთქი. მინახავს რომელიაო, ამოიღო ტელეფონი და მაჩვენა ჩვეულებრზე ჩვეულებრივი ტელეფონით გადაღებული კადრები, რომლელთა საკუთარი თვალით ნახვას ძალიან ვისურვებდი, გადაღებას კი _ ვინატრებდი. წყლის პირას კლდეზე ახოხებული პატარა წავი ჩხავილით უხმობდა დედას. დედამაც თავი ამოყო წლიდან, შვილს ქეჩოში პირი ჩაავლო და ორივე წყალში გაუჩინარდნენ...


ჩემთვის მორიგე რეინჯერთან შეხვედრისას კიდევ ერთი რამ იყო საინტერესო და გასახარი. ეს ახალგაზრდა კაცი, ჩემს შეკითხვებს აბსოლუტურად კომპეტენტურად პასუხობდა და ყველაფერზე ეტყობოდა, რომ საკუთარი საქმე იცოდა და ეამაყებოდა. მერწმუნეთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ამგვარ რამეს იშვიათად შეხვდებით. ჩვენს ქვეყანაში ნაკრძალების და ეროვნული პარკების რაოდენობა მატულობს, მაგრამ იქ სამუშაოდ, როგორც წესი, შემთხვევითი ხალხი ხვდება და მხოლოდ რამდენიმე ნაკრძალს უდგას თავში ზაზას მსგავსი ენთუზიაზსტები, რომელთაც თანამშრომლებისთვის საკუთარი ენთუზიაზმის გადაცემა და მათი დაინტერესება შეუძლიათ.


მეორე დღეს ზაზასთან და მის თანამშრომლებთან ერთად გავემართე ონიორეს სამოცდაათმეტრიანი ჩანჩქერისკენ, სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი. სოფელ ბალდადან ძალიან მაღალი გამავლობის „ტოიოტას“ პიკაპით მოვახერხეთ და მივაღწიეთ ადგილამდე, რომელსაც ვაკოს ქოხი ჰქვია, ოღონდ ამ გზაზე მანქანით სიარულს არავის ვურჩევ. თუ მუხლი გერჩით, სჯობს მანქანა სოფელ ბალდასთან დატოვოთ და ფეხით აუყვეთ ოთხკილომეტრიან გზას, რომელიც წყდება მეჯოგე გია დართიას კოხტა ფიცრულთან, რომელიც ოდესღაც მის მამას სახელად ვაკოს აუშენებია და, როგორც ამბობენ, ისიც სტუმართმოყვარე და პურმარილიანი კაცი ყოფილა. 

მეჯოგის ქოხიდან ჩანჩქერამდე მიმავალ ბილიკს შემიძლია ვუწოდო ჯადოსნური. მახარებს ისიც, რომ იქაურობა, მართალია, ძნელად მისაღწევი არ არის, მაგრამ არც ძალიან იოლია, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ ონიორეს და ტობას ჩანჩქერები არასოდეს იქცევა მასობრივი ტურიზმის ადგილად, თორემ ზურგჩანთამოკიდებულმა ბუნებაზე შეყვარებულმა ადამიანებმა აქ უნდა იარონ და დატკბნენ. ორივე ჩანჩქერი მღვიმეებიდან გადმოდის. ტობას 234 მეტრიან ჩანჩქერი ჩვენი ქვეყნის ყველაზე მაღალი კასკადოვანი წყალვარდნილია. მის ძირში მისულს მის ზომაზე და სიდიადეზე წარმოდგენა ვერ გექმნება, ამიტომ მოშორებით, ონიორესკენ მიმვალ ბილიკზე, მთის თხემზე ზაზამ და მისმა თანამშრომლებმა ხის კოშკურა ააგეს, საიდაც ჩანჩქერი უკეთ მოჩანს და იმავე კოშკურიდან მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. ეს კირქვის მასივები ორბების საყვარელი ადგილია და კლდეზე ჩამომჯდარი ორი უზარმაზარი ფრინველი ჩვენც ვნახეთ.


აქაური ბზის კორომები კი იღუპება, ისევე როგორც მთლიანად კოლხური ბზა, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე სამუდამოდ გამოაკლდა ჩვენს ფლორას. რამდენიმე წლის წინ გაჩენილმა დაავადებამ ბზა გაანადგურა, ჩვენც და ჩვენი პლანეტაც კიდევ უფრო გავღატაკდით. ვფიქრობ, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მცენარე, რომლის უკვე მკვდარი ტყეც კი ლამაზია სრულიად ტრაგიკული და განუმეორებელი სილმაზით. სევდიანი ეს ყველაფერი. ზაზამ მითხრა, რომ ბზის ადგილს უთხოვარი იკარებს.


და ბოლოს ონიორეს მიწისქვეშეთიდან დაბადებული სამოცდაათმეტრიანი წყალვარდნილი, წყლის შხეფებით შექმნილი ცისარტყელები და წყლის ხმაური _ ყველაზე მყუდრო ხმაურებს შორის. ცოტა ხანი ჩანჩქერთან დავრჩი. ფოტოები გადავიღე და უკან რომ გამოვბრუნდი, ზაზას და მისი გუნდის მიერ მოწყობლი საპიკნიკე ადგილას უკვე გაშლილი დამხვდა სახელდახელო სუფრა, გემრიელი საჭმელით, არაჩვეულებრივი ღვინით და საუბრით, რომელსაც არაფერი სჯობს, რომელიც ბუნების შესახებაა და გაქვს შეგრძნება, რომ შენიანებს შორის იმყოფები. ოღონდ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შეზარხოშებულებმა აუჩქარებლად ვიარეთ ვაკოს ქოხამდე, იქ კი გია დართია სრულიად არაჩვეულებრივი ელარჯით გაგვიმასპინძლდა. ელარჯს არაყი მივაყოლეთ და ერთად ხალისით დავასრულეთ ეს დასამახსოვრებელი დღე, რომლისთვისაც ჩემი მასპინძლების მადლიერი ვარ. 

ავტორი: არჩილ ქიქოძე