ივნისი 03, 2024
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. სპიკერებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე გამოდიან, თიბისის თანამშრომლები არიან.
შეხვედრები მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და ცოდნის გაზიარების ნაწილს, ისე ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების დამყარებას და იდეების ჩამოყალიბებას, ვინაიდან ზოგჯერ თანამშრომლები ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად იცნობენ და ამავე რეჟიმში მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ამჯერად დეველოპერებისთვის, გასულ კვირას შედგა. შეხვედრის შესახებ თიბისის თანამშრომლებმა ადრევე იცოდნენ. მათ სიტყვით გამოსვლების თემები შეარჩიეს და წარადგინეს. აუდიტორიის წინაშე მათივე შერჩეული 5 სპიკერი წარსდგა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ხმის მიცემის შედეგად საუკეთესოდაც დასახელდა და ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება.
სპიკერი, რომელმაც თანამშრომლების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ბექენდ დეველოპერი შაკო ტურაშვილია. როგორც ამბობს, მისი მთავარი მიმართულება .Net ის ეკოსისტემაა.
შაკოს პრეზენტაცია კი .Net aspire-ს ეხებოდა - ახალ ტექნოლოგიას .Net-ში.
„წინა შეხვედრას დავესწარი. იყვნენ ძალიან საინტერესო გამომსვლელები, საინტერესო თემებით. მათი დახმარებით გავიგე ბევრი სიახლის შესახებ, რამაც ახალი ინტერესები გამიჩინა. ამის გამო წელს მეც მომინდა, მეგობრებისთვის სიახლეები გამეზიარებინა.
შევარჩიე თემა, რომელიც .NET კომუნისთვის სიახლეა, რომელიც მეც და ჩემს ბევრ კოლეგასაც ძალიან გვაინტერესებს, ვინაიდან მისი ძირითადი მიზანი დეველოპერების საქმის გამარტივებაა
2,5 წელია, თიბისიში ვმუშაობ და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლის მასალა გავიარე"
.Net Meetup 2024 წლის გამომსვლელები:
ლაშა დაუშვილი, დეველოპერი
გაგა გოგინაშვილი, დეველოპერი
გიორგი ალხაზიშვილი, დეველოპერი
ვასილ მახარაშვილი, დეველოპერი
სწორედ თანამშრომლების კომპეტენციის კიდევ უფრო ამაღლებასა და ამასთან, პროფესიული განვითარების კულტურის ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას თიბისის ასოცირებული პარტნიორი/დეველოპერი ჯუბო ფალელაშვილი.
მისი თქმით, .Net შეხვედრების სერია ასევე უწყობს ხელს ინოვაციების განვითარებას, კოდის ხარისხის გაუმჯობესებას და უფრო ძლიერი, ერთიანი გუნდის ჩამოყალიბებას, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„წინა წლის .Net შეხვედრასთან განსხვავებით, პრეზენტაციების ხარისხი წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, რაც მოტივაციას გვაძლევს უფრო მეტად საინტერესო შეხვედრების ორგანიზების.
ბევრი ძალიან საინტერესო საკითხიდან, წლევანდელ შეხვედრაზე გამოვარჩევდი თემას: Beyond the clouds: .Net Aspire’s vision for modern development რომლის პრეზენტაციის ჭრილშიც მაქსიმალურად გასაგებად, საინტერესოდ და სრულყოფილად იყო მიტანილი სათქმელი აუდიტორიამდე".
თიბისის გუნდის წევრებისვე თქმით, თიბისიში, გარდა მსგავსი ფიზიკური შეხვედრებისა, ყოველკვირეულად ტარდება თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიები, რაც ხაზს უსვამს კომპანიის თანამშრომლებზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას.
ავტორი: Dev.ge