აგვისტო 14, 2023
თიბისიმ EBRD-ს მდგრადობის ყოველწლიური ვერცხლის ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.
რას წარმოადგენს EBRD-ის მდგრადობის ჯილდო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკუთარი და უცხოური ინვესტიციებით განვითარებაში უწყობს ხელს.
მდგრადობა EBRD-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ის ფუნდამენტია, რაზეც ორგანიზაციის ღირებულებებია დაშენებული. მდგრადობის ყოველწლიური ჯილდო 10 წელზე მეტია კომპანიებსა და ორგანიზაციებს აღიარებს იმ მიღწევებისთვის, რომლებიც შემდეგ კატეგორიებში ხორციელდება: მდგრადი ენერგია, კლიმატის მიმართ მდგრადობა, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა, გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციები და გენდერი და ეკონომიკური ჩართულობა.
Trade Financial Global-ის ინტერვიუ ნინო მასურაშვილთან
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ, გამოცემა Trade Financial Global თიბისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ნინო მასურაშვილს ესაუბრა.
Trade Financial Global საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საგანმანათლებლო რესურსების წამყვანი მიმწოდებელია. პლატფორმა 300-ზე მეტ კომპანიას აკავშირებს და მათ ფინანსური გადაწყვეტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. TFG-ის მკვლევარი ნინო მასურაშვილს იმ მწვანე ინიციატივების შესახებ გაესაუბრა, რომელთა დამსახურებითაც თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.
რა გამოწვევები და სირთულეები არსებობდა ბანკსა და საზოგადოებაში მწვანე ინიციატივების განხორციელების კუთხით?
ნ.მ: ძირითადი გამოწვევა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაა იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს თიბისის მზაობას, რომ აქტიურად ჩაერთოს ნახშირბადის დაბალი ემისიის ეკონომიკისკენ ტრანფორმაციის პროცესში. გვჭირდება, შევქმნათ კარგი ბაზა კვლევებისა და სექტორთაშორისი ანალიზისთვის. ამჟამად არსებობს გამოწვევები მონაცემების ხელმისაწვდომობასა და ისეთი მეთოდებისა და მექანიზმების კუთხით, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კლიმატური ცვლილების შედეგები ფინანსურ მაჩვენებელებში გადავთარგმნოთ.
რა გაზომვადი შედეგები მოჰყვა თიბისის მდგრადობის ინიციატივებს და როგორ ზომავთ პროგრესს?
პირველი TCFD ანგარიში 2021 წელს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ვალდებულებად დავისახეთ ყოველწლიური პროგრესის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. 2022 წელს, საქართველოში პირველად, კლიმატური სტრეს-ტესტირება ჩავატარეთ. კლიმატთან დაკავშირებული ინიციატივები ჩვენს ESG სტრატეგიაშია ინტეგრირებული, რომელიც 2030 წლამდე თიბისის მხრიდან მდგრადობის ხელშეწყობის სხვადასხვა ეტაპს ასახავს.
2022 წელს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის შესაბამისი პროდუქტების იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა შეხვედრები ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან და შეფასდა სექტორის გამწვანების პოტენციალი. 2022 წლის ბოლოს თიბისის მდგრადი სესხების პორტფელი (782 მლნ ლარი) მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებებს: ენერგო-ეფექტურ სესხებს, ელექტრო-მანქანებისთვის სესხებს, განახლებადი ენერგიის დაფინანსებას მზის პანელებისა და ჰიდროელექტროსადგურებისთვის.
ცოტა ხნის წინ თიბისიმ გადაწყვიტა, შეიმუშავოს გარდამავლობის გეგმა, რომელიც მოიცავს კლიმატური რისკების და შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებებს. თიბისი რეგიონში პირველი ბანკია მსგავსი ვალდებულებით, რაც, რა თქმა უნდა, მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ბანკი მიზნად ისახავს, მართოს კლიმატთან დაკავშირებული, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები, რომლებიც უშუალოდ ებმის მის საქმიანობას.
"თიბისი ყოველწლიურად აქვეყნებს მდგრადობის ანგარიშს, რაც ხაზს უსვამს კომპანიის ძალისხმევასა და ერთგულებას მდგრადობის მიზნებისადმი. ეს მიდგომა დაინტერესებული მხარეების ნდობასაც აძლიერებს, რადგან გამჭვირვალობა ერთგვარი პასუხისმგებლობის სიმბოლოა."
რა სამომავლო გეგმები აქვს თიბისის მდგრადობის კუთხით და როგორ აპირებთ ამ ტემპის გაძლიერებას?
წელს რამდენიმე რთული მიზნის მიღწევას ვაპირებთ. მათ შორის, ვგეგმავთ თიბისი ჯგუფის პირდაპირი ზემოქმედების გაზომვას გარემოზე და ჩვენი დაფინანსებული ემისიების დათვლას. ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების კომპანიები უკვე რამდენიმე წელია ამ მიზნებზე მუშაობენ, თუმცა საქართველოსთვის ეს ახალი გამოწვევაა. დაგვჭირდება მონაცემების შეგროვება და მეთოდოლოგიის შემუშავება, რისთვისაც საერთაშორისო სტანდარტებს გამოვიყენებთ.
აღსანიშნავია სხვადასხვა ინიციატივები და პროგრამები ESG სტრატეგიით დასახული მიზნების მხარდასაჭერად:
• მდგრადი სასესხო პორტფელის ზრდის მაჩვენებლები – 2021 წლიდან ESG KPI–ები აისახა უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურების საშუალოვადიან სქემაში. 2022 წელს დადგინდა მდგრადი სესხის პორტფელის ზრდის მიზნები ბიზნეს სეგმენტებისთვის - საცალო, MSME და კორპორატიული სეგმენტებისთვის. მწვანე და სოციალური სესხების სამიზნე რაოდენობად 2023 წლისთვის 1 მილიარდი ლარი განისაზღვრა.
• ESG აკადემია – კლიმატთან დაკავშირებული ESG საკითხების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად 2023 წელს სტრუქტურირებულ მიდგომას ვიყენებთ. ESG აკადემიის პროგრამები განხორციელდება როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. აკადემია ფარავს სხვადასხვა თემას: მწვანე და სოციალურ დაფინანსებას, ფინანსურ ჩართულობას, მარეგულირებელის მოთხოვნებს, მრავალფეროვნებას, მდგრად ბიზნეს მოდელებსა და პრაქტიკებს.
• პარიზის შეთანხმება და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული მიზნები – სათბურის აირების ემისიის დასათვლელად 2022 წელს შიდა ძალები მოვაბილიზეთ. ამისათვის არაერთი ტრენინგი და კონსულტაცია დაგვჭირდა. სამომავლოდ ზემოქმედების გაზომვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვგეგმავთ.
• ESG-ის ცნობადობა თანამშრომლებსა და მომხმარებლებში - 2022 წელს თიბისის თანამშრომლების 98%-მა გაიარა ESG ტრენინგი. 2023 წელს მიზნად ვისახავთ თანამშრომლებში ESG საკითხების ცნობადობის საზომი მეთოდოლოგიის შემუშავებას, რათა რეგულარულად ვადევნოთ თვალი შედეგებს და განვსაზღვროთ სამომავლოდ გასაუმჯობესებელი მიმართულებები.
• პროგრამები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით – თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ICT სფერო განსაკუთრებით პრიორიტეტულია. 2023 წელს, USAID-თან თანამშრომლობით ახალ ICT პროგრამას ვიწყებთ, რომელიც რვა სხვადასხვა, ახალი სასწავლო კურსისგან შედგება. ფოკუსი ქალებზე, გოგონებსა და რეგიონელი ახალგაზრდების გაძლიერებაზე კეთდება. კურსდამთავრებულთა ნაწილი თიბისისა და თიბისის პარტნიორ კომპანიებში დასაქმდება.
• ESG სტრატეგიები თიბისი ჯგუფის სხვა შვილობილ კომპანიებში - 2023 წელს რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს: ESG-სთან დაკავშირებული მმართველობის სტრუქტურების ჩამოყალიბება, ESG-სთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და ტრენინგების იმპლემენტაცია, რეგულარული ანგარიშგების შემუშავება და შიდა შესაძლებლობების განვითარება შვილობილი კომპანიებისთვის.
თიბისი ჯგუფის ხედვაა, იყოს ESG პრინციპების მთავარი მხარდამჭერი საქართველოსა და რეგიონში. ჩვენი ESG სტრატეგია საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და, ამავდროულად, ადგილობრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან ინტეგრირებას უწყობს ხელს.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია გაწეული სამუშაოს, გამოწვევებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების გამჭვირვალედ ინფორმირება. ჩვენთვის არსებითია პროგრესის ჩვენება, რომ ეს არა ერთჯერადად დასრულებული პროექტი, არამედ თანმიმდევრული პროცესია გრძელვადიანი მიზნებითა და შედეგებით.
ავტორი: Tradefinancialglobal.com