ივნისი 21, 2023
სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველით, ახლოვდება.
თიბისი უკვე მრავალი წელია, ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომ, ბანკის ციფრულმა გუნდმა წელს გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო და სახალისო თამაში შეეთავაზებინა და მუსიკალური დღესასწაულის ბილეთებითაც დაესაჩუქრებინა.
თამაში, რომელიც 4 კვირა გაგრძელდა და 18 ივნისს დასრულდა, თიბისის ციფრულ ბანკშია ინტეგრირებული. თითო კვირას 125 გამარჯვებული გამოვლინდა, სულ 500 ბილეთი გათამაშდა.
როგორც თიბისისთვის, ისე ქართული ციფრული სამყაროსთვის ეს მეორე ტრივია თამაშია ციფრულ ბანკში - პირველი გასულ წელს ჩატარდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ თიბისი იყო პირველი, ვინც ფინანსურ პროდუქტს თამაშის ელემენტები დაამატა.
"მსგავს პროდუქტზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. მომხმარებლებს თამაშით ვაძლევთ საშუალებას, თან გაერთონ და თან სარგებელი მიიღონ.”
- სალი დადიანი, ციფრული ბიზნესის განვითარების ბრენდ მენეჯერი.
ის და მისი გუნდი თიბისისა და Open Air-ის თამაშის შექმნის ყველა ეტაპში მონაწილეობდნენ.
“მომხმარებლების კომენტარები არის ძალიან პოზიტიური და სულ არის მოთხოვნა, რომ მსგავსი აქტივობები ვაკეთოთ. გუნდი სულ ფიქრობს ხოლმე, რა ახალი, საინტერესო და ინოვაციური აქტივობა შევთავაზოთ მომხმარებლებს."
- ამბობს სალი.
ის, რაც ციფრულ ბანკში მუსიკის და გართობის მოყვარულებისთვის მარტივად, რამდენიმე დაწკაპუნებით მიიღწევა, თიბისის ტექ გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.
ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ქეთი დიასამიძეა, თიბისის UX მწერალი და კომპეტენციის ლიდერი. ეს იმ გამოცდილებაზე მუშაობას გულისხმობს, რომელიც ციფრულ ინტერფეისში გვხვდება. მომხმარებლებისთვის ბუნებრივი და ორგანულია ყველა ის სიტყვა, რომელიც ციფრული ბანკის და თამაშის სანავიგაციო ღილაკებზე გვხვდება. ამისთვის ქეთი ბევრს ფიქრობს. მან თამაშზე სწორედ ამ მიმართულებით იმუშავა.
"ეს ტექსტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებლის გამოცდილება კარგი იყოს, დრო არ დაკარგოს ნავიგაციისთვის და საკუთრივ თამაშსა და კითხვებზე კონცენტრირდეს."
- გვეუბნება ის.
ქეთი დიასამიძე "რა, სად, როდის"-ის მოთამაშეცაა. მას კითხვები არ შეუდგენია, თუმცა, რეკომენდაციებს გასცემდა და ჩართული იყო ამ კითხვების ინტერფეისზე მორგების პროცესში.
"სოციალურ მედიაში ამაზე ლაპარაკობენ, მიმებს აკეთებენ. რიცხვებმაც გვიჩვენა, რომ ეს პროექტი მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ."
- ამბობს ქეთი.
თამაშზე მუშაობდა იაკობ კაპანაძე - თიბისის ციფრული გუნდის განვითარების ლიგის front-end დეველოპერი. ის ონბორდინგის გუნდში მუშაობს, შესაბამისად, მისი ყოველდღიური ამოცანა ციფრული ბანკის ისე გამართვაა, რომ მომხმარებლისთვის აპლიკაციაში შესვლა, ავტორიზაცია და სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება მარტივი და მოქნილი იყოს.
მისი საქმიანობის ეს პრინციპები თიბისისა და Tbilisi Open Air-ის თამაშისთვისაც მნიშვნელოვანია.
იაკობი ყვება, რომ მთავარი გამოწვევა, რაც მან ტექ გუნდის სხვა წევრებთან ერთად გადალახა, თამაშის სხვადასხვა მოდელის მოწყობილობისთვის მორგება იყო.
“თამაშის შესაქმნელად ვიყენებდით Angular-ის უახლესი ვერსიას. ვცდილობდით, დაგვეწერა კოდი, რომლითაც თამაში ყველა ტელეფონს მოერგებოდა. არსებობს ანდროიდზე მომუშავე ძალიან ბევრი განსხვავებული ტიპის ტელეფონი. ამიტომ, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, ყველა ტიპის ტელეფონისთვის თამაშის დიზაინი, გადასვლები და სხვა ნიუანსები ერთნაირი ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს სირთულე ყველამ ერთად გადავლახეთ.“
- ამბობს იაკობ კაპანაძე.
თიბისის ციფრული გუნდის ტექ ლიდი ნიკა ტატუნაშვილია. მისთვის თავისი შრომის შედეგის ფართოდ გავრცელება ძალიან საამაყოა.
"ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რაც იქამდე არ მიგვიღია. პასუხისმგებლობის აღება, როცა საქმე ასეთ დიდ კამპანიას ეხება, ადვილი არ არის. მაგრამ თიბისის ციფრულმა გუნდმა ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ. ვთქვით, რომ "ან ყველაფერი, ან არაფრის" პრინციპით უნდა გვემოქმედა და ასე გავაკეთეთ თამაში. ბევრი ღამის გათენებამაც მოგვიწია."
- ამბობს ნიკა ტატუნაშვილი.
"თან ვნერგავდით, თან ვტესტავდით, თან დეველოპმენტს ვაკეთებდით, გზადაგზა რაღაცებს ვცვლიდით. პარალელურად, ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც ბანკში გვაქვს - ყოველდღიური დავალებები. იდეა სპონტანურად გაჩნდა და სწრაფ ტემპებში მოგვიწია მუშაობა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა, პლუს ბევრი რამე ვისწავლეთ და ამ ცოდნას მომავალში ამავე კომპანიაში გამოვიყენებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა."
იმედია, ისიამოვნეთ ამ 4-კვირიანი თავგადასავლით, რომელზეც თიბისი ტექ გუნდმა სწორედ თქვენი საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად იმუშავა. შევხვდებით Open Air-ზე 23,24 და 25 ივნისს.
ავტორი: Dev.ge