ბიზნესი თიბისი შენთვის

Theneo ‒ ამერიკული გამოცდილებით გაჯერებული ქართული სტარტაპი

აპრილი 29, 2022

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Theneo სწორედ ის ტექნოლოგიური სტარტაპია,რომელიც სულ მალე, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას სახელს მთელ მსოფლიოში გაუთქვამს – ამაზე მიუთითებს, როგორც სტარტაპის დამფუძნებლების გამორჩეული ტექნოლოგიური ბექგრაუნდი და გუნდის პროფესიონალიზმი, ასევე დაარსებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მიღწეული არაერთი ისეთი წარმატება, რომლებზეც ჩამოყალიბებული სტარტაპებიც კი ოცნებობენ.

Theneo-ს თანადამფუძნებლები

Theneo-ს რაობაზე, მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, YCombinator-ში მოხვედრაზე, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაზე, კომპანიის მიერ მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე Theneo-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ანა რობაქიძეს ვესაუბრეთ.

 

ანა, მოდი ყველაზე რთული ამბით დავიწყოთ: რა არის Theneo და ბაზარზე არსებული რომელი პრობლემის მოსაგვარებლად შექმენით ის?

 

-Theneo გახლავთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API დოკუმენტაცია. დღემდე, სხვადასხვა ინდუსტრიაში უმეტესად დაბალი ხარისხის API დოკუმენტაცია გვხვდება, რისი მთავარი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ხარისხიანი API დოკუმენტაციის შექმნას დიდი ფინანსური რესურსი და დრო სჭირდება.

გარდა ამისა, დეველოპერებს ხშირად ეზარებათ, უჭირთ ან დრო ენანებათ დოკუმენტაციის დასაწერად, რის გამოც ის ხშირად მოძველებული და უხარისხო გამოდის. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ლიდერი API-მენეჯმენტში გარდავქმნათ ამ პროცესის ყოველდღიურობა: API კოლექციის ატვირთვის შემდეგ დოკუმენტაციის გენერირება უკიდურესად გავამარტივოთ და კონტენტი, ანუ ე.წ. ინსტრუქცია, რომელიც კოდს მოჰყვება, სრულიად ავტომატიზებული გავხადოთ. 

Theneo ერთ-ერთი გამორჩეული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან პირველ რამდენიმე თვეშიც კი ძალიან მყარი შედეგები აჩვენა. Theneo-ს მიღწევებზე დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებით?

 

-Theneo ჯერ ერთი წლისაც კი არ არის – ბეტა ვერსია აგვისტოში გახდა ხელმისაწვდომი, კომპანია კი ოფიციალურად აგვისტოში დაარსდა. რამდენიმე თვიანი არსებობის განმავლობაში გავხდით GITA-ს 100 ათა­სიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, თიბისის Apps Challenge 2021-ის გამარჯვებული და თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი წლის ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში. 


ამასთანავე, მონაწილეობა მივიღეთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაში, Web Summit 2021-ში, რომელიც ლისაბონში გაიმართა. გარდა ამისა, სტარტაპი Tech Crunch-ზე წარვადგინეთ და YCombinator-ის მხარდაჭერა მოვიპოვეთ. 2021 წლის ბოლოს ე.წ. “Pre-seed” რაუნდი დავხურეთ, რომლის ფარგლებში ერთ მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია მოვიზიდეთ – ამ თანხის ნახევარი, უშუალოდ YC-მ დააბანდა. ისე კი, გვყავს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები. 

ანა, როგორ შეაფასებთ თიბისის სტარტაპერის ტექნოლოგიურ კონკურსში გამარჯვებას? რა როლი ითამაშა თიბისიმ თქვენი სტარტაპის განვითარების ადრეულ ეტაპებზე?

-ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი დამწყები სტარტაპისთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო გამოცდილებაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს პრეზენტაციის უნარები დახვეწო, კომპეტენტური ხალხისგან საჭირო უკუკავშირი მიიღო და საინტერესო ადამიანები გაიცნო. ჩვენს შემთხვევაში, ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ გამარჯვებასთან ერთად შესაძლებლობა მოგვეცა პროდუქტი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო. ახლად დაარსებული სტარტაპის მიერ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ინვესტორთან თუ კლიენტთან კომუნიკაციის დროსაც, რადგან ასე, მათ პროდუქტის მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ.

 

ანა, რა გზა გაიარეთ მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის YCombinator-ის პროგრამაში მოსახვედრად და რა შედეგებს ელოდებით მისი დასრულების შემდეგ?

-YC-ში აპლიკაცია სექტემბრის დასაწყისში გავგზავნეთ და რამდენიმე კვირაში ინტერვიუ დაგვინიშნეს, რომლის დასრულების შემდეგაც მალევე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩემი და მარიას ძლიერი ტექნიკური ფონით მოიხიბლნენ და ნდობას გვიცხადებდნენ, როგორც სტარტაპის ორ ძლიერ დამაარსებელს. ამჟამად YC-ის სამთვიან ინტენსიურ პროგრამას გავდივართ, რომლის ფარგლებში ვსწავლობთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ პროდუქტი, ბიზნეს-მოდელი და დავხვეწოთ სხვა ასპექტები.


ეს ყველაფერი დაგვირგვინდება ე.წ. “Demo Day”-ით, რომლის დროსაც ჩვენს პროდუქტს პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე წარვადგენთ. უეჭველია, რომ YC-ის დასრულების შემდეგ Theneo მეტად გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება, ვიდრე პროგრამის დაწყებამდე იყო. ჩვენი სტარტაპი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპებს გადის და წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ რა ელის მას წლების შემდეგ, თუმცა უეჭველია, რომ სხვადასხვა კომპანიებთან კოლაბორაციებისთვის მზად ვართ – ამ ეტაპზე, სხვადასხვა ინტეგრაციაზე ვმუშაობთ და ზოგადად, ამბიციური გეგმები გვაქვს.

ანა, როგორ შეაფასებთ ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას? ცხადია, ვგულისხმობ დაფინანსების, როგორც საჯარო, ასევე კერძო პროგრამებს. შესაძლებელია თუ არა, ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ გლობალურ ბარებს მიაღწიოს?

სტარტაპს სანამ დავაარსებდი, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას კარგად არ ვიცნობდი – მას მერე, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ძლიერი მხარდაჭერა იგრძნობა, როგორც სხვა სტარტაპებისგან, ასევე მედიისა და სხვადასხვა კომპანიებისგან. ამის ნათელი მაგალითია თიბისი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Theneo-ს პოპულარიზებაში. 


ასევე გამოვარჩევდი Cartool-ს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინვესტორი და მხარდამჭერია. მათ მიერ გამოჩენილი ნდობა ფასდაუდებელია – Cartool-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Theneo-ს წარმატებაში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, განსაკუთრებულად მადლიერნი ვართ Capstone-ისა და ბატონ ირაკლი სარავას მხარდაჭერის, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა და კონსულტაცია გაგვიწია.


ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული სტარტაპები ერთმანეთთან თანამშრომლობენ: აი, Payze-ი მაგალითად, ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ჩვენი პლატფორმის გამოყენება დაიწყო. ჩვენ კი, ვაკანტური ადგილების გამოსაცხადებლად აქტიურად ვიყენებთ Temi Cloud-ს, ხოლო Kikliko-ს მეშვეობით, Theneo-ს გუნდის წევრების ყოველდღიური ონლაინ-კომუნიკაცია – უფრო სახალისოა. ნამდვილად მჯერა, რომ ადგილობრივი სტარტაპების, საჯარო და კერძო კომპანიების თანადგომის შედეგად ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები გლობალურ ბაზარს მარტივად მიაღწევენ.

 

რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ ე.წ. “Pre-seed” რაუნდში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ასევე საერთაშორისო ინვესტორებმა – ქართველი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი იგრძნობოდა, რაც ძალიან გვახარებდა.

 

ანა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

გამომდინარე იქიდან, რომ აქცენტი თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გავაკეთეთ, დღემდე ჩვენს პლატფორმას უმეტესად ამერიკული კომპანიები იყენებენ. სამომავლოდ გვსურს, რომ მომხმარებელთა რიცხვი და პლატფორმის გამოყენების არეალი კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა ჩვენი უმთავრესი გეგმა, რომ Theneo მილიონობით დეველოპერის მიერ ყოველდღიურად გამოყენებულ პლატფორმად იქცეს – რეალობად ვაქციოთ.


ამასთანავე გვსურს, რომ ხარისხიანი API დოკუმენტაცია, როგორც შიდა ისე საჯარო, აუცილებლობად იქცეს და ფუფუნებასა და იშვიათობასთან აღარ იყოს ასოცირებული, როგორც დღეს. მოკლევადიან გეგმას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, მთელი ჩვენი ყურადღება Demo Day-სკენ არის მიმართული: კომპანიებთან კოლაბორაციებსა და სხვადასხვა სახის ინტეგრაციაზე ვმუშაობთ და ინვესტირების შემდეგი რაუნდისთვის ვემზადებით. 

შესაძლებელია, რომ Theneo პირველი ქართული „იუნიქორნი“ გახდეს?

 

ყველაფერი შესაძლებელია. ქართულ სტარტაპებს შორის აუცილებლად გამოჩნდებიან ე.წ. „უნიქორნები“. ჩვენი მიზანია, რომ API-მენეჯმენტში ლიდერი კომპანია გავხდეთ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვიზამთ. თუმცა, ეს მხოლოდ მომხმარებლის თანადგომით და სიყვარულითაა შესაძლებელი –

YC-ის სლოგანიც ხომ სწორედ ესაა:

“Make something people want”

ავტორი: გიორგი არონია

ფოტო: Maikel Thijssen