ლიტერატურა სიახლეები კულტურა

აქილევსის სევდიანი სიმღერა

„საბა“

აპრილი 13, 2022

ლიტერატურა გმირების ამბის თხრობით, უფრო სწორად, სიმღერით დაიწყო. ფირფიტებზე ამოკითხული ლურსმნული წარწერები თუ ეგვიპტური პაპირუსები, გილგამეშის შუამდინარული ამბავი თუ ბერძნული ტროა, სკანდინავიური ნიბელუნგები თუ ქართული ვეფხი და მოყმე...გმირების ამბებია ლიტერატურის ერთი მნიშვნელოვანი, ძირეული ხაზი, გნებავთ, ხერხემალი.

მაგრამ დაფიქრებულხართ, როგორია გმირის არჩევანი, უფრო სწორად, გმირობის არჩევანი. ეს ბედისწერაა? შემთხვევითობა თუ მთელი ცხოვრების მიზანი?  

აქილევსი-ტროას ციკლისა და ჰომეროსის გენიალური პოემის მთავარი, ცენტრალური გმირი მადელინ მილერის ახალი რომანის გმირია. ეს მწერალი ქართულ ენაზე უკვე გავიცანით, თავისი შესანიშნავი რომანით „კირკე“. 



ანტიკურობაზე აგებული ბესტსელერების „კირკესა“ და „სიმღერა აქილევსზე“ ავტორი ამერიკელია, კლასიკური ფილოლოგიის წარმომადგენელი, რომელიც მწერლობის პარალელურად ძველ ბერძნულ ენას, ლათინურსა და შექსპირს ასწავლის უმაღლეს სკოლაში. მადელინ მილერის სამწერლო დებიუტი 2011 წელს შედგა სწორედ ამ რომანით მაშინ ის 33 წლისა იყო.

ლიტერატურისთვის მითოსური არქეტიპები აქტუალურობას არასდროს კარგავს, ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში შეიძლება რომელიმე მითიური გმირის ახალი სახე გავაცოცხლოთ, ახალი მიმართულება, განზომილება შევძინოთ. თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში მითოსური სახეების სიმრავლე ამის დასტურია.

მაშ ასე, რომანს „აქილევსის სიმღერა“ ჰქვია, შესაბამისად, ვიცით, რომელ პერსონაჟს გააცოცხლებს, ხელახლა წაიკითხავს და ჩვენც წაგვაკითხებს ავტორი. „სიმღერა“ - ვინ მღერის ამ სიმღერას? დიდი ბრმა აედი თუ აქილევსის რომელიმე თანამებრძოლი, იქნებ ყველაზე ახლო მეგობარი პატროკლოსი, რომლის გამოც ბრძოლის ველს გამორიდებული აქილევსი ხელახლა ჩაერთო ტროას ომში, რომელში გამარჯვებაც ეწერა და სიკვდილიც.


სინამდვილეში, ვინ არის გმირი? ვინ არის საუკეთესო მირმიდონელი? ნახევრადღმერთი აქილევსი, ოქროსფერი თმითა და მბრწყინავი კანით, რომელსაც ბრძოლის ნიჭი, საუკეთესოდ ყოფნის აუცილებლობა ქალღმერთი დედისგან დაჰყვა? თუ დევნილი უფლისწული პატროკლოსი, ჩრდილში მყოფი, შეუმჩნეველი და არასასურველი ბიჭი, კეთილი, მგრძნობიარე, მკურნალი?


წიგნში თხრობის რამდენიმე ხაზია, მათ შორის, ორი ძირითადი - სიყვარული და სიკვდილი ( ანუ ომი). სიყვარული, რომელიც ბედისწერაა, რომელიც ღრმა ბავშვობიდან იფურჩქნება და მერე აბსოლუტურ სისრულეს აღწევს -აქილევსისა და პატროკლოსის სიყვარული. ამ სიყვარულში ყველა გრძნობა, ურთიერთობის ყველა ფორმა ერთიანდება, პატროკლოსი აქილევსის მეგობარია, შეყვარებული, თანამოაზრე, თანამებრძოლი. არავის არ სწამს აქილევსისა ისე, როგორც პატროკლოსს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოქროსფერი ნახევარღმერთის ბნელი მხარეებიც სწორედ მან უწყის. და არავის უყვარს პატროკლოსი აქილევსივით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების მეგობარი ბოლომდე მაინც არ შეუცვნია. აქილევსი ოქროა, რომელიც ბრჭყვიალებს, პატროკლოსი კი- კლდე, რომელიც ალმასებს ინახავს.


ძალიან ყოფითი, ხელშესახები და ადვილადწარმოსადგენი ხდება მითოსური სამყარო, კენტავრი ქირონი, რომელიც აქილევსისა და პატროკლოსის აღმზრდელია, მშვენიერი ელენე, ცბიერი და ცოლზე შეყვარებული ოდისევსი, განრისხებული და ეგოისტი აგამემნონი, ქალღმერთი თეტისი, ზღვის სასტიკი ქალღმერთი.

ბევრი კითხვა ამ წიგნში, საერთოდ, რა არის სიკვდილი და რა არის სიყვარული? როგორია სიყვარული? სასტიკი თუ პირიქით, გულჩვილი, შემწყნარებელი? არის თუ არა სიყვარულში ადგილი სხვისთვის, რწმენისა და ნდობის გარდა, კიდევ რაა სიყვარული? იქნებ ყოველდღიური უნდობლობა? ვისთვის დაიწყო ომი? იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ გმირები გამობრწყინებულიყვნენ?


თანდათან, ყოველდღიურად, ყოველი ფურცლით ვუახლოვდებით სიკვდილს, რომლის შესახებ წინასწარ ვიცით, მაგრამ მაინც ასეთი გამოუცნობია, ვუახლოვდებით სიკვდილს, თუმცა სიყვარულის სიკვდილს არა, სიყვარული უკვდავია.

„სიბნელეში ორი აჩრდილი უიმედო, მძიმე ბინდში ერთმანეთისკენ მიიწევს. ხელებით ერთმანეთს ეხებიან და სინათლე წყალდიდობასავით ჩამოდის, თითქოს პირდაპირ მწიდან იღვრება“.



ავტორი: „საბა"