სიახლეები

The Guardian „ბორჯღალოსნებზე“

Rugby World Cup 2019

სექტემბერი 20, 2019

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის, ბრიტანული გამომცემლობა “The Guardian” მკითხველს ჩემპიონატის ყველა მონაწილე ქვეყნის გუნდის შესახებ ერთგვარ სახელმძღვანელოებს გვთავაზობს. წარმოგიდგენთ 17 სექტემბერს, ‘ბორჯღალოსნებზე’ გამოქვეყნებული მასალის ქართულ თარგმანს.

საქართველოს ნაკრების სახელმძღვანელო

გამოცდილებისა და ახალგაზრდული ენერგიის ნაზავით წარმოდგენილმა, ტრავმირებულმა ქართულმა რაზმმა მინდორზე ‘გორგოძილა’ დააბრუნა.  


მწვრთნელი - მილტონ ჰეიგი

ჯგუფი - D; მსოფლიო რანგი -12; ბოლო საუკეთესო მაჩვენებელი - Pool stage.


ბორჯღალოსნების მიზანია, ბოლო მსოფლიო თასზე მიღებული შედეგები მაინც გაიმეოროს, მაგრამ საქართველოსთვის, 2015 წელთან შედარებით, გაცილებით რთული იქნება იაპონიაში ორი ჯგუფური ეტაპის მატჩის მოგება.


ოთხი წლის წინ, ინგლისში, საქართველომ ორი მძიმე ბრძოლა მოიგო ტონგასა და ნამიბიის წინააღმდეგ. ამ ორმა გამარჯვებამ “ბორჯღალოსნები” საუკეთესო 12 გუნდს შორის მოახვედრა და, შესაბამისად, მომდევნო მსოფლიო თასის საგზურის შესარჩევის გარეშე განაღდება უზრუნველყო, რაც იმას გულისხმობდა, რომ მწვრთნელს - მილტონ ჰეიგს მიეცა ახალგაზრდა მოთამაშეების ევროპის ჩემპიონატზე გამოცდის შესაძლებლობა. ბოლო ოთხი წელი მოხმარდა კონკურენციის გაუმჯობესებას ისეთ მთავარ პოზიციებზე, როგორიცაა “მგეზავი” და მეორე ხაზი. 


ქართული რაგბი დიდწილად დამოკიდებულია ორ ჯგუფზე - მოთამაშეებზე, რომლებიც საფრანგეთში, ან ბრიტანეთში თამაშობენ და 20 წლამდელთა ნაკრები, რომელმაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოახერხა ადგილის შენარჩუნება მსოფლიოს საუკეთესო 12-ს შორის, დაამარცხეს რა იტალია, შოტლანდია, არგენტინა და ირლანდია. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ უფროსი გუნდის შემადგენლობაში, ისეთი გამოცდილი მოთამაშეები შედიან, როგორიცაა 115 კეპის მფლობელი დავით კაჭარავა და 19 წლის ჰუკერი ვანო ქარქაძე.


ჰეიგი საკმაოდ კმაყოფილია მზადებით და ამბობს, რომ მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა, 2015 წელთან შედარებით, მინიმუმ 25%-ით გაუმჯობესდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები არც ისე კარგად გამოიყურებოდა Pro 14 “Southern Kings” –ის წინააღმდეგ, რამაც საკმაო ღელვა გამოიწვია თბილისში. 


შემაშფოთებელი ნიშნები გაგრძელდა, როდესაც აგვისტოში, ‘ბორჯღალოსნებმა’ შოტლანდიას უმასპინძლეს - პირველი ნაკრები Tier 1-დან, რომელიც თბილისს ესტუმრა. როგორც წესი, ქართული დაცვა თავის პოზიციას მაღალი დონის გუნდებთანაც ინარჩუნებს - 2017 წლის ნოემბერში, ისინი უელსთან, ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ [Principality Stadium], 13-6 დამარცხდნენ. ბევრ ქართველ გულშემატკივარს იმის იმედი, რომ შეიძლება, უბრალოდ შეიძლება, მათმა გუნდმა 6 ერის დონეზე თამაში შეძლოს, გაუცრუვდა. ეს ოპტიმიზმი კიდევ უფრო განეიტრალდა, როცა შოტლანდიამ ერთის წილ 5 ჯარიმა გაიტანა დინამო არენაზე.



საქართველოს დიდი მოთამაშეები უმაღლესი დონის მოწინააღმდეგესაც უსწორდებიან, როცა საქმე სკრამს ეხება, მაგრამ ‘რაკის’ წმენდისა და თანაგუნდელების დახმარების შემთხვევაში, ხშირად მოისუსტებენ, რაც რამდენჯერმე დაფიქსირდა “Southern Kings”-სა და შოტლანდიასთან თამაშში. ‘ბორჯღალოსნებს’ დისციპლინაც გამოსასწორებელი აქვთ. საქართველო 14-ჯერ დაჯარიმდა შოტლანდიასთან თამაშის დროს, რაც ძვირად დაუჯდათ.


ქართველთა უკანა ხაზის [‘ბექების’] უმეტესობა ნახევრად პროფესიონალურ საშინაო შეჯიბრში თამაშობს (დიდი 10) და ყოველთვის ვერ იღებს ხარისხიან წინააღმდეგობას უნარების დასახვეწად. ჰეიგმა ნაკრებისთვის 17 ‘ფორვარდი’ და 14 ‘ბექი’ შეარჩია, ხოლო ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით გაახარა ამ შემადგნელობაში მამუკა გორგოძის ხილვამ. ტულონის მეორე ხაზელმა, 2017 წელს დაასრულა თავის საერთაშორისო მოვალეობები და დარწმუნებული იყო, რომ აღარასოდეს ითამაშებდა საქართველოსთვის. ჟურნალისტებსაც განუცხადა, რომ ახლა, ახალგაზრდა ბიჭების გამოჩენის დრო იყო, მაგრამ გამოირიცხა რა თამაშიდან გიორგი ცუცქირიძე ტრავმის გამო, ‘გორგოძილას’ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა.


საქართველო პირველ მატჩს, 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ ითამაშებს. მეორე თამაში ურუგვაის წინააღმდეგ იქნება, რომელთანაც ‘ბორჯღალოსნები’ 2003 წლის მსოფლიო თასზე დამარცხდნენ და ჰეიგი, ამჯერად, გამარჯვებას გეგმავს. მხოლოდ ოთხდღიანი შესვენების შემდეგ, ქართველები ფიჯის წინააღმდეგ დადგებიან. თუ 2015 წლის შედეგების გამეორებას ეცდებიან, ‘ბორჯღალოსნებისთვის’ აუცილებელი იქნება აქ გამარჯვება. გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და ფიჯელებმა ორჯერ გაიმარჯვეს. საქართველო აქამდე არასდროს შეხვედრია ავსტრალიას, ასე რომ, რაც ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში მოხდება, სწორედ ის იქცევა ისტორიად. 


სტატიის ავტორი - ლუკა ჩოჩუა, სპორტის მიმომხილველი და ტელე-წამყვანი, პირველი არხი

თარგმანი - ნინო კაკიაშვილი