ტექნოლოგია სიახლეები

9 სექტემბერი - ტესტერთა საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 9 სექტემბერს, ტესტერები მათი პროფესიული დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ყველა კუთხეში იკრიბებიან.

სექტემბერი 02, 2021

ამ დღეს, ისინი, რაც უნდა უცნაური იყოს, ერთ ჩვეულებრივ ჩრჩილს უნდა უმადლოდნენ. ყველაფერი „ჰარვარდში“ დაიწყო: კომპიუტერი Mark II, რომელზეც უნივერსიტეტის მკლევარები მუშაობდნენ, გამუდმებით ითიშებოდა, მაგრამ შეფერხების მიზეზი ვერავის გაერკვია. მოგვიანებით, 1947 წელს, „ჰარვარდის“ მეცნიერთა გუნდის ქალმა პროგრამისტმა, გრეის ჰოპერმა კომპიუტერის ერთ-ერთ ნაწილში ჩრჩილი, ე.წ. „ბაგი“ იპოვა - კომპიუტერის შეფერხება სწორედ ჩრჩილს დაბრალდა. მას მერე, 9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, მას მერე, რაც ქვეყანაში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. 


ტესტერებს შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ - ციფრული პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე პასუხს სწორედ ისინი აგებენ. მათ მთავარი მოვალეობას პროგრამული ხარვეზების წარმოქმნის პრევენცია წარმოადგენს - ამისათვის, ისინი პროდუქტს არაერთგზის ამოწმებენ და მას და დამკვეთების მოთხოვნებს შორის შესაბამისობას ადგენენ. ტესტერთა გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფა ერთი დიდი აბდაუბდა იქნებოდა!

 

ტესტერთა საერთაშორისო დღის აღნიშნვამ საქართველოში თავიდანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დეველოპერულ კომუნაში, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ონლაინ-ფორმატში. 

მომხსენებელთა გამოსვლების გარდა, ღონისძიებაზე პანელური დისკუსიებიც გაიმართება, რომლის დროსაც, მოწვეული სტუმრები Agile გარემოში წარმატებული ავტომატიზაციის მოდელებზე ისაუბრებენ. ამჯერად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ GeoSTQB-ის თანადაფუძნებელი - ანანო ამირანაშვილი, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, ალინა ტყაბლაძე, GeoSTQB-ის ინოვაციების საბჭოს წევრი - დავით დანელია, თიბისი ფეის QA გუნდის ლიდერი - გიორგი შავკაციშვილი და GeoSTQB-ის ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა საზუაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ტესტირების ავტომატიზაციასთან დაკავშირებული ეს თემები ქართულ რეალობაში ასე საფუძვლიანად არასდროს განხილულა, რაც ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. 


საქართველოში პროგრამული ტესტირების შესწავლის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება - სწორედ ამიტომ, ღონისძიების ნაწილი ტესტირების შემასწავლებელ ქართულ პლატფორმებს - თიბისი IT აკადემიას, GITA-ს, Epam Georgia-ს და Softfan-ს დაეთმობა, რა დროსაც, მათი წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. 

 

„QA პროფესიონალებზე მოთხოვნა საქართველოში დღითიდღე იზრდება: თუკი ორიოდე წლის წინ, ყოველთვიურად, ბაზარზე სამი-ოთხი ვაკანსია იყო, დღეს კომპანიებს, ყოველ თვე, საშუალოდ, თოთხმეტამდე სპეციალისტი სჭირდებათ. სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იცვლება, როგორც დამსაქმებელთა მიდგომები, ახალი კადრების შერჩევისა და ძველი კადრების შენარჩუნების კუთხით, ასევე სახელფასო მოლოდინები“,


GeoSTQB-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნათია სირბილაძე. 

საქართველოში, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება. ტესტირების მიმართულებით არსებულ ამ და სხვა ღონისძიებებს საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ატარებს რომელიც პროგრამული ტესტირების საერთაშორისო საკვალიფიკაციო საბჭოს (ISTQB) ოფიციალური წარმომადგენელია. საბჭოს უმთავრესი მიზანი ქვეყანაში ტესტირების შესახებ ცნობიერების გაზრდაა, რასაც ისინი სხვადასხვა სახის აკადემიური და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით, მათ შორის ტრენინგების, მასტერ-კლასებისა და პანელური დისკუსიების მხარდაჭერით ცდილობენ. საქართველოში საბჭოს დაარსების იდეა საჭიროებამ წარმოქმნა - ორიდე წლის წინ, საქართველოში, არც სათანადოდ კვალიფიციური კადრები იყო და, არც ბიზნესი აღიარებდა ტესტირების პროცესის აუცილებლობას.

 

ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 სექტემბერს, დღის პირველ საათზე დაიწყება - ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. თუკი ამ სტატიის კითხვისას იფიქრეთ, რომ პროგრამული ტესტერობა თქვენი კრედოა - ამ ბმულზე დარეგისტრირდით

ავტორი: გიორგი არონია