ტექნოლოგია

დღეს ტესტერთა საერთაშორისო დღეა: გრეის ჰოპერიდან - თიბისიმდე

სექტემბერი 09, 2021

9 სექტემბერი ის დღეა, როცა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები დეველოპერების მსოფლიო კომუნის ყურადღების ცენტრში ექცევიან. ტესტერთა საერთაშორისო დღე დასაბამს 1947 წელს იღებს, როცა „ჰარვარდის“ მეცნიერებს თავს ერთი ფრიად უცნაური ამბავი გადახდათ - ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. კომპიუტერი Mark II, რომელზეც მეცნიერები გარკვეულ ოპერაციებს ასრულებდნენ, შეფერხებით მუშაობდა, მაგრამ ამ პრობლემის სათავესთვის ვერავის მიეკვლია. მოგვიანებით, შეფერხების მიზეზი ქალმა პროგრამისტმა, გრეის ჰოპერმა აღმოაჩინა - კომპიუტერის ერთ-ერთ ნაწილში ჩრჩილი გაჭედილიყო, რომელსაც ინგლისურად „ბაგს“ უწოდებენ.


„თიბისის“, GITA-ს და პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს (GeoSTQB) სურვილითა და ძალისხმევით, ტესტერთა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აქტუალურ მოვლენად იქცა. ისე კი, ტესტერთა კომუნის გარეშე, ვერც დღესასწაული იარსებებდა. თიბისი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომლის ფუნქციონირება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა გარეშე წარმოუდგენელია - კომპანიაში ტესტერთა მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ნათლად ჩანს კომპანიის საორგანიზაციო სტრუქტურაში. 



ტესტერები იდეალურად ეწყობიან კორპორატიული დაგეგმარების თიბისის მიერ აპრობირებულ ეჯაილ სტრუქტურას - ჯამში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში კომპანიის 80-ზე მეტი გუნდია ჩართული და ტესტერები ამ გუნდების უცვლელი წევრები არიან. თავის წილ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები „ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონში“ ერთიანდებიან და ორგანიზაციის მასშტაბით საკუთარი კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნავენ. საერთო ჯამში, ლეგიონში 80-ზე მეტი ტესტერი და 50-მდე ინჟინერია დასაქმებული.

 

ტესტერებს შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ - ციფრული პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე პასუხს სწორედ ისინი აგებენ. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერების, იგივე მანუალ-ტესტერების ყოველდღიური მოვალეობაა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქტი - უხარვეზო იყოს. ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრებს განსხვავებული როლი აქვთ: წინასწარ შექმნილი სკრიპტების დამხარებით, ისინი ტესტირების პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობენ, რაც, თავის წილ, ადამიანური რესურსის ენერგიას ზოგავს და Time to Market-ის მაჩვენებელს ამცირებს. საერთო ჯამში, ტესტერები პროდუქტს არაერთხელ ამოწმებენ და მას და დამკვეთების მოთხოვნებს შორის შესაბამისობას ადგენენ. ტესტერთა გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის ბადეში გარკვევა - წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. 

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებისა და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების გარდა, თითოეულ ეჯაილ გუნდში იმ პროფესიის ადამიანები გვხვდებიან, რომლებიც, ერთობლივად, ტექნოლოგიური კომპანიის სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან - საუბარია ანალიტიკოსებზე, დეველოპერებსა და სხვა როლების მქონე ადამიანებზე. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტის საბოლოო ვერსიაზე გუნდი სრული შემადგენლობით მუშაობს, ტესტერები განვითარების ყველა ფაზაში აქტიურად ერთვებიან. თუმცა, პირადად მათი უნიკალური უნარების აუცილებლობა, პროდუქტის ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის შემდეგ ჩნდება. ამ დოკუმენტის მიხედვით ტესტერები ე.წ. „ტესტ-ქეისებს“ ადგენენ, რომელთა მიხედვით, მოგვიანებით, პროგრამულ უზრუნველყოფას ტესტავენ. ამ პროცესის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ისინი დეველოპერებს ატყობინებენ, რომლებიც მათ გამოსწორებას იწყებენ. მოგვიანებით, იგივე ფუნქციონალს ტესტერი ხელახლა ამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ წინარე შეცდომა აღმოფხვრილია. 

მოდი, ტექნიკური პროცესი მარტივად ავხსნათ: წარმოიდგინეთ, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ფუნქციონალს ახალი ტიპის გრაფიკი ემატება. მუშაობას, გუნდი ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნით იწყებს, რომელშიც ფუნქციონალის შესაცვლელად საჭირო პროგრამული ცვლილებები დეტალურად აღიწერება. მოგვიანებით, ტესტერი დოკუმენტს ეცნობა და მასზე დაყრდნობით, პროგრამული ცვლილების მისაღწევად საჭირო მოქმედებათა ერთგვარ ალგორითმებს, ანუ ე.წ. „ტესტ-ქეისებს“ ადგენს. მოგვიანებით, ტესტერი და გუნდის სხვა წევრები ახალი ტიპის გრაფიკის შესაბამისი ქეისების სიმრავლეს ერთობლივად განიხილავენ და სხვადასხვა პროდუქტის ჭრილში მათ ტესტირებას იწყებენ. ამ პროცესის ბოლოს დგება ტესტირების ოქმი, რომელშიც ყველა ქეისის ტესტის შედეგი აისახება.

 

„თიბისის“ შიდა საორგანიზაციო ჭრილში, ტესტირების პროცესის მნიშვნელობას ყველაზე ნათლად კომპანიის თანამშრომლები აცნობიერებენ. „პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე ზრუნვა აუცილებელია იმ ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელშიც იქმნება ან იცვლება პროგრამული უზრუნველყოფა. ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესის განუყოფელი ნაწილია. „თიბისიში კლიენტის კმაყოფილებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ - ჩვენი ტექნოლოგიური პროდუქტების სიმრავლიდან გამომდინარე, მომხმარებლის კმაყოფილებას მნიშვნელოვნად განაპირობებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი. ამის გამო, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების განვითარება - „თიბისის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნავს პარტნიორი ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ალექსანდრე ისკონიანი. 


აღსანიშნავია, რომ პროგრამული ტესტირების მიმართულება „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია, როგორც შიდა საორგანიზაციო ჭრილში, ასევე საგანმანათლებლო დონეზე. თიბისი IT აკადემიაში, რომელიც თიბისის“კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაშიერია, მსურველებს ტესტირების ავტომატიზაციის ხუთთვიანი კურსის გავლა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ და მეტიც - კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ TBC ჯგუფის წევრ კომპანიებში დასაქმდნენ. თუკი მიგაჩნიათ, რომ ტესტირების ავტომატიზაციის კურსი სწორედ ის არის, რაც თქვენს კარიერას სჭირდება, ამ მბულს მიჰყევით და დარეგისტრირდით.