ოქტომბერი 20, 2022
პლატფორმები, რომელთაც თიბისი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის იყენებს
რახანია, რაც თიბისი მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი აღარ არის - ის არის კომპანია, რომლის მთავარ მიზანს მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება წარმოადგენს, ყველა მიმართულებით და ნებისმიერ დროს. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი ამბიციური მიზანი, განსაკუთრებით ჩვენსავით სწრაფად ცვალებად სამყაროში, გამართული, სწრაფი და ეფექტიანი მრავალშრიანი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას მოითხოვს.
ბოლო წლებში, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით არსებული პროცესები მეტად კომპლექსური და არაეფექტიანი გახდა, რამაც თიბისის მრავალმხრივი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისკენ უბიძგა.
„თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ერთადერთი გზაა, რომელიც კომპანიას საკუთარი მისიის შესრულების შესაძლებლობას აძლევს“.
ნიკა მამულაშვილი
თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი
ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარ ვექტორად, თიბისიმ ინჰაუსიზაცია აირჩია, ანუ მიდგომა, როცა კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები კომპანიის შიგნიდან მართავენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, თიბისის დიდძალი ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გენერირების საშუალებას მისცემს.
თიბისიში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის წარმატებაზე მიუთითებს „ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორის“ ჯილდოც, რომელიც თიბისიმ მსოფლიოს წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიისგან, ამერიკული Kong-ისგან მიიღო.
„ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. თიბისის მიზანია, რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია იყოს, რისთვისაც საკმაოდ კომპლექსურ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გავდივართ.
Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი, კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და
ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა. ჩვენს მომხმარებელს ცხოვრება მეტად რომ გავუმარტივოთ, ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში უახლესი საერთაშორისო პრაქტიკებისა და გადაწყვეტების დანერგვას ვაგრძელებთ“.
ბიბი მაცაბერიძე
თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოსთვის, თიბისიში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია უნიკალური მოვლენაა, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამასთანავე, თიბისი სოციალურად პასუხისმგებლობიანი კომპანიაც არის, რომელსაც სურს, რომ საკუთარი უნიკალური გამოცდილება სხვა კომპანიებს და საზოგადოებას გაუზიაროს. ამგვარად, უპრიანი იქნება, თუ თიბისიში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებს და თიბისის მიერ დანერგილ გადაწყვეტებს დეტალურად მიმოვიხილავთ.
Kong-ის API-Gateway-პლატფორმა
ამერიკული Kong-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში აქტიურადაა ჩართული. მიმდინარე წლის თებერვალში, თიბისისა და Kong-ს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა გაჩაღდა: თიბისის სურდა, რომ პარტნიორად ისეთი კომპანია შეერჩია, რომელიც ბანკში არსებული API-ების გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პლატფორმაზე წვდომის გარდა, მას API-მენეჯმენტის პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის სტრატეგიას შესთავაზებდა. აღნიშნული პარტნიორობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თიბისიმ ინოვაციური პროცესების ოპტიმიზება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა.
„Kong-ის API-Gateway-პლატფორმის Developer portal-ის მეშვეობით კონკრეტულ API-დოკუმენტაციაზე წვდომის მიღების პროცესი მარტივდება, ხოლო დეველოპერები უფრო ეფექტიანად მუშაობენ, რადგან მათ ბიუროკრატიული წინაღობების გადალახვა აღარ უწევთ. Kong-ის საშუალებით, ყოველგვარი დეველოპმენტის გარეშე, შეგვიძლია ბანკში უკვე არსებული API-ების იმ ნაწილების გამოქვეყნება, რომლებიც კონკრეტული ამოცანისთვის გვჭირდება“.
დავით კოჩალიძე
თიბისის Cloud პლატფორმების ჯგუფის უფროსი
Dynatrace-ის მონიტორინგის პლატფორმა
თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Dynatrace-ის მონიტორინგის პლატფორმის ინტეგრაციაა, რომელიც თიბისის ყოველდღიურ საქმიანობას საგრძნობლად ამარტივებს. Dynatrace-ის დახმარებით, თითოეული სერვისზე ცალკე მონიტორინგის გამართვა აღარ გვჭირდება, რადგან ამას ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმა ავტომატურად აკეთებს და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ გვატყობინებს. თანაც, Dynatrace-ში გვაქვს მენეჯმენტის ზონების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივი კონფიგურაციის მეშვეობით გუნდებს მივცეთ საკუთარი სერვისების მონიტორინგის მძლავრი ინსტრუმენტი.
„წარმოიდგინეთ სერვისი, რომლის პასუხის დრო საშუალოდ ასი მილიწამია - ამ მაჩვენებელს, Dynatrace-ი საბაზო ხაზად აღიქვამს. თუ მოგვიანებით, პასუხის დრო დაშვებულზე მეტად გაიზარდა, Dynatrace-ი ხვდება, რომ სისტემაში ხარვეზია და მის შესახებ შესაბამის გუნდს ატყობინებს და ეუბნება, რომ, აი, ეს კონკრეტული სერვისი, პასუხის დროის დეგრადაციას განიცდის, და ამასთან ერთად, დიდი სიზუსტით მიგვითითებს მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვია ამ დროის გაზრდა.
ამრიგად, Dynatrace-ის საშუალებით მცირდება პრობლემის კვლევისთვის საჭირო დრო და იზრდება ხარვეზების პროგნოზირების შესაძლებლობა, რაც საშუალებას გვაძლევს პრობლემა იქამდე აღმოვფხვრათ, ვიდრე მას მომხმარებელი იგრძნობს“.
დავით კოჩალიძე
თიბისის Cloud პლატფორმების ჯგუფის უფროსი
OpenShift-ის კონტეინირების მენეჯმენტ-პლატფორმა
„ასეთი სცენარი წარმოიდგინეთ: დეველოპერი საკუთარ კომპიუტერზე დაწერილ პროგრამას ადმინისტრატორს აძლევს, ის კი მას ვერ რთავს - ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზად სხვადასხვა მოწყობილობებზე არსებული განსხვავებული კონფიგურაციები სახელდება. აი, სწორედ აქ გვეხმარება „კონტეინერიზაცია“ - პროცესი, რომელიც დეველოპერს საშუალებას აძლევს, რომ ყველაფერი, რაც პროგრამას გასაშვებად სჭირდება, ერთ კონტეინერში მოათავსოს.
კონტეინერების მართვისთვის OpenShift-ს ვიყენებთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის კონტეინერის გაშვების და კონტეინერების რესურსების, მათ შორის CPU-ს დატვირთულობის და მეხსიერების ათვისების განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. ამასთანავე, პლატფორმა მოხმარების ზრდასაც პასუხობს და კონტეინერებს საჭიროებისამებრ ამატებს“.
დავით კოჩალიძე
თიბისის Cloud პლატფორმების ჯგუფის უფროსი
როგორც თიბისიში ამბობენ, კონტეინერიზაციას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს: დარწმუნებულობა, რადგან კონტეინერის გაშვების შემთხვევაში, აპლიკაცია ყველა პლატფორმაზე ერთნაირად იმუშავებს; ეფექტიანობა, რადგან OpenShift-ის პლატფორმა თავად ხვდება, თუ როდის უნდა დაამატოს ახალი კონტეინერი და როდის - წაშალოს; და სისწრაფე, რომელსაც OpenShift-ისთვის დამახასიათებელი მიკროსერვისული არქიტექტურა უზრუნველყოფს.
Azure DevOps-ის ე.წ. „ფაიფლაინები“
თავისთავად ცხადია, რომ თიბისის მსგავსი დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ახალ-ახალ სერვისებს ყოველდღიურად ტესტავენ, ამ პროცესის დიდ ნაწილს ავტომატურად ახორციელებენ. აპლიკაციების გასაშვებად საჭირო პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, თიბისიში Microsoft-ის ქლაუდ-სერვისის, Azure DevOps-ის პლატფორმაზე დაშენებულ ე.წ. „ფაიფლაინებს“ იყენებენ, რომლებიც დეველოპერებს პროდუქტების შექმნას და გაშვებას უმარტივებს.
თავისი არსით, ე.წ. „ფაიფლაინი“ ყველა იმ ავტომატიზირებულ პროცესსა და ხელსაწყოს გულისხმობს, რომელთა გამოყენება დეველოპერებს კოდის დაწერიდან პროდუქტის საბოლოო გაშვებამდე სჭირდებათ. როგორც წესი, ე.წ. „ფაიფლაინების“ მიმართულებით, დეველოპერები ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: მუდმივ ინტეგრაციასა (ინგლ. Continuous Integration – CI) და მუდმივ მიწოდებას (ინგლ. Continuous Delivery), ან მუდმივ ინსტალაციას (ინგლ. Continuous Deployment - CD) ასახელებენ. აღნიშნული პროცესების გამოყენებით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პროცესი უფრო სწრაფი, საფუძვლიანი, გამართული და ეფექტიანი ხდება.
Aqua Security-ის კონტეინერების უსაფრთხოების დაცვის პლატფორმა
გამომდინარე იქიდან, რომ თიბისიში კონტეინერიზაციას აქტიურად მიმართავენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ამ კონტეინერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათში არსებული მოწყვლადობების აღმოჩენა, რასაც Aqua Security უზრუნველყოფს.
„წარმოიდგინეთ, რომ კონტეინერი ოპერაციული სისტემაა, რომელშიც ჩაშენებულია ყველა ის კომპონენტი, რაც აპლიკაციის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ხშირად, კონტეინერებში სხვადასხვა ტიპის ბაგებსაც ვხვდებით. Aqua Security-ის პირველად დანიშნულებას ამ კონტეინერების სკანირება წარმოადგენს, რის მერეც, პლატფორმა გვეუბნება, რომ კონტეინერის რომელიღაც კომპონენტი მეტად რისკიანია - ჩვენთვის ეს კრიტიკული ინფორმაციაა, რომელიც სისტემის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში გვეხმარება“.
დავით კოჩალიძე
თიბისის Cloud პლატფორმების ჯგუფის უფროსი
AWS DDoS-ის უსაფრთხოების ფარი
ბოლო წლებში, გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მომსახურების დაბლოკვის მიზნით განხორციელებული განაწილებული შეტევების (DDoS) რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც კომპანიებს აიძულებთ, საკუთარი ტექნოლოგიური უსაფრთხოების ბიუჯეტები გაზარდონ.
„თიბისის გარეთა ტრაფიკი Amazon Web Services-ის მეშვეობით გადის და მას აქვს ის აპარატურა, რომელსაც შეუძლია, რომ ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციული წნეხი, ანუ DDoS-შეტევა, საკუთარ თავზე აიღოს. ჩვენთვის, AWS DDoS-ი ერთგვარი უსაფრთხოების ფარია, რომელიც გარეთა საფრთხეებისგან მუდმივ რეჟიმში გვიცავს“.
დავით კოჩალიძე
თიბისის Cloud პლატფორმების ჯგუფის უფროსი
მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია კომპლექსური პროცესია, რომელიც კომპანიის შიგნით არსებული მრავალი დანაყოფის ჩართულობას და დიდძალი ენერგიისა და რესურსების ინვესტირებას გულისხმობს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია დროში გამოცდილი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა.
თიბისიში დანერგილი ყველა ეს სერვისი, რომელთა შესახებ ამ სტატიაში გიამბეთ, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის - კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხელსაწყოების გარეშე, თიბისის და ზოგადად ნებისმიერი კომპანიის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, უბრალოდ, შეუძლებელია.