ტექნოლოგია

კიდევ უფრო გაციფრულებული ციფრული კომპანიები

ყოველდღიურმა რუტინამ ახლა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. ამ ახალ რეალობაში განსაკუთრებული როლი მიენიჭა კომპანიებს, რომელთა გადაწყვეტილებაც ადამიანების ყოველდღიურობაზე აისახება.

მარტი 21, 2020


დღეს მსოფლიო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რადგან ადამიანებს განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრება გვიწევს. ყოველდღიურმა რუტინამ ახლა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა . ამ ახალ რეალობაში განსაკუთრებული როლი მიენიჭა კომპანიებს, რომელთა გადაწყვეტილებაც ადამიანების ყოველდღიურობაზე აისახება.



არსებული მდგომარეობის გამო საინტერესო გადაწყვეტილებების მიღება უწევთ საერთაშორისო კომპანიებსაც, მათ შორის ტექნოლოგიურ გიგანტებს. ჩვენ გაგაცნობთ, თუ როგორ პასუხობენ ისინი ამ პერიოდის გამოწვევებს და რა მეთოდებს მიმართავენ. 


ტექ-კომპანიების შემთხვევაში ახალი რეალობა ტექნიკურად შედარებით მარტივი დასაძლევია, რადგან არავინ იცის მათზე უკეთ როგორ მართონ ციფრული სამყარო. შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 



Twitter-მა თავის ყველა თანამშრომელს განუცხადა, რომ მუშაობა სახლიდან გააგრძელონ და ოფისებში არ გამოცხადდნენ. კომპანია აპირებს, რომ წლების წინ დაწყებული ინიციატივა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს და დისტანციურად მუშაობის კულტურა კიდევ უფრო გააუმჯობესოს. მსოფლიოს მასშტაბით ამერიკულ კომპანიას 5000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომლებსაც კომპანია ყველანაირ პირობას შეუქმნის იმისთვის, რათა უსაფრთხოება დაიცვან და სახლიდან თავისუფლად იმუშავონ.


თვითერის HR-ის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ისინი შეიმუშავებენ ახალ ტექნოლოგიურ სერვისებს, რათა დისტანციურად მუშაობა არამხოლოდ ამ პერიოდში, არამედ მომავალშიც შესაძლებელი იყოს დაბრკოლებების გარეშე. 

Google-ს წლების განმავლობაში ათასობით დისტანციური თანამშრომელი ჰყავდა, თუმცა ახლა თითქმის მთელ გუნდს დართო ნება სახლიდან ემუშავათ.


რა საკვირველია, ამ კომპანიის თანამშრომლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან მათი სერვისები მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადია. ისინი დაცულ სერვერის დახმარებით შეასრულებენ სამუშაოებს, საკონტაქტოდ კი Gmail-სა და Hangout-ს გამოიყენებენ, ისევე როგორც Google Drive-ს. 

გარდა ამისა, Google-მა თავისი რუკის აპლიკაციის დახმარებით, ბიზნესებს საშუალება მისცა აკონტროლონ საკუთარი ბიზნესის მონაცემები, მომხმარებლებს მიაწოდონ განახლებული, შეცვლილი მონაცემები და მუდმივად გადაამოწმონ ახლომდებარე დაწესებულებების სტატუსი. ამისათვის საჭიროა კომერციულმა ორგანიზაციებმა განაახლონ My Business პროფილი და ადმინისტრაცია უმოკლეს დროში შეცვლის მონაცემებს. 

საგულისხმოა ისიც, რომ Google-ს თავისი ყველაზე მასშტაბური ტექ-ღონისძიების გაუქმებაც მოუწია კორონავირუსის საფრთხის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ივენთი მაისის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი. 

Uber-მა მიწოდების სერვისის მიმართულებით ყველა კვების ობიექტისთვის გააუქმა საკომისიო გადასახადი და მიტანის საფასური, რათა დაეხმაროს კომერციულ წერტილებს ფინანსური ზარალის შემცირებაში.


გარდა ამისა, კომპანია აპირებს გააძლიეროს მიზნობრივი სოციალური მარკეტინგი როგორც აპლიკაციაში, ისე სხვა პლატფორმებზე, რათა დაეხმაროს რესტორნებს გაყიდვების გაზრდაში.


გარდა ამისა, Uber-მა თავისი თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა და მათთან კომუნიკაციას Zoom-ის საშუალებით ინარჩუნებს. 

Facebook-მა 20 მლნ $ გამოყო კორონავირუსთან საბრძოლველად, რათა დაეხმაროს მეცნიერებს ვაქცინის დროულად შექმნაში, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსისგან იხსნის.


ეს ფეისბუქისთვის პირველი დონაცია არ არის მსგავსი პროექტებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც გლობალური და გიგანტური კომპანია გახდა, პირველად დაითხოვა ყველა თანამშრომელი ოფისიდან და სახლიდან მუშაობა შესთავაზა.


დისტანციური სამუშაო რეჟიმი 10 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ფეისბუქი საკუთარ სამუშაო პლატფორმას Workplace-ს გამოიყენებს, რათა დისტანციურად მართოს პროცესი.


Workplace არის უნიკალური პლატფორმა სახლიდან მუშაობისთვის, რადგან ის იძლევა წვდომას ყველანაირ შესაძლებლობაზე თანამშრომლებისთვის დავალებების მისაცემად და გასაკონტროლებლად. ამავე პლატფორმას აქვს სხვადასხვა ხელსაწყოებთან ინტეგრაციის ფუნქცია, როგორიცაა Dropbox, Google Drive, Zoom, Trello და სხვა. 


Workplace­-სს უკვე იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან AirAsia, Walmart, Heineken, Spotify და სხვა მრავალი.


პარალელურად, ფეისბუქი აქტიურად ებრძვის კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და ყველა Fake News-ს ბლოკავს, რათა მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ. 


ჩინურმა ელექტრონული კომერციის გიგანტმა Alibaba-მ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საოცარი სისწრაფით შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც Covid-19-ის ამოცნობა რამდენიმე წამში, 96%-იანი სიზუსტით შეუძლია.


კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ინოვაციას 20 წამი სჭირდება, რათა ვირუსი ამოიცნოს. სისტემა მკერდის რენტგენის დახმარებით აერთიანებს შეგროვებულ მონაცემებს და წარმოუდგენელი სისწრაფით ახდენს დიაგნოსტირებას. ინოვაციამ უკვე ჩააბარა პირველი ტესტირება და 5000 შემთხვევაში ზუსტად გამოიცნო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ 100-მდე ჩინური სამედიცინო დაწესებულება უკვე მუშაობს Alibaba-ს ტექნოლოგიური ინოვაციის ინტეგრირებაზე საკუთარ დაწესებულებებში. როგორც კომპანია იტყობინება, ამ სისტემაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ, თუმცა უკვე შექმნილი ალგორითმი საკმარისია იმისთვის, რომ დიაგნოზირების პროცესი 100-ჯერ დააჩქაროს. 


მოსალონდელია, რომ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ტექნოლოგიური სიახლე გამოჩნდება ბაზარზე, რომელიც გაამარტივებს როგორც სახლიდან მუშაობის პროცესს, ასევე ვირუსთან ბრძოლას.


გარდა ამისა, ალიბაბას მფლობელმა აშშ-ს კორონავირუსის დამდგენი 500 000 ტესტი და 1 მლნ. პირბადე უფასოდ გადასცა, რათა ქვეყანას ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.


კომპანიამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გადაწყვიტა სპეციალური პლატფორმა შეექმნა, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ლოკაციებსა და რაოდენობას ითვლის.


სისტემა Bing.com-ის სერვერზე მუშაობს და მას აქვს სპეციალური რუკა, რომელიც აჩვენებს, რომელ ქვეყანაში რა რაოდენობის შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენი აქტიური ქეისია რეალურ დროში, რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა და რამდენი შემთხვევა დასრულდა ფატალურად.


Covid-19 Tracker-ი მუდმივი განახლების პროცესშია და უწყვეტად აკვირდება გავრცელების სისწრაფეს. Microsoft ინფორმაციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით იღებს, როგორებიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ევროპული დაავადების კონტროლის ცენტრი. 


სხვა სიკეთეებთან ერთად, პლატფორმა მობილურებზე იდეალურად არის მორგებული და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით მიიღოს ჩაშლილი ინფორმაცია.


გარდა ამისა, კომპანიამ ვირუსის გავრცელების მაღალი ალბათობის გამო, თანამშრომლების დიდ ნაწილს სახლიდან მუშაობა ურჩია და ათასობით დასაქმებული დისტანციურ მართვაზე გადაიყვანა, მათ შორის აშშ-ში, აზიურ ქვეყნებსა და ავსტრალიაში. 


Apple 

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექ-კომპანია კორონავირუსის პანდემიად „უპრეცედენტო მოვლენად“ აფასებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს.


Apple-მა ჩინეთში ყველა არსებული საწარმო და ოფიციალური მაღაზია ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზევე დახურა. ამჯერად, ტიმ კუკის გადაწყვეტილებით, კომპანია უვადოდ ხურავს ყველა მაღაზიას აშშ-ში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების ალბათობა ძალიან მაღალია.


გარდა ამ გადაწყვეტილებისა, კომპანიას სურს დაეხმაროს მსოფლიოს Covid-19-ის დამარცხებაში და ამისთვის 15$ მლნ უკვე გამოყო, თუმცა როგორც აანონსებენ, დონაცია კიდევ გაიზრდება. თანხის შეგროვება დაიწყეს თანამშრომლებმაც, რომლებიც თვლიან, რომ მსოფლიოს დახმარება მათი მოვალეობაა.


პარალელურად, ამერიკულმა კომპანიამ გლობალური ოფისებიდან თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა.


გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის როდის დასრულდება პანდემია, შესაძლოა კომპანიამ ახალი iPhone 12-ის პრეზენტაცია სექტემბრის ნაცვლად წელიწადის სხვა დროს გამართოს ან 2021 წლამდე გადადოს. ეს კომპანიისთვის დიდი ფინანსური დარტმა იქნება, თუმცა ტიმ კუკის თქმით, ახლა მთავარია მსოფლიოს ეს გამოწვევა ერთიანობით დასძლიოს. 


ავტორი: დიმიტრი სანაია