ტექნოლოგია

თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება — რას ველოდებით

ივნისი 23, 2023

7 ივლისს, აქსის თაუერსში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება. ღონისძიებაზე საერთაშორისო თუ რეგიონალურ გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Google, AWS, თიბისი  და ა.შ. წელს კონფერენციაზე 4 სცენა იქნება და სპიკერები 4 ძირითადი თემის გარშემო ისაუბრებენ —ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps. 

"ღონისძიების მიზანია IT სფეროს წამყვანი ტექნოლოგიური ტრენდების, გამოწვევების, სიახლეების, წარმატების ისტორიების შესახებ ქართულ ბაზარს პირველწყაროებიდან მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად, ამ კონფერენციაზე ჩამოგვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათი კლიენტები და ამასთან, გვექნება ქვეყნისთვის და რეგიონისთვის სპეციფიკური კონტენტი"

— ამბობს ნინო გვაზავა. 


HTS-ის CEO-ს თქმით, ღონისძიების ღირსება კონტენტის ხარისხი და შინაარსია. წლავანდელ კონფერენციაზე ჩამოდის Google-ის წარმომადგენელი და ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის ტრენდებზე, გენერაციულ AI-ზე; AWS-იდან ისაუბრებენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და სწრაფი, ეფექტიანი მიგრაციის გზებზე, Toyota Europe-ის სპიკერი კი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ციკლზე და ამ ციკლის გამოწვევებზე ისაუბრებს. 

"გარდა გლობალური ტრენდებისა, რეგიონისა და ქვეყნის კონტექსტში კლიმატის შემქმნელ პროექტებზე ვისაუბრებთ. DevOps-ის სცენაზე კი ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოპები იქნება, რომელსაც თიბისი გაუძღვება". 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის  სტატუსით მონაწილეობს. ზემოხსენებულ DevOps-ის სცენაზე თიბისის ტექ გუნდი 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ნინო გვაზავა აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში კლიმატის შემქმნელი ტექნოლოგიური კომპანიის გამოცდილების გაზიარების პრეცედენტი პროდუქტიული და სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

იური სემენიხინი გვიყვება, რომ თიბისი საკმაოდ მსუყედაა წარმოდგენილი ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე და სხვადასხვა პოზიტიური ცვლილების წინაპირობასაც ქმნის. Change Inspire-ის მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერა კი კომპანიაში ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობის კარგად გააზრების შედეგია. 

"IT აკადემიის არსებობით ტექნოლოგიურ განათლებაზე ზრუნვა, კომუნების შენება, ტექ. საზოგადოების, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისა და ღონისძიებების მხარადაჭერა — თიბისის ამ ყველა ნაბიჯის უკან დგას ის, რომ კარგად გვესმის ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა. თიბისი ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და ჩვენი დიდი ნაბიჯი თუ ნახტომი აქ არის ის, რომ ტოპ მენეჯმენტის დონეზეა გადაწყვეტილი ეს ხედვა და ეს საჭიროება არ მოდის მხოლოდ IT-დან"

— ამბობს იური სემენიხინი. 


თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქართული ტექნოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე სფეროს სპეციალისტებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში აფასებდნენ, ახლა უკვე საქართველოში მოღვაწე პროფესიონალები გარკვეულ კონკურენციასაც უწევენ უცხოეთში დასაქმებულ პროფესიონალებს

"თიბისის მისია ცნობილია — ესაა გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და ამ ყველაფრის მიღწევა გვინდა ტექნოლოგიების ხარჯზე. ტექნოლოგია არის ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრია, სადაც გვინდა და შეგვიძლია დიდი ზემოქმედების მოხდენა". 

იური სემენიხინი ამბობს, რომ ამ გზაზე მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც Change Ispire-ია. თუმცა, წელს თიბისი ამ ღონისძიებაზე მხარდაჭერაზე მეტია. 

"ვაპირებთ, რომ მონოლოგის ნაცვლად ღია და ჯანსაღი დიალოგი შევთავაზოთ დამსწრეებს. DevOps-ის მიმართულებით თიბისიმ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და მგონია, რომ ამის გაზიარება სხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც დღეს კეთდება თიბისიში, ამ კუთხით, ძალიან დიდი შრომის შედეგია. ვიცით, რომ თითოეულ ცვლილებას თან ახლავს წარუმატებელი ნაბიჯებიც და სწორედ ეს არის გამოცდილება". 

Change Inspire  ტექნოლოგიური კომუნიას უმასპინძლებს და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გამოსადეგ ღრმა ცოდნას აზიარებს. 


თუ ტექნოლოგიურ სფეროში ხართ დასაქმებული და გაქვთ "გამოცდილება, ხედვა და შეკითხვები", ასევე, გსურთ მოუსმინოთ საქართველოსა თუ მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და ახალი კონტაქტები, მოინიშნეთ 7 ივლისი. ღონისძიების შესახებ დეტალებს ამ ბმულზე გაეცნობით. 

ავტორი: Next.on.ge