კულტურა თაობა

თბილისი კომენტარით - მიშიკო სულაკაურის წიგნი ქუჩის ხელოვნების შესახებ

#თიბისიახალითაობისთვის

ნოემბერი 12, 2022

ცოტა ხნის წინ ხელოვანმა მიშიკო სულაკაურმა, რომელიც თავადაც ქართული სტრიტ არტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, ქუჩის ხელოვნების შესახებ წიგნი „თბილისი კომენტარით“ გამოსცა. წიგნში თავმოყრილია მიშიკოს მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული არქივი, რომელიც ქუჩის კედლებზე მისი და მისი მეგობრების ნამუშევრებსა და მოსახლეობის ყოფით კომენტარებს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ასახული ნამუშევრების დიდი ნაწილი დღეს უკვე გამქრალი ან სახეშეცვლილია, ხელოვანის ეს ფოტოარქივი თბილისის ფასადური ნაწილის იმ ისტორიას გვაცნობს, რომელიც შესაძლოა პირველად სწორედ ამ წიგნის საშუალებით აღმოვაჩინოთ.

წიგნის პრეზენტაცია 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიმართება, ამჯერად ფაბრიკაში, Fabrikaffiti Urban Art Festival-ზე, რომელიც TBC-ის მხარდაჭერით ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ძალიან საინტერესო ორდღიანი ღონისძიებების სერიით იწყება.

მიშიკო, ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ მედიუმებში ქმნი ნამუშევრებს, რით არის ქუჩის ხელოვნება შენთვის გამორჩეულად საინტერესო სივრცე?

გრაფიტი და სტრიტ არტი ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმაა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაცვეთილა. რეალურად როცა ქუჩის ხელოვნებას ქმნი, არასდროს არ იცი, ის ერთი საათისთვის იქმნება, ერთი დღისთვის თუ ერთი წლისთვის, ნებისმიერ დროს შეიძლება წვიმამ ჩამორეცხოს, წაშალონ, დაანგრიონ ან სულაც სხვა მიზეზით განადგურდეს ის, რაშიც ბევრი დრო და რესურსიც ჩადე. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ მედიუმში, სწორედ ეგ წამიერების მომენტია, ასე რომ მიუხედავად იმისა, კიდევ ბევრ სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობ, ქუჩის ხელოვნებას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მედიუმს მაინც გამოვარჩევდი.

რამდენად ითვალისწინებ ურბანულ გარემოს იმის შერჩევისას, თუ რა იდეა ან შინაარსი უნდა გამოხატო კონკრეტულ ადგილას?

რა თქმა უნდა, იმას, რასაც ქუჩაში აკეთებ მორგებული უნდა იყოს ქალაქის არქიტექტურას, რომ ნამუშევარი ესთეტიკურად უპასუხებდეს ურბანულ გარემოს და კოლექტიურ გემოვნებას, უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ნამუშევარს ადამიანები ნახავენ. ხანდახან ქვეცნობიერად ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერზე, მაგრამ არის მომენტები, როცა მეგობრებთან ერთად გავდივარ ქუჩაში, ვერთობით და საერთოდ არ გვაინტერესებს, ვინმეს მოეწონება თუ არა ის, რასაც იმ მომენტში კედელზე დავხატავთ.

თვითონ თბილისი რამდენად გვიკარნახებს ამ იდეებს, რას ნიშნავს შენთვის ეს ქალაქი?

კარგი სიტყვაა „გვიკარნახებს“, ალბათ წინა შენს კითხვასაც კარგად გასცემდა პასუხს. რეალურად ხელოვანს ზუსტადაც გარემო და გარემოება გვიკარნახებს და გიბიძგებს, რომ ნამუშევარი შექმნა. თბილისი ჩემთვის სხვადასხვა სტილისა და ესთეტიკის ერთი დიდი არეულობაა, რომლითაც ჩემი ხელოვნება იკვებება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა ეს ქალაქი, თავისი ამ ყოველდღიური უცნაურობით. და რაც უფრო უცნაური ხდება, მით უფრო დიდ ბიძგს მაძლევს, რომ ჩემს ნამუშევრებში გადავიტანო ყველა ის სიგიჟე, რომელიც ამ ქალაქში ხდება. მაგალითად, ციურიხში ძალიან ძნელია რაიმე სიგიჟის გაკეთება, რასაც ხედავ ყველაფერი სწორი და დაგეგმილია, ჩემთვის თბილისი ამ მხრივ ძალიან საინტერესო ადგილია.

მოგვიყევი წიგნის შესახებ „თბილისი კომენტარით“, რა სახის ნამუშევრებია მასში გაერთიანებული?

ამ წიგნში სწორედ ისაა თავმოყრილი, რაზეც უკვე ვისაუბრე, გრაფიტის და სტრიტ არტის წამიერების იდეა. დიდი ხანია, რაც ამ სცენაზე ვარ და ვუყურებ ქალაქს როგორ იცვლება, რაღაც პერიოდი ყველა წარწერას ვკითხულობდი, იმიტომ რომ ბევრი არ იყო და ძალიან საინტერესო ჩანდა ის მომენტი, როცა რაღაც წარწერა გაჩნდებოდა, ძალიან გვიხაროდა, რადგან ეგ სუბკულტურა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ნამუშევრებიც მქონდა და ვუყურებდი ყოველდღე, როგორ იშლებოდა ეს ნამუშევრები, ძალიან დიდი ხანია, რაც ქუჩის ხელოვნების არქივს ვაგროვებ, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს და სამი წლის წინ ვიფიქრე, რომ რატომაც არა, ის სურათები, რომლებიც მე მომწონს და ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანს წარმოადგენს, შევკრავ ერთ არქივად და გავუზიარებ ხალხს, რადგანაც ეს კედლები, ისეთი აღარ იქნება, როგორიც გუშინ იყო.

გაქვს საყვარელი ნამუშევარი?

თუნდაც ჩემი და ჩემი მეგობრების ნამუშევარი - კოსტავას ქუჩაზე დახატული ღორი.  ეს ნამუშევარი ახლა აღარ არსებობს, არადა მაშინ ძალიან გამოსაჩენ ადგილზე იყო აზერბაიჯანელმა ნესტომ და ჯონდო ჯაფარიძემ (Moku J) გააკეთეს. ჩემთვის მაშინ ძალიან კრეატიული ნამუშევარი აღმოჩნდა, სწორედ არქიტექტურას მორგებული - თავად ნამუშევარიც და მისი ცხვირიც, რომელიც მორზე იყო მორგებული.

ზოგადად პროტესტს რა როლი აქვს შენს ხელოვნებაში?

პროტესტს ჩემს ცხოვრებაში  დიდი ადგილი აქვს, ასე რომ შესაბამისად ალბათ ნამუშევრებშიც. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი „ცრუც“ უწყინარი და დიდი პროტესტის ფორმა იყო. ზოგადად, ხელოვნებაც ერთგვარი პროტესტის ფორმაა, განსაკუთრებით ქუჩაში, როცა იქ ხატავ, სადაც სახელმწიფო გიშლის, არადა რეალურად სახელმწიფო შენ ხარ და ის კედლებიც სწორედ შენ გეკუთვნის.

წიგნში, ერთი მხრივ, თავმოყრილია შენი და შენი ხელოვანი მეგობრების ნამუშევრები, მეორე მხრივ კი - შესაძლოა შეგვხვდეს უბრალო წარწერა, რომელიც თბილისის ჩვეულებრივი მცხოვრების რაიმე პროტესტს ან უბრალოდ სპონტანურ აზრს გამოხატავდეს, სად იკვეთება შენთვის ეს ყველაფერი ხელოვნებასთან?

ამ წიგნში ბევრი რამ არის თავმოყრილი, მათ შორის ზუსტად ეგეთი წარწერებიც, მაგალითად, Likuna I am sorry, რომელიც რეალურად საჯაროდ ძალიან პირად და საინტერესო ისტორიას გვიყვება. ფაქტობრივად ქუჩა ხდება ლიტერატურული ძეგლი, სადაც დადიხარ და კითხულობ ამ ისტორიებს, წერა ჩემთვის ხელოვნების ძალიან დიდი ნაწილია და ხელოვნებაც მაშინ მუშაობს, როცა გულწრფელია.

როცა ქალაქში გამოდიხარ და ქმნი იმ გამოსახულებას, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ, კედლის და არქიტექტურის ნაწილს გარდაქმნი შენს აზრად - ჩემთვის ეს ხელოვნებაა. ამ წიგნში ძალიან ბევრი გადაკვეთაა ხელოვნების ჟანრებთან და არა მარტო ხელოვნების ჟანრებთან, რეალურად მოგვითხრობს თბილისზე - თბილისის საიდუმლოებს, ნახატებს და იმ შეცდომებს, რომლებიც თუნდაც მშენებლებმა დაუშვეს. საინტერესოა ისიც, რომ ხანდახან ნახატები კი არ იშლება, როგორც წეღან ვთქვი, არამედ უბრალოდ იცვლება და თავად ეს პროცესიც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მაგალითად, ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ვიღაცამ კედელზე დაწერა სიტყვა „შიში“, რომელიც რამდენიმე დღეში ვიღაც სხვამ გადაშალა, ისე რომ რეალურად შიშიც ჩანს და ეს გადაშლილი წარწერაც, მერე ვიღაცამ საერთოდ გადაღება კედელი, ჩემთვის სწორედ ეგაა ყველაზე საინტერესო, როგორ ურთიერთობს ხალხი კედლებთან და ზუსტად ამიტომაც ჰქვია „თბილისი კომენტარით“. რეალურად ეს არის ხალხის კომენტარი ამ ქალაქზე, იმაზე, თუ რაზე როგორ რეაგირებენ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ქალაქის სხვადასხვა ნაწილს ერთ დიდ ორგანიზმად კრავს და გვაჩვენებს, სინამდვილეში როგორი მრავალფეროვანია თბილისი.

წიგნის შეძენას სულაკაურის მაღაზიებში 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ, თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ბარათით გადახდისას.

ავტორი: გვანცა ჩანადირი | Hammock Magazine

ფოტო: საბა გორგოძე