სიახლეები კულტურა

უკანასკნელი გაფრთხილება თბილისის დიზაინ ფესტივალის დაწყებამდე

აპრილი 29, 2024

თუ თქვენ გამოტოვებთ ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესს მოვლენას, დიზაინის პირველ საერთაშორისო ფესტივალს თბილისში ინანებთ და ქვეყანა დაიქცევა!

ქვემოთ მოგახსენებთ რატომაც.

დავიწყოთ იმით, რომ არსებობს უკანასკნელი გაფრთხილება და არსებობს უკანასკნელი “ჩინური” გაფრთხილება. 


უკანასკნელი “ჩინური” გაფრთხილება უსაფუძვლო მუქარას ჰქვია, რომელსაც საბოლოო ჯამში არანაირი ქმედება არ მოჰყვება. ტერმინის დაბადება 50-იან წლებში, ტაივანის სრუტის მეორე კრიზისის დროს, ჩინეთის მიერ ამერიკის მიმართ, არც მეტი, არც ნაკლები, 900 უმოქმედო გაფრთხილების გაგზავნას მოჰყვა. 

საქმე იმაშია, რომ 1 მაისს თბილისში პირველად ჩატარდება Ad Black Sea-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი. მთავარი სტუმარი ინდუსტრიაში ყველასათვის კარგად ცნობილი და საინტერესო სტეფან ზაგმაისტერი იქნება. ფესტივალი TEC-ში (ყოფილი არტარეას ტერიტორია) გაიმართება.

მე კი მხოლოდ ამ ერთხელ მაქვს შანსი უკანასკნელად გაგაფრთხილოთ რა შეიძლება გამოგრჩეთ და ეს გაფრთხილება ჩინურია თუ არა, ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდვია.


თუ ჯერ-ჯერობით დასწრება არ გადაგიწყვეტიათ, სავარაუდოდ ფიქრობთ, რომ თავად დიზაინი, როგორც დარგი, სინამდვილეში ეგეთი მნიშვნელოვანიც არ არის. დიზაინი ხომ ისედაც ყველაფერს აქვს და ყველაფერი ხომ ისედაც დიზაინია?! მასთან ინტერაქციასა და მისით ინსპირაციას მაინც ვერაფრით გავექცევით ცხოვრებაში და რაღა საჭიროა ამისთვის ცალკე ფესტივალის გაკეთება?

ასევე, ალბათ, თქვენს თავს ხშირად უმეორებთ, რომ სტეფან ზაგმაისეტარი ეგეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პიროვნებაც არ არის. სულ რაღაც 2 გრემი და მერე-რა-რომ თითქმის ყველა საერთაშორისო დიზაინის ჯილდო აქვს მოგებული. შინაგანი ხმა გეუბნებათ: 

- რას მომცემს მისი პირადად ნახვა და მოსმენა? ისედაც კარგად ვიცი მისი ნამუშევრები. მაინც და მაინც პირადი ხელმოწერით უნდა წამოვიღო მისი წიგნი და შვილიშვილებს მოვუყვე? ახლა დემოკრატიაზე ლაპარაკიც არარელევანტურია, მითუმეტეს რომ მისივე აზრით დემოკრატიის აბსოლუტურ ოქროს ხანაში ვცხოვრობთ.  

შეიძლება მართალიც ხართ. რთულია შემოგედავოთ. პირიქით, შემიძლია დაგეთანხმოთ და მიზეზებიც დაგიმატოთ:  


დიზაინი პატარა სფერო არ არის  და არც თავად ფესტივალი არ არის მაინც და მაინც კონცენტრირებული  დიზაინის რაიმე ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე. ფესტივალზე მისულებს მოგიწევთ მოუსმინოთ ათასი პროფესიონალის ათას კომპეტენტურ აზრს პროდუქტის, ინოვაციების, UX-ის, კომუნიკაციისა და კიდევ ათასი უბედურების დიზაინის შესახებ და დიზაინი, როგორც დარგი თავის მთელს ტოტალურობაში გაიაზროთ. 

მეტსაც გეტყვით, ფესტივალზე თუ წამოხვალთ დადგებით დილემის წინაშე და მოგიწევთ თავი იმტვრიოთ Dudey-ის ინტერვიუს დაესწროთ პოლონეთში დაფუძნებული ილუსტრატორ Bartosz Kosowski-თან თუ ანა სანიკიძის ტიპოგრაფიის ვორკშოპს?

მოუსმინოთ დისკუსიას ბიზნესის განვითარებისათვის დიზაინ ფიქრის პრინციპებისა და დიზაინ სისტემების დაინტეგრირების მნიშვნელობაზე, რომელზეც თიბისის და მისი შვილობილი კომპანიის დიზაინ მიმართულების ლიდერები ისაუბრებენ თუ გაიაროთ ლადო კობახიძის მასტერკლასი პროდუქტის დიზაინზე? 

ფიზიკურად გასცდეთ TEC-ის ტერიტორიას და თიბისი კონცეპტის სივრცეში დაესწრო UI/UX-ის ვორკშოპს თუ Design Institute-ის რომელიმე სხვას?

მაგრამ, არ ვიცი, იქნებ ზუსტად ის ადამიანი ხართ ვისაც დილემები იზიდავს? მაშინ ერთხელ კიდევ გადაავლეთ თვალი ფესტივალის პროგრამას.. და, თუ დილემებთან ერთად თვითკრიტიკაც გიზიდავთ, Holy Motors-ის Portfolio Review თქვენთვის მოუთავსებიათ ორგანიზატორებს პროგრამაში. ოღონდ გაფრთხილებთ, არა-ჩინურად, არამედ მართლა გაფრთხილებთ, რომ ამ ბიჭებმა დანდობა არ იციან.


პირველ რიგში საკუთარი თავის (ჩემს თვალწინ აქვთ ნაჭამი კაროლინა რიპერის ორ მილიონ ორასი ათას სკოლვილიანი წიწაკები) და არ მგონია, რომ მაინც და მაინც თქვენს შემოქმედებით ეგოს გაუფრთხილდნენ. 

მოკლედ არ ვიცი. თქვენი ცხოვრებაა. ბილეთების გაყიდვა კი 29 აპრილს დამთავრდება. მანამდე კი, თიბისი, როგორც დიზაინ ფესტივალის და ზოგადად ქართული კრეატიული ინდუსტრიის მხარდამჭერი ვიზასთან ერთად 20%-იანი ქეშბექს გთავაზობთ . 

სულ ბოლოს კი ის შემიძლია გითხრათ რომ, ზოგადად, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, გახსოვდეთ: 


ცხოვრების მიწურულს, უკანასკნელ წამებში მხოლოდ იმ რაღაცებს ინანებთ რაც გულით გინდოდათ და არ გააკეთეთ, და არა იმ სისულელეებს რისი ჩადენაც უკვე მოასწარით, ანდაც აპირებთ რომ მოასწროთ.

ავტორი: ბასა მეტრეველი