თაობა

თბილისი კოლექტივი - ციფრული პლატფორმა მოყვარული ფოტოგრაფებისთვის

ივნისი 30, 2022

თბილისი კოლექტივი ციფრული პლატფორმაა, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოპრინტების კულტურისა და ზოგადად, ფოტოგრაფიის განვითარებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი კოლექტივი მხოლოდ რამდენიმე თვეა არსებობს, მან უკვე შეძლო მოყვარული ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულების გაერთიანება.

ელენე ბუჯიაშვილი

როგორც კოლექტივის თანადამფუძნებელმა ელენე დათუსანმა გვიამბო, თბილისი კოლექტივის იდეა ჯერ კიდევ 2020 წლიდან არსებობს.

"პანდემიის პირველი ტალღის დროს გამიჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო საერთო ინტერესების მქონე, მოყვარული ფოტოგრაფების გაერთიანება, რომლებიც შეძლებდნენ ერთად გადაღებას, თუმცა ეს იდეა მაშინ ვერ განხორციელდა. შემდეგ უკვე 2021 წლის ოქტომბერში მე და სოფო ხარაზმა წამოვიწყეთ თბილისი კოლექტივი”.

ტასო უგულავა

დღეს გაერთიანებას 60-ზე მეტი მუდმივი წევრი ჰყავს, გარდა ამისა, პლატფორმისთვის საკუთარი ნამუშევრების მიწოდება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თბილისი კოლექტივი ყოველ ორშაბათს აცხადებს თემას, რომლის მიხედვით გადაღებულ ნამუშევრებსაც მიიღებს თვის განმავლობაში, რაც მოყვარულ ფოტოგრაფებს უჩენს მოტივაციას, რომ ახალი ფოტოები გადაიღონ და დახვეწონ თავიანთი უნარები. 

“ჩვენს ფიდზე ვდებთ ნებისმიერი მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევრებს, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი Hashtag, ფოტოზე მოგვნიშნონ, ან ნამუშევარი ელფოსტისა და DM-ის საშუალებით მოგვაწოდონ, შემდეგ უკვე მიღებული ნამუშევრების სელექციას ვაკეთებთ და შერჩეულ ფოტოებს ჩვენს გვერდზე ვათავსებთ, რაც ავტორებისთვის ერთგვარი წახალისებაცაა, მათ ნამუშევრებს ფართო აუდიტორია ნახულობს, იწონებს, ამით ფოტოგრაფებს მოტივაცია ემატებათ.”

ნინო კარსანიძე

თბილისი კოლექტივის კონტრიბუტორთა შორის ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს შეხვდებით. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ გაერთიანების წევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფები, რომელთა პირველ ნაბიჯებსა და შემოქმედებით თუ კარიერულ ზრდაზე დაკვირვების საშუალებას სწორედ თბილისი კოლექტივი იძლევა.

ნიკა კალანდაძე

როგორც ელენე დათუსანი აცხადებს, თბილისი კოლექტივის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ფოტოგრაფების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაცაა.

"საქართველოში ფოტოგრაფია საკმაოდ ვიწრო წრეა, ჩვენ კი გვინდა, რომ ახალი ფოტოგრაფები აღმოვაჩინოთ და ეს წრე გავაფართოვოთ, რაც ერთი მხრივ, კონტენტს უფრო მრავალფეროვანს გახდის, მეორე მხრივ კი - ახალ ნიჭს, ახალ ადამიანებს მისცემს შანსს.”

სოფო შეითნიშვილი

გარდა მოყვარული ფოტოგრაფების გაერთიანებისა, თბილისი კოლექტივი ქართულ რეალობაში ფოტოპრინტების კულტურის დანერგვაზეც მუშაობს, რაც ციფრულად არსებული ნამუშევრების რეალური სამყაროს ნაწილად ქცევის გზაა, სწორედ ამიტომ, თბილისი კოლექტივმა შექმნა ონლაინმაღაზია, სადაც გაერთიანების წევრი ფოტოგრაფების პრინტების შეძენაა შესაძლებელი.

გიორგი სართანია

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ფორმატს მრავალი პლუსი აქვს, ნებისმიერ სახელოვნებო აქტივობას სჭირდება ფიზიკურ სამყაროში გადასვლა, რათა არტისტებს შორის შედგეს დიალოგი და გამოცდილების გაცვლა. სწორედ ამიტომ, თიბისის, აჭარა ჯგუფისა და ბინეხის მხარდაჭერით დაიგეგმა თბილისი კოლექტივის პირველი გამოფენა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოლექტივის წევრებს ფართო საზოგადოებას გააცნობს, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს კი გამოცდილებას შესძენს.


ნოდო უგულავა

თბილისი კოლექტივის გამოფენა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე გაიხსნება და 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპოზიციას სასტუმრო სტამბას D ბლოკი დაეთმობა, რომელიც 7 თემატურ სივრცედ დაიყოფა, თითო სივრცე გააერთიანებს კონკრეტული თემაზე შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილი თემებია: წითელი, შავ-თეთრი, სხეული/კანი, პორტრეტი, ბუნება, თეთრი და წყალი.

სანდრო მენაბდე

თბილისი კოლექტივის გამოფენის ფარგლებში, 2-3 ივლისს მოეწყობა ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ფოტოგრაფიის შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაგვიზიარებენ.

მარიამ ამბროლაძე

2 ივლისს, 14:00-15:30-ზე  გაიმართება არქიტექტურული ფოტოგრაფიის დისკუსია დავით გიორგაძესთან, ბერდია კუნელაურთან, გიორგი დადიანთან და სანდრო სულაბერიძესთან ერთად. 16:00-ზე ფოტოგრაფიის ვორქშოპს ბექა ჯოხარიძე გამართავს. 18:00 საათზე კი ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპს ჩაატარებს გელა შეკელაძე. 

მარიამ ჯინჭარაძე

3 ივლისსაც დატვირთული გრაფიკი იქნება, 14:00 საათზე მოდის ფოტოგრაფიის ვორქშოპი ჩატარდება მერი ბიჭაშვილთან ერთად, 16:00 საათზე ლუიზა ჩალათაშვილი ჩაატარებს პროდუქტის ფოტოგრაფიის ვორქშოფს, 18:00 საათზე სანდრო სიამაშვილი ქუჩის ფოტოგრაფიის დისკუსიას გაუძღვება, 19:00 საათზე კი - ანი გვათუასთან და ანა გაბაშვილთან ერთად სოციალური მედიისა და ფოტოგრაფიის ვორქშოფი ჩატარდება. 

გიგლა გამცემლიძე

თბილისი კოლექტივის გეგმები მხოლოდ გამოფენით არ შემოიფარგლება, როგორც ელენე დათუსანმა აღნიშნა, სამომავლოდ თბილისი კოლექტივი შეიძლება ერთგვარ ჰაბად გადაიქცეს. 

"სამომავლოდ გვინდა, რომ მოყვარული ფოტოგრაფების ჰაბი გავხდეთ, რაც ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალებას მისცემს, რომ სხვადასხვა ტიპის დაკვეთაზე იმუშაონ, რამდენიმეჯერ უკვე გვქონდა ასეთი ტიპის თანამშრომლობა, როდესაც დამკვეთი და მოყვარული ფოტოგრაფი დავაკავშირეთ, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ასეთი კოლაბორაციები მოყვარულ ფოტოგრაფებს ხელს შეუწყობს, რომ შემოქმედებითად განვითარდნენ”.

ავტორი: ლიზა ალფაიძე | Hammmock Magazine

 

ფოტო: საბა ლალიაშვილი, ელენე ბუჯიაშვილი, ტასო უგულავა, ნინო კარსანიძე, ნიკა კალანდაძე, სოფიო შეიტნიშვილი, გიორგი სართანია, ნოდო უგულავა, სანდრო მენაბდე, მარიამ ამბროლაძე, მარიამ ჯინჭარაძე, გიგლა გამცემლიძე