დეკემბერი 02, 2020
27 ოქტომბერს თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალე გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია ფიზიკური და ვირტუალური პროგრამები. ბიენალეს წლევანდელი კითხვა - „რა გვაქვს საერთო?“ - როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გალერეებს, ინსტიტუტებს, ჯგუფებს და კურატორებს ქალაქში საერთოობის ფენომენის გარშემო აერთიანებს.
პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ურთულეს მოცემულობაში ჩაგვაყენა, ბიენალემ შეძლო ვრცელი პროგრამის წარმოდგენა, რომელიც რამდენიმე ფართომასშტაბიან გამოფენას, საჯარო ლექციებს და პრეზენტაციებს მოიცავდა. წარმოდგენილ პროექტებში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი საჯარო სივრცის ფორმირების და არქივების მიმართ.
მარჯანიშვილის 7 ნომერში, თიბისი კონცეპტის განახლებულ სივრცეში, ირინა ქურთიშვილის კურატორებით, გამოფენა „მარჯანიშვილის უბანი“ გაიხსნა, რომელიც ამ ტერიტორიის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ გარდაქმნებზე გვიყვება.
© სანდრო სულაბერიძე
გამოფენას თან დაერთო ტურიც, რომელსაც კურატორი თავად უძღვებოდა. პროექტის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ვხვდებით, ისინი მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორიას გვიყვებიან.
© სანდრო სულაბერიძე, გიორგი კოლბაია
პირველ რიგში, ეს არის თავად „თიბისი კონცეპტის“ შენობა და მისი ისტორიული ტრანსფორმაციები, ოფიცერთა ეკონომიკური სახლიდან (1913) თანამედროვე სახემდე. აღსანიშნავია გერმანული კოლონიის, „ნოი ტიფლისის“ შესახებ თავმოყრილი ცნობები, მათ შორის მასალები თბილისის ორი წამყვანი არქიტექტორის - ლეოპოლდ ბილფელდის და ოტო იაკობ სიმონსონის მიერ დაპროექტებული ლუთერანული ეკლესიის, „კირკეს“ (1894) შესახებ, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გაანადგურეს. პროექტი მოიცავს მარჯანიშვილის მეტროს არქივებსაც, თბილქალაქპროექტის შენობას და სხვა ბევრ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც 1980-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მარჯანიშვილის უტოპიურ რეკონსტრუქციას მოიაზრებდა.
“მარჯანიშვილის უბანი” შესაძლებლობას გვაძლევს, ქალაქის ისტორიაში საკუთარი იდენტობა კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ.
ირინა ქურთიშვილი
© სანდრო სულაბერიძე
თანამედროვე ურბანულ ცვლილებებს უამრავი ინფორმაცია სჭირდება, რომლებიც სივრცის და მასთან ურთიერთობის პრობლემატიკას აღწერენ. ამ კუთხით, დიდ როლი ითამაშა W2KSHOP კოლექტივის მიერ გალერეა „მაუდიში“ მოწყობილმა გამოფენამ „სივრცული წარმონაქმნები“.
© სერა ძნელაძე
პროექტი რვა დასახლებული პუნტქის ტიპოლოგიას აერთიანებდა. ყველა მათგანი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარეობდა. წარმოდგენილი იყო მაკეტები, სკეჩები, საცხოვრებელი სივრცის გეგმები, სხვადასხვა მედიის მასალები, რომლებიც თბილისში ცხოვრების არქიტექტურულ მოცემულობებს გვაჩვენებდნენ. გამოფენა იმ უხილავ პროცესებსაც ამჟღავნებდა, რომლებიც სივრცის ცვლილების დამოუკიდებელ პრაქტიკებს უკავშირდება და მაცხოვრებლების ინიციატივებს უკავშირდება.
© გიორგი კოლბაია
„სივრცული წარმონაქმნები“ არაერთ სოციალურ ჯგუფს ეხება, ამ გზით თვალსაჩინო ხდება ქალაქში ჩაკარგული, მაგრამ არსებითი პრობლემები, რომელთა რეპრეზენტაცია აუცილებელია სამომავლო ანალიტიკური სამუშაოებისთვის, ქალაქის აღქმისთვის, მისი ცალკეული თავისებურებების აღმოსაჩენად და მასში მიმდინარე პროცესებისგან სასწავლად.
ბიენალეს კიდევ ერთ ფოკუსს პროექტი Dicho წარმოადგენდა. Dicho-ს ინსტალაცია ორ ქალაქში თბილისში და მილანში მოეწყო.
© გიორგი კოლბაია
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით, Dicho პანდემიის პირობებში ყოველდღიურობის პრობლემატიკას განიხილავდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ცხოვრების დიდმა ნაწილმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ხოლო საჯარო სივრცე დაცარიელდა, გაჩნდა ახალი კრიტიკული კითხვები, რომელთა აღმოჩენა და ლოკალიზება პროექტის მთავარი ამოცანა იყო. თბილისსა და მილანს შორის დიალოგი არაერთ თემას შეეხო, მათ შორის: თანამედროვე ხელოვნებას, მოდის ვირტუალურ ჩვენებებს, ვიდეო-თამაშებს, თავად კორონა ვირუსს, დავიწყებულ არქიტექტურას და ა.შ. მთლიანობაში, Dicho-ს პოზიტიური შინაარსი, ალბათ კომუნიკაციის ექსპერიმენტული ფორმების ძიებაა, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაშიც ახერხებენ კავშირების შენარჩუნებას. მიმდინარე პროცესების გაცნობიერება და მართვა ამ შემთხვევაში ძირითადი გამოწვევაა, რამდენადაც პანდემიასთან ერთად ჩვენი აღქმის უნარებიც იცვლება. Dicho სწორედ ამ ტიპის ინიციატივაა, დროის და სივრცის ნეიტრალური კაფსულა, რომელიც არ ერიდება არსებული მდგომარეობის სიმწვავეს და გამოწვევას იღებს შესაძლებლობად.
© გიორგი კოლბაია
Dicho-ს მახლობლად, რუსთაველის მეტროს სახურავზე, კიდევ ერთი პროექტი ვიხილეთ - ნამუშევარი „ჩემს სათამაშო მოედანზე ვიღაცაა, მაგრამ ეს მე არ ვარ“ კრიტიკულ სოციალურ მესიჯს ატარებდა, რომელიც საჯარო სივრცეს ეხებოდა.
© სერა ძნელაძე
90-იანებიდან მოყოლებული, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარდაქმნების ნიადაგზე, თბილისის სივრცე დანაწევრდა და პრივატიზირდა. ამ პერიოდში საჯარო სივრცის ნაწილი კერძო ზონებში მოექცა. ასეთია, რუსთაველის მეტროს სახურავიც, რომელზეც ჯგუფის ნამუშევარი იყო განთავსებული. მეტროს თავზე, უფუნქციო სათამაშო მოედნის დადგმით, კითხვა დაესვა ამ გარემოებას. მიუწვდომელი საჯარო სივრცის ელემენტები გადაუჭრელ ორაზროვნებას წარმოქმნიდნენ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ მდგომარეობას, რომელშიც სივრცე ყველანაირი ლოგიკის გარეშე შეიძლება იყოს გასხვისებული. გარდა ამისა, ასეთი ნამუშევრები კარგ პრეცენდენტებს ქმნიან, თანამდროვე ხელოვნების ქალაქში ინტერვენციის შესახებ, ისეთი სივრცეების გააქტიურების, რომლებიც შემდეგ სოციალური გზავნილები ხდებიან.
© გიორგი კოლბაია, სერა ძნელაძე
თბილისის გამქრალი ზონები არანაკლებ ინტერესს იწვევენ, ვიდრე ცნობილი ადგილები. მათ შორის არსენალის მთა, სადაც 1870-იან წლებში სამხედრო არსენალი იყო განთავსებული. არსენალმა, როგორც სამხედრო დაწესებულებამ 1930 წლამდე იარსება, თუმცა სახელი დღემდეა შემორჩენილი.
© გიორგი კოლბაია
დღეისთვის ეს ადგილი გაველურდა, დაზიანდა და ნარჩენებით გაივსო. Isthmus Group-ი არსენალის მთის ისტორიას იკვლევს და მისი მომავლის ალტერნატივას გვიხატავს. ყველა ასეთი ზონა თბილისის მწვანე რეზერვუარია, რომელიც საჯაროობის დიდ პოტენციალს მოიცავს. ეს ის ადგილებია, რომლებშიც ჯერ კიდევ არ აღმოგვიჩენია ერთმანეთი, რომლებიც საერთოობის უხილავ და ჯერაც ბუნდოვან ელემენტებს მალავენ. მათი იდენტიფიცირება, კვლევა და განჭვრეტა გადამწყვეტია არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ კულტურული და პოლიტიკური კუთხითაც. ველური ურბანიზაციით დამძიმებული ქალაქი გაქცევას სწორედ ასეთ სივრცეებში თუ შეძლებს. თუკი ცენტრი კომერციულად გადატვირთულია, რატომ არ შეიძლება ეს სივრცეები თავისუფალ ზონებად ვაქციოთ? “არსენალის პროექტი” ამ ზონის ბიო თავისებურებებზე გვიყვება, ვორქშოფების და დიალოგის გზით, ის ცდილობს დასვას კონკრეტული კითხვები და ქმედით პასუხებამდე მივიდეს, რომლებიც სივრცის გარდაქმნაში, მის მოწყობაში შეიტანენ წვლილს. ერთ-ერთი აქცენტი დასმულია დაზიანებულ სადინარ არხზე, რომელიც პროექტის ფარგლებში ახალი გამწვანებების და სამუშაოების წინაპირობა ხდება. ყველა ასეთი პროექტი და ინიციატივა ზრდის საჯაროობის პოტენციალს, ქალაქის რეზერვუარების გადარჩენის შესაძლებლობას.
თბილისის მეორე არქიტექტურულმა ბიენალემ, გარკვეულწილად, გადაიტანა აქცენტი არქიტექტურიდან სივრცეზე. ეს ცვლილება, თავის მხრივ, ქალაქში მიმდინარე ორგანულმა პროცესებმაც განაპირობეს.
კომერციამ და ცხოვრების ახალმა სტილმა შეცვალეს ქალაქთან დამოკიდებულება. შედეგად, ბოლო ათ წელიწადში გაიზარდა ურბანული მოძრაობა, რამაც ქალაქის კრიზისული კერები კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა. დიდი დრო ეთმობა თვითგამოხატვას, ქალაქში საკუთარი თავის აღმოჩენას. არსებული ღირებულებათა სისტემა აღარ შეეფერება ცხოვრების ტემპს და მომძლავრებულ დინამიკას. შედეგად, საკითხი ისმის არა ქალაქის გეგმარებაზე, ან არქიტექტურულ ექსპერიმენტებზე (რისგანაც ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ), არამედ უშუალოდ სივრცის დაკავებაზე, პარაზიტულ კერებზე, გაურკვევლობაზე, რომლითაც შეფუთულია ქალაქში მიმდინარე ურბანული პროცესები, ისტორიაზე, რომელიც გამქრალი და გაუჩინარებულია არსებული პრობლემების მიღმა. ეს ყველაფერი კი, პანდემიის პირობებში. მაშინ, როდესაც მთელი სამყარო კონცენტრირებულია მისგან გამოწვეულ ზარალზე, ჩვენთან კვლავ ხერხდება იდენტობის და სივრცის გარშემო არსებული კითხვების წინ წამოწევა და ისტორიული ცოდნის განახლება.
კიდევ ერთი, რაზეც TAB მუდმივად რეაგირებს თანამედროვე მსოფლმხედველობაში, ფუნდამენტური ცვლილებებია.
იქ, სადაც ტრადიციულად იდეა და შემოქმედებითი პოტენციალი მოიაზრებოდა, ახლა ასლები და კოდები გვხვდებიან. ვირტუალური სამყარო იდეების საერთო ველიდან ციფრულ ველამდე დავიწროვდა. მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი, სხვადასხვა ტიპის კვლევები, აუარებელი ჯგუფური სამუშაო პროექტირების წინაპირობა ხდება. ამ პროცესში ნებისმიერი ინოვაცია ჯერ საკუთარ ისტორიას ქმნის და შემდეგ ფრთხილად ცდილობს თანამედროვეობაში მის რეალიზაციას. ამისათვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, საჭიროა ქალაქის და მისი დაფარული დეტალების ინფორმაციად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ფიზიკური სივრცის პარალელურად, საუბარია საინფორმაციო სივრცის დაკავებაზეც, მის გასაჯაროებაზე, რაშიც ბიენალესთან ერთად, დიდი წვლილი შეაქვს ბოლო პერიოდის კულტურულ ღონისძიებებს.
როდესაც სანიმუშო ბაზებს ვქმნით, ისეთს, როგორიც ბიენალეს „ციფრული კორპუსია“, ამავდროულად, საინფორმაციო სივრცის დაკავებასაც ვცდილობთ. თბილისის დოკუმენტაცია, მისი ციფრული აღრიცხვა და სიმულაცია ჯერ კიდევ პირველ ბიენალეში ინტენსიურად იყო მოცემული. ჩვენი ისტორიის და გამოცდილების კატალოგიზირებას ის დატვირთვაც აქვს, რომ სამომავლოდ ურბანული სივრცის ფორმირებაში და საინფორმაციო გახსნილობაში შეაქვს წვლილი. მომავალში, სწორედ ანალოგიური სივრცეები იქნებიან შემოქმედებითი პალიტრები, სოციალური და ურბანული ცვლილებების აგენტები - ციფრული არქივები, რომლებიც სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილები ხდებიან.
ყველა ამ მოვლენის სწორად წაკითხვა და გააზრება მოგვცემს შანსს თანამედროვე სამყაროში დროული და აქტუალური გზავნილები გავაჟღეროთ.
ავტორი: დათო კოროშინაძე / AT.GE