აგვისტო 20, 2021
უკანა ხაზელებზე, რომლებიც საჭირო დროს ელფებივით ჩნდებიან ხოლმე დანარჩენი თიბისელების ცხოვრებაში, აქამდე რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ამჯერად ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებას გაგაცნობთ. გუნდის სახელი რთულად ჟღერს, სამუშაოც არც ისე მარტივია და ყოველდღიურად უამრავი არასტანდარტული თუ ნაცნობი ამოცანის შესრულებას მოიცავს. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, განყოფილების ყველა წევრი განსაკუთრებულად ხალისიანი, მეგობრული, მიზანდასახული და ერთგულია.
მათი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებლებთან დაკავშირებული ბექ ოფისური ოპერაციების დამუშავება ბანკის შიდა პროცედურების და ინსტრუქციების გათვალისწინებით. განყოფილება 6 მიმართულებას მოიცავს და წლის განმავლობაში ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად საშუალოდ 5 965 800 ოპერაციას ასრულებს, საიდანაც ავტომატიზაციის წილი 94,2%-ია.
ახლა გუნდი ტრადიციული სტრუქტურიდან ეჯაილ პრინციპით მუშაობაზე ადაპტაციის პროცესშია. ახალი მოდელით ეჯაილგუნდები ფილიალების თანამშრომლებისგან დავალების მიღების შემდეგ თავად აგრძელებენ მომხმარებელთან კომუნიკაციას. ეს ერთიორად აჩქარებს და ამარტივებს პროცესს, რომლის ციკლიც აქამდე უფრო გრძელი იყო, რადგან მომხმარებელთან კომუნიკაცია ნებისმიერ ეტაპზე სხვა კოლეგის ჩართულობას მოითხოვდა.
ტრანსფორმაციის პირობებში განყოფილება ინდივიდუალური მიზნებიდან გადაეწყო გუნდურ მიზნებზე და შეცვალა მოტივაციის სისტემა. ძირითადი სამიზნე პარამეტრები მომხმარებლის SLA, ერთ არხში საკითხის ამოწურვა და შიდა და გარე მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდა გახდა. არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლებს მეტი ავტონომია და პასუხისმგებლობა აქვთ, რამაც გააფართოვა მათი შესაძლებლობების არეალი და გაზარდა ინდვიდუალური კომპეტენციები.
შეიძლება ითქვას, ახლა ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების გუნდი ახალ სუნთქვას იწყებს.
გაგაცნობთ გუნდის ხელმძღვანელს და მის რამდენიმე წევრს, რომლებიც თავიანთ საქმეზე მოგვიყვებიან:
ლიკა კეკუა
განყოფილების ხელმძღვანელი
„ჩვენს განყოფილებას შეგვიძლია დავარქვათ კომპანიის ხერხემალი, რომელიც ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად. თუ ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას არ განიჭებს, რთულია შეასრულო იმ მოცულობის დავალებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. ვამაყობ, რომ გუნდის თითოეული წევრი ძალიან მზრუნველი, ენერგიული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი ადამიანია, რომელთა წყალობითაც გვყავს ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი. ახლა ჩვენთვის გარდამტეხი პერიოდია - ეჯაილ ტრანსფორმაციამ კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი როლი მომხმარებელთან ურთიერთობაში, რაც ძალიან საინტერესო გამოწვევაა და ამძაფრებს შემართებას. უკვე ვხედავთ რამდენად დადებითად აისახება ჩვენი ეჯაილიზაცია მომსახურების ხარისხზე და ვფიქრობთ ეს პროგრესი კიდევ დიდხანს იქნება შესამჩნევი.“
ნინო რევია
“ჩემთვის მთავარი მოტივაციის წყარო ჩემი გუნდია. ნებისმიერი სირთულის გადალახვა მარტივია ადამიანებთან ერთად, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კომპეტენციით და განსაკუთრებული გუნდურობით. ახლა ყველა ერთად ახალი გამოწვევის - ეჯაილ ტრანსფორმაციის წინაშე ვდგავართ, როცა ჩვენი მთავარი საზრუნავი უშუალოდ მომხმარებელი ხდება. ცვლილებების პროცესი თავისთავად ძალიან საინტერესოა და ჩვენს როლს ერთიორად ზრდის. გუნდში გაზრდილია დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად კროსფუნქციური ჯგუფები მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას არასტანდარტულ ქეისებზე.“
თიკო დარისპანაშვილი
„მთავარი პრინციპი საქმის კარგად შესასრულებლად არის ის, რომ არ ვუღალატო ჩემს თავს და იმ ადამიანებს ვის გვერდითაც ვმუშაობ; დავიხარჯო მთელი ჩემი შესაძლებლობებით მიზნის მისაღწევად. ყოველდღიურად სულ სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვდგები და მათთან გამკლავება მზრდის როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე პიროვნულად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენს განყოფილებაში არსებული ურთიერთობებია. ნამდვილად მიმაჩნია, რომ აქ ჩემი მეორე ოჯახია და თითოული ჩემი თანამშრომელი მაძლევს სტიმულს ვიყო ბედნიერი და წარმატებით შევასრულო საქმე.“
იანა ბიჩინაშვილი
„ჩვენი განყოფილება განსაკუთრებული ადამიანებით გამოირჩევა: ყველაზე პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, მეგობრული, კეთილი და პოზიტიური ადამიანები ყოველთვის ფუტკრებივით ფუსფუსებენ საერთო მიზნების მისაღწევად. ზრუნავენ თანამშრომლებზეც, კლიენტზეც და ერთმანეთზეც. ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნების უნარია, რადგან ხშირად გვიწევს რთული დავალებების შესრულება. ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება ადამიანს.“
ნათია დულარიძე
„საბედნიეროდ, ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში არც თუ ისე იშვიათია განსხვავებული და უცნაური დავალებები, რაც განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს. როცა სწრაფი დაკრედიტებიდან ანალიტიკაში გადავედი ჩემთვის სრულიად შეიცვალა სამუშაოს სპეციფიკა. ახალ რეალობასთან შეგუებაში ძალიან დამეხმარა იმის გაცნობიერება, რომ აბსოლუტურად ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი, რომლის კვლევის დროს ბევრ რამეში ერკვევი, სწავლობ უამრავ ახალ რაღაცას და იღებ უნიკალურ გამოცდილებებს. მიდგომები და უნარები, რომლებსაც საქმეში ვიყენებ, მეხმარება სამსახურს გარეთაც. ასეთი მომენტების შემჩნევა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ხოლმე.“
ხათუნა დავითაშვილი
„ისევე როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც დისტანციურად მუშაობის პირობებში ბევრი რამ შეიცვალა და გაჩნდა ახალი ტრადიციები. ახლა უკვე ყოველდღიურობის ყველაზე საყვარელი ნაწილი არის „ჰადლი“, როცა საქმის, ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება და ზუმში ერთმანეთის დანახვა შეგვიძლია. გუნდის არცერთი წევრი არ ვტოვებთ სამუშაო ადგილს, ვიდრე არ გადავამოწმებთ ბევრი საქმე ხომ არ დარჩა მორიგე თანამშრომელს და დახმარება ხომ არ სჭირდება. ყველა საერთო ამოცანების და მიზნების ირგვლივ ვართ გაერთიანებულები, შესაბამისად პრინციპი - „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ჩვენთან ძალიან კარგად მუშაობს.“
თინათინ სვინტრაძე
„ფილიალში ანუ ბიზნესში წინა ხაზზე მუშაობის გამოცდილება ძალიან მეხმარება დღეს ბექ-ოფისში მიმდინარე პროცესების გააზრებაში, ღირებულებების გაზიარებასა და განწყობის შექმნაში. აქ, ბექ-ოფისში მთავარი გამოწვევაა, რომ რთული ქეისების გადაწყვეტის დროს, შეინარჩუნო კლიენტზე ორიენტირებულობა და გამოიყენო ყველა შენს ხელთ არსებული შესაძლებლობა საკითხის დროულად და ხარისხიანად მოსაგვარებლად. განყოფილებაში მიმდინარე ეჯაილ ტრანსფორმაცია კიდევ უფრო ზრდის კომპანიის მისიის შესრულებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის განცდას. ჩვენ ნამდვილად ვუმარტივებთ ადამიანებს ყოველდღიურობას.“
თამარ ჩიხრაძე
„თიბისის გუნდის წევრი ფაქტობრივად კომპანიის დაარსებიდან ვარ. მეამაყება, რომ მეც მცირეოდენი წვლილი მიმიძღვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაში. ჩემი მოტივაციის წყარო კი მხოლოდ ერთგულება და სიყვარულია ამ ჯგუფის მიმართ. ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, მთავარ გამოწვევად კი რჩება - არ ჩამორჩე დროს. ახლა გადავდივართ სრულიად ახალ, ეჯაილ სისტემაზე, რაც თითოული მენეჯერის ძალიან დიდ თავისუფლებას გულისხმობს. ყოველდღიური სიახლეები, კლიენტების და გარე სტრუქტურების მომსახურეობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა… ყველაფერს განახლება სჭირდება, ახალი სისხლი. მე კი ვცდილობ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გავუზიარო ჩემს ახალბედა კოლეგებს.“
ნათია გულორდავა
„ამ ახლებურ მდგომარეობაში და რთულ პერიოდში კარგად დავინახეთ, რომ ერთმანეთისგან შორს ყოფნის დროსაც შესაძლებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. ბექში განსაკუთრებით იგრძნობოდა პულსაცია, რადგან ჩვენი საქმისთვის გუნდურად მუშაობა აუცილებელია. განცალკევებით ყოფნა მართლაც გამოწვევა და ალბათ ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდა იყო. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი გუნდის წყალობით, საქმიანობა რასაც თიბისელებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა და მხარდაჭერა ჰქვია და რასაც ყოველდღიურად აკეთებს ბექის თითოეული თანამშრომელი, წარმატებით სრულდება. აქ ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ, ერთად ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ. პანდემიამ დაგვანახა რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომება, ერთმანეთის დაფასებაა და ყველაფერი აუცილებლად გამოვა.“
ავტორი: ქეთი რაზმაძე