სიახლეები

თეონა ჯოლოხავა სეულიდან თიბისიში

იანვარი 12, 2021

კრიზისულ სიტუაციებში ახალი შესაძლებლობები რომ ჩნდება, გამოწვევების მიუხედავადაც კი არაერთხელ დადასტურდა 2020-ში. მაინც შევძელით და ადაპტაციის უნარი არაერთი ფორმით გამოვავლინეთ. გამოსავლების ძიებაში აღმოჩენილი ახალ გზები ხშირ შემთხვევაში მოტივაცია აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის.

აქამდე ჩვენი სამსახური დიდწილად საცხოვრებელ ადგილთან იყო დაკავშირებული. ვერც ვამჩნევდით, რამდენად შეზღუდული ვიყავით იმ მოცემულობით, რომ ჩვენს ქალაქში, ან მაქსიმუმ ჩვენს ქვეყანაში უნდა გვემუშავა. 1 წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ფიზიკური დისტანცია სამუშაო პროცესის ყველაზე პატარა პრობლემა გახდებოდა და სახლიდან კი არა, სხვა, ძალიან შორეული ქვეყნიდანაც კი შევძლებდით სრულყოფილად მუშაობას.


ისტორია პანდემიასთან ერთად დაიწყო და ალბათ კარგი დამთხვევა აღმოჩნდა, რომ თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის გუნდის წევრს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კორეაში მოუწია წასვლა. თუმცა, თავიდანვე ყველაფერი არც ისე ნათელი იყო და ასეთი ცვლილება ერთი შეხედვით ერთგვარ „მსხვერპლსაც“ მოითხოვდა - საყვარელ საქმესა და სამსახურზე უარის თქმას. მაგრამ დღეს რა მნიშვნელობა აქვს, ოფისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმუშავებ თუ ათასობით?

თეონა ჯოლოხავა

ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის გაყიდვების განყოფილების უფროსი

თეონა ჯოლოხავა თიბისის გუნდს 3 წლის წინ გარდამტეხ პერიოდში შემოუერთდა, მაშინ, როდესაც კომპანია ყველაზე დიდი ბანკი გახდა საქართველოში. რთული, ინტენსიური და გამოწყვევებით სავსე საქმე, ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის გაყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, მისთვის საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა. 3 წლის განმავლობაში ჩადებული რესურსისა და არაერთი წარმატების შემდეგ, რთული იქნებოდა ამ ყველაფრის დათმობა, რომ არა გუნდში გაჩენილი იდეა თეონას გუნდში შენარჩუნების შესახებ.


ახლა, ამ გადაწყვეტილებიდან 9 თვის შემდეგ, თეონა ყოველდღიურად აგრძელებს სეულიდან თიბისიში მუშაობას. თბილისის დროსთან რამდენიმე საათიანი სხვაობა აქვს და ამასაც სასიკეთოდ იყენებს - დილის საათები თავისუფალი აქვს, რისი ფუფუნებაც აქამდე არასოდეს ჰქონია. ასე რომ, სავარჯიშოდ, სასეირნოდ, საფიქრალად დროც გათავისუფლდა.


„აქამდე შეუძლებელი მეგონა კორპორაციული განყოფილების დისტანციურად მუშაობა, მაგრამ ძალიან მალე მოვერგეთ ახალ რეალობას და გადავეწყვეთ. ახლა ძალიან მშვიდად და შეთანხმებულად მიდის პროცესი - ისე, როგორც ოფისში იქნებოდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვენატრება და იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, თუმცა უკვე ისე მივეჩვიეთ ახალ რეალობას, რომ ზოგჯერ სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია.“

ერთია, როდესაც ახალი რეალობის გამო სხვა პირობებში აგრძელებ მუშაობას, მეორე კი, როცა საცხოვრებლის შეცვლის გამო კომპანიის მიტოვების რისკი ჩნდება:

„20 წლიდან ვმუშაობ, თიბისიში ძალიან მნიშვნელოვანი გზა გამოვიარე და ახლა რომ მოვწყვეტილიყავი ამ ყველაფერს, ძალიან დამწყდებოდა გული და გამიჭირდებოდა ჩემი საყვარელი საქმის გარეშე. სამყარო აღმოჩენებითაა სავსე. შეიძლება ითქვას გამიმართლა კიდეც, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ცვლილება სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა.“

ფაქტია, ასეთ რთულ რეალობაშიც კი არსებობს ისტორიები, რომლებიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვიჩვენებს.

P.S.

„შორეულ“ სეულში იქაურ საბანკო სისტემაზე დაკვირვებისა და შედარებების გაკეთების საშუალებაც აქვს. თურმე, ჩვენთან, აქ და ახლა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება ბევრად მარტივია. კორეიდან კი კიდევ უფრო ცხადი ხდება ჩვენი გუნდის მისიის მნიშვნელობა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.


ავტორი: ქეთი რაზმაძე