თიბისელები სიახლეები

„უკანა ხაზელები“ - თიბისის ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ურთიერთობების გუნდი

ივნისი 10, 2021

უკანა ხაზს რომ სპორტში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, ცნობილი ამბავია. ასეა ნებისმიერ საქმეშიც, რომლის სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი „უკანა ხაზელები“ არიან. ანუ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზურგს გვიმაგრებენ, საიმედო საყრდენები არიან და გვაზღვევენ ყველა სიტუაციაში.

თიბისიში ეს როლი არაერთ გუნდს აქვს, მათ შორის კი ერთ-ერთია ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ურთიერთობების გუნდი, რომელიც 23 ადამიანს აერთიანებს და ყოველდღიურად თანამშრომლობს ბანკის სხვადასხვა ბიზნეს ერთეულთან მომხმარებლებისა და თიბისელების მხარდაჭერის მიზნით.

 

მათი მთავარი ამოცანაა ერთი მხრივ ეფექტურად მართონ ანგარიშსწორებითი ტრანზაქციები და საკორესპონდენტო ოპერაციები, მეორე მხრივ კი მუდმივად გაამარტივონ, დახვეწონ და გააუმჯობესონ პროცესები. შედეგად დღეისათვის ანგარიშსწორების განყოფილების ოპერაციების 98% ავტომატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა დავალება განყოფილებაში შემოსვლიდან მომენტალურად სრულდება.

თუმცა, ერთია სწორად და კარგად შეასრულო საქმე და მეორეა, იმდენად ღრმად ეცნობოდე ერთი შეხედვით ძალიან ტექნიკურ დავალებებს, რომ სიამოვნებასაც იღებდე პატარა ნიუანსების შემჩნევით და პრობლემების გადაწყვეტის გზების პოვნით. ეს პროცესი მათემატიკური ამოცანის ამოხსნის აზარტივითაა, როცა ერთი გასაღები უნდა მოძებნო და მერე ყველაფერი სწორად მიდის.

 

მთავარი კი გუნდის ურთიერთობებია, რომელიც უამრავ წელს ითვლის. მათ დიდ ნაწილს თიბისიში მუშაობის თითქმის 20 წლიანი სტაჟი აქვს და ოჯახური გარემო, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა კიდევ უფრო ძვირფასს ხდის ყოველდღიურობას. 

ქეთი გამგონეიშვილი, განყოფილების უფროსი

"ჩვენს განყოფილებას ბანკის ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლო როლი აქვს, ფაქტობრივად კომპანიის ხერხემალი ვართ და მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ ოპერაციებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითოული საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას და უნიკალურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც ძალიან ამრავალფეროვნებს ჩვენს საქმეს და სულ აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს. უკვე წლებია კოლეგები ვართ, ვმეგობრობთ და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. ერთიანობაა ჩვენი გუნდის მთავარი ძალა.“ 

შორენა ნადარეიშვილი, უფროსი მენეჯერი

„თიბისიში 2017 წელს დავიწყე მუშაობა და სტრესული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო პროცესი გახდა, რადგან აქ დამხვდნენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებითაც აღფრთოვანებული დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, თიბისის დინამიურმა პროცესმა სულ სხვა ცოდნა მომცა. თუ პროფესიონალი არ ხარ, ძალიან ძნელია ამ გუნდის ნაწილი იყო. გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს.“ 

კახა კახიანი, დოკუმენტური ოპერაციების ექსპერტი

"შუამავლის როლში ყოფნა მომხმარებელსა და პარტნიორს შორის ჩემთვის საქმის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი იყო წლების განმავლობაში. ეს ურთიერთობების ხელოვნებაა, რომელშიც არცერთი ოპერაცია არ გავს ერთმანეთს. აუცილებელია ყველაფერი ყურადღებით შეამოწმო, რისკი ძალიან დიდია, თუმცა ესაა მთავარი ხიბლიც. გუნდში როცა პრობლემური სიტუაციაა, გამოსავალს ყოველთვის ერთად ვპოულობთ და სულ გვაქვს ერთმანეთის იმედი.“

შალვა მაჭავარიანი, ბარათების ანგარიშსწორების მენეჯერი

"ემპათია და მომხმარებლებზე ზრუნვა - ვფიქრობ, ამით გამოვირჩევით. მიზნამდე ერთად მივდივართ და ბევრჯერ დავრწმუნდით რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ. ყოველდღიურად შუამავლობას ვუწევ უამრავ ადამიანს და ენერგიას ვიღებ იმით, რომ სხვებს ვეხმარები. მითუმეტეს ახლა, როცა დისტანციურად ვმუშაობთ თითქოს უფრო მეტს ვასწრებთ და ეფექტურები ვართ დროის თვალსაზრისით, თუმცა ნამდვილად გვენატრება ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა, რაც ჩვენი მამოძრავებელი ძალაა.“ 

მაია ჯანგველაძე, უფროსი მენეჯერი

"ორგანიზებულობის, სისხარტის და ურთიერთობების ნიჭი ყველაზე საჭიროა ჩვენს საქმეში. 2005 წლიდან თიბისელი ვარ და ყოველდღიურად მიწევს სწრაფად გადავერთო ერთი საქმიდან მეორეზე და თან შევინარჩუნო სტაბილურობა. სამუშაო ძალიან მრავალფეროვანია და გუნდში ყველას საკუთარი ნიშა გვაქვს. მთავარი კი ის არის, რომ ძალიან ბევრს ვსწავლობთ ხელმძღვანელისგან და ერთმანეთისგან, პირველ რიგში თანადგომას. კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი გონება ყოველთვის იმაზეა მომართული, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა და ასე მიზანსაც ყოველთვის ვაღწევთ."

ნინო ოქიტაშვილი, ბარათების ანგარიშსწორების მენეჯერი

"როდესაც შეგიძლია ერთი შეხედვით ზედაპირულ საქმეში ჩაეფლო, იქ რაღაც საინტერესო იპოვო და შეიყვარო, ბედნიერი ხარ. უკვე 20 წელია რაც ბარათების მიმართულებით ვმუშაობ. ძალიან შთამბეჭდავია ტრანსფორმაცია, რომლის მომსწრეც გავხდი და ველოდები საინტერესო პროცესებს, რომლებიც მომავალში გველის. ჩემი სამუშაოს მიმართ სიყვარულს დიდწილად განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც არა უბრალოდ კოლეგები, არამედ ძალიან ძვირფასი მეგობრები არიან."


ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტო: ელენე შენგელია