აგვისტო 06, 2024
IT ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მზარდი სფეროა, ამიტომ მუდმივი სწავლა, ახალი და განსხვავებული ცოდნის მოპოვება, ტრენდებისთვის ფეხის აწყობა და უახლესი ხელსაწყოების გაცნობა კარიერული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის წარმატება წარმოუდგენელია. ამას, რა თქმა უნდა, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც იაზრებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, თანამშრომლებს სწავლისთვის კომფორტული გარემო შეუქმნან.
თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად უკვე წლებია ზრუნავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში იმპლემენტაციას გულისხმობს. ეს კულტურა კომპანიის ნაწილად იქცა და დღემდე გრძელდება.
ამჯერად, თიბისის 15 თანამშრომელი ბერლინში, ყოველწლიურ კონფერენციას, WeAreDevelopers World Congress-ს დაესწრო, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი, 8000-მდე კომპანია და უამრავი წარმატებული სპიკერი იყრის თავს. აქ ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლების გაცნობაა შესაძლებელი, როგორებიცაა Google, Red Hat, Docker, Dynatrace, GitHub, Intel და სხვა.
WeAreDevelopers World Congress-ის არსსა და მნიშვნელობაზე, იქ მიღებულ გამოცდილებაზე და ზოგადად მსგავსი კონფერენციების საჭიროებაზე თიბისის ტექ გუნდის წევრებმა - თიბისის ბექ-სისტემების დეველოპმენტის ლეგიონის ლიდმა, ლევან ნოზაძემ, დეველოპერებთან ურთიერთობის სპეციალისტმა/ტექ კომუნის ლიდერმა, ნათია ბარაბაძემ და Back-end დეველოპერმა, რუსო სულხანიშვილმა საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრეს.
მსოფლიოში უამრავი ტექ კონფერენცია იმართება, თუმცა თიბისის ტექ გუნდმა არჩევანი WeAreDevelopers World Congress-ზე შეაჩერა. როგორც ლევანი გვიყვება, ამის უმთავრესი მიზეზი კონფერენციის მასშტაბურობა, საინტერესო სპიკერები და თემები იყო, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის სასარგებლოა.
“არაერთი საინტერესო კომპანია თუ სპიკერი იყო კონფერენციაზე. ამასთან ერთად, აქცენტი AI-ზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდებოდა. დეველოპერებისთვის ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ კონკრეტულად ეს კონფერენცია” - ამბობს ლევანი
საინტერესო, ამავდროულად სამართლიანი იყო კონფერენციაზე წამსვლელთა სიაც, რომელიც, ლევანის თქმით, თითოეული მათგანის დამსახურებიდან და მონდომებიდან გამომდინარე დაკომპლექტდა.
“ჩაპტერ ლიდები შევარჩიეთ, რომლებიც საკმაოდ დიდ შრომასა და ძალისხმევას დებენ კომპანიის განვითარებაში. ამასთან, ჩაპტერიდან გამორჩეული ხალხი ავარჩიეთ, რომლებსაც გარკვეული სისტემების განვითარებაში დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი და გუნდისგან კარგი უკუკავშირი ჰქონდათ მიღებული” - გვიყვება ლევანი
თიბისის Backend დეველოპერი, რუსო სულხანიშვილი კონფერენციაში უშუალოდ იყო ჩართული. როგორც თავად გვიყვება, ვორქშოფებსა და სხვადასხვა გამომსვლელებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდიარე ესწრებოდა, რაც მისთვის კომფორტულთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდა.
“კონფერენციებსა და ვორქშოფებზე წინასწარ ჩავეწერეთ. გავიარეთ სესიები, სადაც სხვა კომპანიის თანამშრომლებთან ჩვენი გამოცდილება გავაზიარეთ, მათ კი თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და ის გამოცდილება, რომელიც ვორქშოფებითა და networking-ით მივიღეთ ფასდაუდებელია”. - გვიყვება რუსო
რუსოს მოწონება რამდენიმე სპიკერმა დაიმსახურა, მისი თქმით, გამომსვლელების მიერ გაზიარებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის სრულიად ახალი იყო და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას თიბისიში აუცილებლად ცდის.
“მომეწონა გამომსვლელი, რომელიც დოკუმენტაციაზე დეველოპერების ჭრილში საუბრობდა. ამასთან, უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო სესია ჩატარდა. ძალიან საინტერესო იყო მოტივაციასა და დროის მართვასთან დაკავშირებული სესიები, რადგან დეველოპერებს ხშირად შეხვედრები გვაქვს და კოდის წერისთვის დრო ნაკლებად გვრჩება. შესაბამისად, პროფესიონალებისგან მსგავსი პრაქტიკული რჩევები დროის მართვაში აუცილებლად დაგვეხმარება”. - ამბობს რუსო სულხანიშვილი
რუსოსთვის, როგორც თიბისის ტექ გუნდის წევრისთვის, მსგავსი კონფერენციები საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ მსგავსი გასვლები ცოდნისა და გამოცდილების მიღებასთან ერთად, განტვირთვისთვისა და საჭირო კონტაქტების დაგროვებისთვის აუცილებელია.
“მსგავსი კონფერენციები, შეიძლება ითქვას, კომპანიისგან შრომის დაფასების გამოხატვაცაა. ზოგჯერ, რუტინულ სამუშაო გარემოსგან დროებით დაშორება აუცილებელია. ამასთან, კომპანიის შიგნით თუ მის გარეთ უამრავი ახალი ადამიანი გავიცანი, რომლებსაც შემიძლია ნებისმიერ დროს რჩევაზე, საქმესა თუ სრულიად სხვა თემაზე მივწერო”. - აღნიშნა რუსომ
WeAreDevelopers World Congress-ზე ორგანიზაციული ნაწილის სანახავად თიბისის ტექ კომუნის ლიდერი, ნათია ბარაბაძე იყო წასული. როგორც თავად გვიყვება, მთავარი “მოვალეობა” ტექ ტალანტებზე დაკვირვება, მათი ინტერესის სფეროს გაგება და გაანალიზება იყო. ამასთან, სესიებსა და პანელურ დისკუსიებსაც აქტიურად ესწრებოდა
“კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, როგორც ტექ კომუნის ლიდერი, რათა უშუალოდ ტექ ტალანტებისგან გამეგო მათი საჭიროებები, დავკვირვებოდი მათ ქცევას, რა მოსწონთ მსგავს ღონისძიებებზე, ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ღონისძიების ორგანიზების ნაწილს, ვესწრებოდი სესიებს და პანელურ დისკუსიებს, რათა მეტი გამეგო არსებულ ტრენდებზე”. - ამბობს ნათია
“მსგავს კონფერენციებზე ყოველთვის გეძლევა საშუალება, გაიგო რაიმე ახალი, ან შეადარო შენი არსებული სამუშაო გარემო სხვა კომპანიებისას. მიხარია, როდესაც აღნიშნავენ, რომ იგივე ხელსაწყოებს ჩვენც ვიყენებთ, ან იგივე მიდგომები გვაქვს, რომ უკეთ გამოგვდის რაღაცები. ახალი რომ ვერაფერი ვისწავლოთ, თუნდაც ამის გამო ღირს დასწრება”
ნათია ბერლინიდან შთაბეჭდილებებითა და იდეებით სავსე დაბრუნდა. ფიქრობს, რომ ღონისძიების შედეგად მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და კავშირების გამოყენებას თიბისიში წარმატებით შეძლებს.
“ღონისძიების ორგანიზატორმა მცირე ჯგუფს ექსკურსია ჩაგვიტარა, რათა უკეთ გავცნობოდით მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზების შიდა სამზარეულოს. ბერლინიდან შთაბეჭდილებებით და იდეებით სავსე დავბრუნდი. ვეცდები, საუკეთესო პრაქტიკები გამოვიყენო ჩემი მომავალი ღონისძიებების გასაუმჯობესებლად”. - გვიყვება ნათია
თიბისის ტექ გუნდის წევრები WeAreDevelopers World Congress-ით კმაყოფილები არიან, რადგან მსგავსი დონისა და ხარისხის კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ კომპანია, რომელშიც მუშაობენ, თანამედროვეა და ახალი ტრენდების ათვისებასა და დანერგვას მაქსიმალურად ცდილობს.
ავტორი: გივი ცერაძე