აგვისტო 22, 2023
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით დიდ , 2-დღიან ღონისძიებას ატარებს.
ტესტერთა დღე 9-10 სექტემბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი.
9 სექტემბერს ღონისძიებაზე დაგხვდებათ კომპანიის სივრცეებიც, სადაც მიიღებთ ინფორმაციას როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ.
GeoSTQB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნათია სირბილაძე გვეუბნება, რომ ზოგიერთი კომპანია სტუმრებს სიურპრიზსაც უმზადებს.
ტესტერები ციფრული პროდუქტების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ - ისინი ცდიან მათ და აღრიცხავენ ხარვეზებს, რათა პროდუქტი მომხმარებლამდე სრულყოფილი სახით, უხარვეზოდ მივიდეს.
თუმცა ,როგორც ნათია გვიყვება, რამდენიმე წლის წინ ამ საქმიანობით გაცილებით ცოტა ადამიანი იყო დაკავებული, დაბალი იყო ტესტირების შესახებ ინფორმირებულობაც.
GeoSTQB 2019 წელს დაარსდა. ამ დროს მოქმედ ტესტერების დიდ ნაწილს სურვილი ჰქონდა, კარიერა დეველოპმენტის ან პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გაეგრძელებინა. ნათია ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ბიზნესის მხრიდან დაბალი ინტერესიც იყო.
"არ მიიჩნეოდა, რომ ეს მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, თუ ბაზარზე გასვლის წინ ციფრული პროდუქტის სათანადოდ გატესტვა არ მოხდა, შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს. იყოს ბევრი უკმაყოფილო გამოხმაურება, არც საბოლოოდ, რეპუტაციაზე ცუდად აისახოს. ეს შეიცვალა და ამაში ჩვენი წვლილი ნამდვილად არის"
GeoSTQB ბელგიური კომპანიის, International Software Testing Qualifications Board-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ის 2002 წელს დაფუძნდა და ტესტირების მიმართულებით ყველაზე მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო სქემა შექმნა.
თუმცა, საქართველოში ამ ტესტის ჩაბარება შეუძლებელი იყო, სანამ ნათია სირბილაძემ პარტნიორებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლობა არ გახსნა. მათ შემოიყვანეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრიც, რომელიც ტესტირების გამოცდების ჩაბარებას უზრუნველყოფს.
"შევეცადეთ, შემოგვეტანა სერტიფიცირებების თემა. ამ პერიოდს დაემთხვა GITA-ს 3000 სპეციალისტის გადამზადების პროგრამის დაწყება. დავუკავშირდით, რის შემდეგაც, კვლევების საფუძველზე, GITA-მ დაამატა ტესტირების მიმართულება. მაშინ ბევრი ადამიანი გადამზადდა, რომლებსაც, პროგრამის ფარგლებში, გამოცდის ჩაბარებაც უფინანსდებოდათ. ამ ყველაფერმა ერთად ძალიან შეუწყო ხელი ტესტირების განვითარებას". - ამბობს ნათია.
მისი თქმით, კომპანიების მხრიდანაც დაიწყო ინტერესმა ზრდა, უკვე ნათლად ჩანდა რომ არასათანადოდ გატესტილ პროდუქტს წუნი შეიძლებოდა ჰქონოდა და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც ყოფილიყო შემდეგ ამისი გამოსწორება დაკავშირებული.
გაჩნდა მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე. გაიზარდა ქომიუნითიც - ნათია გვიყვება, რომ მათი ჯგუფი ახლა 4000-მდე ადამიანს აერთიანებს.
ბუნებრივია, ტესტერები მუშაობენ თიბისიში - კომპანიაში, რომელსაც ტექნოლოგიების მიმართულებით 1000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებას ალეკო ისკონიანი უძღვება.
ალეკო გვეუბნება, რომ დროსთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი უფრო კომპლექსური ხდება და რთული გადაწყვეტები კომპლექსურ ტესტირებას საჭიროებს, რაც, თავის მხრივ, ავტომატიზაციის აუცილებლობას წარმოშობს.
“ხშირად ტესტირების პროცესებში ადამიანური კომპეტენცია და შესაძლებლობები აღარ არის საკმარისი, ვინაიდან პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სიჩქარე და მაღალი ხარისხი ამ ინდუსტრიაში გადამწყვეტია”. - ამბობს ალეკო.
მისი თქმით, ტესტირების პროცესების განვითარების პროცესში ახალი მიდგომები, ფრეიმვორქები, ხელსაწყოები და სტანდარტები იქმნება. აღნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ახალ შესაძლებლობებსაც.
“ავტომატიზაცია ერთ-ერთი უალტერნატივო გზა არის სწრაფად და შედეგიანად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევაში. შესაბამისად აქ ხდება ძალიან ეფექტური გადაწყვეტების შექმნა. ეს მიმართულება სრულფასოვან დისციპლინად ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ინჟინრის პროფესიადაც იქცა”.
თიბისიში ტესტირების მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს. 90 მათგანი ტესტერია, 90 - ინჟინერი, რომელიც ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ალეკოს მოვალეობა ტესტირების პროცესის განვითარება, ფრეიმვორქების შექმნა, ასევე, თანამშრომლების განვითარება და მათ მეტ სწავლაზე ზრუნვაა.
რაც შეეხება GeoSTQB-სთან თანამშრომლობას - ალეკოს თქმით, თიბისისთვის მნიშვნელოვანია, ტესტერთა კომპეტენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს, ვინაიდან ეს მიმართულება ქვეყანაში სათანადოდ განვითარებული ჯერაც არ არის.
“ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, რაც ძალიან იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ახალგაზრდებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად შესაბამისი მიღწევები აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის მასშტაბით”. - ამბობს ალეკო ისკონიანი.
თიბისი, საქართველოში, ტესტირების მიმართულებით ტექ პროფესიონალების გაძლიერებასა და მათ განვითარებას 2020 წლიდან უჭერს მხარს. ამ დროის განმავლობაში, თიბისი IT აკადემიაში, 150-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა ტესტირების ავტომატიზაციის კურსზე, ხოლო მანუალ ტესტინგის მიმართულებით 100-ზე მეტი. დღეს ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის 80% თიბისი IT აკადემიის კურსდამთარევბულია.
ტესტერთა დღის ღონისძიების შესახებ კიდევ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ საქართველოში GeoSTQB-ის წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე.
რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად კი გადადით ამ ლინკზე
ავტორი: Dev.ge