თიბისი შენთვის სიახლეები თაობა

თიბისი მომავალი თაობისთვის

სტიპენდიატების პროგრამა უკვე მეორე წელია წელიწადში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდას უჭერს მხარს.

მაისი 15, 2020

მოზარდებისთვის, ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შრომას აფასებდნენ და გრძნობდნენ, რომ ცხოვრებაში თავიანთი ფუნქცია აქვთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის განვითარებისთვის ბავშვები მხარდაჭერას პატარა ასაკიდანვე იღებდნენ.


სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თიბისის სტიპენდიატების პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია წელიწადში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდას უჭერს მხარს. წელს მათ რიცხვს 68 ახალი სტიპენდიატი შეემატა. სტატიაში კი 5 მათგანს გაგაცნობთ.


თიბისის 5 სტიპენდიატის ამბავი


თიბისის სტიპენდიატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები და მათი მიმართულებებიც ვრცელი და მრავალფეროვანია. სტატიაშიც ვეცდებით, სხვადასხვა კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრებ, განსხვავებული ინტერესების მქონე წარმატებულ ახალგაზრდებზე მოგითხროთ. პირველი, ვისზეც მოგიყვებით, თამარ ჩიხრაძეა მაღალმთიანი რაჭიდან.




ილუსტრატორი რაჭის სოფელ უწერადან



16 წლის თამარ ჩიხრაძე რაჭის სოფელ უწერაში ცხოვრობს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ასაკში უკვე წიგნის ილუსტრატორია. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ხატვის ნიჭი მეექვსე კლასში ქართულის მასწავლებელმა, ლელა კოტორაშვილმა აღმოაჩინა. მომავალში სწორედ ლელა გახდა ის ადამიანი, ვისაც მოსწავლის სტიპენდია ყველაზე მეტად გაუხარდა.


თამარი გვიყვება, რომ ლელა მასწავლებელმა სკოლაში ლიტერატურული კაფე მირამისი შექმნა, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პერსონაჟებს აცოცხლებდნენ, ხატავდნენ, აფორმებდნენ მათ ტანსაცმელს თუ სხვა. სწორედ ასე გაირკვა, რომ თამარს ხატვის ნიჭი ჰქონდა. ლელა კოტორაშვლმა წიგნში — მოსიარულე გაკვეთილები 3 წლის მანძილზე გადამხდარი ამბები შეკრა. ამ ამბების მონაწილე, რა თქმა უნდა, თამარიც იყო, მოგვიანებით კი წიგნის ილუსტრატორობაც საკუთარ თავზე აიღო.


ზაფხულში უწერაში მწერალი ნენე კვინიკაძე იყო ჩასული, რომელმაც ბავშვებთან საჯარო ლექცია გამართა. თამარი გვიყვება, რომ ასე აღმოაჩინა ნენემ და შემდეგ თიბისისთან დააკავშირა. ის აღნიშნავს, რომ სტიპენდიის აღების შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო.



"იწყებ უკვე ფიქრს, რამდენად იმსახურებ იმას, რასაც გაძლევენ და კიდევ უფრო ცდილობ იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე აქამდე აკეთებდი. ცდილობ, უფრო საინტერესო გახადო თუნდაც წიგნის კითხვის პროცესი არა მარტო შენთვის, არამედ სხვისთვისაც. როცა შენი შრომის საზღაურს ყოველი თვის რაღაც რიცხვში იღებ, უკვე იჯერებ და აღიქვამ მას", — ამბობს თამარი.



იზოლაციას რაჭაში მყოფი თამარისთვის დიდად არაფერი შეუცვლია. როგორც ამბობს, თანატოლები ისედაც ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ. თამარის კლასში სულ სამი მოსწავლეა, სკოლაში კი ჯამში დაახლოებით 21. გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ, მაგრამ რაჭაში კარგი ხარისხის ინტერნეტი არაა, ცუდ ამინდში კი მისი დაჭერა განსაკუთრებით ძნელია. თამარი ამ მხრივ წინდახედული აღმოჩნდა — როგორც გვითხრა, ჯერ კიდევ თებერვალში წინასწარ გადმოწერა ის სერიალები და ფილმები, რომელთა ნახვაც უნდოდა. ახლა ბეჭდების მბრძანებლის მეორე ტომს კითხულობს და პროექტში "წაიკითხე ჩემი წიგნშია" ჩართული. თანატოლებს ურჩევს, რომ იზოლაციაში ყოფნის დრო იმ საქმის კეთებაში გაიყვანონ, რისთვისაც მანამდე დრო არ ჰქონდათ.


"ვურჩევდი, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა არ შეიყოლიონ და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან მეტად დაამყარონ", — ამბობს თამარი.


თამარი ფიქრობს, რომ მომავალში საკუთარ პროფესიად ქართული ენის ფილოლოგობას აირჩევს, თუმცა გვიმხელს, რომ ისტორიაც ისევე უყვარს, როგორც ლიტერატურა და ხატვა.




მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული თბილისიდან




დემეტრე გელაშვილიც 16 წლისაა, ოღონდ თამარისგან ძალიან შორს ცხოვრობს და სულ სხვა მიმართულება აქვს არჩეული. ის თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42 საჯარო სკოლაში სწავლობს. თიბისიმ სკოლასთან დაკავშირების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის 2020 წლის იანვარში ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. მიღწეული შედეგების გამო დემეტრე თიბისის სტიპენდიატი ორჯერ გახდა.


დემეტრე გვიყვება, რომ სტიპენდიაზე არაფერი იცოდა და სანამ არ აიღო, ბოლომდე არც კი სჯეროდა. On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ სტიპენდიის ამბავს გაიგებდა, ფულს ტელეფონისთვის აგროვებდა, სტიპენდიის აღების შემდეგ კი ეს სურვილი აისრულა. სტიპენდიის მიღებით საკუთარი შრომის დაფასებას ასე გვიხსნის:


"ნელ-ნელა ხვდები, რომ უნდა შეაბიჯო ზრდასრულ სამყაროში და ხვდები, რომ უკვე შენც იღებ შემოსავალს იმაში, რომ რაღაც გააკეთე და დაიმსახურე. როცა ამას იაზრებ გიხარია".



დემეტრესაც სკოლის გაკვეთილები ონლაინ უტარდება, ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ წრეებსაც ონლაინ ესწრება. უახლოეს მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასვლას გეგმავდა, თუმცა ახალი დღის წიერიგის გამო შიდა შესარჩევი ტურებიც არ ჩატარებულა. სახლში ყოფნის პერიოდში წიგნებს კითხულობს და მეგობრებთან ერთად ონლაინ თამაშებით ერთობა. თანატოლებს ურჩევს, რომ დრო იმისთვის გამოიყენონ, რისთვისაც სკოლის პერიოდში ვერ იცლიდნენ.


"მე, მაგალითად, სკოლის პერიოდში ყოველთვის მინდოდა მათემატიკისთვის მეტი დრო დამეთმო, მოვმზადებულიყავი ოლიმპიადებისთვის და რადგან დრო არ მქონდა ვფიქრობდი, ზაფხულში არდადეგებზე ვიმეცადინებდი. ახლა დადებითი ისაა, რომ იმდენივ თავისუფალი დრო გამიჩნდა, რამდენიც არდადეგებზე მაქვს ხოლმე და იგივენაირად ვემზადები",

— გვიყვება დემეტრე.


მომავალში აპირებს, რომ მათემატიკას და პროგრამირებას გაყვეს. მანამდე კი სტიპენდიის ფულს ახალი ლეპტოპის საყიდლად აგროვებს.


პატარა მუსიკოსი ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლიდან




ნესტან ჩალაური 14 წლის მუსიკოსია თბილისიდან. თიბისის სტიპენდიაზე იცოდა, რადგან მანამდე სამუსიკო სკოლიდან მისი მეგობრები გახდნენ სტიპენდიატები, თუმცა ფაქტი მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა.


ნესტანი გვიყვება, რომ ოჯახში თითქმის ყველა უკრავს. ბებია მასწავლებელი იყო და პატარაობისას დაკვრის სწავლა მას სთხოვა. 7 წლის ნესტანი სკოლაში შეიყვანეს და უკვე 8 წელია უკრავს. ნესტანი ყოველ დღე დაახლოებით 4 საათი ვარჯიშობს. ხშირად სდომებია, მეტი თავისუფალი დრო ჰქონოდა, თუნდაც ერთი თვე არ ევარჯია, მაგრამ მუსიკის მიტოვებაზე არასდროს უფიქრია.


ამ პერიოდში ყველა გაკვეთილი ონლაინ უტარდება, თუმცა ამბობს, რომ სახლში უფრო მყუდროდაა, დავალებებს მალე ასრულებს და ნაწარმოებებსაც უფრო სწრაფად არჩევს. თავისუფალ დროს კითხულობს და ხატავს. თანატოლებს სიახლეების მოსინჯვას ურჩევს.


"რაც შეიძლება ყველაფერი ახალი სცადონ, იმიტომ, რომ ამდენი თავისუფალი დრო მერე ალბათ აღარ გვექნება. სცადონ ყველაფერი ახალი", — ამბობს ნესტანი.


ნესტანისთვის ხელოვნება, განსაკუთრებით კი მუსიკა გრძნობების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს, თუმცა ბავშვობიდან მუსიკოსობა სურდა, ამიტომ ეეჭვება რამე სხვა პროფესია აირჩიოს.


"არ წარმომიდგენია ხელოვნების გარეშე როგორ ვიქნებოდი, არ ვიცი სხვა ბავშვები და ხალხი როგორ ატარებს დროს ხელოვნების გარეშე. მე, მაგალითად, მაქვს მიზანი გავარჩიო ნაწარმოები და შემდეგი წლისთვის მოვემზადო, თან მეხმარება, რომ ეს ყველაფერი ემოციურად გადავიტანო", — გვიხსნის ნესტანი.




მომავალში კონცერტს გეგმავდა და ნაწარმოებიც უკვე მზად ჰქონდა, თუმცა სცენაზე გამოსვლას და ხალხთან შეხვედრას პანდემიის გამო ჯერჯერობით ვეღარ ახერხებს.




მსოფლიო ჩემპიონი კარატეში წეროვანიდან




თბილისთან საკმაოდ ახლოს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში 14 წლის ვაკო ბაშარული ცხოვრობს, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონია კარატეში. ვაკო მერვე კლასშია. გვიყვება, რომ როცა თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა ისეთი პატარა იყო, კარგად არც ახსოვს. წინა წელს კი საქართველოს ჩემპიონი გახდა 12-13 წლამდე ასაკის ბავშვებში, მინუს 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში.


"გამიხარდა, მაგრამ არც ვიცოდი რა იყო, მერე დედას შევეკითხე და უფრო გამიხარდა. გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ და როცა კარგად ვისწავლი, სტიპენდიით ელექტროგიტარა მინდა ვიყიდო", — გვიყვება ვაკო.


სახლში ყოფნის პერიოდში ონლაინ სწავლობს, კარატეს მასწავლებელს ვარჯიშის ვიდეოებს უგზავნის, ხატავს და წიგნებს კითხულობს. როგორც გვითხრა, ყველაზე მეტად დეტექტიური ჟანრი მოსწონს და თანატოლებსაც დროის სასარგებლოდ გასაყვანად კითხვას ურჩევს.


ვაკო 14-15 წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე გასვლას გეგმავდა, ამ დროისთვის ჩემპიონატი გაუქმებულია, თუმცა ვარჯის აგრძელებს და ცვლილებებსაც ელოდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაფერთან ერთად ვაკო რობოტექნიკითაა გატაცებული და გვეუბნება, რომ მომავალში ფიზიკოსობა უნდა.



თვითნასწავლი ოპერატორი ქუთაისიდან




ბოლო სტიპენდიატი, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ 15 წლის მათე დვალიშვილია ქუთაისიდან. მათე გვიყვება, რომ დედა ჟურნალისტი ჰყავს, მამა — რეჟისორი, ამიტომ აპარატურასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა. თიბისის სტიპენდიის შესახებ იცოდა და ქუთაისში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მისი პირველი ვიდეოც თავად გაუგზავნა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო ყველას მოეწონა და თიბისის სტიპენდიაც აიღო.


მათე ვიდეოებს დაახლოებით 2 წელია იღებს, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობს და პროგრამირებითაცაა გატაცებული. სკოლაში გაკვეთილზე დაურეკეს, გავიდა და გაიგო, რომ სტიპენდიატი გახდა. გვიყვება, რომ კლასში ძალიან ბედნიერი დაბრუნდა.


სახლში ყოფნის პერიოდში დრო წიგნების კითხვასა და მეგობრებთან ერთად ონლაინ თამაშებში გაჰყავს, თუმცა გაგვიმხილა, რომ ამასობაში პროგრამირების ახალი ენის სწავლაც მოასწრო.





"თანატოლებს ვურჩევდი, რომ რაც აინტერესებთ იმაში უფრო გაერკვნენ, სიღრმისეულად შეისწავლონ ის სფერო. მე რა პროგრამირების ენაც ვიცოდი მოძველებული იყო. ერთი ონლაინ გაკვეთილი, ახალი ენის 4-საათიანი კურსი ვნახე და რაღაც დონეზე ვისწავლე. ღრმად ვერა, მაგრამ მაინც", — გვიყვება მათე.




ამ ყველაფერთან ერთად მათე ორი წელია ფრენბურთის 2005-წლიანების ნაკრებშია და მაისში საქართველოს ჩემპიონატზე უნდა გასულიყო, თუმცა თამაში გადაიდო. ვარჯიშს სახლში აგრძელებს, თუმცა ფიქრობს, რომ მომავალში რეჟისურას ან პროგრამირებას გაჰყვება.


#თიბისიშენთვის მომავალი თაობის მხარდასაჭერად


თიბისის სტიპენდიატები 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ.

მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. გარდა ამისა, ყველა მათგანი ელექტრონულ წიგნების სახლ საბაზე 50 წიგნს საჩუქრად იღებს.


ის ბავშვები, რომლებსაც 18 წელი უსრულდებათ, ყოველწლიურად სტიპენდიატობის სიას ეთიშებიან და მათ ადგილს ახალი თაობის ახალი წარმომადგენლები იკავებენ. ასე რომ, თუ ხარ ახალგაზრდა, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, დაელოდე, შეიძლება შემდეგი შენ იყო.



ავტორი: სალომე ჩიკვილაძე, On.ge