ნოემბერი 22, 2024
თიბისის ტექ გუნდი, Global Software Architecture Summit-ზე
წელს ბარსელონაში Global Software Architecture Summit ჩატარდა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე. ამ პრესტიჟულ ღონისძიებას თიბისის გუნდის წევრებიც დაესწრნენ, რომლებსაც პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.
თიბისის დეველოპერი, თათია ხუხია გვიყვება, რომ მისთვის ეს, საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრების, პირველი გამოცდილებაა და თვლის, რომ Global Software Architecture Summit არა მხოლოდ უბრალოდ განათლების მიღების, არამედ გლობალური საზოგადოების ნაწილად ქცევის იდეალური შესაძლებლობა იყო.
თიბისი ტექ ტალანტები ერთხმად თანხმდებიან, რომ მათ კონფერენციის ფარგლებში უახლესი ტენდენციები გაიცნეს და მიიღეს საჭირო ცოდნა, რასაც პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენებენ. მათთვის გამორჩეული გამომსვლელი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ში მუშაობს. (თიბისიმ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან დაიწყო თანამშრომლობა, რაც ამ კომპანიისთვის რეგიონში პირველი პარტნიორობა და საქართველოში ტექ-სფეროსთვის გარდამტეხი მომენტი იყო).
“ერთ-ერთი, რაც ვისწავლეთ Architectural Fitness Functions იყო - ყველა არაფუნქციონალურ მოთხოვნებთან ერთად ასევე შემოწმება, დროთა განმავლობაში ხომ არ განიცდის ჩვენი სისტემები არქიტექტუტულ დეგრადაციას? ამასთან, Communication Patterns in AI, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული არქიტექტურული დიაგრამებისა და სისტემის დიზაინის პოტენციალი და რისკები”
თეონა ქუჯოშვილი
კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე
თიბისის კიდევ ერთმა ტექ ტალანტმა, გიორგი მეცხვარიშვილმა პროფესიული ქსელის გაფართოების კუთხით მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპეტენციური განვითარება.
“გავიცანით უამრავი ადამიანი, მათ შორის გამოსვლელები, დავმეგობრდით სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ასევე კონფერენციის საკომუნიკაციო აპლიკაციაში დღესაც გვაქვს მიმოწერა ზოგიერთ მათგანთან”
თიბისის ტექ გუნდის წევრები იზიარებენ პათოსს, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა დამსაქმებელი შენს განვითარებაზე ზრუნავს. მათი თქმით, თავის მხრივ, შენც გიჩნდება ამ ცოდნის უკვე პრაქტიკაში გამოყენების სურვილი, რაც დამატებითი მოტივაციაა.
“თიბისი ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საშუალებას გვაძლევს დეველოპერებს, რომ საერთაშორისო კონფერენციებს დავესწროთ. სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხდება ყველაზე უფრო თანამედროვე მიდგომების შესახებ ისეთი ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა, რომელიც შეიძლება არც კი გამეგო, ასეთ კონფერენციაზე რომ არ მოხვედრილიყავი”
ვასო მახარაშვილი
თიბისის დეველოპერი
თიბისი ტექის გლობალური პროგრამული არქიტექტურის სამიტზე დასწრება მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ლანდშაფტში ლიდერად დარჩენის სურვილს უსვამს ხაზს.
დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მინიჭებით, კომპანია არა მხოლოდ თავისი თანამშრომლების უნარებს აძლიერებს, არამედ ორგანიზაციის მუდმივ წარმატებასა და ინოვაციურობაზეც ზრუნავს. ცხადია, Global Software Architecture Summit-ზე მიღებული გამოცდილება თიბისის მომავალზე დადებითად აისახება.