ფონდი, რომელიც სულ თიბისელების გვერდითაა

იანვარი 26, 2023

ერთმანეთის მხარდაჭერა თიბისის კულტურის ნაწილია. სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა - ფონდი თიბისელები.


საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს. ალბათ, ესაა წარმატებული ორგანიზაციის შექმნის გასაღები.


2009 წლიდან ფონდმა ასეულობით თანამშრომელი იხსნა გამოუვალი სიტუაციიდან და 2580-მდე თიბისელისა და მათი ოჯახის წევრებისთვის 9 733 000 ლარზე მეტი გამოყო. მხოლოდ 2022 წელს 502 თანამშრომლის დასახმარებლად, თიბისელების ერთიანობის შედეგადად 1,825,475 ლარზე მეტი შეგროვდა. 

“ფონდი დაარსების დღიდან თიბისელებს და მათი ოჯახის წევრებს მძიმე სამედიცინო პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანს შეგიძლია იფიქრო იმაზე თუ როგორ დაამარცხო მძიმე სენი და არ იფიქრო იმაზე, თუ სად წახვიდე, როგორ დაფარო ხარჯები და სხვა. ყოველდღიურად ფონდის ადმინისტრაცია მუშაობს იმისათვის, რომ უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზოს თიბისი ჯგუფის თანამშრომლებს.”


მარიამ ბერელიძე, ფონდის საბჭოს მდივანი.

უკვე 13 წელია, თიბისის ინიციატივით, თანამშრომლების დასახმარებლად თიბისელები ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა კი თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. დაფინანსების მისაღებად საკმარისია შიდა მიმართვის დაწერა, რომელსაც ფონდი მცირე დროში განიხილავს და თიბისელს ან მის ოჯახის წევრს მკურნალობისთვის საჭირო თანხებს გამოუყოფს.


თუმცა, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა ის, რომ ფონდი არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც გვერდით უდგას თანამშრომლებს. ბენეფიციარი თიბისელების მოსმენისას, ცხადი ხდება თუ როგორი იმედი და სიმშვიდე შეიძლება მოიტანოს იმის ცოდნამ, რომ ათასობით ადამიანი მზადაა შენს დასახმარებლად.


გაგაცნობთ რამდენიმე თიბისელის ისტორიას, რომელთა ცხოვრებაც, ფონდში გაერთიანებული თიბისელების ძალით, უკეთესობისკენ შეიცვალა.

“მიხარია, რომ თიბისისთვის მნიშვნელოვანია, ყველა თანამშრომელი გრძნობდეს თავს დაცულად გამოუვალი შემთხვევების დადგომისას. სწორედ ფონდი თიბისელები იყო პირველი იმედი, როცა გავიგე, რომ ჩემი წლინახევრის პატარას განვითარების ეტაპების შეფერხება ჰქონდა სავარაუდო აუტიზმის ნიშნებით და არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებდა მსგავს შემთხვევებს. ამ დროს ვიგრძენი თანადგომა და იმედი, რომ ჩემი შვილისთვის შევძლებდი მაქსიმალურის გაკეთებას ფონდის დახმარებით. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი შეაქვს ფონდის არსებობასა და ფუნქციონირებაში.”


თიბისელი ნატალია

2022 წლის ივნისში თიბისელი თამარი ფონდს დაუკავშირდა მეოთხე სტადიის სარკომის დიაგნოზით და დახმარებამაც არ დააგვიანა.


“თიბისის დიდი ოჯახის წევრი უკვე 14 წელია ვარ, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ფონდი თიბისელების გვერდში დგომა მივხვდი, ადამიანები, ვინც ამ საქმეს აკეთებენ სიცოცხლის და იმედის ელჩები არიან ამ სამყაროში. 


ჩემი ჯამრთელობის პრობლემა ძალიან რთული იყო და საქართველოში ყველა რესურსი ამოწურული მქონდა. ფონდი თიბისელების სახით ვიპოვე იმედი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. ყველაფერი სწრაფად მომიგვარეს და თურქეთში, საუკეთესო კლინიკაში გამიშვეს სამკურნალოდ. ჩემი დიაგნოზის მიუხედავად, ახლა ყველეფარი კარგადაა, რაც ამ ფონდისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც დამეხმარა მეცოცხლა და უკეთ ვყოფილიყავი. ბედნიერი ვარ, რომ თიბისი და ფონდი არსებობს ჩემს ცხოვრებაში.”

ფონდის დახმარებით, ერთ-ერთი თიბისელი უკვე 2 წლია ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.

“ორი წლის წინ დამიდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა საქართველოში რთული აღმოჩნდა ზუსტი დიაგნოზის დასმა. საჭირო იყო საზღვარგარეთ სასწრაფოდ გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად. ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ დროს ფინანსებზე დარდი ძალიან რთულია. ფონდი კი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს და შესაბამისად პაციენტს შეუძლია ორიენტირებული იყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. როგორც კი ფონდს დავუკავშირდი, მაშინვე მითხრეს, რომ ყველანაირად გვერდში დამიდგებოდნენ და მართლაც ასე მოხდა. მას შემდეგ 4 ქიმიოთერაპიის კურსი და 3 ოპერაცია გავიკეთე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში, რისი დამსახურებითაც ახლა მე ცოცხალი ვარ. 


როცა ფონდის წევრი ხარ, არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში იღებ მონაწილეობას.” - გვიყვება თიბისელი ბენეფიციარი.

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თიბისიში გავატარე და ისე, როგორც სხვა ყველა დანარჩენი თანამშრომელი, მეც თიბისელების ფონდის წევრი ვარ. ვიცი, ამით მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ, როდესაც ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული, მატერიალურთან ერთად ძალიან დიდი მორალური მხადარჭერა და აღარ გეშინია, რადგან ხვდები - გვერდში ათასობით თიბისელი გიდგას და ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული და იმედიანი მარიამ ბერელიძე.”


თიბისელი შორენა

სოფოც ფონდის ბენეფიციარია, რომელიც ფონდისგან უწყვეტად იღებს სამკურნალოდ საჭირო თანხებს.


“უკვე 10 წელია ფონდი თიბისელები ჩემთვის უდიდეს იმედს და გვერდში დგომას განასახიერებს. ჩემთვის, ფონდის არსებობა თიბისის ყველა კომპანიისგან გამოარჩევს. ფონდთან დიდი ხნის გამოცდილება მაკავშირებს და ამ წლების მანძილზე ყოველთვის მთელი გულისხმიერებით მიდგებიან და ყველაფერში მეხმარებიან.” 


“ჩემთვის, ფონდი არის უსაზღვრო ემოციები და თითოეული ქეისი, რომელიც ჩვენს ხელში გადის მნიშვნელოვანია. ხშირად გვიტირია თანამშრომელთან ერთად, ხშირად ღამე გაგვითენებია, რომ დავხმარებოდით მძიმე დროს. ურთულესი მომენტები გაგვივლია, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იქნება, თუმცა სასიხარულო შედეგებიც ძალიან ბევრი გვაქვს და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ.” - მარიამ ბერელიძე