სიახლეები

რას გთავაზობთ თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში

Tbc Concept

ნოემბერი 10, 2020

თანამედროვე მომხმარებელს, საუკეთესო მომსახურებასთან და პროდუქტთან ერთად, ბრენდისგან ისტორიის მოსმენა სურს - როგორი იყო მისი განვითარებისა და წარმატების გზა, რა გამოცდილებასა და ღირებულებებს უზიარებს ის ადამიანებს.


საერთაშორისო ბრენდების ე.წ Flagship სივრცეები, სწორედ ამ ისტორიას გვიყვებიან. ტერმინი სამხედრო-საზღვაო ტრადიციებიდან მოდის და ფლოტის წამყვან, ყველაზე სწრაფ და კარგად აღჭურვილ ხომალდს აღნიშნავს. 


ასეა ბრენდისთვისაც - ამ ტიპის ღია სივრცე, სწორად შერჩეული კონცეფციით, ფერებით, ესთეტიკითა და დიზაინით, ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავს, მომხმარებლის აღქმაში აშენებს და ამყარებს მის რეპუტაციას.

ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები განსხვავებული იდეების, გამოცდილებისა და კონცეფციის აღმოსაჩენად მიდიან.  

თიბისი კონცეპტმა საერთაშორისო ტენდენცია გაიზიარა და მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაში, ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში მსგავსი ტიპის პირველი, სრულიად განსხვავებული სივრცე შექმნა.


ქალაქის ცენტრალური შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.


თიბისი კონცეპტის მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ. 

საერთო სამუშაო სივრცე

აქ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ზონა დახვდებათ, სადაც რამდენიმე საათის ან მთელი დღის განმავლობაში ჯგუფურად, თუ ინდივიდუალურად მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი.


ამ ეტაპზე, სივრცით სარგებლობა უფასოა. 2020 წლის 16 ნოემბრიდან თიბისი კონცეპტის მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის უფასო ჯავშნებით ისარგებლებენ, დამატებითი ჯავშნების შემთხვევაში კი, სამუშაო სივრცით სარგებლობას სპეციალურ ფასად შეძლებენ და გადახდილი თანხის 20%-ს უკან დაიბრუნებენ.


ინდივიდუალური სამუშაო მაგიდებისა და შეხვედრების ოთახების დაჯავშნა კონცეპტ ასისტენტის დახმარებითაა შესაძლებელი მეილით - [email protected]. ასევე - ტელეფონით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-22:00, კვირას კი - 10:00-16:00 საათებში.


სამუშაო სივრცით სარგებლობა მსურველებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-20:00 შუალედში შეუძლიათ. 


საგამოფენო სივრცეები

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს უმასპინძლებს.


ამჟამად, მეორე სართულის გალერეაში გამოფენა - „მარჯანიშვილის უბანია“ წარმოდგენილი, რომელიც თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. გამოფენის კურატორი ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილია. თიბისი კონცეპტის სივრცე, გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. მისი დათვალიერება კი ყველა მსურველს შეუძლია. 


საბანკო სივრცე

მეორე სართულის საბანკო სივრცეში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები საუკეთესო პერსონალურ საბანკო მოსმახურებას მიიღებენ და მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციებს გაივლიან. საბანკო მომსახურებით სარგებლობა როგორც თიბისი კონცეპტის პრემიუმ, ასევე ციფრული ნაკრების გამომწერებსაც შეუძლიათ. მათ კი, ვისაც ჯერ არ შეუძენიათ ნაკრები და პერსონალური საბანკო მომსახურებითა და თიბისი კონცეპტის სივრცით სარგებლობა სურთ, შეუძლიათ ადგილზე გახდნენ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები. 


კაფე 

სივრცისთვის განსხვავებული მენიუ შეიქმნა, რომლითაც კაფე თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულად მასპინძლობს. გამწვანებული ტერასა კი მათთვის დამატებით სიმყუდროვეს ქმნის. კონცეფცია და მრავალფეროვანი მენიუ, სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული. ყავის მოყვარულებს აქ საშუალება აქვთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიირთვან. კაფეში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ.


კოლექცია

თიბისი კონცეპტის სივრცეში კონცეპტუალური სტილის მაღაზიაც განთავსდა, სადაც აქ მოსული ყველა მომხმარებელი, სპეციალური კოლექციებიდან განსაკუთრებულ ნივთებს აღმოაჩენს საკუთარი თავისთვის თუ საჩუქრად. კოლექციის კონცეფციაზე ბრიტანელმა კონსულტანტმა - ენდრიუ ტეილორმა იმუშავა, რომელიც ისეთი ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Dover Street Market, Comme De Garcon, ახლა კი, Burberry-ს ერთ-ერთი ვიზუალური დირექტორია. კოლექცია მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმსაც გააერთიანებს და ეროვნულ პროდუქციას გაუწევს პოპულარიზაციას. სივრცეში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ნებისმიერ შენაძენზე 15%-იანი ქეშბექი მოქმედებს.


შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცეები

პირველი და მეოთხე სართულის დარბაზები, თიბისი კონცეპტის კალენდრის შესაბამისად, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციას მოირგებენ და განსხვავებული ფორმატის შეხვედრებს უმასპინძლებენ: ახალი პროექტის წარდგენას, ბიზნესპრეზენტაციებს თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს. განახლებული კალენდრის გაცნობა www.conceptevents.ge-ზეა შესაძლებელი. ღონისძიებების ნაწილი ყველა მსურველისთვის ღია იქნება.


ბიბლიოთეკა

მრგვალ დარბაზში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესო ადგილია თვითგანვითარებისთვის და მშვიდ გარემოში სამუშაოდ, იშვიათ გამოცემებს ინახავს. აქ მკითხველი მისი ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს აღმოაჩენს - იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ ინოვაციები. საწყის ეტაპზე, მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ფიზიკურ თუ ციფრულ რესურსებს. შემდეგ ეტაპზე კი, წიგნების გატანასაც შეძლებენ.


მარჯანიშვილის 7 ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერ მსურველს, ვისაც სრულიად ახალი შესაძლებლობების, იდეების, ადამიანებისა თუ გამოცდილების აღმოჩენა სურს. 


ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: გურამ კაპანაძე, ნიკოლოზ ფანიაშვილი