ტექნოლოგია

თიბისის OPEN API გუნდი Google-ის Apigee Summit 2024-ზე

ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა

ნოემბერი 06, 2024

თიბისი ტექის კონფერენციების სერია გრძელდება - ამჯერად, Google-ის მიწვევით თიბისის Open API გუნდის 4 წევრი პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრო, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო.

ნათია პეტრიაშვილი, გიორგი სვანაძე, ელენე ჩოთალიშვილი, ირაკლი ბაკურაძე

კონფერენციას მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რათა განეხილათ API-ების ძალა ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მისაღებად.

მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას თიბისი ტექის მხრიდან დეველოპერები გიორგი სვანაძე და ირაკლი ბაკურაძე, ანალიტიკოსებთან, ნათია პეტრიაშვილთან და გუნდის კაპიტანთან ელენე ჩოთალიშვილთან ერთად დაესწრნენ. თითოეულმა მათგანმა Apigee Summit 2024-თან დაკავშირებით საკუთარი, ინდივიდუალური პერსპექტივა გაგვიზიარა, თუმცა ყველა თანხმდება და იზიარებს პათოსს, რომ მსგავსი შესაძლებლობის მიღება კომპანიისგან, რომელშიც მუშაობ და ვითარდები, აუცილებლად დასაფასებელია.

როგორც მონაწილეები გვიყვებიან, Google-ის ორგანიზებულმა სამიტმა, რომელსაც ამავე კომპანიის პარტნიორებიც ესწრებოდნენ, მათ API მენეჯმენტის ყოვლისმომცველი მიმოხილვა შესთვაზა. Apigee Summit 2024 ერთდროულად გუნდთან ერთად მოგზაურობის, ინდუსტრიის ლიდერებისგან ცოდნის მიღებისა და ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების გაგების შესაძლებლობას აერთიანებდა.

“ამ კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება საინტერესო და პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე თიბისისთვის, რადგან მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, სამომავლოდ შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა გავუმარტივოთ, რაშიც შეგვიძლია Apigee-ის ხელოვნული ინტელექტის შესაძლებლობები გამოვიყენოთ”.

ირაკლი ბაკურაძე

კონფერენცია თიბისის ტექ გუნდის წევრების ინდივიდუალური ზრდისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. ელენე ჩოთალიშვილისთვის Apigee Summit კარიერული განვითარების საფეხური იყო. როგორც თავად ამბობს, მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Apigee-სთან ერთად ციფრული საბანკო ტრანსფორმაციის პრეზენტაციამ მოახდინა.

“ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია - უფრო ნათელი გახდა, რა მაშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ჩვენთვის სასარგებლოდ”.

ელენე ჩოთალიშვილი

ყველაფერთად ერთად, ნეთვორქინგის, სფეროში წარმატებული ადამიანების გაცნობისა და ახალი კავშირების გაჩენის შესაძლებლობამ კონფერენციას დამატებითი ელფერი და ღირებულება შესძინა. გიორგი სვანაძის თქმით, სამიტზე პირადად გაიცნეს Apigee-ის გუნდის წევრი, რომელთან ურთიერთობაც აქამდე მხოლოდ მეილით ან ონლაინ შეხვედრებით ჰქონდათ. ის ფიქრობს, რომ მსგავსი პროფესიონალების ფიზიკურად ნახვა, მათთან თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის სასარგებლოა.

თიბისის ინვესტიცია პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგია არ არის - ეს ინოვაციების კულტურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობაა, რომელსაც კომპანია უმაღლეს დონეზე გრძნობს. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, თიბისი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს სამართლიანად ინარჩუნებს, რასაც თავად დასაქმებულიც ეთანხმებიან.

“ჩვენი მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა Apigee Summit, ჩვენი ზრდისადმი თიბისის ერთგულებას ადასტურებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ლანდშაფტში ვპროგრესირდეთ”.

ელენე ჩოთალიშვილი

Apigee Summit 2024 თიბისის OpenApi-ის გუნდისთვის აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ტექ ენთუზიასტების მორიგი შეკრება. ეს იყო დასტური იმისა, თუ რა დადებით როლს ასრულებს API ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაში. საქართველოში დაბრუნებული ტექ ტალანტები პარიზში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თიბისიში წარმატებული იმპლემენტაციისთვის მზად არიან.

ავტორი: გივი ცერაძე