სიახლეები ბიზნესი

Რას შეხვდებით Taste Tbilisi-ზე?

16 ოქტომბრიდან 3 კვირის განმავლობაში ჭამის ბაზრობა მუშთაიდის პარკში.

ოქტომბერი 15, 2021

დღეიდან სამი შაბათ-კვირის განმავლობაში კვლავ გიმასპინძლებთ მუშთაიდის პარკის გემრიელი შუაგული ე.წ. "სთრით ფუდის" გამორჩეული წარმომადგენლებით. ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი პარკის მადისაღმძვრელ გზაზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან ის გასტრონომიული ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს თავის გემოს შესძენს.

ფესტივალმა თავი მოუყარა როგორც თბილისის სწრაფ და გემრიელ გასტრონომიულ ობიექტებს, ისე მეწარმეებს და რაც მთავარია, ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი.

ამიტომ, გელოდებით, რათა გაუსინჯოთ თბილისს გემო.

გაიცანით 16 და 17 ოქტმობრის ფესტივალის მონაწილეები:

გასტრონომია

თამთაკი

თეისთ თბილისზე თქვენ დააგემოვნებთ სენდვიჩის ტიპის კერძებს - „თამთაკებს“, რომელთა ავტორია კულინარიის სფეროში გამოცდილი შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კერძები: გოჭის თამთაკი, ქათმის თამთაკი, ლობიოს თამთაკი, გებჟალიას თამთაკი, დესერტები - მედოკი და კაკლები. ყველა კერძი ეწყობა მომხმარებლის თვალწინ ახლადგამომცხვარ პურზე და გარნირად მოყვება ბოსტნეული, სეზონური მწვანილი და სხვადასხვა სოუსები თუ საწებლები. კერძების მზადდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან. 

,,სწორედ თეისთ თბილისის მსგავსი ღონისძიებები დაგვეხმარება ჩვენი კონცეპტის, და ზოგადად, ქართული street food-ის პოპულარიზაციაში და უკეთ დაანახებს მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის უპირატესობებს.”

ჩიზზზი - არაჩვეულებრივი აჭარული

აჭარული ხაჭაპური 8 წუთში, ახალი კონცეფტი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად, მარტივი და ეფექტური პროდუქტი სახლისთვის/სტრიტფუდისთვის. 

,,პროდუქტის დატესტვის იდეალური გარემოა, ვემზადებით სტარტისთვის. სტრიტფუდისთვის მნიშნველოვანი ფაქტორია დრო - შეკვეთის მიღებიდან მიწოდებამდე და შედარებით პატარა ზომა, ჩვენ დავნერგეთ აჭარული ხაჭაპურის სწრაფი და მარტივი მომზადების ციკლი; რომლის მოხმარება ადვილია ქუჩაში, ხოლო გამოცხობა მარტივია სახლში.”

Craft Brewery NaturAle

უკვე ორი წელია, Craft Brewery NaturAle ფესტივალის სტუმრებს საკუთარი წარმოების კრაფტ ლუდით ანებივრებს. თეისთ თბილისის დახმარებით, კომპანიამ შეძლო, თავისი პროდუქტი ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო და მომხმარებლის მოწონებაც დაიმსახურა. 

,,ვფიქრობთ, რომ საჭმლის ბაზრობების იდეა კარგად მოერგება საზოგადოებას, როგორც ურთიერთობის კიდევ ერთი სივრცე”.

შნიცელ ბარი

ქათმის და ღორის ხორცის შნიცელი, კარტოფილის ორნაირი გარნირი, ოთხი სახის საავტორო სოუსი - ამ მენიუთი წარდგება “შნიცელ ბარი” თეისთ თბილისზე. ფესტივალში მონაწილეობით სურთ, რომ ფართო აუდიტორიას გააცნონ რესტორანი.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქუჩის კვების ობიექტისთვის კვების ბაზარში მონაწილეობის მიღება. ჩვენი კერძები მორგებულია ამ ტიპის ბაზრობებს, როგორც მომზადების დროის სისწრაფით ასევე მოსახერხებელია მისართმელად.”

Taste of India

Taste of India ვეგეტარიანული ყველის კერძით, სამი სახის აპეტაიზერით და ინდური ტკბილეულით გიმასპინძლებთ.

,,წელს სტუმრებს მრავალფეროვანი სამზარეულო და საინტერესო გარემო დახვდებათ. უამრავ ადამიანს მოსწონს მიირთვას სადილი ღია სივრცეში, რაც ფესტივალს მეტ ხიბლს სძენს.


ვცდილობთ მოვარგოთ ჩვენი პროდუქტი მსგავსი სტილის ბაზრობას მაქსიმალურად და გავიტანოთ ისეთი კერძი, რომ არ დაკარგოს ხარისხი და მომხმარებელს შევუქმნათ კარგი წარმოდგენა ჩვენს სამზარეულოზე.” 

SeaHorse Brewery

ლუდსახარში „SeaHorse Brewery“ უკვე მეექვსე წელია აწარმოებს კრაფთ ლუდს. ასეთ ფესტივალში მონაწილეობა მათთვის კარგი შესაძლებლობაა ბრენდის პოპულარიზაციასა და განვითარებისთვის.

„გაუსინჯე თბილისს გემო“ ფესტივალში მონაწილეობა ჩვენი პროდუქტის უფრო დიდ აუდიტორიაში გატანის და ზოგადად კრაფტ ლუდის მოძრაობის ქართულ ბაზარზე პოპულარიზაციის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რაც ყოველ ჯერზე ამართლებს.”

Lumier's Chimney Cake

ჩეხური-უნგრული ტრადიციული ტკბილეული - ტრედელნიკი, რომელიც ცხვება ნაკვერჩხალზე და დარიჩინის არომატთან ერთად სხვადასხვა შიგთავსები ემატება, როგორიცაა შოკოლადი, სახლში დამზადებული ვანილის კრემი, ცოცხალი ხილი, ჯემები, ნაღების მუსი და რაც მთავარია - ნაყინი!

,,ფესტივალში მონაწილეობის მიღება მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი, ხოლო მათ ვინც უკვე გვიცნობს - საფესტივალო სივრცეში შევთავაზოთ ჩვენი გემრიელობები. თანაც პანდემიამ ძალიან მოგვანატრა ხალხთან ურთიერთობები”.

მთა ბურგერი

მთა ბურგერი თეისთ თბილისზე ბაკურიანიდან ჩამოვიდა. წლევანდელი ზაფხული სტარტაპისთვის პირველი და დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ფესტივალის მეშვეობით იმედი აქვთ, უფრო ბევრი ხალხი გაიცნობს და შეაფასებს მათ პროდუქტს.

,,ჩვენ ვართ სწრაფი კვების ობიექტი, გვაქვს სხვადასხვა სახეობის ბურგერი, ქათმის ფრთები, ცხელი გემრიელი სუპები და სახლში მომზადებული ლიმონათები, ამჯერად გაგასინჯებთ სამი სახეობის ბურგერს და ძალიან გემრიელ ლიმონათებს, რომელიც ჩვენი პატარა გუნდის მიერ არის შერჩეული.”

ჰენკა x ცმაცუნ

თეისთ თბილისზე ვიხილავთ ორი კომპანიის კოლაბორაციას - ჰენკას ნატურალური კომბუჩები ხალხს ცმაცუნის სამზარეულოს გარშემო გააერთიანებს. 

,,ჩვენი პროდუქტი იქნება საცმაცუნო, სნექის სტილის კერძი და მეორე, უგემრიელესი კომბუჩების ნაირსახეობა, რაც თან უგემრიელესია და ამავდროულად ჯანსაღი. ჩვენ ამ ფესტივალზე შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებული დებიუტიც შედგა, გვიხარია, რომ გვეძლევა საშუალება კვლავ გავაცნოთ ადამიანებს ჩვენი პროდუქტი, შევხვდეთ პირადად და წარმოვადგინოთ ჩვენი ბრენდი, გავასინჯოთ და შევაყვაროთ ხალხს.”

საამური

 საამური არის ბუნებრივი ღვინისა და სხვა სასმელების მაღაზია-ბარი. ამ ფესტივალში მონაწილეობამ ბრენდის შემქმნელებს დაანახა თუ როგორ იზდება დამოკიდებულება ქართული ღვინის მიმართ ყველა თაობაში, ამიტომაც გახსნა წელს ასეთი ღვინის მაღაზია/ბარი.

,,ყველა სასმელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ბაზარზე არის მცირე მარნების მხოლოდ ბუნებრივი ღვინოები, რაც გულისხმობს ღვინის ველური საფუარით და მინიმალური ჩარევით დაყენებას. ოქტომბრის თვის მარკეტზე იქნება საამურის ღვინოები, რომელიც სხვადასხვა მეღვინესთან კოლაბორაციის შედეგია და გაერთიანებულია საამურის ბრენდის ქვეშ”.

გაამოს

გაამოს გუნდი მსგავსი ტიპის ბაზრობებზე უკვე მე-2 წელია იღებს მონაწილეობას და ამ სეზონზე წარმოდგენილი იქნება: ჯინჯერის ორცხობილები მოხატული მინანქრით, ასევე სხვა ხელნაკეთი ტკბილეული.

,,გაამოსთვის, როგორც ონლაინ მაღაზიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთან პირისპირ კონტაქტი, მათი საჭიროების დანახვა და მომხმარებლისთვის მათი პროდუქტის დეგუსტაციის შესაძლებლობა.”

გრამი

გრამი ამზადებს, როგორც პასტრამი სენდვიჩებს, ასევე ღორის დაძენძილ ხორცისგან, შებოლილი ნეკნებისგან და ქათმისგან სენდვიჩებსა და ბურგერებს. განსხვავებული ხერხებით დამზადებული ხორცის გამო, მათი გემო განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მომხმარებლისთის. ამჯერად პასტრამი და გრამ სენდვიჩთან ერთად ორ ისეთ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს, რაც ჯერ ადგილზე მენიუში არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვაპირებთ დამატებას.

,,ასეთ ბაზრობაზე მონაწილეობა ერთხელ უკვე მივიღეთ, როცა 2 კვირის გახსნილები ვიყავით, დიდი სიამოვნება და გამოცდილება მივიღეთ. გარდა ამისა ფესტივალი აუდიტორიის ყურადღების მიქცევაში დაგვეხმარა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი საკვები ძალიან უხდება ფესტივალის ხასიათს და გვაგონებს ევროპულ საჭმლის ფესტივალებს სადაც ყველგან შემწვარი და შებოლილი ხორცის და ლუდის სუნი ტრიალებს.”

მეწარმეები

Dragona

Dragona თეისთ თბილისზე ხელნაკეთ აქსესუარებს - თმის სარჭებს და საყურეებს წარმოადგენს. 

,,ასეთი ბაზრობები შესაძლებლობას გვაძლევს, არამარტო ონლაინ, არამედ პირადად დავამყაროთ მომხმარებელთან კომუნიკაცია და გავაცნოთ მათ ჩვენი დამზადებული პროდუქცია. “

მონო

მონო წარმოადგენს განსხვავებული სტილის ხელნაკეთ საყურეებს - მხოლოდ ცალი საყურე.

,,ასეთი მარკეტები და ფესტივლები არის უდიდესი შანსი, დაგანახოს სწორ პროდუქტს ქმნი თუ არა. ასევე ხდები პოპულარული, გაიცნობ ახალ ხალხს და პოულობ წინსვლის მიზეზებს.”

ნუფ ნუფი

თეისთ თბილისის ბაზრობაზე მეწარმეებს შორის წარმოდგენილია ნუფ ნუფის ბრენდი , რომელიც ხის ასანთის და სიგარეტის კოლოფებს სთავაზობს სტუმრებს.

,,ნუფ ნუფი თეისთ თბილისის ბაზრობაში შექმნის დღიდან ჩართულია. გამომდინარე იქიდან რომ ხის პროდუქტი ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს, ნუფ ნუფის პროდუქციაც მოთხოვნადია და ბაზრობის კონცეფციაშიც თამამად ჯდება.”

ზიზილა

სხვადასხვა ნაჭრებისგან დამზაებული განსხვავებული ზომის ჩანთებს ამზადებს ზიზილა. ქუჩის ბაზრობებში რამდენიმეწლიანი მონაწილეობის გამოცდილებით ზიზილას ჩანთები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და გემოვნებას. ზიზილას მთავარი ღირებულება ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა, მიზანი კი რაც შეიძლება მეტ კმაყოფილ #პატრონსჩაბარებულიზიზილა.

,,ვფიქრობ, რომ ასეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, რომ როგორც ადგილობრივმა მომხმარებელმა, ისე ტურისტმაც უფრო ახლოდან გაიცნოს და განვითარების მეტი შესაძლებლობა მისცეს ქართულ ნაწარმს.”

შევხვდებით Taste Tbilisi-ზე!