ლიტერატურა

წლის საუკეთესო თარგმანი

„საბა“

ოქტომბერი 29, 2020

პრემია „საბას“ ჟიურიმ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, უხვი წიგნებითა და დიდი კონკურენციით გამორჩეული ნომინაციის, „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები გამოარჩია. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა. 


წიგნების სიმრავლის, კონკურენციის, მკითხველის ინტერესის გამო ყოველ წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა თარგმანის ნომინაცია, საბედნიეროდ, მთაწმინდელების ქვეყანაში, თარგმანის ტრადიცია კიდევ ცოცხალია, ქართული მთარგმნელობითი სკოლა შესანიშნავი მთარგმნელებითაა წარმოდგენილი და ყოველ წელს, ახალ-ახალი წიგნებით ანებივრებს ქართველ მკითხველს. თარგმანი, გარდა იმისა, რომ ტიტანური შრომაა, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ თარგმანის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელიმე წიგნი გაცოცხლდება ქართულ ენაზე, იპოვის თავის მკითხველს თუ წაუკითხავი წიგნების თაროზე ჩაიკარგება სამუდამოდ.

ამჯერად, მკითხველისთვის საყვარელი ავტორების უმნიშვნელოვანესი წიგნებითაა წარმოდგენილი საფინალო თარო, იქნება ეს დოდო ყვავილაშვილის ლიოსა, რომელიც განსაკუთრებით უყვარს ქართველ მკითხველს, მელანია მაცუკო საბას პრემიის ორგზის მფლობელის, ხათუნა ცხადაძის თარგმანით, შესანიშნავი ფოლკნერი და შესანიშნავი ზაზა ჭილაძე, ელზა ახვლედიანის, ამ ღვაწლმოსილი მთარგმნელის ემა ვიგოტსკაია და სერვანტესის თავგადასავალი, თამარ ლომიძის აირის მერდოკის „შავი პრინცი“, თამარ კოტრიკაძის დიკენსი და „დიდი იმედები“, ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი, თამარ ჯაფარიძის ჯუნოუ დიაზი თუ გურამ ღონღაძის ჯეიმს ბალარდი. 


წლევანდელ მოკლე სიაში სხვადასხვა ეპოზის ავტორების მსოფლიო მნიშვნელობის ტექსტების წარმოდგენილი, ფართოა გეოგრაფიული და დროითი სპექტრიც.

უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ითარგმნება და გამოიცემა თომას ვულფის, ამ ადრეგარდაცვლილი გენიოსის პროზა და წელსაც, კიდევ ერთი ახალი წიგნი ვიხილეთ თაკო ჭილაძის შესრულებით. პოეზიის თარო საბას ლაურეატის, მანანა ღარიბაშვილის ვირგილიუსითაა წარმოდგენილი, რომლის ყოველი ახალი თარგმანი ლათინური პოეზიის ქართულ ენაზე ხელახალი გაცოცხლების ჯადოსნური ფაქტია.


მოკლე სიაში წარმოდგენილია ავსტრიელი ლიტერატურის კლასიკოსის, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“, ბროხის გაქართულება მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამჯერად ეს რთული მისია რუსუდან ღვინეფაძემ შეასრულა. არც ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსის, მიშელ ტურნიეს „მეტეორების“ ქართული თარგმანია ნაკლებადმნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა, ამ ტექსტის ქართულად წაკითხვას ქართველი მკითხველი თინა ღარიბაშვილს უნდა უმადლოდეს.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ თარგმანის მოკლე სიას და ფინალისტებს გამარჯვება, ხოლო ქართულ ლიტერატურას კიდევ უფრო მეტი ახალი თარგმანი ვუსურვოთ:


ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:



დოდო ყვავილაშვილი - მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)



ელზა ახვლედიანი - ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)



ზაზა ჭილაძე - უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)



თაკო ჭილაძე, თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)



თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)



თამარ ლომიძე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)



თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ (პალიტრა L)



მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“ (არტანუჯი)



რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)



ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)



თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)



გურამ ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)



ავტორი: „საბა“