ლიტერატურა

თამაზ ბაძაღუა

„საბა"

თებერვალი 27, 2021

პოეზია ენერგიაა, უცნაური და უთქმელი, არ აქვს ასაკი და არ აქვს საზღვარი. ამას განსაკუთრებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ადრეულ სტრიქონებში, გალაკტიონ ტაბიძის „არტისტულ ყვავილებსა“ და 28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი თამაზ ბაძაღუას ლექსებში ვხვდებით.

პოეზია წინასწარმეტყველება და წინათგრძნობაა, უნარი, საუკუნეს გაუსწრო და სულ სხვა, ახალი თაობის მკითხველების საყვარელი პოეტი გახდე. სწორედ ასე მოხდა თამაზ ბაძაღუას შემთხვევაში, ის, ვისიც თანამედროვეებს ნაკლებად ესმოდათ, დღეს, ყველაზე უფრო აქტუალური, დროული და უკიდურესად თანამედროვეა

პოეზია სასწაულია და ზოგჯერ, მასზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა უსმინო. ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, ჰოდა, ჩვენც პოეზიას დავუგდოთ ყური, ის უფრო მეტს იტყვის ავტორის შესახებ.


მაინც ვინ არის თამაზ ბაძაღუა - პოეტი.

ის, ვინც ქარით გიყურებს

ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავით

გისმენ, ხეებით გესაუბრები

და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,

ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა

ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.

გაზაფხული და შემოდგომა

ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,

მაგრამ ზამთარი ჩემი გულია,

გული, რომელიც თეთრად სკდება,

რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას.

და თუ მოგვისწრო თოვლმა, მე ვიტყვი,

რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან,

რადგანაც როცა ვამბობ „თოვლი“ –

მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.

 ის,ვინც თოვლზე ლოცულობს

ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!)

ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!

ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,

ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერების

ილუზიაში და მოლოდინში,

რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი

და ტირილით შევბრუნდე სულში.

ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!

 ის, ვისაც ყველა ხმა ესმის

მკვდრები ყვიროდნენ:

აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,

ჩვენი ხელები – ბნელი ნესტით ამწვანებული,

ჩვენი თვალები – ღია და მუნჯი,

მკვდრები ყვიროდნენ, –

აი, ჩვენი დროშების შუქი,

ჩვენი ძახილის თამამი ექო,

დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,

მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,

მკვდრები ყვიროდნენ

მაშინ,

როცა ცოცხლები სდუმდნენ.

პოეტი-წინასწარმეტყველია

შენს გულზე სიყვარულის ნაცვლად

კოლხეთის ყვითელი ბალახი სეირნობს.

მე დამესიზმრა: თითქო შენს სიკვდილში შევედი,

როგორც შემთხვევით გამოღებულ კარში

და ვერ გიცანი.

ის, ვინც ვერასდროს პოვებს სიმშვიდეს

ჩემი ხელები ითხოვენ ყვირილს,

ჩემმა ხელებმა შემოხაზეს

ამბოხი და სასოწარკვეთა,

რათა უეცრად გათავისუფლდნენ

ნერვების მწარე დუღილისგან,

წამახული მავთულებივით რომ ხვრეტენ სხეულს.

მე კი – როგორც ამოვარდნილი მაჯისცემა,

ვფეთქავ რაღაც განუწყვეტელ შრიალში

და ველოდები სიმშვიდეს,

რომელიც უკვე აღარ ვიცი,

რისთვის მჭირდება.

და ის, ვისაც უყვარს

რა უცნაურად გვტკივა ყოველი

კოცნა და თითზე თითის გადაბმა.

რა ეშველება მითხარი, კარმენ,

ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თვალწინ,

მოგვიხურავენ დაცინვით კარებს,

ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.

ვინ გაიმეტებს ორიოდ ლუკმა

სიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის,

წყეული მთვარეც ანათებს უქმად,

ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,

და ყველა სარკმელს ბნელით შებურავს,

რომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები,

ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს

სიყვარულს აღარ გვაპატიებენ.

და „უტყვი ჭურჭელი“

ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,

არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ – განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?

მარადიულო დღეო და ღამევ,

ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც,

ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.

ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,

რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,

თუ მხოლოდ ეს ვარ – უტყვი ჭურჭელი,

რათა ბოლომდე ავივსო შენით.

კიდევ უფრო მეტს ამბობენ ლექსები, ლექსები, რომლებიც წერენ პოეტის ბედს, ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის ყველაზე ტრაგიკულ ბევრს.




ავტორი: „საბა"