მუსიკა | ცა

საუზმე თამადასთან, 4 სადღეგრძელოს აკომპანიმენტით

Tsa.Music

ოქტომბერი 07, 2020

ამ უკანასკნელ ხანს, გამოიკვეთა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტენდენცია. აი სწორედ ის ქართველი არტისტები, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, ცდილობენ ხაზი გაუსვან და ამოატივტივონ საკუთარი ეთნიკურ-აკუსტიკური იდენტობა.


რა თქმა უნდა ეს ზოგადი ტრენდია, მესამე თუ მეოთხე ქვეყნებიდან ევროპას მასობრივად შესეულმა ემიგრანტებმა შეიტანეს საკუთარი მუსიკალური კულტურა, და თუ ადრე ემიგრანტი არტისტები ცდილობდნენ მაქსიმალურად ათქვეფილიყვნენ დასავლურ კულტურაში, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, დღეს მულტიკულტურულ მუსიკალური ინტერაქცია უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული, შესაბამისად ევროპელი მსმენელიც, უკვე გაიხედნა ეთნიკურ ეგზოტიური მუსიკისთვის და მზად არის ადეკვატურად აღიქვას როგორც აფრიკული, ასევე არაბული თუ არმოსავლეთ აზიური მუსიკაც.

© ხათუნა ხუციშვილი

ის რაც ადრე მუსიკალური გურმანების თუ მკვლევარების პრეროგატივა იყო, დღეს საერთო სახალხო დემოკრატიულ მონაპოვრად არის თითქმის ქცეული და ეს ძალიან კარგი პროცესია. ბევრი იმასაც თვლის, რომ აი ეს ე.წ. ეგზოტიური ეთნო ინექცია, ლამის თანამედროვე პოპ კულტურის გაჯანსაღების პანაცეადაც კია აღიარებული. 


ევროპაში, ფაქტიურად აქტუალურად ითვლება უკვე ისეთი, მუსიკა სადაც არტისტი ინარჩუნებს საკუთარ ეთნო აკუსტიკურ იდენტობასაც და თანამედროვე საუნდ გამოწვევბსაც ღირსეულად უმკლავდება.

აღარავის უნდა ევროპული მუსიკალური პროდუქტის მეორადი, „ჩინური“ ვერსია, საკუთარი პირველადი სად წაიღონ ის აღარ იციან უკვე. 

აი ასეთია დღევანდელი ტრენდი, მოდა, რაც ძალიანაც სასარგებლო უნდა იყოს სამამულო არტისტებისთვისაც. ის რომ ევროპაში მოღვაწე ქართველი არტისტები ალღოს უღებენ ამ ტენდენციას, ფაქტია, „მურმან წულაძეს“ წარმატება სულაც არ არის შემთხვევითი მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, სწორედ ასე მუშაობს „კორძ“ იც და აი მათ რიგებს შეუერთდა ლაშა ჩაპელიც, სახელწოდება მისი ახალი პროექტისა „თამადა“ , მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ქართულ განსაკუთრებულად სენსიტიურ და ამავდროულად თვითირონიულ ფენომენთან.


ანუ თამადა -სამამულო სუფრული ჰედონიზმის სულისჩამდგმელი, ნამდვილი არტ სპიკერი, რომლის თითოეული სადღეგრძელო ისე ჟღერს, როგორც ტრეკები „ალბომში“ რომლის საბოლოო წარმატება დიდად არის დამოკიდებული მის იმპროვიზაციულ - კრეატიულ უნარებზე.

© ხათუნა ხუციშვილი

აი სწორედ ასეთი კონცეფციას აქვს ადგილი ლაშა-თამადის უახლესი EP-ში, „საუზმე თამადასთან“(Fruhstuck Mit Tamada) რომელიც 4 ძალიან საინტერესო და მახვილგონივრული ტრეკ-სადღეგრძელოსგან შედგება.


ეხლა შეიძლება ბევრმა ჩვენში კიჩაად აღიქვას რასაც მოისმენს, მაგრამ აი დასავლელი მსმენელისთვი, შეიძლება უაღრესად დამაინტრიგებელ უცნაურ -ეგზოტიურ პროდუქტადაც კი იქცეს. ასეც რომ არ იყოს, დღეს კიჩი ტრენდია, არტ მეთოდი, დღეს კიჩის გარეშე ვერცერთი მუსიკალურ ჟანრი ელმენტარულად ვერ იარსებებს, მთავარია იკვეთებოდეს თამაშის, ირონიის ელემენტი, რომელიც ნებისმიერ კიჩს აპრავებს, ირონიით კი გაჯერებულია ეს მინი ალბომი, თუმცა შეიძლენა ეს, ასე აშკარად, არც იგრძნობოდეს.

„მამაშენს“ - ე.წ პრომო ტრეკი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მთელი EP-ის ხასიათი. ეთნიკური აღმოსავლური მოტივები შეგნებულადაა დასმული ელექტრ-როკ რიტმზე, ანუ საუნდი არა სტერილურია. ვოკალური ხასიათი ძველ თბილისური, კიჩურად კინტო ყარაჩოღლური. კარგია რაღაც სემპლ „სირინუზული“ ეფექტები. ნამუშევრის ზოგადი კონცეფცია გასაგებია-აქ საქმე გვაქვს არა ზოგადად ქართულ ეთნიკასთან, არამედ თბილისურ მულტიკულტურულ ფენომენთან, რაც სიმბოლურია, თანამედროვე კულტურულ ტენდენციებიდან გამომდინარე.

„ანდაზები“- ბას ბარაბანი და ფანკ ბას სემპლი, რომელიც ჩნდება მხოლოდ პერიოდულად, რათა არ გამოიწვიოს პერმანენტული ფანკ გრუვი და არ შეავიწროვოს ზურნა დუდუკის მელოდიური ფრაზები. მუსიკის მსვლელობა, თითქოს ამზადებს ისეთ აკუსტიკურ სასპენსს, სადაც უკვე ვოკალური პარტია, სიმღერა, ორგანულად უნდა გაიშალოს. ტექსტი(ისევე როგორც ოთხივე ტრეკში), ძველ თბილისური, დარდიმანული, აშუღური. ეს ტრეკი იდეალური ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა მოარგო ტექნო რითმს, თბილისურ ეგზოტიური სენსიტიურობა. ძალიან კარგადაა აწყობილი ფრაზირება და ვოკალური ხაზები. პაუზაც დროულია, რის შემდეგ მუსიკა ინტენსიურდება, მელოდიური თემა უკვე მიყავს „ინსტრუმენტს|“ რომელიც იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, ანუ საუნდი სინთეზირებულია, თან ძალიან ზუსტად, ქართულ-ევროპულად. „ანდაზები“ უდავოდ საუკეთესოა ამ ოთხეულში.

„ბედი მირბის“- იწყება როგორც ფანკი, მძიმე ბასით, ტრეკის ტექსტი- ტიპიური, აღმოსავლური პოეზიისთვის. ვოკალი -თითქოს კინტოების, ტრადიციული, „მტირალა“ მანერული, ოღონდ უკვე დღევანდელ აკუსტიკურ ეპოქაში.

ფანკ რიტმს მოგვიაანებით მგონი სოულ გიტარაც ემატება, რომელიც ცვლის მუსიკის ტრაექტორიას, ზოგადად აი ესეთი მომენტები, დამახასიათებელია ოთხივე ტრეკისთვის, ანუ მუსიკალური სეგმენტები, ტრეკის მსვლელობისას იდენტურად არ მეორდება, რაღაცის ხარჯზე იცვლება საუნდიც, თუმცა ყველა ტრეკი წონასწორობას ადვილად ინარჩუნებს, მყარი რიტმული კონტრუქციის ხარჯზე.

„ცრუ“- თითქოს მესამე ტრეკის გაგრძელებაა, თუმცა მკაფიოდ გამოვლენილი ეთნიკური მოტივები არ ისმის, უფრო ვინტაჟური ფანკ სოულია, კლავიშებით და ბითებით. აი ვოკალიც შემოდის და თითქოს


 ცოცხლდება ძველი, რომანტიული, ტბილისური ბოჰემური ნარატივი, რაც აშკარა მოულოდნელობაა, ანუ ვოკალი და აკომპანიმენტი ესტეთიურად თითქოს აცდენილია, მაგრამ მუსიკალურ-აკუსტიკური გარემო ისეა შეზავებული, რომ, ძველ თბილისური აშუღური მანერიზმი სულაც არ მოდის კონფლიქტში თანამედროვე საუნდთან და რიტმებთან. ეს არის სწორედ ამ ბოლო, „დაშლა არ მოშლის“ ტრეკის მთავარი კოზირი. თუმცა საკმაოდ მოულოდნელი საგიტარო სოულ იმპროვიზაციები(ლექსო რატიანის შერულებით)ტრეკის მეორე ნაწილში კიდევ უფრო აძლიერებს ინტრიგას.

შეიძლება ეს ალბომი წმინდა მუსიკალურად არ იყოს ბოლომდე დახვეწილი და სრულყოფილი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის, თუ როგორ მარჯვედ არის შეზავებული ერთის მხრივ, დასავლური მუსიკის შეძენილი, ნასწავლი ცოდნა, იმ ინტუიტიურ ცოდნასთან, რომელიც განპირობებულია საიდენტიფიკაციო ეთნო მუსიკალური კოდებით. აი სწორედ ეს კვეთა განსაზღვარვს ავტორის ორიგინალობას, მუსიკალურ სენსიტიურობას და კონცეფციას ამ ალბომში. და მინდა გითხრათ, რომ ეს უდავოდ სწორი და პროგრესული კონცეფციაა.


ბოლო ბოლო, ამ ალბომის მოსმენის შემდეგ, გამოთქმა - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“, უკვე აღარ ჟღერს მხოლოდ ისე, როგორც ფანტასმაგორიული სადღეგრძელო , ეს კი პატარა ამბავი არ გეგონოთ.


ტექსტის ავტორი : გია ხადური

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: მიხეილ ნერგაძე

სტილი: ნინია შერფა

გიტარის სოლო Cru - ლექსო რატიანი