კულტურა თაობა მუსიკა | ცა

ახალ ფურცელს

ავტორი: ნიკო ნერგაძე

სექტემბერი 21, 2020

„ჩემი ენა ძველია და ბასრია. თავისუფლება ხასიათია. ცაზე რომ ანთია - მისამართია“ - მღერის ეკო.


ეკრანზე კი ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებიან არგონავტები, თამარ მეფე, ფიროსმანის გოგონა ბუშტით და 9 აპრილის გმირები.


სიუჟეტი არა აქვს, მაგრამ ამბავს ჰყვება. საქართველოს ისტორიის ხასიათს გადმოსცემს.


მუსიკაც შესაბამისი დაჰყვება. ცოცხალი. ენერგიული. თავგადასავლების მანიშნებელი.

მუსიკა Nimit_ta-მ დაწერა. ამბობს, რომ სცადა პირველ რიგში ვიდეოს ხასიათი გადმოეცა - ისეთი ჰარმონია დაეჭირა, რომ ყველა დროის მიღმა ყოფილიყო.


გვიხსნის:


„მუსიკის წერა რაციონალური ამბავი არ არის. ვიდეოს შევხედე და, როგორც დავინახე, ისეთი გავაკეთე. ისტორიის ასახვა არ მიცდია - უფრო ინტერპრეტირება. თითქოს წარსული კი არაა, არამედ დღესაც ეგ ხდება. მუსიკალურადაც, ისეთი ჰარმონია მინდოდა, რომ ყველაფერს მოხდენოდა. აი, დროის რომელიმე წერტილი რომ აიღო, დააზუმო, გაადიდო და მაინც რომ შეეფერებოდეს“.


NIMIT_TA

ერეკლე დეისაძეც იმავეს ამბობს. მართალია, ვიდეოში ისტორიაა ასახული, მაგრამ ის წარსულზე კი არა, მომავალზეაო.


მოიცა, ეგ რანაირად?


ერეკლე დეისაძე, სერია “ტალღა”, გიორგი ყოლბაია

„რას ვგულისხმობ და რაც ვიდეოშია ნაჩვენები, რაც მუზეუმშია დაცული, ჩვენი კულტურა... ეგ ისეთი რამეა რაც უნდა შევინახოთ. არ მოსულა, რომ ეგ, ვთქვათ კონკურენციის ველზე გაუშვა და ნახო, იქ რა გადარჩება და - არა. მუზუმში დაცული ნივთები თუ ექსპონატები - ჩვენი ისტორიაც ეგაა და მომავალიც. ეგენია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანას მარტო კულტურა გადაარჩენს. დანარჩენი ყველაფერი პირობითობაა“.

ანიმაციაც ხომ პრინციპში იმავეს გადმოცემას ცდილობს. რომ მუზეუმში მისული ბავშვებიც, იქ დაცული ექსპონატებიც და ამ რელიკვიებში აელვებული გმირებიც ერთ სიბრტყეში, ერთ ველში არსებობენ.


ამის ყველაზე კარგი გამოხატულება გურული ფირალია, რომელიც, მართალია კლიპში ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ მისი აჩრდილი მას თავიდანვე დასდევს.

სისონა დარჩია (მარჯვნივ) ნიკოლოზ მეხუზლასთან ერთად / წყარო: Wikipedia

სისონა დარჩია 1891 წელს მოკვდა. მოკვდა, მაგრამ არსად წასულა. სიმღერაში დარჩა. შემდეგ კი მეამბოხის სახელი ახალ თაობას „კაიაკატამ“ გააცნო. ვიდეოც სწორედ TBA-ს მიერ გადამუშავებული ამ ტრეკით იწყება. ბიჭი მას ყურსასმენებში უსმენს და ამით წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკავშირებს.

ეკოსთვისაც საქართველოს ისტორიას და კულტურას ერთი ხაზი გაჰყვება.


“აი, ქართული ხალხური სიმღერები, ქართველი სახალხო გმირები რომ ავიღოთ - ჩაკრულო, სიმონა დოლიძე, სისონა დარჩია... ესენი ხომ ამბოხებისკენ მიმართული ხმებია. ჩვენი ფოლკლორი ასეთ გმირებზე დგას და ეგ მგონია ჩვენი ხასიათის გამოხატულება“.

 თავად ერეკლე დეისაძის შემოქმედებაც ყოველთვის ამბოხთან იყო დაკავშირებული. მის სიმღერებს სიტყვა „ტრადიციული“ თითქოს ნაკლებად შეეფერება ხოლმე. მაგრამ თავად საკუთარ თავს სწორედ ასეთად მიიჩნევს.

“ტრადიციებზეა დაფუძნებული ჩემი ყველაფერი. არ მიმაჩნია, რომ განყენებული ვარ. მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. რაც მომწონს და არც მომწონს, ორივე ჩემია და როგორც საკუთარს, ისე ვუყურებ“.

სამშობლოს სიყვარულიც და ამ გრძნობის ტექსტში ასახვაც ბუნებრივად გამოუვიდა. თუმცა, მარტივი არ ყოფილა.


„ჩემთვის ეგ ბეწვის ხიდზე გავლა იყო - რომ თან სიყვარული გამომეხატა და თან არც შაბლონური პატრიოტიზმი გამომსვლოდა. ტექსტი რომ ბანალური არ გამოსულიყო და, ამავე დროს, საქართველოს ისტორიის შესაბამისი“.

ისტორია კი, როგორც ვიდეოშიცაა ასახული და მის თანმხლებ მუსიკაშიც, წარსულთან ერთად აწმყოცაა. ეკოც ამბობს, რომ სწორედ ის მოეწონა, რომ კლიპის გმირები დროში გაყინულები კი არა, ცოცხლები იყვნენ.

ამბობს, წარსულზე კამათი და დისკუსია არასდროს უნდა შევწყვიტოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ წარსულს ყოველთვის გარკვეული გაქვავებული იმიჯი უნდა ჰქონდეს და მაგის განხილვა არ შეიძლებაო.

მუსიკაშიც სწორედ ამის ასახვა სცადეს.