ლიტერატურა

მოგზაურობა ლიტერატურულ სამყაროში - საბას ბიბლიოთეკა მატარებელში

„საბა"

ივნისი 14, 2021

მოგზაურობის დაგეგმვას რამდენი ხნით ადრე იწყებთ? ჯერ ბილეთებს ყიდულობთ თუ ჩემოდანში ჩასალაგებელ აუცილებელ ნივთებს გადააწყობთ? სასტუმრო შეარჩიეთ თუ ბინა? მეგობართან ჩადიხართ თუ სრულიად უცნობ გარემოში? და იქ რა უნდა გააკეთოთ, როგორ გაერთოთ, რა ნახოთ, უკვე იცით? უი, მზისგან დამცავი საცხი უკვე იყიდეთ? არ დაგავიწყდეთ წაღება.


წარმოიდგინეთ, მატარებლის ბილეთის ყიდვასთან ერთად ვინმე საინტერესო ადგილებს, ღირსშესანიშნაობებსაც გირჩევდეთ, ის კი არა, პლაჟზე ან სულაც წვიმიან საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად სამაგიდო თამაშებსაც გასწავლიდეთ და მეტიც, იქნებ არდადეგების მენიუც შეგადგენინოთ დაბალანსებული, გემრიელი კერძებით?

კარგია? მოგეწონებათ?


ახლა ეს ყველაფერი ლიტერატურის ენაზე ვთარგმნოთ:

ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა “TKT.GE” 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით, „საბას“ ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.

ანუ რა გამოვიდა? ყიდულობთ ბილეთს და „საბას“ ბიბლიოთეკის საშუალებით ლიტერატურულ სამყაროში შეაბიჯებთ, წიგნს ირჩევთ გზისა და იმ მთელი თვისთვის, რომელიც თქვენს სასურველ ადგილას უნდა გაატაროთ, სულერთია, ზღვაზე მიდიხართ მეგობრებთან ერთად თუ საყვარელ ბებიას უნდა ესტუმროთ, ერთთვიანი წიგნის მენიუ მოწყენის უფლებას არ მოგცემთ. ის კი არ, უკან დასაბრუნებელ გზასაც კი დაგიმოკლებთ ლიტერატურული თავგადასავალი.


არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ წიგნების ნებისმიერ მოყვარულს ალბათ სუნთქვა შეეკვრება, თუმცა, რამდენიმე მინიშნებითა და რეკომენდაციით ჩვენც დაგეხმარებით:

თეა თოფურია - რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში

არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა, რომ არდადეგები პოეზიის კითხვით უნდა დაიწყოთ. ეს მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ, არც რომელიმე ძალიან ჭკვიან ადამიანს, ეს ქართველმა მკითხველმა აღმოაჩინა და დღემდე სჯერა ამ აღმოჩენის. „საბას“ ბიბლიოთეკაში ბევრი განსაკუთრებული პოეტური წიგნია, კლასიკოსი ქართველი თუ მსოფლიო ავტორები და თანამედროვე ქართული პოეზიაც. სწორედ ერთი ასეთი წიგნი იქნება ჩვენი პირველი რეკომენდაცია, თეა თოფურიას „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში“ აუცილებლად წასაკითხი წიგნია.


ტომ ჰენკსი - არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენკსი ხომ იცით? შესანიშნავი მსახიობი, უამრავ გენიალურ ფილმში რომ გენიალურად უთამაშია, დარწმუნებული ვართ, ერთი ფილმი მაინც იქნება მისი მონაწილეობით ისეთი, ხშირ-ხშირად რომ იმეორებთ-ხოლმე. ჰოდა, იცოდით, რომ ტომ ჰენკსი წიგნებს წერდა? თუ არ იცოდით, დროა, გაიგოთ. „არაჩვეულებრივი ეგზემპლარი“ მისი მოთხრობების კრებულია, თან შეგიძლიათ არამხოლოდ წაიკითხო, არამედ მოისმინოთ, „საბას“ შესანიშნავი აპლიკაციის საშუალებით.


პრიმო ლევი - პერიოდული სისტემა

ქიმიას როგორ სწავლობდით სკოლაში? გიყვარდათ? ვერ იგებდით? დღემდე მხოლოდ კონკრეტული მეცნიერება გგონიათ და ფიქრობთ, რომ ლიტერატურასთან კავშირი არ აქვს? ცდებით! ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერლისა და პოეტის პრიმო ლევის წიგნი „პერიოდული სისტემა“ დაგანახებთ, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, რომ ადამიანები ჰგვანან ქიმიურ ნივთიერებებსა და ნაერთებს და რომ ბოროტება ყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერებაა.

ერიკ ემანუელ შმიტი - სიყვარულის ნექტარი და სიყვარული საწამლავია

"თუ მეგობრობა ის ადგილია, სადაც სიყვარულმა საბოლოოდ უნდა განუტევოს სული, მაშ, იცოდე, მე მძულს მეგობრობა. "


მმმ, თქვენც გიფიქრიათ ამაზე? წარმოგიდგენიათ, როგორ მოუყვებით თქვენს სასიყვარულო ამბებს მას, ვინც გიყვართ, მაგრამ ახლა მეგობრის სტატუსი აქვს? რა მოხდება მერე? როგორ განვითარდება მოვლენები? "სიყვარულის ნექტარი" და "სიყვარული საწამლავია" ორი პასუხი ერიკ ემანუელ შმიტისგან ყველაზე ბანალურ და სულელურ კითხვაზე - "შესაძლებელია თუ არა ბიჭისა და გოგოს მეგობრობა"?

სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანი; უცხოელი ქალი

როცა მწერალი თავის ნაწარმოებში ავტობიოგრაფიულ დეტალებს გვიმხელს, საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე ლაპარაკობს, ხშირად ეს ეპოქისა და ისტორიის შეფასების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე გაზეთების მიმოხილვა თუ რომელიმე ჟამთააღმწერლის თხზულება.


რა ვიცით საბჭოთა ეპოქის შესახებ? ბევრი რამ ვიცით, თუმცა უფრო მეტი-ჯერ არ ვიცით. აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის, სერგეი დოვლატოვის ორი რომანი - "ჩემოდანი" და უცხოელი ქალი" ყველაზე უკეთ გვიხატავს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს, ტერორსა თუ თავისუფლების წყურვილს, მორჩილებას თუ დაუმორჩილებლობას...

იუვალ ნიახ ჰარარი - საპიენსი

იუვალ ნიახ ჰარარი, „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც 50-მდე ენაზე ითარგმნა და 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. წიგნს რეკომენდაციას უწევენ თანამედროვე მოაზროვნეები მთელი მსოფლიოდან, თავად ავტორი კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ისტორიკოსი და მეცნიერია. როგორ მოვაღწიეთ დღემდე? ჰარარი ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ჩვენი წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით.

ეთგარ კარეთი - ეგ არ ქნა!

ეთგარ კერეთს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მწერალი საქართველოსაც სტუმრობდა და ქართველ მკითხველს მასთან საუბრის საშუალებაც მიეცა. მოთხრობების კრებულში „ეგ არ ქნა!“ ავტორი დამახასიათებელი, სლენგით მდიდარი ენით, იუმორითა და სარკაზმით გვიამბობს უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და კვლავ ოსტატურად ახერხებს თითქოსდა არაფრით გამორჩეული ისტორიების განსაკუთრებულად წარმოჩენას.

მაშ, ასე, ერთი ბილეთი და უამრავი ლიტერატურული მარშრუტი, ზაფხულის თავგადასავალი იწყება!


ავტორი: „საბა"