კულტურა სიახლეები

რეკომენდაციები თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება.

ნოემბერი 22, 2023

26 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება, რომელიც ტრადიციულად კინოთეატრ ამირანში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი, რომელიც უკვე ოცდამეოთხედ იმართება, კინოს მოყვარულ მაყურებელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას, ბევრ საინტერესო ღონისძიებას, შეხვედრას თუ მასტერკლასს სთავაზობს.



თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების შეძენა 24 ნოემბრის 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით ფესტივალის ბილეთების და აბონემენტის ყიდვისას, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ თანხის 20%.

კინოფესტივალის ოცდაოთხწლიანი ისტორია ბევრ მნიშვნელოვან ეპიზოდს ინახავს, მათ შორის ზოგიერთის შესახებ ამ ბლოგის მთავარი გმირები გურამ ღონღაძე, წარსულში კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და რეჟისორები ნინო კირთაძე და ელენე ნავერიანი გვიყვებიან, რომლის ფილმსაც “შაშვი შაშვი მაყვალი” წლევანდელ პროგრამაშიც ვიხილავთ. 

 გურამ ღონღაძე

ჩემი პირველი კინოფესტივალი...

ჩემი პირველი კინოფესტივალი 2009 წელს იყო, მაშინ უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვფიქრობდი, ამაზე მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, თუმცა მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად იზრდება. მომწონს ის, რომ 2013 წლიდან დღემდე კინოფესტივალს თავისი თემა ჰქონდა, სექციასთან ერთად, რომელიც ამ თემის გარშემო იკვრებოდა ფილმებით, სტუმრებით, სხვადასხვა ღონისძიებით და შეხვედრებით.


როგორც მაყურებელი, ველოდებოდი, რა იქნებოდა იმ წლის თემა, რა ფილმები ჩამოვიდოდა, ვინ იქნებოდნენ სტუმრები და მგონია, რომ ეს ნაწილი, რომელიც მოგვიანებით დაემატა ფესტივალს, ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო.  

კინოფესტივალზე ნანახი საუკეთესო ფილმი...

ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ვნახე, იყო გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“, ამ ფილმის შერჩევაც და ისიც, რომ თბილისში ჩამოვიტანეთ, ფესტივალისთვის, გარკვეულწილად, კურსის ცვლილების და სიახლის მომტანი იყო.

„წყლის ფორმა“

პირველად მოხდა, რომ ფესტივალზე ასეთი დიდი ამერიკული ჰოლივუდური ბლოკბასტერი გამოვიდა, რომელმაც რამდენიმე თვეში ყველა ჯილდო მოიგო, რაც კი არსებობს. მახსოვს, რომ მაყურებლის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ფილმის მიმართ, ბილეთები მაშინვე გაიყიდა.

სტუმარი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

მარგარეტ ფონტროტა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტუმარი იყო, სულ ერთი საღამოთი ჩამოვიდა, 15-წუთიანი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ იმ 15 წუთში ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვითხრა.

რას ცვლის ქალაქში?

კულტურულ ჭრილში, ჩემი აზრით, მართლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. პირველი 15-20 წლის განმავლობაში ფესტივალს მკაფიო კურსი ჰქონდა, რომ ქართული კინო ევროპულ კინოსთან დაეახლოებინა და საბოლოოდ ყოფილიყო ევროპული კინოს ფესტივალი.

რაც შეეხება ქალაქს, ამ ერთი კვირის განმავლობაში კინოთეატრი “ამირანი” ყველა კინოს მოყვარული ადამიანის თავშეყრის ადგილი ხდება.

ხალხი, ვინც ესწრება კინოჩვენებებს ან არ ესწრება, ყველა “ამირანშია” და კინოზე საუბრობს, ყველამ იცის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საღამოს შეიძლება კინოთეატრში წახვიდე - ან ფილმს უყურო, ან ვინმე ნაცნობი ნახო, ვისაც უბრალოდ კინოზე დაელაპარაკები.

ფილმები, რომლებსაც წელს განსაკუთრებულად ველოდები...

ძალიან ველოდები აკი კაურისმაკის „ჩამოცვენილ ფოთლებს“, ძალიან მიყვარს ეს რეჟისორი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც დღეს მუშაობს.

„ჩამოცვენილი ფოთლები“

ასევე ჯერ არ მინახავს და ძალიან ველოდები ქართულ ფილმს ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“, ასევე გირჩევთ, ნახოთ იაპონელი რეჟისორის, რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმი „ბოროტება არ არსებობს“.

„შაშვი შაშვი მაყვალი“

ყველაზე საინტერესო სექცია...

მე ძალიან მიყვარდა საკონკურსო სექცია, რომელიც სადებიუტო მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს მოიაზრებდა, ამ სექციაზე მე თვითონ ვმუშაობდი, მაგრამ როგორც მაყურებელსაც ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ კარგად ჩანდა, რაზე საუბრობდნენ ახალგაზრდა დამწყები რეჟისორები.

ერთი სასიამოვნო მოგონება…

ჩვენთვის, ვისაც ფესტივალზე გვიმუშავია, ყველაზე სასიამოვნო მოგონება ან პირველი დღეა, ან ბოლო, როცა ყველაფერი მთავრდება, კვირას ბოლო სეანსის დაწყებამდე მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ადის სცენაზე და მაყურებელს ემშვიდობება, რასაც ყოველთვის ახლავს ტაში და ოვაციები, სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ მაყურებელთან ერთად ჩვენც ვსხდებით და ვუყურებთ ხოლმე ბოლო ფილმს, ეს მომენტი განსაკუთრებით თბილად მაგონდება.

ელენე ნავერიანი

პირველი კინოფესტივალი ჩემთვის იყო...

მე საქართველოდან 2008 წელს წავედი და ფესტივალის დროს აქ არასდროს ვყოფილვარ. როცა ჯერ კიდევ თბილისში ვცხოვრობდი, მაშინ ფილმებს სახლში მეგობრებთან ერთად ვუყურებდით ხოლმე და არ მახსოვს ფესტივალის არსებობა.


მგონი, 2017-ში „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ რომ ვაჩვენე, მაშინ დავესწარი პირველად და მას მერე განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა.

ვფიქრობ, ძალისხმევა, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის პროცესში ავლენენ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

კინოფესტივალზე ნანახი ერთი ფილმი...

მახსოვს, მგონი, ბოლოს 2021-ში თბილისის ფესტივალზე ვნახე „სუსპირია“ “ამირანში”.

„სუსპირია“

საინტერესო სტუმარი...

მე თვითონ არ დავსწრებივარ არანაირ შეხვედრას და მასტერკლასს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ პიტერ გრინვეის მასტერკლასი ძალიან შთამბეჭდავი იყო.

ფილმი, რომელსაც წელს განსაკუთრებულად ველოდები, არის...

ნანა ჯორჯაძის “პეპლების იძულებით მიგრაცია”.

მოლოდინი საკუთარ ფილმზე...

„შაშვი შაშვი მაყვალი“ უკვე თვეზე მეტია, რაც კინოთეატრებში გამოვიდა.

ვინც ვერ ნახა, ფესტივალზე მოვა, არ ვიცი რა იქნება ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო, ყველა მაყურებელს საკუთარი ინტერესი და ხედვა აქვს.

ფესტივალს ვუსურვებდი...

კინოფესტივალის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფესტივალი პოლიტიკაა, სადაც საქმე კეთდება. მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყნისთვის. კინოფესტივალზე უნდა ხდებოდეს კავშირი სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიებს შორის.


და ამ ყველაფრის გარდა არის რამდენიმე ძალიან კარგი დღე, როცა მაყურებელს შეუძლია ნახოს ახალი ფილმები, რეტროსპექტივები და ცოტა ხანს კინოთი იცხოვროს.

ვუსურვებდი, რომ განვითარდეს, გაიზარდოს და უფრო აქტუალური გახდეს ქალაქისა და ხალხისთვის. თუმცა დღევანდელი პოლიტიკური სტრუქტურა დიდად არ გვიწყობს ამაში ხელს.

ნინო კირთაძე

სტუმრობა რეჟისორის როლში…

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ყოველთვის ისე ვაკეთებდი, რომ ფესტივალზე აუცილებლად ყოფილიყო ჩემი ახალი ფილმი წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ყოველთვის ფრანგული ფილმი იყო. ჩემთვისაც, ისევე როგორც ყველა ქართველი რეჟისორისთვის, ძალიან საინტერესოა, როგორ იღებს ფილმს ქართველი მაყურებელი.


მიხარია, რომ ჩემი ჩართულობით წელს საშუალება გვაქვს ევროპის კინოაკადემიის ევროპული კინოს კვირეულში მიგვეღო მონაწილეობა. თბილისის ფესტივალზე რამდენიმე ტუტორი ჩემი რეკომენდაციითაც ჩამოდის, რომლებიც მიმდინარე პროექტებს გაეცნობიან.

როგორც მაყურებელი...

განსაკუთრებულად მახსოვს მაიკ ლის ჩამოსვლა, რომელიც ინგლისურ კინოში კენ ლოუჩთან ერთად წამყვანი ფიგურაა. ასევე მარკო მილერი, რომელიც წლების მანძილზე ვენეციის კინოფესტივალის დირექტორი იყო და მახსოვს, რომ თვითონ მას განსაკუთრებულად უნდოდა მიშა კობახიძესთან შეხვედრა.


ერთი პერიოდი აქტიურად მონაწილეობდა გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი - მარიამ დაბო, რომელიც თვითონაც მსახიობია და მე მახსოვს, ერთხელ, როდესაც ჟიურიში ვიყავი, მისი ქმარიც, ჰიუ ჰადსონიც იყო ჩამოსული.

ჩემთვის ასეთ ხალხთან ურთიერთობა მხოლოდ კინოზე საუბარი არ არის, არამედ კულტურის, გამოცდილების და იდეების გაზიარებაა. ძალიან საინტერესო იყო შარშან აგნეშკა ჰოლანდის სტუმრობაც, ფესტივალი სწორედ მისი ფილმით გაიხსნა და ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან მთელ მსოფლიოში უკრაინის ამბები იყო ფოკუსში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიეცა ამ ფილმსაც და მის სტუმრობასაც.


კიდევ მახსოვს, ერთ-ერთი სტუმარი იყო ჟული ბერტუჩელი, რომელიც 2003 წელს, მე როცა „მკვდარი ვარს“ ვიღებდი, ის „როცა ოთარი წავიდას“ იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე წლები იყო მაშინ, არც სიმშვიდე გვქონდა ქვეყანაში და არც შუქი, საქართველო ძალიან უყვარდა და მოსწონდა, ამ აზრით კინოფესტივალი ძალიან პერსპექტიული ამბავია.

თავად მაყურებელი…

ქართველი მაყურებელი ძალიან მომთხოვნია, განსაკუთრებით, თუ საქართველოში გადაღებული ფილმების შესახებ ვილაპარაკებ, შეიძლება ითქვას, ხანდახან დაუნდობელიც.


ვნახე, რაც მოხდა ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენებაზე, მაგრამ ალბათ ჩვენი კავკასიური ბუნებაც ასეთია. ვფიქრობ, რაც მეტ პოლემიკას იწვევს ფილმი, მით უფრო კარგია, მე არ მჯერა ისეთი ხელოვნების, რომელიც ყველას მოსწონს.

თუ გავიხსენებთ დიდ სახელებს, ქვეყანა ინგრეოდა, როცა მათი ფილმები გამოდიოდა, ზოგი იკრძალებოდა და ზოგი წლების შემდეგ იკავებდა თავის კუთვნილ ადგილს, ამის არც რეჟისორს უნდა შეეშინდეს და მაყურებელიც არ უნდა იყოს რადიკალური. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი საკუთარ თავს დაუჯერებს, აცდის ფილმს, რომ დაუკაკუნოს, და ან გაუღებს გულის კარს, ან არა. ესეც არ არის ტრაგედია.

რადგანაც კინო ყოველთვის სხვანაირად დანახვის და გააზრების მცდელობაა.

გირჩევთ, ნახოთ...

ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ გირჩევთ, რომ ნახოთ „დაცემის ანატომია“, მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან საინტერესო ფილმია, ჯერ ერთი, იმიტომ რომ კანის ოქროს პალმის რტო აიღო და მაინც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, გარდა ამისა, ფილმში ჩემი გაგებით წყვილის აუტოფსია ხდება.


ნაჩვენებია, როგორია წყვილის დინამიკა, რა მომენტში იწყება შხამის დაგროვება და როგორ შეგიძლია ან არ შეგიძლია ამ ყველაფერს გაუმკლავდე.


გირჩევთ, ნახოთ „ბევრს ნუ მოელით სამყაროს დასასრულისგან“, უცნაური თხრობა აქვს და ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო. შედევრია აკი კაურისმაკის „ჩამოცვენილი ფოთლები“, არაჩვეულებრივი ფილმია, ძალიან თავშეკავებული, მხატვრული გართულებების გარეშე, მარტივი ამბით, ამავე დროს ძალიან ღრმა და სრულიად უნივერსალური - უიმედობაზე, იმედზე და სიყვარულზე.

ძალიან საინტერესო რეჟისორია პედრო კოსტა, რომელიც წელს ფოკუსშია და გირჩევთ, რომ მისი ყველა ნამუშევარი ნახოთ, რაც შეეხება დოკუმენტურ კინოს, გირჩევთ „აპოლონია აპოლონიას“ და „კვამლის საუნის სადაქალოს“, რომელიც არაჩვეულებრივი ფილმია ქალების სამყაროზე.

„ჩამოცვენილი ფოთლები“

ყველა ერთმანეთს უყვება თავის უბედურებას და საუნაში წარმოდგენილი სცენა აღსარების წინა სიტუაციას ჰგავს, როცა არც არაფერი გაცვია და ამავე დროს ყველაფერი ღიაა, ბევრ რამეზე შეიძლება დაფიქრდე, მათ შორის - ქალის მარტოობაზე, სისუსტეზე, ძლიერებაზე და არჩევანზე.


თავისთავად გირჩევთ, ნახოთ ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც მე, კანში ვნახე და ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ქართველი მაყურებელი მის შესახებ.

ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ქართულ სექციაში წელს არიან ელენე ნავერიანი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე და ბევრი სხვა...


მიხარია, ასეთი კარგი მოსავალი რომ ჰქონდა ქართულ კინოს და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ.

ავტორი:  გვანცა ჩანადირი/ Hammock Magazine