სიახლეები

რას უნდა ელოდო TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიებაზე?

აპრილი 12, 2023

თიბისის მხარდაჭერით, 22 აპრილს, TEDxTbilisi-ის ინტელექტუალური ფორუმის მეათე საიუბილეო ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”.

ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს, ყოველწლიურად 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ ინოვაციური და საინტერესო იდეების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.


TEDxTbilsi მოხალისეობრივ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კონცეფციაა, მის ორგანიზებაში მთავარი წვლილი სწორედ პარტნიორებს მიუძღვით. მე-10 საიუბილეო ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი, რაც TEDxTbilisi-ისა და თიბისის პირველი თანამშრომლობაა.

"TED-ი იდეებისა და შთაგონების გავრცელების პლატფორმაა. თიბისისთვის ერთ-ერთი ღირებულება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ვუერთდებით ღონისძიებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ საინტერესო გამომსვლელს და იდეას გავაცნობთ სტუმრებს"


- ანა ვერულაშვილი, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი

TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი.


გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიების მთავარი თემა გარდამტეხი მომენტებია, გაგაცნობთ სპიკერების პასუხებს კითხვაზე:

"რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი გარდამტეხი მომენტი?"

"ეს იყო პერიოდი, სადაც გარდამტეხი იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება. გამოსვლის დროს ასეთ მოვლენებზე დეტალურად ვისაუბრებ"


- გიორგი ქვლივიძე, კრეატიული არტ დირექტორი და სარეკლამო რგოლების რეჟისორი.

"როდესაც ყველა დიდი მიზანი და ოცნება ჩამომემსხვრა, დავსვი მნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი შეკითხვა: რა მსიამოვნებს? თავისუფლებას რა მანიჭებს? რა მიყვარს? და რა მინდა ვაკეთო?"


- ნინი გოგიჩაიშვილი, ჰიპ-ჰოპ მოცეკვავე, მასწავლებელი და ცეკვის თერაპევტი.

"ჩვენი ცხოვრება სავსეა ასეთი მოვლენებით. ფაქტობრივად, ყოველდღე ხდება რაღაც ისეთი, რაც შეგვიძლია ჩავთვალოთ გარდამტეხად და მითუმეტეს შთამაგონებლად, ამიტომ ერთს არ გამოვყოფდი."


- დავით ბირმანი, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ციფრული პროდუქტების განვითარების სპეციალისტი. 

"ერთ კონკრეტულ მოვლენად ვერ ვიტყოდი, პატარ-პატარა მომენტებისგან შედგება. ჩემთვის პირველი ალბათ ის იყო, როცა ვიგრძენი, რომ მომწონს რასაც ვაკეთებ და მინდა ამის კეთება. მეორე იმის დაფიქსირება იყო, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ."


- ირაკლი კაკაბაძე, TV11-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

 

"ორი გარდამტეხი მომენტი მქონდა ცხოვრებაში. პირველი იყო ის, რომ ვიპოვე გამოსავალი იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებოდი და მეორე მომენტი იყო, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო." 


- რევაზ ღოღობერიძე,ორგანიზაცია “გამოსავალის” დამფუძნებელი.


" გარდამტეხი მომენტი იყო იმ სამუშაოს გაკეთება რაც არ ვიცოდი, მაგრამ თანხმობა განვაცხადე და ძალიან კარგად გამომივიდა." 


- მედეა ტაბატაძე, ლექტორი, მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი


"გარდამტეხი მომენტი იყო, როცა 39 წლის ასაკში ყველაფერი შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, ქვეყანა, პირადი და პროფესიული ცხოვრება. ყველაფერი თავიდან დავიწყე." 


- ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი, ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიისა და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

ღონისძიების დეტალებს TEDxTbilisi-ის ოფიციალურ Facebook-სა და ვებგვერდზე ნახავთ ბმულზე. 


ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/tedxtbilisi2023