სიახლეები კულტურა

პომპეის საგანძური თბილისში

ოქტომბერი 28, 2021

რუსთაველის #3


სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

ვესტიბულში შესვლისთანავე ნაცნობ კონსტრუქციას ვხედავ - თეთრი კუბი წარწერით „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ვანში მაქვს ნანახი და უკვე ვიცი, რომ შიგნიდან გამომწვარი აგურის თუ ტერაკოტის ფერია და მის ფსკერზე თაბაშირის ორი ნაცრისფერი ფიგურა ასვენია. ეს გამოფენის სიმბოლო და გამხსნელი არტეფაქტია და ასეთი განმარტება ახლავს: 

„ვეზუვის ამოფრქვევის მსხვერპლნი. თანამედროვე სხმული.

პომპეი. კრიპტოპორტიკიანი სახლი“. 

თუ წარწერის უქონლობის გამო, მფლობელის ვინაობა უცნობია, არქეოლოგები მათ მიერ აღმოჩენილ სახლს მახასიათებლის მიხედვით არქმევენ სახელს. კრიპტოპორტიკს ორი განმარტება აქვს - ეს ან მიწისქვეშა დერეფანია, რომელიც ზემოდან დიდი ზომის ღიობებით ნათდება ან ამფორების საწყობად გამოყენებული სარდაფის სართული. თვითონ სახლი, რომელსაც არქეოლოგები ვულკანური ლავისგან 18 წლის განმავლობაში ასუფთავებდნენ, დიდია და მდიდრული - შესანიშნავი თემატური კედლის მხატვრობით - მათ შორის ტროას ომის სცენებით და ულამაზესი მოზაიკური იატაკებით. არქეოლოგიური გათხრების დროს, 1913 წელს გაქვავებულ ლავაში სიცარიელე აღმოაჩინეს - წინა წლების გამოცდილებით უკვე ცხადი იყო - თავისუფალი სივრცე ორგანული წარმოშობის სხეულის გაქრობის მერე დარჩა. არქეოლოგებმა ის ერთგვარ ყალიბად გამოიყენეს და თხევადი თაბაშირით ამოავსეს, რომელმაც გაშრობის შემდეგ გამქრალი სხეულის ფორმა ზუსტად გაიმეორა. ასე „აღმოჩნდა“ კრიპტოპორტიკიან სახლში ერთმანეთზე ჩახვეული ორი ფიგურა. სხეულის აღდგენის ეს მეთოდი ჯუზეპე ფიორელიმ - იტალიელმა არქეოლოგმა ჯერ კიდევ 1870 წელს გამოიყენა და არქეოლოგიის ისტორიაში სრულიად ახალი ტიპის არტეფაქტი შექმნა. ასე აღადგინეს ხის ავეჯი, მცენარეები, საოჯახო ნივთები, ლეღვის ხეებიც კი. თუმცა ყველაზე მეტყველი და ემოციური პომპეის მაცხოვრებელთა თაბაშირის სხმულებია, რომლებიც სასიკვდილოდ განწირული ადამიანების უკანასკნელ ჟესტებს, პოზებს, ზოგ შემთხვევაში სახის ნაკვთებს და გამომეტყველებასაც კი გადმოგვცემს. 


ეს ორი ფიგურაც, რომელსაც მუზეუმის ვესტიბიულშივე ვხვდებით, თაბაშირმა ერთიან სხეულად შეკრა - ერთს მეორის მკერდზე მიუდია თავი - ნუგეშის თუ ხსნის მოლოდინში. კუბი თითქოს კრიპტოპორტიკია - მათი უკანასკნელი თავშესაფარი. 

კუბის გვერდით პატარა აბრაა მიმართულების მანიშნებელი ისრით:


„სიცოცხლე და სიკვდილი, დიდებული პომპეი“


I სართული

დერეფანს მივუყვები, კიბეზე ჩავდივარ და შეწყვილებულ ფიგურებზე ფიქრი მომყვება - მახსენდება, რომ პომპეის ყველა შესასვლელ კარიბჭესთან ნეკროპოლია. 


პირველი დარბაზი ნაცრისფერია - ან უფრო სწორედ ფერფლისფერი. პომპეის ხედი მთელს კედელს იკავებს, ფონზე ვეზუვის მთაა, რომლის სიღრმიდან ამოტყორცნილმა გავარვარებული ლავის და მომწამლელი გაზის ტალღამ ახ.წ. 79 წელს ქალაქს გადაუარა და სიცოცხლის ყველა კვალი წაშალა. პომპეი 6 მეტრის სიმაღლის ვულკანური ფერფლის ქვეშ დაიმალა. ვინც საფრთხე გათვალა - გაიქცა, ქალაქში დარჩენილთაგან არავინ გადარჩენილა. კედელზე ტექსტად მოცემულია საშინელი სტიქიის თვითმხილველთა განცდები, რომელიც რომაელი მწერლის, პლინიუს უმცროსის მიერ, ბიძამისის - პლინიუს უფროსის ბედით დაინტერესებული ტაციტუსისადმი გაგზავნილმა წერილმა შემოგვინახა: 

 “...ბევრი ღმერთებს სთხოვდა შველას, იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ ღმერთებიც გადაშენდნენ და მსოფლიოში სამუდამო წყვდიადმა დაისადგურა... მე ამაყი ვარ, რომ არ დამიკვნესია და დამიყვირია ამ დაღუპვის ჟამს, მაგრამ უნდა ვაღიარო, თითქოს ერთგვარ შვებას მგვრიდა იმის რწმენა, რომ მთელი სამყარო იღუპებოდა ჩემს გარშემო და მე მასთან ერთად“.

პლინიუს უფროსს თავის საბუნებისმეტყველო ნაშრომში “ბუნების ისტორია” სეისმური და ვულკანური მოვლენები შესწავლილი ჰქონდა და პომპეიში იმ მიამიტური იმედით გაეშურა, რომ ვეზუვის სიახლოვეს მაცხოვრებლების დახმარებას შეძლებდა. მისი სხეული სანაპიროზე იპოვეს. 


დარბაზში თაბაშირის კიდევ ორი სხმულია - ერთი პირზეხელაფარებული მამაკაცის, მეორე - ტკივილისგან არაბუნებრივად დაგრეხილი ძაღლის, რომელიც, როგორ ჩანს, უკანასკნელ წამამდე ლითონის ჯაჭვიდან გათავისუფლებას ცდილობდა."სიკვდილს ნატრობდნენ სიკვდილის შიშით”- ო წერს პლინიუს უმცროსი.

მოპირდაპირე დარბაზში - მუქი ტერაკოტისფერი კედლების ფონზე წამოწოლილი სილენის კედლის მხატვრობის ფრაგმენტი მოჩანს, რომელსაც ნეაპოლის ყურეში მდებარე ზღვისპირა ქალაქ სტაბიაში, ვილა არიანას დიდებულ დარბაზში გადავყავართ. ეს ყველაფერი ნაცრისფერ დარბაზთან ემოციურ კონტრასტს ქმნის. აქ ხვდები, რა მნიშვნელობა აქვს გამოფენის სცენოგრაფიას, რომლის მეშვეობითაც ურთიერთსაპირისპირო განწყობა გეუფლება - შეჩერებული წამის, სიკვდილის და ამავე დროს, დიდებულების, სიცოცხლის სიყვარულის. 

თუ ვანში ანტიკური სამყაროსთვის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის - პომპეის და ვანის ისტორია ერთდროულად ცოცხლდებოდა და ორ განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობდი, თბილისის გამოფენას სრულიად განსხვავებული კონტექსტი აქვს. აქ კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამ პომპეის, როგორც დროის კაფსულას, მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ არა ეს ტრაგიკული დღე კაცობრიობის ისტორიაში, შესაძლოა არაფერი გვცოდნოდა ნეაპოლის ყურეში გაშენებული რომაული ქალაქების წარსულზე.

და მაინც როგორი ქალაქი იყო პომპეი?!

ბერძნული წყაროები პომპეის არსებობას მითოლოგიურ ჰერკულესს უმადლის - ვითომდა ქალაქის დაარსება მისი მეათე გმირობის - გერონის ზანტი და ჟღალი ძროხების მოტაცების აღსანიშნავ საზეიმო, პომპეზურ მსვლელობას მოჰყვა. პომპეის არსებობის ადრეულ პერიოდში იტალიკური ტომების კვალი ჩანს. მათგან ქალაქის დაარსებას ანტიკური ავტორები ოსკანებს მიაწერენ, რომელთა ენაშიც სიტყვა Pompe ხუთს ნიშნავს და, როგორც ჩანს, ამდენივე ქალაქის ან დასახლების გაერთიანებაა. ამასთან - ქალაქის უძველესი - ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებული სალოცავების ფრაგმენტები აშკარად ბერძნულ კვალზე მიგვანიშნებს. თავისი არსებობის ბოლო პერიოდში პომპეი მდიდარი რომაული ქალაქია - ვაჭრობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ზღვასთან ახლოს - დღევანდელი ნეაპოლის ყურეში და ნაყოფიერი, უხვმოსავლიანი მიწებით, რამაც მეღვინეობა ადგილობრივების ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობად, ღვინო კი შემოსავლიან საექსპორტო პროდუქტად აქცია. 66 ჰექტარზე გაშენებული ქალაქის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი ფორუმია - მთავარი მოედანი. გლადიატორების და ცხოველების ბრძოლებისთვის დიდი ამფითეატრი იყო და ჰქონდათ თეატრიც - პატარა და დიდი. ამას გარდა - მდიდრული ვილები, წისქვილები, შადრევნები, აბანოები, საზოგადოებრივი სასადილოები, ბაზრები, საწყობები, ბეღელები და ა.შ. პერპენდიკულარული ქუჩებით ქალაქი სწორკუთხა კვარტლებად იყოფოდა. განსაცვიფრებელი იყო წყალმომარაგების სისტემა: აკვედუკი აკვა-ავგუსტა - წყალსატარი, რომლის საერთო სიგრძე განშტოებებით 145 კილომეტრს შეადგენდა, უწყვეტად ამარაგებდაა რეგიონის 9 ქალაქს. პომპეიში წყალი რეზერვუარში გროვდებოდა და აქედან ტყვიის მილების რთული სისტემით აბანოებს, შადრევნებს და ვილებს მიეწოდებოდა. ეს იყო მრავალკილომეტრიანი ქსელი, რომლის ნაწილიც დღემდე ხელუხლებლად დევს მოკირწყლული ქუჩების ქვეშ. ქალაქის უხვმა წყალმომარაგებამ საშუალება მისცა სახლების მფლობელებს, შიდა ეზოებში შადრევნებით და წყალსატევებით გაცოცხლებული დეკორატიული ყვავილნარები მოეწყოთ. 


ქალაქის ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრების შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას საცხოვრებელი სახლები ინახავს. ციცერონი (ძვ. წ. 106-43) წერდა.

 „არაფერია უფრო სუფთა და რელიგიური გრძნობით გამსჭვალული, ვიდრე მოქალაქის სახლი. აქაა მისი საკურთხეველი, მისი კერა, აქაა მისი ოჯახის ღმერთები. მისი საკრალური რიტუალი და რელიგიური ცერემონიები აქ სრულდება“ .

ამიტომ გამოფენაზე ძირითადად ის არტეფაქტებია წარმოდგენილი, რომელიც სახლის სხვადასხვა სივრცის: ატრიუმის - საზეიმო მისაღების, ტრიკლინიუმის - სასადილო დარბაზის, პერისტილის - სწორკუთა, შიდა ეზოსა და ლარარიუმის - საოჯახო სალოცავის ფუნქციას / დანიშნულებას წარმოაჩენს. აქვეა რომაული მდიდრული სამკაული და კედლის მხატვრობის ნიმუშები. 

საგამოფენო დარბაზიც თითქოს საცხოვრებელი სახლია და ისეა დაყოფილი, რომ მსგავსი დანიშნულების ნივთები, იზოლირებულ სივრცეშია წარმოდგენილი. მარცხენა დარბაზი სახლის შიდა სივრცეს წარმოადგენს - ტრიკლინიუმს - ეს სანადიმო ოთახია, სანადიმო მაგიდის გარშემო ნალისებურად განთავსებული სამი ტახტით. ვიტრინებში ძვ.წ. III-II საუკუნეებით დათარიღებული იულიუს პოლიბიოს მდიდრულ ვილაში აღმოჩენილი მრავაფეროვანი ნივთებია, რომლითაც მასპინძელი თავისი სიმდიდრის და სოცილაური სტატუსის წარმოჩენას ცდილობდა: მარმარილოს, თიხის და მინის ჭურჭელი დახვეწილი ფორმებით და სადა მორთულობით, მდიდრულად გაფორმებული ბრინჯაოს ჭურჭელი, ავეჯის მორთულობის ელემენტები და ჭრაქები. სამზარეულოს მოწყობილობებს - მანგალს და ღუმელს ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი ცეცხლის შავი ლაქები. ორთქლზე გაცხელებულ კერძებს მოახლეები ტახტზე წამოწოლილ მასპინძელს და მის სტუმრებს მიართმევდნენ ხოლმე. ვერცხლის ვიტინაში ხამანწკებისა და ლოკოკინებისთვის განკუთვნილი თხელტარიანი კოვზია - პომპეის ცხოვრების მდიდრული სტილის საილუსტრაციოდ ალბათ ეს ერთი ექსპონატიც საკმარისი იქნებოდა. სხვათა შორის, გათხრების დროს აღმოჩენილი სამზარეულოს რეცეპტების წიგნით და პროდუქტების ნაშთებით იმის დადგენაცაა შესაძლებელი, რითი იკვებებოდნენ პომპეის მაცხოვრებლები: ბევრი ხილი, ბოსტნეული, თევზი... ცხადია ღვინო და ზეითუნის ზეთი, გარუმი - თევზის სოუსი, მარცვლეული კულტურები: ხორბალი, ქერი... პურს მრგავალ აცხობდნენ, ზედ სხივისებური ჩაღრმავებებით, ისე რომ - ხელით ადვილი დაემტვრიათ...

საგამოფენო დარბაზის მარჯვენა სივრცე რომაული სახლის შიდა ეზოს მორთულობის რეკონსტრუქციაა. ოქტავიუს კვარციუსის სახლის ბაღი ორ დონეზე იყო გაშენებული, სადაც ერთმანეთის პერპენდიკულარულად ხელოვნური არხები და შადრევნები იყო განლაგებული. გამოფენაზე წარმოდგენილია ბაღში აღმოჩენილი მარმარილოს ქანდაკებების უმრავლესობა. ისიდას კულტთან დაკავშრებული რიტუალების დროს არხები ხელოვნურად იკეტებოდა და სიმბოლურად ნილოსის დატბორვას განასახიერებდა. გამოფენაზე წარმოდგენილი სატირ ტელამონის მარმარილოს ქანდაკება, სწორედ მთავარი არხის ცენტრში იყო განთავსებული. იქვე მოწყობილი საზაფხულო ტრიკლინიუმი საშუალებას აძლევდა მასპინძელს და მის სტუმრებს ევახშმათ და თან გამდინარე წყლის დამამშვიდებელი ჩუხჩუხისთვის დაეგდოთ ყური.


ეზოს ნაწილი იყო ლარარიუმიც - ოჯახური სამლოცველოებიც, სადაც ლარების - სახლის და ოჯახის მფარველი ღვთაებების გამოსახულებები და მათთვის მირთმეული ძღვენი ინახებოდა. მათ გარდა ვისი გამოსახულება მოხვდებოდა საკურთხეველში - ეს ოჯახის უფროსის გადასაწყვეტი იყო, რომელიც როგორც წესი არჩევანს თავისი პიროვნული სიმპატიებიდან და სოცილაური სტატუსიდან გამომდინარე აკეთებდა. თაყვანისცემის რიტუალსაც ის ხელმძღვანელობდა. 

დარბაზის ცენტში ცალკე ვიტრინაში ქალის სამკაულია გამოფენილი პომპეიდან და ოპლანტისიდან- დიდი ზომის, მდიდრული, ძვირფას თვლებით შემკული რომაული ოქრომჭედლობის ულამაზესი ნივთები ალბათ ოქორს სამკაულის აღმოჩენის ყველაზე ტრაგიკული კონტექსტია: მათი უმეტესობა მფლობელების დაფერფლილ სხეულზე აღმოაჩინეს. ზოგჯერ ყუთში საგანგებოდ ჩალაგებული მოსართავები, ვერცხლის და ოქროს მონეტებთან ერთად, გასაქცევად გამზადებული მეპატრონის სიახლოვესაც უპოვიათ. მთელ იმპერიაში სამკაული ერთი სტილით იქმნებოდა, გავრცელებული იყო თვლიანი ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და ყელსაბამები. როგორც აღმოჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენის ქალები ერთნაირი დიზაინის სამკაულს იყენებდნენ და ვერცხლის, ბრინჯაოს და რკინის სამკაული იმავე ფორმებს იმეორებდა. 

გამოფენაზე ვეზუვის მიერ განადგურებული ქალაქების: პომპეის, სტაბიას, გრაგნანოს კედლის მხატვრობის ნიმუშებია წარმოდგენილი: მითოლოგიური პერსონაჟების თუ ცალკეული სიუჟეტების გამოსახულებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მხატვრობის ნიმუშები რომაული კულტურის სრულიად უნიკალური მემკვიდრეობაა - მათი მიხედვით შესაძლებლობა გვაქვს ვიმსჯელოთ ეპოქის სტილზე, ევოლუციაზე, რადგან ისინი რიცხობრივად და მხატვრულ-ესთეტიური თავლსაზრისით მნიშვნელოვნად აღემატება რომის იმპერიის დანარჩენ ნაწილში შემორჩენილ მხატვრობის ნიმუშებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ოქრომჭედლობაზეც - რომის იმპერიის ოქრომჭედლობის ისტორია ეს ფაქტობრივად ვეზუვის გაქვავებულ ლავაში აღმოჩენილი ოქროს ნიტებით იქმნება. 

პომპეიმ და მასთან ერთად სტაბიამ და ჰერკულანუმმა რომაული ქალაქების მოწყობა და ყოველდღიური ცხოვრება უმცირეს დეტალებამდე უცვლელად შემოგვინახეს. დაუჯეერებელია, მაგრამ გიგანტური ძალით ამოფრქვეულმა ლავამ აქაურობა ერთდროულად გაანადგურა და ამავე დროს, ხელუხლებლად შემოგვინახა. ფერფლით დაფარული დიდებული ქალაქების სიცოცხლის და სიკვდილის ისტორიას მეცნიერები უკვე სამი საუკუნეა იკვლევენ.



ფოტო: რეზი ყენია, ანი დავარაშვილი