კულტურა

ეთნოგრაფიული მუზეუმი | მთელი საქართველო ერთ სივრცეში

ივლისი 16, 2020

საჯალაბო სახლი სოფ. ონტოფოდან (ონტოფო I), აბაშის რაიონი, სამეგრელო


თბილისში არსებობს ადგილი, სადაც მთელი საქართველო 52 ჰექტარ მიწაზე დაეტია და შეგიძლია მთელი ქვეყანა 1 საათში შემოიარო, გაიგო როგორ წეს-ჩვეულებებს მისდევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა და როგორ აყალიბებდა ყოფა-არქიტექტურას.


ფოტოები: დავით ჭალიძე

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობის იდეა პირველად შვედეთში დაიბადა, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა და ტრადიციების დავიწყების საშიშროება გაჩნდა. 1891 წელს, სტოკჰოლმში მსოფლიოში პირველი ღია ცის ქვეშ გაშენებული ეთნოგრაფიული მუზეუმი - „სკანსენი“ გაიხსნა.

ახალციხის დარბაზის ინტერიერი, ე.წ. ყირქისლიშვილების დარბაზი

საქართველოში ასეთი მუზეუმის იდეა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელს - გიორგი ჩიტაიას გაუჩნდა. მუზეუმისათვის შესაფერისი ადგილის ძებნისას არჩევანი კუს ტბის ფერდობზე გაკეთდა, სადაც საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფის მსგავსად, დაბლობი, გარდამავალი და მთიანი ადგილებია თავმოყრილი.


ფოტო: დავით ჭალიძე

საქართველოს მინი-მოდელის შექმნა 1966 წელს დაიწყო. 10 წლის განმავლობაში საექსპედიციო ჯგუფი ქვეყნის ყველა კუთხეში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აგებულ აუთენტიკურ, დედან სახლებს ეძებდა. შერჩეული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ყველა ნაწილი ინომრებოდა და თბილისში გადმოტანის შემდეგ სრული სიზუსტით თავიდან ეწყობოდა.

ფოტოები: დავით ჭალიძე

აჭარული ჯამე

მუზეუმში პირველი ბებია-ბაბუის სიმბოლური ქანდაკება გხვდება - თითქოს შენს მოსვლას ელოდნენ. ასე იწყება საქართველოს გაცნობა ქართველის მთავარი მახასიათებლით - სტუმართმოყვარეობით, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, ქართველი ხალხის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობისათვის საერთო და განუყოფელია.


კახეთი

მოგზაურობას კახეთიდან ვიწყებთ. გოდერძიშვილების ერდოგვირგვინიანი, დარბაზული სახლი აქ საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდადან გადმოიტანეს. დედაბოძზე ამოტვიფრული რიცხვების აღმნიშვნელი ასოები - „წელსა ჩყნგ“ სახლის აშენების თარიღზე - 1853 წელზე მიუთითებს. ასეთ სახლში დიდი ოჯახი, რამდენიმე ძმა ცოლ-შვილით, ერთად ცხოვრობდა.


ერდოგვირგვინიანი ნაგებობა საინტერესოა როგორც არქიტექტურულად, ასევე სოციალური დანიშნულებითაც. აქ მთავარი ელემენტი ხისგან გამოთლილი 2 დედაბოძია, რომლებსაც თავხე ეყრდნობოდა, ბოძსა და თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად ბალიში, იგივე ბანდუში იყო მოთავსებული. გადახურვის სისტემა, ანუ გვირგვინი კი ერდოთი ბოლოვდებოდა, რომლიდანაც კვამლი გადიოდა და სინათლე ჩამოდიოდა.



დედაბოძზე, რომელსაც საყრდენთან ერთად გლეხკაცის სულიერი სამყაროს გამოხატვის დატვირთვაც ჰქონდა, ხშირად გამოსახავდნენ გეომეტრიულ ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, აპოტროფულ ანუ დამცავ ფიგურებს - ჯვრებს, მზეს, ბორჯღალოს, წრეებს, ვარსკვლავებსა და მთვარეს.


ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა, დედაბოძი და გვირგვინი ოჯახის მთავარი სიწმინდეები იყო. ყველა რიტუალი სწორედ დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა. სახლში მოყვანილ პატარძალს კერას სამჯერ შემოატარებდნენ ხოლმე, დიასახლისი დალოცავდა და ეს ოჯახში მიღებას ნიშნავდა. ასევე სჯეროდათ, რომ გარდაცვლილი წინაპრების სულები კერასთან იყრიდნენ თავს.


კერა საკრალური ადგილი იყო, სადაც ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო. მისი გამიზნულად ჩაქრობა, წყლის მისხმა ან ნაგვის ჩაყრა, შეურაცხყოფად და დანაშაულად ითვლებოდა და ტრადიციული სამართლითაც განისჯებოდა.

სახლში მკაცრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. შესასვლელიდან მარცხენა მხარე მამაკაცებს ეკუთვნოდათ, მარჯვენა - ქალებს. აქვე იდგა საუფროსო სკამიც, რომელსაც ოჯახის უფროსი, პატივისცემის ნიშნად, ზოგჯერ სტუმარს დაუთმობდა ხოლმე.

მესხეთი

ასეთ სახლს საცხოვრისის გარდა, დამცავი ფუნქციაც ჰქონდა. დარბაზის უკანა ნაწილში დარანი - მიწისქვეშა გვირაბი გადიოდა, რომელიც ომიანობის დროს, თავშესაფრად გამოიყენებოდა. დარანი მეზობელ დარბაზს უკავშირდებოდა. სამცხე-ჯავახეთში მთელი სოფელი დარნების სისტემით იყო დაქსელილი, რომლის დახმარებითაც ქალები და ბავშვები სოფლის ბოლოს, უსაფრთხო ადგილას იხიზნებოდნენ.

ქართლი

ქართლის დარბაზის ინტერიერი


კასპის რაიონის სოფელ თელიანიდან გადმოტანილი დარბაზული ნაგებობა დემეტრაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. ასეთ დარბაზულ ნაგებობებს 3000 წლიანი ისტორია აქვს. აქ დიდი, გაუყრელი ოჯახები ცხოვრობდნენ. ხშირად ასეთი ოჯახები 30-40 სულსაც კი ითვლიდა, სადაც შრომა და ფუნქციები მკაცრად იყო განაწილებული.


აქ გვხვდება სპორტის ხალხური სახეობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი - საჯილდაო ქვა, რომლის აწევაშიც სოფლის გამოჩენილი ვაჟკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. საჯილდაო ქვის აწევის რამდენიმე საფეხური არსებობდა: ქარის გატარება, ანუ ქვის მიწიდან აღება, მუხლამდე აწევა, აწევა და ნაბიჯის გადადგმა, მკერდამდე აწევა, თავს ზემო აწევა და ბოლოს შეკაზმულ ცხენზე გადაგდება. შესაბამისად, ჯილდოც სხვადასხვა იყო. ის ვინც საჯილდაო ქვას უნაგირიან ცხენს გადაატარებდა, გამორჩეულად ითვლებოდა. ასეთი აღიარება მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.

საინტერესოა, შიდა ქართლის მთიანეთიდან, დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ სოხთადან გადმოტანილი ხის ერდოიანი სახლი, რომელიც ოსურ ოჯახს ეკუთვნოდა. რაჭველი ოსტატების მიერ აგებულ ამ ნაგებობაში შერწყმულია ქართლის ერდოგვირგვინიანი სახლის და რაჭა-ზემო იმერეთში არსებულ ტრადიციული საცხოვრებლის ელემენტები. ინტერიერი გაწყობილია ოსური ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთებით.

სამეგრელო

ონტოფო, სამეგრელო

აბაშის რაიონში, მდინარეების - ნოღელასა და აბაშისწყალს შორის ერთი უძველესი სოფელია - ონტოფო, ტრადიციული საოჯახო ყოფით, კულტურითა და რწმენა-წარმოდგენებით. იქ დღეს რამდენიმე ასეული ადამიანიღა სახლობს. დავითაიების საჯალაბო სახლიც ამ სოფელში მდგარა.

ოდა-სახლი, სოფელი მარანი, აბაშის რაიონი, სამეგრელო


საჯალაბო სახლი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე უნდა აეგოთ. სახლის საძირკველი ქვისაა. კედლები ხის ფიცრებისგანაა ნაგები. აივნიდან შემავალი კარით მიწურ იატაკიან ოთახში ვხვდებით, რომელსაც სოხანე ეწოდება და რომლის ცენტრში კერა და შუაცეცხლია განთავსებული.


დროთა განმავლობაში, სამეგრელოში საჯალაბო სახლი ოდამ შეცვალა, სადაც საცხოვრებელი ფართი უკვე სეგმენტირებულია. სახლი ხიმინჯებზე დგას და ნიავდება, რაც დასავლეთ საქართველოს ტენიანი კლიმატის პირობებში ჯანმრთელობისათვის აუცილებელი იყო. ასეთ სახლში უკვე აივანიც ჩნდება, შუაცეცხლი კი ბუხარში ინაცვლებს, რომლის თითოეული თვალი სახლის სხვადასხვა ოთახში გამოდის.


ოდა-სახლში, საჯალაბოსგან განსხვავებით, ჭვირული მოაჯირი, დეკორატიული თაღები, თაღოვანი ფანჯრები და ორნამენტებიანი კარი გვხვდება. ეს უკვე XIX საუკუნეა, როდესაც კაპიტალისტური წყობა შემოდის და ავეჯში ევროპული ელემენტები ჩნდება. ამ სახლის ოჯახის ასაკოვანი წევრების მოსასვენებელ ოთახში სკივრი დგას, რომელიც ოჯახში რძალს მზითევით სავსე უნდა მოეტანა.



ოდა-სახლი, სოფელი მარანი, აბაშის რაიონი, სამეგრელო

საჯალაბო სახლის მსგავსად, ოდა-სახლიც სოფელ ონტოფოდანაა, სადაც ნადარეიშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრის სევდიანი ისტორია ყველამ იცის. მას იტალიელი გოგონა უყვარდა, თუმცა განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობების გამო, წყვილი ვერ შეუღლდა. გრიგოლ (ბატა) ნადარეიშვილი ბერად აღიკვეცა. ზოგჯერ მონასტრიდან სახლში დაბრუნებული, სხვენში მარტო ყოფნას არჩევდა ხოლმე, საკვებს კალათით კი ძმისშვილი - რეზო აწვდიდა.

ოდა-სახლი, სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი, სამეგრელო

იმერეთი

ბეღელი სოფ. ჭოლადან, საჩხერის რაიონი, იმერეთი და სასიმინდე სოფ. ქორეთიდან, საჩხერის რაიონი, იმერეთი

აქ სახლის ერთი მხარე შუაცეცხლიანი დარბაზია, მეორე ოთახი კი უკვე ევროპული ელემენტებითაა გაწყობილი. იმერეთში ხელოსნობა კარგად იყო განვითარებული, რაც კარგად ჩანს იმერულ არქიტექტურაში. იმერელმა ოსტატმა დიდ განვითარებას მიაღწია ქვის დამუშავებაში. ბოძებზე ხშირად სახელსაც დაიტანდა ხოლმე. ასე შემორჩა აქ ერთ-ერთ სვეტს ოსტატის ვინაობა - პოლიკარპე.

არქეოლოგიური ზონა

ცოცხალი ადამიანების საცხოვრისთან ერთად, არანაკლებ საინტერესო ტრადიციებითა და სახასიათო ელემენტებით ყოფილა შემკული მიცვალებულთა საფლავის ქვები.

საფლავის ქვები



ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველი ექსპონატი სიონში აღმოჩენილი ქვის აკლდამაა. აკლდამა V-VII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკის ქვეშ მდებარეობდა, რომელიც სიონის წყალსაცავის მშენებლობის დროს, წყალსაცავის ფსკერზე აღმოჩენის საშიშროების გამო დაშალეს და როდესაც ეთნორაფიული მუზეუმი დაარსდა, იმავე სახით ააწყეს, რითაც შემორჩენილი იყო.


მუზეუმის ნეკროპოლში საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი საფლავის ქვებია თავმოყრილი - როგორც ტრადიციული, ბრტყელი, ასევე ზოომორფული გამოსახულებებით. საფლავებს ხშირად ცხენის, ვერძისა თუ ცხვრის გამოსახულებებით ამკობდნენ და ამ გზით გარდაცვლილის საქმიანობაზე მიანიშნებდნენ.



დოლმენ

მუზეუმის ყველაზე ძველი არტეფაქტი აფხაზეთიდან გადმოტანილი შუა ბრინჯაოს ხანის მეგალითური სამარხი - დოლმენია. აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხებს წარმოადგენდა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი 1976 წლის 17 ივლისს გაიხსნა, ღია ცის ქვეშ განფენილ „საქართველოში“ აღმოსაჩენი და სანახავი კიდევ ბევრია. იმოგზაურე ეთნოგრაფიულ მუზეუმში აქ.ახლა.

 

ოდა-სახლი, სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი, გურია

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი